Facebook Twitter

საქმე Nა-01-ა-1-2024

16 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – გ.ბ–ძე (მოსარჩელე, განმცხადებელი)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის განჩინებით გ.ბ–ძეს უარი ეთქვა სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განსახილველად მიღებაზე.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ.ბ–ძემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ქვითრის დედანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2020 წლის 30 სექტემბერს გ.ბ–ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინების განმარტება, ვადის გაგრძელება და მოსამართის აცილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ.ბ–ძის განცხადება ვადის გაგრძელებისა და მოსამართლის აცილების თაობაზე დარჩა განუხილველი.

2020 წლის 30 ოქტომბერს გ.ბ–ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინების განმარტება და მოსამართლის აცილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ.ბ–ძის განცხადება მოსამართლის აცილების თაობაზე დარჩა განუხილველი.

2020 წლის 24 ნოემბერს გ.ბ–ძემ განცხადებით კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინების განმარტება და მოსამართლის აცილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ.ბ–ძის განცხადება მოსამართლის აცილების თაობაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრისა და 30 ნოემბრის განჩინებებზე კერძო საჩივრები შეიტანა გ.ბ–ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე წარდგენილ, გ.ბ–ძის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გ.ბ–ძეს აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ქვითრის დედანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე წარდგენილ, გ.ბ–ძის კერძო საჩივარს ასევე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გ.ბ–ძეს აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ქვითრის დედანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივრის დედანი.

2021 წლის 25 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა გ.ბ–ძემ, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის ვადის გარძელება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებებეში დაშვებული უსწორობების გასწორება და მოსამართლის აცილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით გ.ბ–ძის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელებისა და მოსამართლის აცილების თაობაზე დარჩა განუხილველი; გ.ბ–ძის განცხადება განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ.ბ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით გ.ბ–ძის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელებისა და მოსამართლის აცილების თაობაზე დარჩა განუხილველი; გ.ბ–ძის განცხადება განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ.ბ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩა განუხილველი.

2023 წლის 7 თებერვალს გ.ბ–ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ.ბ–ძემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2024 წლის 8 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა გ.ბ–ძემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით გ.ბ–ძეს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შესაბამისი საფუძვლების მითითებით და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება გ.ბ–ძეს ჩაბარდა პირადად 2024 წლის 26 იანვარს. განმცხადებელს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი განცხადება დატოვებული იქნებოდა განუხილველად.

2024 წლის 6 თებერვალს (ხარვეზის შესავსებად განსაზღრული ვადის დარღვევით) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა გ.ბ–ძემ, რომლითც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადებას, რომლითაც იგი მოითხოვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინებისა გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლება, დაუდგინდა ხარვეზი, ვინაიდან აღნიშნული განცხადება არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს საქმის განახლება) დადგენილ მოთხოვნას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ პუნქტის (ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით) თანახმად მასზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ზემოხსენებული ხარვეზის განჩინება გ.ბ–ძეს გაეგზავნა განცხადებაში მითითებულ შემდეგ მისამართზე: ჭიათურა, სოფელი ........სა და ჩაბარდა პირადად გ.ბ–ძეს (პ/ნ .......) 2024 წლის 26 იანვარს (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ.1, ს.ფ. 374).

სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, გ.ბ–ძისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 27 იანვარს და ამოიწურა 2024 წლის 31 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ოთხშაბათი. ამდენად, გ.ბ–ძე ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში გ.ბ–ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და ამ ვადაში არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. გ.ბ–ძემ 2024 წლის 6 თებერვალს, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დარღვევით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელება.

სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს ვინაიდან, განმცხადებელმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 427–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ბ–ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია