საქმე №ას-129-2024 12 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ს.ს.გ.ს.ს–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე –სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამართალმემკვიდრედ და უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ს.ს.გ.ს.ს“-მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ სამართალმემკვიდრედ და უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს ჩაბმულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახური.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ს.ს.გ.ს.ს–ი“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის სსსკ-ის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
14. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
15. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
16. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
17. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
18. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ წარმოადგენს პირს, ვისთან გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის ვალდებულებაც სასამართლოს აქვს.
19. მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (სუსგ №ას-923-2018, 20.07.2018წ).
20. ამდენად, სსსკ-ის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება საქმეზე №ას-1161-1106-2014).
21. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
22. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 16 ნოემბერს გამართულ სხდომას ესწრებოდა კასატორის წარმომადგენელი მ.შ–ი. აღნიშნულ სხდომაზე მხარეებს განემარტათ, განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა (იხ.: სხდომის ოქმი, ტ. 2, ს.ფ. 348-351). საქმეში წარმოდგენილია კასატორის მიერ მ.შ–ის სახელზე 2017 წლის 27 ნოემბერს განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობა (იხ:. მინდობილობა, ტ. 1, ს.ფ. 143. შესაბამისად, კასატორი/წარმომადგენელი ვალდებული იყო ვადაში გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი.
23. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ კასატორს/წარმომადგენელს სააპელაციო საჩივრის განხილვიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 (16.12.2023წ.) დღისა განცხადებით არ მიუმართავს სასამართლოსთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინების ასლის ჩაბარების მოთხოვნით. მ.შ–მა განცხადებით სასამართლოს მიმართა 2024 წლის 15 იანვარს განჩინების ჩაბარების თაობაზე და განჩინების ასლი ჩაიბარა იმავე დღეს. (იხ. ტ. 2, ს.ფ. 382-383). მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება 2023 წლის 7 დეკემბერს ჩაბარდათ.
24. ამდენად, რადგან კასატორი/წარმომადგენელი კანონით დადგენილი წესით არ გამოცხადდა სასამართლოში და არ ჩაიბარა განჩინება, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა 2023 წლის 17 დეკემბერს დაიწყო და 2024 წლის 8 იანვარს ამოიწურა.
25. საკასაციო საჩივარი წარდგენილია 2024 წლის 22 იანვარს ანუ გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღადაც 2024 წლის 22 იანვარია მითითებული.
26. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1354-2019, 21 თებერვალი, 2020 წელი; №ას-1395-2020, 7 დეკემბერი, 2020 წელი; ას-412-2022, 20 აპრილი, 2022 წელი). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის.
28. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ს.ს.გ.ს.ს–ი“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. შპს ს.ს.გ.ს.ს–ი“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრენდეს მ.შ–ის მიერ 2024 წლის 22 იანვარს საგადასახადო დავალებით #2690 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე