საქმე №ას-3-2024 9 თებერვალი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ს.გ.წ.კ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ნ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, მენარდე ან კონტრაქტორი) სარჩელი შპს „ს.გ.წ.კ–იის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1 218 500 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოპასუხე კომპანიას, შპს ,,ნ.ე–ის” და შპს „ე...“-ს (ამჟამად შპს „ნ.”) შორის, 2011 წლის 31 ოქტომბერს, გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება დაბა მესტიის წყლით მომარაგებასთან და საკანალიზაციო სისტემების მოწყობასთან დაკავშირებით. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო მისი დაწყებიდან 730 დღის განმავლობაში. სამუშაოების საბოლოო ჩაბარების ვადად განისაზღვრა 2015 წლის აგვისტო;
3.2. შპს „ნ.ე–ისა“ და მოსარჩელე კომპანიას შორის, 2012 წლის 28 მაისს დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად შპს „ნ.ე–იმ“ ძირითადი ხელშეკრულების ავანსი - 1 218 495.12 ლარი მიიღო;
3.3. შპს ,,ნ.ე–ის’’ მიმართ, 2012 წლის 3 დეკემბერს, დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს მოსარჩელე კომპანია (მენარდე) ასრულებდა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის #2/14897-12 განჩინებით შპს ,,ნ.ე–ის“ მიმართ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დასრულდა და მისი რეგისტრაცია გაუქმდა);
3.4. ძირითადი ნარდობის ხელშეკრულების 4.2 მუხლით, კონტრაქტორმა/მენარდემ იკისრა ვალდებულება, საკუთარი ხარჯებით მიეღო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ვალდებულებების სათანადო შესრულებისთვის;
3.5. აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში კონტრაქტორს/მენარდეს შემკვეთისათვის უნდა წარედგინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შესაბამისი წერილის მიღებიდან 28 დღის განმავლობაში;
3.6. კონტრაქტორს ევალებოდა უზრუნველეყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის კანონიერება და აღსრულება მანამ, სანამ კონტრაქტორი არ დაასრულებდა სამუშაოებს და არ გამოასწორებდა ყველა ხარვეზს, თუ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობები განსაზღვრავდა ვადის გასვლის თარიღს და კონტრაქტორს არ ექნებოდა უფლება მიეღო სამუშაოს შესრულების მოწმობა ვადის გასვლამდე 28 დღით ადრე, კონტრაქტორს უნდა გაეგრძელებინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა სამუშაოს დასრულებამდე, სამუშაოებისა და დეფექტების გამოსწორების ჩათვლით;
3.7. შემკვეთს არ უნდა განეცხადებინა პრეტენზიები ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებით, გარდა იმ თანხებისა, რომლებზეც შემკვეთს ექნებოდა უფლება ხელშეკრულების საფუძველზე;
3.8. ზემოთ მოხმობილი შეთანხმების არსებობის უზრუნველყოფის მიზნით, 2011 წლის 3 ოქტომბერს სს ,,ს.ბ–სა“ და შპს „ნ.ე–ის“ შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება 2014 წლის 4 ნოემბრამდე ვადით. საბანკო გარანტიის ბენეფიციარი შემკვეთი (მოპასუხე კომპანია) იყო;
3.9. საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა თავდების ვალდებულებების სათანადო შესრულებას 1 218 500 ლარის ფარგლებში;
3.10. სს ,,ს.ბ–სა“ და მენარდე კომპანიას შორის, 2013 წლის 15 ნოემბერს, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მენარდემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა სს ,,ს.ბ–სა“ და შპს „ნ.ე–ის“ შორის დადებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრინციპალი შპს ,,ნ.ე–ის’’ ვალდებულებებისათვის. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა 1 218 500 ლარით განისაზღვრა;
3.11. მოგვიანებით, მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდა;
3.12. შემკვეთმა 2017 წლის 19 ივნისს წერილით მიმართა სს ,,ს.ბ–ს“ და მოითხოვა შპს ,,ნ.ე–ისა“ და მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო საგარანტიო თანხის გაცემა;
3.13. მოპასუხემ 2017 წლის 17 ივლისს კვლავ მიმართა სს ,,ს.ბ–ს“ და მოითხოვა საგარანტიო თანხის გაცემა შპს ,,ნ.ე–ისა“ და მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო;
3.14. სს ,,ს.ბ–მა“, 2017 წლის 24 ივლისს, შემკვეთს საგარანტიო თანხა - 1 218 500 ლარი გადაურიცხა;
3.15. მენარდემ 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა: 1) შესრულებულად ჩაითვალოს 2011 წლის 31 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მესტიის წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის მიზნით კონტრაქტორის მიერ განხორციელებული სამუშაოები 12 062 724,56 ლარის ოდენობით; 2) შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 308 592,82 ლარი; 3) შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ ხარისხის გარანტიის სახით დაკავებული 10%-ის - 1 206 272,45 ლარის გადახდა დაეკისროს;
3.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით N2/5247-18 მენარდის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მენარდის სასარგებლოდ შემკვეთს დაეკისრა 308 592. 82 ლარის გადახდა, 1 206 272.45 ლარისა და სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდა. (სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში);
3.17. მენარდემ 2018 წლის 21 ნოემბერს სს ,,ს.ბ–ს“ აუნაზღაურა საბანკო გარანტიის თანხის ნაწილი - 150 000 ლარი;
3.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წელს ასევე სარჩელით მიმართა სს ,,ს.ბ–მა” და მოითხოვა მენარდის მიერ სოლიდარული თავდებობით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საბანკო გარანტიის საფუძველზე გადასახდელი თანხის - 1 068 500 ლარის ანაზღაურება;
3.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის N2/25411-18 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ს.ბ–ის“ მოთხოვნა და მენარდეს, სს ,,ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 1 068 500 ლარისა და სასამართლო ხარჯის - 5 050 ლარის გადახდა;
3.20. შემკვეთის 2021 წლის 24 ივნისის N9253/1 წერილით მენარდეს ეცნობა, რომ კომპანია მზადაა აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის N2/5247-18 გადაწყვეტილება და მენარდეს გადაურიცხოს 772 686.90 ლარი (აღნიშნულითანხა მოიცავს: 83,630.64 ლარს, 684,056.26 ლარსა და 5000 ლარს).
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 881-ე მუხლი). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები (იხ. სუსგ Nას-749-709-2015, 25.09.2015 წ.).
5. სსკ-ის 879-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
6. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანია საბანკო გარანტიის ფარგლებში გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადაცემული თანხის პრინციპალისათვის უკან დაბრუნება. კერძოდ, მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი წარმოადგენდა მენარდეს და პრინციპალის თავდებს. შემკვეთმა კომპანიამ სს ,,ს.ბ–ს“ მოსთხოვა საბანკო გარანტიის გადახდა შპს ,,ნ.ე–ის” მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ხოლო სს ,,ს.ბ–მა“ აღნიშნული თანხა - 1 218 500 ლარი გადასახდელად დააკისრა მენარდეს, როგორც შპს ,,ნ.ე–ის“ თავდებს. ბენეფიციარმა, იგივე შემკვეთმა სს „ს.ბ–ს“ გარანტიის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევის საფუძვლით მოსთხოვა მაშინ, როდესაც მოსარჩელე კომპანიას ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად ჰქონდა შესრულებული და, პირიქით, მას საპირისპიროდ გააჩნდა მოპასუხესთან შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
7. როგორც ზემოთ აღინიშნა, საბანკო გარანტია, მართალია, უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ მისი არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, იგი თვითონაა დამოუკიდებელი ვალდებულება (სსკ-ის 881-ე მუხლი). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას.
8. სსკ-ის 887.2-ე მუხლის თანახმად, თუ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში უკვე მთლიანად შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.
9. აპელანტის (შემკვეთის) განმარტებით, ბენეფიციარის მიერ საგარანტიო თანხის გაცემის მოთხოვნა განაპირობა მენარდის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ, იმავდროულად მხარეთა შორის მოქმედი ხელშეკრულების 4.2 პუნქტის დარღვევამ, რომელიც ავალდებულებდა მენარდეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულებამდე უზრუნველეყო საბანკო გარანტიის მოქმედება, მათ შორის წერილობითი მიმართვიდან 28 დღის განმავლობაში მოეხდინა მიმდინარე საბანკო გარანტიის მოქმედების შესაბამისი საჭიროებით გაგრძელება, რაც მენარდის მხრიდან არ განხორციელებულა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 1 ივლისს გადიოდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა, შესაბამისად ხელშეკრულება რჩებოდა არაუზრუნველყოფილი. შემკვეთმა 2017 წლის 19 ივნისს და იმავე წლის 17 ივლისს მიმართა სს ,,ს.ბ–ს’’ გარანტიის თანხის გაცემის მოთხოვნით, რისი უფლებაც კანონისა და ხელშეკრულების ჩანაწერის შესაბამისად ჰქონდა ბენეფიციარს, პრინციპალის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოდავე მხარეთა შორის მოქმედ ნარდობის ხელშეკრულების 4.2 პუნქტზე, რომლის საფუძველზეც კონტრაქტორმა/მენარდემ იკისრა ვალდებულება საკუთარი ხარჯებით მიეღო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ვალდებულებების სათანადო შესრულებისთვის.
11. აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში კონტრაქტორს/მენარდეს შემკვეთისათვის უნდა წარედგინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შესაბამისი წერილის მიღებიდან 28 დღის განმავლობაში. კონტრაქტორს ევალებოდა უზრუნველეყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის კანონიერება და აღსრულება მანამ, სანამ კონტრაქტორი არ დაასრულებდა სამუშაოებს და არ გამოასწორებდა ყველა ხარვეზს, თუ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობები განსაზღვრავდა ვადის გასვლის თარიღს და კონტრაქტორს არ ექნებოდა უფლება მიეღო სამუშაოს შესრულების მოწმობა ვადის გასვლამდე 28 დღით ადრე, კონტრაქტორს უნდა გაეგრძელებინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა სამუშაოს დასრულებამდე, სამუშაოებისა და დეფექტების გამოსწორების ჩათვლით. თავის მხრივ, შემკვეთს არ უნდა განეცხადებინა პრეტენზიები ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებით, გარდა იმ თანხებისა, რომლებზეც შემკვეთს ექნებოდა უფლება ხელშეკრულების საფუძველზე.
12. ამდენად, საბანკო გარანტიის მოთხოვნის მართლზომიერად მიჩნევისათვის, უნდა დგინდებოდეს მენარდის მხრიდან ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც, თავის მხრივ, გაამართლებდა უზრუნველყოფის ღონისძიების ამოქმედებას და ამ მხრივ კრედიტორის/ბენეფიციარის დაკმაყოფილებას.
13. აღნიშნულის საპირისპიროდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის N2/5247-18 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მენარდის მიერ შესრულებულია 12 062 724.56 ლარის ღირებულების სამუშაო. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით შემკვეთს გადასახდელად დაეკისრა 308 592.82 ლარისა და 1 206 272 ლარის გადახდა (კერძოდ, 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მენარდემ შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა: 1) შესრულებულად ჩაითვალოს 2011 წლის 31 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მესტიის წყლით მომარაგების და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის მიზნით მენარდის მიერ განხორციელებული სამუშაოები 12 062 724,56 ლარის ოდენობით; 2)შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება 308 592,82 ლარი; 3) შემკვეთს დაეკისროს მენარდის სასარგებლოდ ხარისხის გარანტიის სახით დაკავებული 10%-ის - 1 206 272,45 ლარის გადახდა).
14. ხსენებული გადაწყვეტილებით სასამართლომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და მესტიის წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელების შესრულებული სამუშაოების N13 აქტით დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდის მიერ შესრულებულია 1 206 272.56 ლარის სამუშაო. ასევე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდეს არ აუნაზღაურდა N13 აქტში მითითებული სამუშაოების ღირებულება - 308 592.82 ლარი. ასევე დადგინდა, რომ შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკავებულია შესრულებული სამუშაოს ხარისხის გარანტიის სახით სამუშაოების ღირებულების 10%. ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში, სასამართლომ არ გაიზიარა შემკვეთის მტკიცება, რომ მესტიის წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელების შესრულებული სამუშაოების N13 აქტში მითითებული სამუშაოები არ არის შესრულებული ან შესრულებულია ხარვეზით მენარდის მიერ, ვინაიდან მოპასუხეს არ წარუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები (იხ. 23.05.2018წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, საქმე N2/5247- 18, 3.1.5-3.1.6, 3.2 პუნქტებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები).
15. მაშასადამე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მოსარჩელე კომპანიის მხრიდან ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების ჯეროვანი შესრულება და უარყოფილია შემკვეთის შედავება ვალდებულების შეუსრულებლობასა, თუ ხარვეზიან შესრულებასთან მიმართებით, რაც მოცემული დავის ფარგლებში, მიუხედავად საბანკო გარანტიის არააქცესორული ხასიათისა, გასათვალისწინებელია გარანტიის ფარგლებში მიღებული თანხის შენარჩუნებისათვის.
16. საგულისხმოა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, 2021 წლის 24 ივნისს შემკვეთმა წერილობით მიმართა მენარდეს და აცნობა, რომ კომპანია მზადაა, აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის N2/5247-18 გადაწყვეტილება და მენარდეს გადაურიცხოს 772, 686.90 ლარი (აღნიშნული ციფრი მოიცავს: 83,630.64 ლარს, 684,056.26 ლარსა და 5000 ლარს; იხ. ამ განჩინების 3.20 ქვეპუნქტი).
17. წინამდებარე საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სს ,,ს.ბ–მა’’, მას შემდეგო რაც ბენეფიციარის სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტიის თანხა, მიმართა პრინციპალს/მის თავდებს საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. უდავოა, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს მენარდემ სს ,,ს.ბ–ს“ აუნაზღაურა საბანკო გარანტიის თანხის ნაწილი - 150 000 ლარი. ასევე, უდავოა, რომ 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს ,,ს.ბ–მა” და მოითხოვა მენარდისათვის სოლიდარული თავდებობით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საბანკო გარანტიის საფუძველზე გადასახდელი თანხის - 1 068 500 ლარის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის N2/25411-18 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ს.ბ–ის“ მოთხოვნა და მენარდეს, სს ,,ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 1 068 500 ლარისა და სასამართლოს ხარჯის - 5050 ლარის გადახდა.
18. ამდენად, როგორც წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ასევე იმავე მხარეთა შორის განხილულ კანონიერ ძალაში შესულ სხვა სამოქალაქო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია მენარდის მხრიდან ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების შესრულების ფაქტი და აღნიშნულის საპირისპიროდ, შემკვეთის მხრიდან მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს თანხის აუნაზღაურებლობის ფაქტი, შესაბამისად ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გათვალისწინებით, უსაფუძვლოა საბანკო გარანტიის თანხის შემკვეთის მიერ მიღება, რაც წარმოშობს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას და შესაბამისად, მიღებული თანხის პრინციპალისათვის ანაზღაურების ვალდებულებას.
19. აპელანტის მტკიცება, რომ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გაუგრძელებლობა განხილული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების დარღვევად და შესაბამისად გამართლებული ყოფილიყო საბანკო გარანტიის თანხის მოთხოვნა/მიღება, არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, რადგან არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, რამდენადაც მიღებულია ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება, გაუმართლებელია დამატებით საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისათვის შენარჩუნება, რადგანაც არ არსებობს ის სამართლებრივი საფუძველი (ვალდებულების დარღვევა), რაც გაამართლებდა გარანტიის სახით მიღებული თანხის ბენეფიციარისათვის დატოვებას.
20. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ საგარანტიო თანხის გაცემის მოთხოვნის დასაბუთებაში, აპელანტი კომპანია ბანკისადმი წარდგენილ 2017 წლის 19 ივნისისა და 17 ივლისის წერილებში (იხ. ტ. 3, ს.ფ. 326-328) მიუთითებდა მენარდის მხრიდან სამუშაოთა არაჯეროვან განხორციელებაზე, რის დასტურადაც ეყრდნობოდა ხარვეზის აქტებს, ანუ ბენეფიციარს (შემკვეთ კომპანიას) პრეტენზია ჰქონდა არასათანადო შესრულებაზე და არა საგარანტიო ვადის მოსალოდნელ გასვლაზე. სასამართლოში წარდგენილი შედავებისა და განსახილველი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში კი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დადასტურების პირობებში, აპელანტი მიუთითებს ნარდობის ხელშეკრულების 4.2 მუხლით განსაზღვრულ საგარანტიო ვადებზე, რაც ასუსტებს მხარის მტკიცებას, მისი მხრიდან უფლების მართლზომიერ სარგებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრულ უზოგადეს კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპებს (სსკ-ის მე-8.3 მუხლი: სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. 316.2-ე მუხლი: თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას).
21. სსკ-ის 880.1-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
22. ამდენად, საბანკო გარანტიის უპირველესი დანიშნულებაა, რომ გარანტორმა ბენეფიციარს თანხა უნდა გადაუხადოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის. განსახილველ შემთხვევაშიც, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იქნა გაცემული საბანკო გარანტია. საგარანტიო პირობების თანახმად, გარანტი ბენეფიციარის წინაშე კისრულობდა თანხის გადახდის ვალდებულებას პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე. თავად უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, ბენეფიციარის მხრიდან მხოლოდ ფაქტის გაცხადება, რომ პრინციპალის მხრიდან დარღვეულია ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, საკმარისია გარანტორისათვის შესაბამისი საგარანტიო თანხის გაცემისათვის.
23. სსკ-ის 881-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე, მათ შორის ურთიერთობისას, არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
24. ბენეფიციარი, საგარანტიო თანხის მოთხოვნისას, გარანტორის წინაშე არაა ვალდებული, დაასაბუთოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების უტყუარობა. ბენეფიციარის მოთხოვნა მოწმდება მხოლოდ საგარანტიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახისა და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის კვლევის ფარგლებში - ანუ ფორმალური სახით (დოკუმენტების გარეგნული შესაბამისობის დადგენა). სწორედ ამიტომ უწოდებენ კომერციულ პრაქტიკაში საბანკო გარანტიას ე.წ. დოკუმენტურ ოპერაციას (იხ. სუსგ №ას-782-739-2015, 19.10.2015წ.). გარანტის მიერ საგარანტიო თანხის გადახდა არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებას და ამის გამო ბენეფიციარს არ სჭირდება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცება. ამაშიც ვლინდება გარანტიის დამოუკიდებელი და აბსტრაქტული ბუნება: ის არ არის დამოკიდებული არც ზიანის დადგომაზე და არც სხვა მატერიალურ დანაკარგებზე, რომლებიც შეიძლება კრედიტორს ძირითადი ვალდებულების დარღვევით მიადგეს. თვით ფაქტი საგარანტიო შემთხვევის დადგომისა, მაგალითად, უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობა, მიუხედავად იმისა, მოჰყვა ამას ზიანი თუ არა, საკმარისია გარანტისაგან გადახდის მოთხოვნისათვის (ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, გვ. 220; საბანკო გარანტიის გამოუთხოვად და არააქცესორულ ბუნებასთან დაკავშირებით ასევე იხ. სუსგ-ები: N ას-1633-2019; 9.03.2020; N ას-562-871-09; 20.10.2009; N ას-950-886-2017; 3.11.2017წ.).
25. ამასთანავე, თავად საბანკო გარანტიის, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების, დანიშნულება მდგომარეობს სწორედ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების აღმოფხვრაში და იმ პირობებში, თუ დადგინდება ბენეფიციარის მხრიდან ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების გაუმართლებელი რეალიზება, კერძოდ საგარანტიო თანხის მოთხოვნა, პრინციპალის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში, უსაფუძვლოდ მიღებული თანხები ექვემდებარება უკან დაბრუნებას, რადგან ერთდროულად შესრულების მიღებაც და საგარანტიო თანხის მოთხოვნაც იწვევს ბენეფიციარი/კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის (ვალდებულების დარღვევის) არ არსებობის პირობებში.
26. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავოდ გახადა შესრულებული სამუშაოები, რის საფუძველზეც მიიჩნია, რომ არსებობდა საბანკო გარანტიის მოთხოვნის პირობები და შესაბამისად სს ,,ს.ბ–ისაგან“ მოითხოვა აღნიშნული საგარანტიო თანხა. თავის მხრივ, სს ,,ს.ბ–მა“ გაცემული თანხა რეგრესის წესით მენარდეს მოსთხოვა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მენარდის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტს (იხ. ტ.1. ს.ფ. 43). შესაბამისად, მოპასუხეს რომ სადავოდ არ გაეხადა შესრულებული სამუშაო და არ მიეჩნია მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევად, დღის წესრიგში არ დადგებოდა სს ,,ს.ბ–ისათვის“ საგარანტიო თანხის მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, არ წარმოიშობოდა სს ,,ს.ბ–ის“ მიერ, რეგრესის წესით, მენარდისათვის თანხის დაკისრების ვალდებულება.
27. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლიდან გამომდინარე არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში.
28. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით, ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ - ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება (იხ. სუსგ №ას-1548- 2019, 14.02.2020 წ.).
29. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი ან ამგვარი საფუძველი, ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა, ან შემდგომ შეწყდა. შესრულების უკან მოთხოვნისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: 1) ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემა; 2) მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენა; 3) შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შესრულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე მოსარჩელის მტკიცების ტვირთია, უფრო ზუსტად კი, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს გადაცემით სსკ-ის 976-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და რომ ეს ვალდებულება, ფაქტობრივად არ არსებობს. ვალდებულების არარსებობა კი, ნიშნავს შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას. ამასთან, მოპასუხემ, პოზიტიურად უნდა დაასაბუთოს საწინააღმდეგო, კერძოდ, რა არის შესრულების სამართლებრივი საფუძველი, მისი აზრით, რისთვის მიიღო შესრულება (სუსგ №ას-494-474-2016, 8.06.2017წ.).
30. კონკრეტულ შემთხვევაში საბანკო გარანტია გაცემული იყო ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებაზე, კერძოდ, დაბა მესტიის წყლით მომარაგებასთან და საკანალიზაციო სისტემების მოწყობასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი არ დასტურდება. არსებული მტკიცებულებებით და ასევე სამოქალაქო საქმეზე N2/25411-18 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სს „ს.ბ–სა“ და შპს „ნ.ე–ის“ შორის საბანკო გარანტიის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 1 ივლისამდე (სს „ს.ბ–მა“ 2016 წლის 26 დეკემბერს გააგრძელა შესრულების საგარანტიო #PE25617/11 ვადა და განისაზღვრა 2017 წლის 01 ივლისის ჩათვლით; ტ. 3, ს.ფ. 325).
31. აპელანტის მიერ მისი მტკიცების ფარგლებში არ იქნა დადასტურებული, რომ მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილი მოთხოვნები. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ თუნდაც შესაბამისი მტკიცებულებით დასტურდებოდეს აღნიშნული 28 დღიანი ვადის დარღვევა, სამუშაოთა შესრულების #13 აქტის თანახმად, 2015 წლის ივნისში მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული ჰქონდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის (მენარდის) მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ მოპასუხეს (შემკვეთს) მოსარჩელის (მენარდის) სასარგებლოდ დააკისრა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება. შესაბამისად, ვალდებულება რისი შესრულების უზრუნველსაყოფადაც გაიცა საბანკო გარანტია, მენარდის მიერ შესრულდა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მიერ რომც დადასტურებულიყო შესაბამისი მტკიცებულებებით საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელების დარღვევა, იგი არ შეიძლება შეფასდეს იმდენად მნიშვნელოვან დარღვევად, რაც საფუძვლად დაედებოდა მენარდის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და შემკვეთის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის თანხის მისთვის, როგორც ბენეფიციარისათვის, დატოვებას.
32. ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება პრინციპალის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების თაობაზე, აგრეთვე, გარანტორის მიერ საგარანტიო პირობების დაცვით (ვადა, წარდგენის ფორმა, შესაგებლის გამოყენების შეუძლებლობა) საგარანტიო თანხის გადახდა და აღნიშნული თანხის რეგრესული წესით უკუმოთხოვნა (სსკ-ის 890-ე მუხლი), ქმნის ვარგის სამართლებრივ საფუძველს ბენეფიციარის (შემკვეთის) მხრიდან უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დასაბრუნებლად, სსკ-ის 385-ე (ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი), 976.1-ე ,,ა’’ (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 991-ე (პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული) მუხლების საფუძველზე.
33. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის შედავება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით. კერძოდ, მოპასუხის (შემკვეთის) მითითებით, 2017 წლის 24 ივლისს სს ,,ს.ბ–მა“ საგარანტიო თანხა ჩაურიცხა შეამკვეთს და სწორედ აღნიშნული თარიღიდან წარმოეშვა მოსარჩელეს მოპასუხისათვის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელეს სასამართლოსთვის სარჩელით უნდა მიემართა არაუგვიანეს 2020 წლის 24 ივლისისა.
