Facebook Twitter

საქმე №ას-113-2023 20 ივლისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორები – შპს „ფ.ტ.ჰ–ი“, შპს „ჩ.ე–ი (ფ.) ლ.ს–ო“

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ი.ჯ.“

გასაჩივრებული განჩინება - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სს „ი.ჯ–ს“ და ღია სააქციო საზოგადოება „ა.ს.ბ–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ფ.ტ.ჰ–ის“ მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ფ.ტ.ჰ–ის“, შპს „ჩ.ე–ი(ფ.) ლ.ს–ოსა“ და შპს "დ.მ.კ–ის“ შეგებებული სარჩელი, მოპასუხეების სს"ი.ჯ–ს“, ღია სააქციო საზოგადოება „ა.ს.ბ–ის", შპს "ო.თ–სა" და ა.გ–ვის მიმართ, ხელშეკრულების მოშლის, ზიანის ანაზღაურებისა და პარტნიორის გარიცხვის შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს "ი.ჯ–მ", ღია სააქციო საზოგადოება "ა.ს.ბ–მა", შპს "ფ.ტ.ჰ–მა", შპს "ჩ.ე–ი (ფ.) ლ.ს–ომ", შპს "დ.მ.კ–მა" და შპს "ო.თ–მა".

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 იანვარს განცხადებით მიმართა შპს "ფ.ტ.ჰ–ის" და შპს "ჩ.ე–ი (ფ.) ლ.ს–ოს" წარმომადგენელმა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა საქართველოს ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში სს ,,ი.ჯ–ს” სახელზე გახსნილ ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება 9 118 843, 34 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება არ დაკმაყოფილდა.

5. წარდგენილი განცხადების პირობებში, საპელაციო სასამართლოს არ შეექმნა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ მიღებულ გადაწყვეტილებაზე აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას. პალატის მითითებით, წარდგენილი არ იყო მოპასუხეების ფინანსური სირთულეების ან/და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ მტკიცებულება. გარდა ამისა, მეწარმე სუბიექტის ანგარიშებზე ყადაღის დადებით, შესაძლოა ხელი შეშლოდა სავარაუდო მოვალის, როგორც მეწარმე სუბიექტის გადახდისუნარიანობას.

6. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს "ფ.ტ.ჰ–ისა“ და შპს "ჩ.ე–ი (ფ.) ლ.ს–ოს" წარმომადგენელმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.

7. საჩივრის ავტორის მტკიცებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე საფრთხე ექმნება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც. შესაბამისად, იმისთვის, რომ მართლმსაჯულებას მხოლოდ ფორმალურ ხასიათი არ ჰქონდეს, აუცილებელია, გამოყენებულ იქნეს უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. უზრუნველყოფის გამოუყენებლობა გააძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას. მნივნელოვანია, რომ სს „ი.ჯ.“ 2018 წლიდან აღარ არის ბანკი. გარდა ამისა, მის წესდებაში საწესდებო კაპიტალად მითითებული ოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია სასარჩელო მოთხოვნაზე. გასათვალისწინებელია, რომ გაცილებით რთული იქნება იძულებითი აღსრულება სხვა სოლიდარული მოპასუხეების მიმართ, კერძოდ, „ა.ს.ბ–ის“, “ო.თ–ისა“ და ა.გ–ვის მიმართ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. მათი უძრავი ქონებისა და საკუთრების შესახებ ინფორმაცია მოსარჩელეს არ აქვს და უცხო ქვეყანაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით შეიძლება შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, თუმცა სს „ი.ჯ–მ“ დავის დასრულებამდე განკარგოს თავის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები, ხოლო მისი უძრავი ქონება მოხმარდეს საგადასახადო დავალიანების დაფარვას.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ ვითარებას უქმნის პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ინსტიტუტი უნდა შეფასდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს, ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისი მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული, ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს, ან ისეთ ზიანს, რომელიც ვერ კომპენსირდება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებასაც, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

14. სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება).

15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს ,,ფ.ტ.ჰ–ის“ მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ სს ,,ი.ჯ-ს“ და ღია სააქციო საზოგადოება ,,ა.ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ,,ფ.ტ.ჰ–ისათვის“ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს ,,ფ.ტ.ჰ–ს“ მოსარჩელე სს ,,ი.ჯ–ს“ სასარგებლოდ დაეკისრა კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის - 2 019 416,41 აშშ დოლარისა და 2020 წლის 23 აგვისტოს ვითარებით კრედიტზე დარიცხული გადაუხდელი პროცენტის - 1 563 752,65 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე შპს ,,ფ.ტ.ჰ–ს“ მოსარჩელე ღია სააქციო საზოგადოება ,,ა.ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის, 20 565 742 აშშ დოლარის, 2022 წლის 17 ივნისის მდგომარეობით კრედიტზე დარიცხული გადაუხდელი პროცენტის - 18 237 044,63 აშშ დოლარისა და 2022 წლის 17 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე ყოველდღიურად 5 712,63 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა. მოპასუხე შპს ,,ფ.ტ.ჰ–ს“ მოსარჩელე სს ,,ი.ჯ–ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხის გადახდის ვადის - 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით გადაცილების გამო პროცენტის, 944 385,97 აშშ დოლარის, , ხოლო 2022 წლის 17 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 617,04 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა. მოპასუხე შპს ,,ფ.ტ.ჰ–ს“ მოსარჩელე ღია სააქციო საზოგადოება ,,ა.ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხის გადახდის ვადის 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით გადაცილების გამო პირგასამტეხლოს, 877 509 აშშ დოლარის, ხოლო 2022 წლის 17 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 571,27 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა. მოპასუხეების - სს ,,ი.ჯ–ს“, ღია სააქციო საზოგადოება ,,ა.ს.ბ–ის“, შპს ,,ო.თ–სა“ და ა.გ–ვის მიმართ ხელშეკრულების მოშლის, ზიანის ანაზღაურებისა და პარტნიორის გარიცხვის შესახებ შპს ,,ფ.ტ.ჰ–ის“, შპს ,,ჩ.ე–ი (ფ.) ლ.ს–ოს“ და შპს ,,დ.მ.კ–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს ღია სააქციო საზოგადოება ,,ა.ს.ბ–ს“, სს ,,ი.ჯ–ს“ და შპს ,,ო.თ–ს“ მოსარჩელე შპს ,,ფ.ტ.ჰ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 53 989 184,24 აშშ დოლარი. მოპასუხეებს ა.გ–ვს, შპს ,,ო.თ–ს“, ღია სააქციო საზოგადოება ,,ა.ს.ბ–ს“ და სს ,,ი.ჯ–ს“ მოსარჩელე შპს ,,ჩ.ე–ი (ფ.) ლ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება - 2 622 556 აშშ დოლარი. შპს ,,ფ.ტ.ჰ–ის“ (ს/კ ......) პარტნიორი შპს ,,ო.თ.“ გაირიცხასაზოგადოებიდან და შპს ,,ო.თ–ს“ 51% წილი შპს ,,ფ.ტ.ჰ–ის“ კაპიტალში გაუნაწილდა პროპორციულად შპს ,,ჩ.ე–ი (ფოთი) ლ.ს–ოსა“ და შპს ,,დ.მ.კ–ს“; შპს ,,ფ.ტ.ჰ–ი“-ს, შპს ,,ჩ.ე–ი (ფ.) ლ.ს–ო-სა“ და შპს ,,დ.მ.კ–ის“ შეგებებული სარჩელი დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შეწყდა ღია სააქციო საზოგადოება ,,ა.ს.ბ–ისა“ და სს ,,ი.ჯ–ს“ სასარგებლოდ შპს ,,ფ.ტ.ჰ–ის“ მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილებით 1.2., 1.3., 1.4., და 1.5. პუნქტებით დაკისრებული თანხის გადახდის ვალდებულება, გამომდინარე ამ მოთხოვნისა და ღია სააქციო საზოგადოება ,,ა.ს.ბ–ის“ და სს ,,ი.ჯ–ს“ მიმართ შპს ,,ფ.ტ.ჰ–ის“ მოთხოვნის - გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1. პუნქტით დაკისრებული 53 989 184,24 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების, ურთიერთგაქვითვის გზით და, საბოლოოდ, მოპასუხეებს ღია სააქციო საზოგადოება ,,ა.ს.ბ–ს“, სს ,,ი.ჯ–სა“ და შპს ,,ო.თ–ს“ მოსარჩელე შპს ,,ფ.ტ.ჰ–ის“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება - 9 118 843,34 აშშ დოლარი სოლიდარულად დაეკისრათ. გაუქმდა შპს ,,ფ.ტ.ჰ–ის“ კუთვნილ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული იპოთეკა და შპს ,,ფ.ტ.ჰ–ის“ კუთვნილ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებული გირავნობა.

16. ამდენად, სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ურთიერთგაქვითვის შედეგად, საბოლოოდ, მოპასუხეებს ღია სააქციო საზოგადოება ,,ა.ს.ბ–ს“, სს ,,ი.ჯ–სა“ და შპს ,,ო.თ–ს“ მოსარჩელე შპს ,,ფ.ტ.ჰ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 9 118 843,34 აშშ დოლარი, რომლის ფარგლებშიც განმცხადებელი მოითხოვს ყადაღის დადებას სს ,,ი.ჯ–ს“ ანგარიშებზე.

17. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას ეზღუდება ისეთი ქმედებები, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელის შემშლელი გარემოებაა (შდრ. სუსგ საქმე №ას-956-921-2016, 02.11.2016). მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში. ამდენად, იურიდიული პირის საბანკო ანგარიშები უნდა დაყადაღდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც გამოვლენილია ორი პირობა: არსებობს უზრუნველსაყოფი მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარაუდი და საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების გარეშე, გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან/და შეუძლებელი გახდება.

18. ამასთან, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების უკიდურესი ზომა, სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიღებს ყველა ზომას მოპასუხის ქონების მოსაძიებლად და მოპასუხეს, იმავდროულად, არ აღმოაჩნდება სხვა ქონება. ამდენად, მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ქონება არ გააჩნია, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მოპასუხის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „ი.ჯ–ს“ თანამოპასუხეები არიან ღია სააქციო საზოგადოება ,,ა.ს.ბ–ი“ და შპს ,,ო.თ–“, რომელთა მიმართაც მოსარჩელე მოითხოვს თანხის დაკისრებას სოლიდარულად. იმისათვის, რომ სასამართლოს გასჩენოდა გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებისა და შეუძლებლობის თაობაზე ეჭვი, საჩივრის ავტორს საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად უნდა მიეთითებინა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც სოლიდარული მოვალეების გადაწყვეტილების აღსრულების ობიექტურად ხელის შემშლელ ფინანსურ სირთულეებს დაადასტურებდა. საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია დანარჩენი ორი სოლიდარული მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მტკიცება. მითითება, რომ მოსარჩელეს არ აქვს სოლიდარულ მოვალეთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ვერ გახდება საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხეთა ქონების მოსაძიებლად და სარჩელის უზრუნვლყოფის უკიდურესი ზომა - საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ აღმოჩნდა, რომ მათ სხვა ქონება არ აქვთ.

20. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრების არსი გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობს მოპასუხე კომპანიების მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისაგან თავის არიდების რისკი ანდა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის ხელის შემშლელი გარემოებები, მით უფრო, რომ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალე, ფინანსურად მყარი ინსტიტუტი - ბანკია.

21. ყოველივე ამ გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია სს „ი.ჯ–ს“ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება, კერძოდ, მაშინ, როდესაც განმცხადებელს არ წარმოუდგენია მტკიცება, რომ მოპასუხე კომპანიებს გარდა საბანკო ანგარიშისა, არ აქვთ სხვა ქონება და ერთ-ერთი თანამოპასუხის ანგარიშზე ყადაღის დადება არის ერთადერთი და უკიდურესი ზომა სარჩელის უზრუნველსაყოფად. კომპანიის ანგარიშებზე ყადაღის დადებამ შესაძლოა შეაფერხოს საწარმოს, როგორც მოგებაზე ორიენტირებული სუბიექტის საქმიანობა და არათანაბრად შეზღუდოს მხარის უფლება.

22. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სს „ი.ჯ–ს“ საბანკო ანგარიშებზეარსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 197-1971-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ფ.ტ.ჰ–ისა“ და შპს „ჩ.ე–ი (ფ.) ლ.ს–ოს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

რევაზ ნადარაია

თეა ძიმისტარაშვილი