№ას-1516-2023
16 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.ხ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. მოპასუხე ი.ხ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 3 125,64 ლარის გადახდა;
2. მოპასუხე ი.ხ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 1 126,14 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე ი.ხ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 50 ლარის გადახდა;
4. შპს „ტ.კ–ს“ უარი ეთქვა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 880,75 ლარის გადახდის დაკისრებაზე;
5. მოპასუხე ი.ხ–ს მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 3 125,64 ლარის წლიური 34%-ს (თვეში 88,55 ლარი) გადახდა 2021 წლის 09 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე;
6. მოპასუხეებს ი.ხ–ს და გ.კ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 26 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 2 506,81 ლარის გადახდა;
7. მოპასუხეებს ი.ხ–ს და გ.კ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 26 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 443,36 ლარის გადახდა;
8. მოპასუხეებს ი.ხ–ს და გ.კ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 26 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 50 ლარის გადახდა;
9. შპს „ტ.კ–ს“ უარი ეთქვას მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 519,25 ლარის გადახდის დაკისრებაზე;
10. მოპასუხეებს ი.ხ–ს და გ.კ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 26 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზღვევის თანხის 6,2 ლარის გადახდა;
11. მოპასუხეებს ი.ხ–ს და გ.კ–ძეს მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 26 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 2 506,81 ლარის წლიური 30,1%-ს (თვეში 62,87 ლარი) გადახდა 2021 წლის 09 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე;
12. თავდები გ.კ–ძის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 9 750 ლარით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე - ი.ხ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით ი.ხ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ი.ხ–ს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა: ა) საკასაციო საჩივარი დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადის) და გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით; ბ) სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენლის თანამშრომელს ჩაბარდა 2024 წლის 18 იანვარს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ხ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინება 2024 წლის 18 იანვარს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენლის თანამშრომელს - ოფისის იურისტს ე.მ–ძეს პ/ნ ......., კასატორის რწმუნებულის მიერ საკასაციო საჩივარზე მითითებულ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ........ (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ.2, ს.ფ. 395-397; მინდობილობა ტ.2, ს.ფ 171-173).
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 19 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 25 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ხუთშაბათი. კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2024 წლის 25 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ხ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია