Facebook Twitter

საქმე №ა-4524-შ-127-2023 20 თებერვალი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „ა–ნა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 20.01.2023 წლის გადაწყვეტილება (საქმე N A40-196729/22-19-1452)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 20.01.2023 წლის გადაწყვეტილებით (საქმე N A40-196729/22-19-1452) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „გადაწყვეტილება“) შპს „მ–ს“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მოწინააღმდეგე მხარე“) შპს „ა–ნას“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „შუამდგომლობის ავტორი“) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 1 433 164 რუბლის, პირგასამტეხლოს - 63 059 რუბლის და 25 კაპიკის 25.10.2022 წლის მდგომარეობით გადახდა, შემდგომი დარიცხვით ვალდებულების ფაქტიური შესრულების თარიღამდე, ასევე, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 29 997 რუბლის ოდენობით.

2. შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული ცნობით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 21 თებერვალს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აღსრულებული არ არის.

4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა მოწინააღმდეგე მხარეს. მან შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, ასევე, მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.02.2024 წლის სხდომაზე შუამდგომლობის ავტორმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა - 1 433 164 რუბლის, პირგასამტეხლოს - 63 059 რუბლისა და 25 კაპიკის 25.10.2022 წლის მდგომარეობით გადახდა, ასევე, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 20 000 რუბლის ოდენობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში „კანონი“) 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური საქმიანობის საკითხებზე მართლმსაჯულებას რუსეთის ფედერაციაში ახორციელებენ საარბიტრაჟო სასამართლოები. სწორედ ასეთი სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხზე მსჯელობს პალატა.

8. კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

9. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში „კონვენცია“). კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.

11. revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (სუსგ №ა-952-შ-23-2016, 06.07.2015წ.). ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017წ., პუნ.13).

12. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).

13. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).

14. გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საწინააღმდეგოდ მოპასუხე უთითებს, რომ იგი უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

15. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული ცნობით დასტურდება და გადაწყვეტილებაშიც მითითებულია, რომ მოპასუხე სათანადო წესით და დროულად იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.02.2024 წლის სხდომაზე შუამდგომლობის ავტორმა დამატებით წარმოადგინა ინფორმაცია საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ, რომელთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად მოწინააღმდეგე მხარეს სხდომის გადადებაზე არ უშუამდგომლია.

16. მოპასუხის სათანადო წესით მოწვევასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც შუამდგომლობას თან ერთვის მოპასუხის მოწვევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, წარმოიშობა გაბათილებადი პრეზუმფცია (rebuttable presumption), რომ მოპასუხე მოწვეული იყო სასამართლო განხილვაზე. მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, რათა ეს პრეზუმფცია გააბათილოს და მტკიცების ტვირთი კვლავ მოსარჩელეზე გადაიტანოს (საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამოქალაქო საქმეებზე, პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018 წ. გვ.110) (სუსგ №ა-4330-შ-121-2016, 26.02.2018წ; №ა-3821-შ-96-2023, 10.10.2023წ.). ამასთან, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა (სუსგ №ა-2021-შ-52-2016, 21.10.2016წ; №ა-4330-შ-121-2016, 26.02.2018წ; №ა-5069-შ-130-2017, 26.04.2018წ; №ა-4744-შ-119-2017, 30.05.2018წ; №ა-3821-შ-96-2023, 10.10.2023წ.).

17. სასამართლო აქტის მაღალი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე მას უწყება არ ჩაბარებია, არასაკმარისი მტკიცებულებაა. სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების სასამართლო აქტში მითითებული ჩანაწერის გაქარწყლებას დასაბუთებული მტკიცებულება სჭირდება. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას, როდესაც შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს მკაფიო მითითებას კანონით დადგენილი წესით მოპასუხის ინფორმირების თაობაზე, მოპასუხეა ვალდებული ამტკიცოს, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვაში, იმის გამო, რომ კანონით დადგენილი წესით არ გადასცეს უწყება სასამართლოში გამოძახების შესახებ (სუსგ №ა-4330-შ-121-2016, 26.02.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება, თავისი პოზიციის დასადასტურებლად და შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების გასაბათილებლად, არ წარმოუდგენია (შდრ. სუსგ №ა-3680-შ-85-2020, 04.06.2021წ; №ა-4687-შ-141-2021, 29.09.2022წ.). შესაბამისად, გადაწყვეტილების ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება ასევე შუამდგომლობაზე წარმოდგენილ შესაგებელში დაფიქსირებული პოზიცია მასზე, რომ საქმის განხილვის თაობაზე მოპასუხის სათანადო ინფორმირების შემთხვევაში, ის წარადგენდა საპასუხო შესრულების მოთხოვნას, რაც გამოიწვევდა მხარეთა ვალდებულებების შეწყვეტას ურთიერთგაქვითვით.

18. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება მოთხოვნილ ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

19. შუამდგომლობას ერთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ამომწურავადაა განსაზღვრული საქმეთა კატეგორია, რომელზეც სავალდებულოა მხარემ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. ზემოაღნიშნული ნორმები არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას (შდრ. სუსგ №ა-1847-შ-49-2017, 05.01.2018წ.). ამდენად, შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი, როგორც შეცდომით გადახდილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა მინსკის კონვენციის 51-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა–ნას“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 20.01.2023 წლის გადაწყვეტილება (საქმე N A40-196729/22-19-1452) იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ა–ნას“ (ისნ: ......) სასარგებლოდ შპს „მ–ს“ დაეკისრა - 1 433 164 რუბლის, პირგასამტეხლოს - 63 059 რუბლისა და 25 კაპიკის 25.10.2022 წლის მდგომარეობით გადახდა, ასევე, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 20 000 რუბლის ოდენობით.

3. შპს „ა–ნას“ (ისნ: .....) უკან დაუბრუნდეს ნინო ბეჟიაშვილის (პ/ნ: .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი (საგადახდო დავალება №18331813085, გადახდის თარიღი 25.08.2023წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

რევაზ ნადარაია