საქმე №ას-1093-2023 09 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.ც–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.პ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - მ.დ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ.პ–მა (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.დ–ძისა (შემდგომში – „პირველი მოპასუხე“) და ს.ც–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
2. პირველ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა; ბ) მითითება იმის თაობაზე, გადაწყვეტილების რა ნაწილი იყო გასაჩივრებული; გ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა; დ) სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა და ე) სახელმწიფო ბაჟის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
6. ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტის წარმომადგენელმა დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, მისი ელექტრონული ვერსია და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
8. ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტის წარმომადგენელმა დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითა სააპელაციო საჩივრის ფასი და კვლავ იშუამდგომლა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ამასთან, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და დაევალა: სახელმწიფო ბაჟის სახით 5 000 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
10. ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტის წარმომადგენელმა დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა შემდეგი სახით: აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; აღნიშნული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემთხვევაში, აპელანტს გადაუვადდებოდა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის - 4 000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 07 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მაისის განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - გ.ჭ–ძეს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ........., პირველი სართული, საოფისე ფართი (შპს „ქ. ლ.“), სადაც ჩაბარდა უშუალოდ ადრესატს 2023 წლის 13 ივნისს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 07-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 14 ივნისს და ამოიწურა 2023 წლის 20 ივნისს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რამე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 60.2, 61.3, 71.1, 368.5 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
15.1. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1.კ მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელეები - „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლნი იმავე კანონით გათვალისწინებულ მოძალადეთა წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე;
15.2. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იქნება გათავისუფლებული ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით, იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47.1 მუხლის საფუძველზე;
15.3. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იქნება გათავისუფლებული რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძვლით, მას სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა შეუმცირდეს 1000 ლარამდე იმავე კოდექსის 48.1 მუხლის საფუძველზე.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სწორედ აღნიშნული განჩინების მართლზომიერება წარმოადგენს.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.
21. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
22. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდა შემდეგი სახით: აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; აღნიშნული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემთხვევაში კი, აპელანტს გადაუვადდებოდა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის - 4 000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 07 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს - გ.ჭ–ძეს ჩაბარდა პირადად - 2023 წლის 13 ივნისს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2023 წლის 14 ივნისიდან (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა იმავე წლის 20 ივნისს, თუმცა აპელანტს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
23. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
24. საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტის გათავისუფლების ან/და ბაჟის შემცირების თაობაზე, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს სახელმწიფო ბაჟისაგან აპელანტის გათავისუფლების ან/და ბაჟის შემცირების თაობაზე არ უმსჯელია, ვინაიდან ხარვეზის აღმოფხვრისათვის დადგენილ ვადაში აპელანტს სასამართლოსთვის ასეთი შუამდგომლობით აღარ მიუმართავს.
25. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.ც–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი