Facebook Twitter

საქმე №ას-308-2023 30 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ი.მ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ.მ–მა (შემდეგ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი.მ–ის“ (შემდეგ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების, 25 480.77 ლარის, ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯის – 2510 ლარისა და სახელფასო დავალიანების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 17 672.1 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; ტრანსპორტირების ხარჯისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ და მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა არა შრომის, არამედ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და მიუთითა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის შემსრულებელზე/მოსარჩელეზეა დამოკიდებული თანხის ანაზღაურების წარმოშობის ფაქტის დადასტურება.

6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ 2019 წლის მარტიდან 2020 წლის მარტამდე შესრულებული თარგმნის დამადასტურებელი აქტებზე მიუთითა და განმარტა, რომ ამ პერიოდში მოპასუხე არასრულად უხდიდა გასამრჯელოს. მოპასუხის მტკიცებით კი, თანხა სრულად ანაზღაურებულია, ამასთან, აქტების ნაწილის არასრულად შედგენა გამორიცხავდა მის ანაზღაურებას, რაც გულისხმობდა იმ შემთხვევას, როდესაც აქტზე არ იყო შესაბამისი ხელმოწერა და შესაბამისი სტრუქტურის ბეჭედი, შემსრულებლის (თარჯიმნის) ხელმოწერა და მოპასუხე ორგანიზაციის ბეჭედი.

7. საქმეში წარდგენილი მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი აქტებიდან სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სამ აქტთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ 2018 წლის 17 ივლისის, იმავე წლის 7 ნოემბრისა და 2019 წლის 2 დეკემბრის აქტების შესაბამისად მოთხოვნილი შესრულების ანაზღაურება მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, რამდენადაც, ხსენებულ აქტებზე არ ფიქსირდება შემსყიდველის მხრიდან უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, რაც დაადასტურებდა, რომ აქტი შედგენილი იყო სრულყოფილად. რაც შეეხება სხვა აქტების ხარვეზიანობას, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება და განმარტა, რომ ამ აქტებში მითითებული შესრულება უნდა ანაზღაურებულიყო მოსარჩელისათვის პრეისკურანტით მისაღები თანხის 70%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 17 672.1 ლარს. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას მოსარჩელისათვის გადახდილ თანხაში დღგ-ს ღირებულების გათვალისწინებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ თარჯიმნისათვის გადასახდელ თანხაში არ შედის დამატებითი ღირებულების გადასახადი და მას მოპასუხე კომპანია, როგორც მეწარმე სუბიექტი, იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში.

8. სააპელაციო სასამართლომ ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები და მიიჩნია, რომ მისი მოპასუხისათვის დაკისრების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარე ზეპირი შეთანხმების საფუძველზე წარმოადგენდა კასატორთან ნარდობის ხელშეკრულების ხელშემკვრელ მხარეს და სპარსულ ენაზე თარგმნით იყო დაკავებული. მისთვის მთარგმნელობითი მომსახურებისათვის სანაცვლოდ გადახდილი თანხა განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ღირებულების 70%-ით, რომელიც უნდა გაანგარიშებულიყო საერთო თანხიდან – დღგ-ისა და საშემოსავლო თანხების გამოკლების შედეგად დარჩენილი თანხიდან. სასამართლოებმა არ იმსჯელეს გადახდის წესის დროს საწარმოს მიერ თარჯიმნისათვის გადასაცემი თანხებიდან დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადის ხარჯების გამოკლების შესახებ, სწორედ ეს გახდა მათი მხრიდან მოპასუხეზე დასაკისრებელი თანხის არასწორი დაანგარიშების მიზეზი.

11. კასატორის მითითებით, დღგ-ს გადახდილი თანხები ჯერ უნდა გამოჰკლებოდა თარჯიმნის მიერ გაწეულ მომსახურების ღირებულებისათვის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დარიცხულ სრულ თანხებს და შემდეგ უნდა გარკვეულიყო თანხების განაწილების წესი 70/30%-ის თანაფარდობით. ასევე, უნდა გამოჰკლებოდა თანხებს მოსარჩელის სასარგებლოდ მისი მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი.

12. კასატორის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვის ყველა ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თანხა, რომელიც ერიცხება მას შემსყიდველისაგან გაწეული ფაქტობრივი მომსახურებისათვის, მოიცავს დღგ-ს გადასახადსაც და სხვა ხარჯებსაც. დღგ-ს თანხები აკლდება სწორედ იმ თანხებს, რომელიც მთარგმენლობითი მომსახურებისათვის ერიცხებდა კასატორს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში ახორციელებდა სპარსული ენის თარჯიმნის ფუნქციებს 2018 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, მოპასუხე კომპანიასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში. უდავოა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულების 17 672.1 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, რასაც ეს უკანასკნელი იმ გარემოებაზე მითითებით ხდის სადავოდ, რომ სასამართლომ არ იმსჯელეს კასატორის მიერ თარჯიმნისათვის გადასაცემი თანხებიდან დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ხარჯების გამოკლების შესახებ, რაც გახდა კასატორზე დასაკისრებელი თანხის არასწორი დაანგარიშების მიზეზი.

18. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიას თარჯიმნისათვის გადასაცემი თანხებიდან საშემოსავლო გადასახადის გამოკლებასთან დაკავშირებით არ იზიარებს და მიუთითებს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ; მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს. სსსკ-ის 219-ე მუხლი კი, ზღუდავს მას შემდგომ მიუთითოს ამ გარემოებაზე (სუსგ №ას-1536-2018, 14.05.2020წ.). ვინაიდან მოპასუხე წარდგენილი შესაგებელით/შესაბამის სამართალწარმოების ეტაპზე თარჯიმნისათვის გასაცემი თანხიდან საშემოსავლო გადასახადის გამოკლებას არ შესდავებია (მოპასუხე შესაგებლით მხოლოდ იმ გარემოებას მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არა შრომითი, არამედ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა იყო. ამასთან, დავობდა დღგ-ს თანხებზე და მიუთითებდა, რომ აღნიშნული ჯერ უნდა გამოჰკლებოდა თარჯიმნის მიერ გაწეულ მომსახურების ღირებულებისათვის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დარიცხულ სრულ თანხებს და შემდეგ უნდა გარკვეულიყო თანხების განაწილების წესი), მან დაკარგა პროცესუალური შესაძლებლობა აღნიშნული საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გახადოს. პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ გარემოებებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია (სსსკ-ის 404-ე და 407-ე მუხლები), რაც გამორიცხავს ზემოსხენებულ პრეტენზიაზე მსჯელობის შესაძლებლობას.

19. რაც შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის თანახმად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რომელიც შესაგებელს ეფუძნება. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დამატებული ღირებულების გადასახადი მოსარჩელეს უნდა გადაეხადა, მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც ამ უკანასკნელს, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შეთანხმება დღგ-ის გადახდის შესახებ გამომდინარეობს სსკ-ის 319.1 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპიდან და თავსდება ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში (სუსგ №ას-134-130-2016, 5.05.2016წ.). მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურდება მოსარჩელის მიერ დღგ-ს გადახდის ვალდებულებას (არ დასტურდება შეთანხმება დღგ-ს მოსარჩელის მიერ გადახდის ვალდებულებაზე). ამასთან, უდავოა, რომ მოპასუხე სავალდებულო წესით რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად 04.09.2013-წლიდან, მაშინ, როდესაც, მოსარჩელეს მხოლოდ 2019 წლის 1 აპრილიდან აქვს მინიჭებული მცირე ბიზნესის სტატუსი.

20. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება ის გარემოება, რომ სწორედ მოსარჩელეს უნდა გადაეხადა დამატებული ღირებულების გადასახადი. პალატა დამატებით განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე გავლენას ვერ მოახდენს საგადასახადო (საჯარო) კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი მომსახურების მიმწოდებლის მიერ დღგ-ის გადახდის შესახებ, ვინაიდან საგადასახადო კანონმდებლობა აწესრიგებს მომსახურების მიმწოდებელსა და სახელმწიფოს შორის საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობას, ხოლო, სამოქალაქო კოდექსი - კერძოსამართლებრივი გარიგებების საფუძველზე კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს (სუსგ №ას-134-130-2016, 5.05.2016წ.).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (სუსგ №ას-134-130-2016, 5.05.2016წ.; №ას-1245-1504-09, 30.03.2010წ.).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი.მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ი.მ–ს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ც.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 628.50 ლარის (საგადახდო დავალება 16576484167 / გადახდის თარიღი 31.03.2023), 70% - 439.95 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე