Facebook Twitter

საქმე №ა-707-შ-20-2024 23 თებერვალი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – პ.ო.მ. (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – შვედეთის, ლუნდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შვედეთის, ლუნდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს.ბ–ძესა და პ.ო.მ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. ს.ბ–ძის წარმომადგენელმა ქ.მ–ძემ 2024 წლის 9 თებერვალს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და შვედეთის, ლუნდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს, განქორწინების თაობაზე, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელის მითითებით მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ სულ მცირე 2 წელი და მათ წარადგინეს ცალ-ცალკე თანაცხოვრების მოწმობები. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პ.ო.მ–მა სასამართლო უწყება მიიღო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით ს.ბ–ძის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ს.ბ–ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. უცხო ქვეყნის სასამართლოს, განქორწინების თაობაზე, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელის მითითებით მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ სულ მცირე 2 წელი და მათ წარადგინეს ცალ-ცალკე თანაცხოვრების მოწმობები. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პ.ო.მ–მა სასამართლო უწყება მიიღო.

7. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც ს.ბ–ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.

10. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ბ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს შვედეთის, ლუნდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ს.ბ–ძესა და პ.ო.მ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ნ. ბაქაქური