5 ოქტომბერი, 2023 წელი,
საქმე №ას-1295-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ.ს–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს.კ.რ...“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანებისა და დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ს–სა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) და შპს ,,ს.კ.რ...-ს“ (შემდეგში - მოპასუხე, საწარმო ან დამსაქმებელი) შორის შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით - 2018 წლის 1 სექტემბერიდან 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით იყო გაფორმებული. საწარმოს იურიდიულ დეპარტამენტში დასაქმებული კორპორატიულ საკითხებში გენერალური დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.
2. მოსარჩელის შრომითი ანაზღაურების დაუბეგრავი ოდენობა ერთ კალენდარულ თვეში 6 250 ლარს შეადგენდა.
3. 2019 წლის აგვისტოს თვის ხელფასი დამსაქმებელს დასაქმებულისათვის არ გადაუხდია.
4. სახელფასო დავალიანებისა და დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი აძღრა.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2019 წლის აგვისტოში მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაქმებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
8.2. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 18 ივლისს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დაკავებული თანამდებობა მოსარჩელემ საკუთარი სურვილით დატოვა, 2019 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან სამსახურში აღარ გამოცხადებულა და სხვა კომპანიაში დასაქმდა. მოცემული დასკვნის დასაბუთების მიზნით სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით გამოვლენილი შემდეგი გარემოებები დაასახელა:
- 2019 წლის 10 ივლისის მინდობილობით, შპს „ტ.ს–ო“, როგორც მოპასუხე საწარმოს 51%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი, გასცემს რწმუნებულებას შემდეგი უფლებამოსილებით:
მოპასუხე საწარმოს პარტნიორთა კრებაში მონაწილეობის მიღება, კრებაზე გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლებამოსილება, კრებაზე განსახილველი საკითხების მხარდაჭერა და/ან უარი.
აღნიშნულთან დაკავშირებით „მარწმუნებელი“ უფლებამოსილია ნებისმიერ საჯარო და კერძო ორგანიზაციაში, დაწესებულებაში, სანოტარო ბიუროში წარმოადგინოს დავალების გამცემი, „მარწმუნებლის“ სახელით ნებისმიერ დოკუმენტაციას, მათ შორის, პარტნიორთა კრების ოქმებს/გადაწყვეტილებებს ხელი მოაწეროს და „მარწმუნებლის“ მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა და მოქმედება (მათ შორის სასამართლოში სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება) შეასრულოს.
- 2019 წლის 20 აგვისტოს ლ.ყ–მა, გ.ყ–მა და შპს ,,ტ.ს–ომ“ 2019 წლის 18 ივლისის №ბ19078943/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. დასახელებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხე საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია 2019 წლის 18 ივლისს შესრულდა და საწარმოს 60%-იანი წილის მესაკუთრედ ქ.ხ–ი, ხოლო, - 40%-იანი წილის მესაკუთრედ - შპს ,,პ–მა“ დარეგისტრირდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაებნენ მოპასუხე საწარმო, ქ.ხ–ი და შპს ,,პ–მა“. აღნიშნული სარჩელი 2019 წლის 16 აგვისტოს თარიღითაა ხელმოწერილი და სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის მიერაა გადახდილი.
- სააპელაციო საჩივარში მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი შპს „ტ.ს–ოს“ დირექტორის სახელით მოქმედებდა და ზემოხსენებულ დავას სახელფასო დავალიანებასთან შემხებლობა არ აქვს.
ზემოაღწერილი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მისი დამსაქმებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, რაც, მხარეთა განმარტებებთან ერთობლიობაში დასაქმებულის მხრიდან სამუშაო ადგილის მიტოვების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულება იყო.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხემ უზრუნველყო მისი კუთვნილი მტკიცების ტვირთის სტანდარტის დაცვა, ე.ი. მან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ფაქტობრივი შეწყვეტა დაადასტურა, რაც დასაქმებულის მხრიდან სახელფასო დავალიანების მოთხოვნის შემთხვევაში კეთილსინდისიერების პრინციპთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და დამსაქმებლის მხრიდან ხელფასის გადახდის ვალდებულებას გამორიცხავდა.
8.3. მოსარჩელესა და მოპასუხე საწარმოს გენერალურ დირექტორს შორის მობილური ტელეფონის საშუალებით განხორციელებულ წერილობით შეტყობინებებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წერილობით შეტყობინებებში მითითებული არ არის, თუ რა ვალდებულებებზეა საუბარი, შრომით დავალიანებაზე თუ შვებულების თანხაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ისინი მხედველობაში არ მიიღო.
8.4. რაკი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საფუძველი გამოირიცხა, აქედან გამომდინარე პირგასამტეხლოს ნაწილშიც სააპელაციო სასამართლომ სარჩელი წარუმატებლად მიიჩნია.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დასაქმებულმა საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
9.1. მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით იყო დადებული. თუკი მოსარჩელე ხელშეკრულების შეწყვეტის ნებას გამოავლენდა, აღნიშნულის თაობაზე მას მოპასუხისათვის სათანადო ფორმით უნდა ეცნობებინა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 50-ე, 51.1, 52-ე მუხლები), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
9.2. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა ორ სხვადასხვა დამსაქმებელთან მუშაობის შესაძლებლობა დასაშვებია. აღნიშნული იმას არ გულისხმობს, რომ პირი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებს. მოსარჩელის ქმედებების საწარმოს ინტერესებთან შეუსაბამობა/წინააღმდეგობის მოტივით დამსაქმებელს დასაქმებულისათვის არც ერთ ეტაპზე შენიშვნა არ მიუცია.
9.3. სატელეფონო მიმოწერაში მოპასუხე საწარმოს დირექტორმა პ.ს–ამ მოსარჩელეს განუმარტა, რომ ხელფასის აუნაზღაურებლობა საწარმოს ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. ამასთან, 2019 წლის 7 სექტემბრის მიმოწერაში კადრების განყოფილების უფროსმა დაადასტურა, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 31 აგვისტოს ამოიწურა და მხოლოდ თანხის გადახდის ვალდებულება იყო დარჩენილი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საკასაციო პალატის მიერ განსახილველი ძრითადი საკითხი შემდეგია: არსებობს თუ არა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანებისა და ხსენებული დავალიანების დაყოვნებისთვის ამავე თანხის 0.07%-ის დაკისრების საფუძველი.
მოცემული მოთხოვნების სამართლებრივად სწორად განხილვა არსებითადაა დამოკიდებული შემდეგი გარემოების სათანადოდ გამოკვლევა დადგენასთან - მხარეები 2019 წლის აგვისტოში კვლავ იმყოფებოდნენ თუ არა შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში. დასახელებული საკითხი უმნიშვნელოვანესია რამდენადაც სარჩელით დასაქმებული სწორედ 2019 წლის აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურებას მოითხოვს.
13. დამსაქმებლის განმარტებით, 2019 წლის 18 ივლისს მოპასუხე საწარმოში გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი პარტნიორები შეიცვალნენ, რის შემდეგაც მოსარჩელემ დაკავებული თანამდებობა დატოვა და დამსაქმებელთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ვადაზე ადრე შეწყვიტა, კერძოდ, 2019 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან სამსახურში აღარ გამოცხადებულა. შესაბამისად, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 2019 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.
14. დასაქმებულის მიერ თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვების საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა გათვალისწინებული იყო, როგორც, სადავო პერიოდში მოქმედი 37.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება), ასევე, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებითა (11.1 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს დატოვება საკუთარი ნებით წერილობითი განცხადების საფუძველზე) და მოპასუხე საწარმოს შინაგანაწესით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება).
თითოეულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის აუცილებელ კომპონენტად განსაზღვრული იყო, დასაქმებულის მიერ თანამდებობის საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება.
განსახილველ შემთხვევაში, წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტზე დამსაქმებელს არ მიუთითებია, უფრო მეტიც, სადავო პერიოდში მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის რეალურად შეწყვეტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც მის პოზიციას ამავე ნაწილში დაუსაბუთებელს ხდის.
15. მცდარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 2019 წლის აგვისტოში მოპასუხესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. ამ მიზნით საყურადღებოა საქმეზე წარმოდგენილი მხარეთა კომუნიკაციის ამსახველი ელექტრონული შეტყობინებები, რომლებიც დასაქმებულსა და მოპასუხე საწარმოს გენერალურ დირექტორს შორის მობილური ტელეფონის გამოყენებითაა ნაწარმოები.
დასახელებული მტკიცებულებების შინაარსი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს სადავო პერიოდში კასატორსა და შპს ,,ს.კ.რ...“ შორის შრომითი ურთიერთობების არსებობაზე.
საკასაციო პალატა იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ განსახილველი დავის სამართლებრივი სპეციფიკის გათვალისწინებით 2019 წლის აგვისტოს თვეში, სათანადო ფორმით ნების გამოხატვის შედეგად შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ფაქტი შედიოდა მოპასუხის მტკიცების საგანში, რომელმაც ამავე გარემოების დასადასტურებლად რელევანტურ მტკიცებულებასა თუ გარემოებაზე ვერ მიუთითა.
16. რაკი სადავო პერიოდში მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილი არ იყო და შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობებით გრძელდებოდა, შესაბამისად, აღნიშნული დროის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულია (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის 32.1 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია - თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით). ამავდროულად, სშკ-ის 31.3 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციიდან (დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) გამომდინარე, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში დაყოვნებული თანხის პროცენტის დამსაქმებლისათვის დაკისრების ნაწილშიც სარჩელი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს.
17. ამრიგად, მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ საკუთარ მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება სრულყოფილად შეძლო, რაც განსახილველი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
18. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 392.34 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ.ს–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
- შპს ,,ს.კ.რ...-ს“ ნ.ს–ის სასარგებლოდ დაეკისროს 6 250 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების გადახდა;
- შპს ,,ს.კ.რ...-ს“ ნ.ს–ის სასარგებლოდ დაეკისროს 6 250 ლარის 0.07%-ის გადახდა, 2019 წლის 1 სექტემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. შპს ,,ს.კ.რ...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 392.34 ლარის გადახდა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები : მირანდა ერემაძე
ლევან მიქაბერიძე