34. სსკ-ის 128-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
35. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი კი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
36. სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება სსკ-ის 139-ე და 140-ე მუხლები.
37. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/5247-18) მოპასუხეს (შემკვეთს)_ მოსარჩელის (მენარდის) სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების გადახდა. აღნიშნული დავა დასრულდა და კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 26 თებერვალს. ასევე, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის N2/25411-18 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ს.ბ–ის“ მოთხოვნა და მენარდეს რეგრესის წესით სს ,,ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 068 500 ლარისა და სასამართლოს ხარჯის -5050 ლარის გადახდა.
38. ამასთან, შემკვეთმა მენარდისათვის მიწერილი წერილით (2021 წლის 24 ივნისი, N9253/1) აღიარა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება (იხ. წინამდებარე განჩინების 3.20 ქვეპუნქტი).
39. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მენარდეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სასამართლო გადაწყვეტილებით სამუშაოების ჯეროვანი შესრულების ფაქტის დადასტურების შემდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულია 2021 წლის 26 თებერვალს. ასევე, 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით დაეკისრა მოსარჩელე მხარეს რეგრესის წესით თანხების ანაზღაურება და ბოლოს 2021 წლის 24 ივნისს გამოხატა მზაობა მოპასუხემ (შემკვეთმა) მენარდის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებაზე, წინამდებარე სარჩელი კი წარმოდგენილია 2021 წლის 30 აგვისტოს, შესაბამისად, აპელანტის (შემკვეთი კომპანიის) შედავება მენარდის სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით დაუსაბუთებელია, რადგანაც მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში დაიწყო დავა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების აღიარების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც აღძრა დავა ბენეფიციარის (შემკვეთის) მიერ უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის თანხის გამოთხოვაზე.
40. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დარღვეული უფლების დაცვის მოთხოვნით ხანდაზმულობის ვადის დინება შეწყდა 2018 წლის 23 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 26 თებერვალს, შესაბამისად განსახილველი სარჩელი ვერ მიიჩნევა ხანდაზმულად და აღნიშნულ ნაწილშიც უარყოფილი იქნა სააპელაციო პრეტენზია.
41. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
41.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე კომპანიამ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
41.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულებები (მათ შორის, ხელშეკრულების 4.2 მუხლი - არ უზრუნველყო გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელება), მოპასუხემ 2017 წლის 19 ივნისის №6503/1 და იმავე წლის 17 ივლისის №7840/1 წერილებით მიმართა გარანტს, რომელმაც 2017 წლის 24 ივლისს ჩარიცხა თანხა, ხოლო 2017 წლის 24 ივლისის №04/9037 წერილით როგორც მოსარჩელეს, ისე მოპასუხეს მიაწოდა თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაცია საგადახდო დავალებასთან ერთად. შესაბამისად, 2017 წლის 24 ივლისიდან მოსარჩელე ინფორმირებული იყო მოპასუხის მიერ გარანტიის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რაც მის სასარჩელო მოთხოვნას ხანდაზმულს ხდის;
41.3. მოსარჩელე ვალდებული იყო, გაეგრძელებინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა სამუშაოს დასრულებამდე, სამუშაოებისა და დეფექტების გამოსწორების ჩათვლით, რაც მან არ შეასრულა და საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე 28 დღით ადრე არ წარუდგენია საბანკო გარანტია, რომლითაც გაგრძელებული იქნებოდა გარანტიის ვადა, უფრო მეტიც, 28 დღის გასვლის შემდეგაც არ შეუსრულებია ხელშეკრულების პირობა, შესაბამისად, რადგან სახეზე იყო მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, მოპასუხემ სს "ს.ბ–ს" მიმართა 2017 წლის 19 ივნისს და მოითხოვა შპს ,,ნ.ე–ისა“ და მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო საგარანტიო თანხის გაცემა. 2017 წლის 17 ივლისს მოპასუხემ კვლავ მიმართა სს ,,ს.ბ–ს“ და მოითხოვა საგარანტიო თანხის გაცემა შპს „ნ.ე–ისა“ და მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ხოლო 2017 წლის 24 ივლისს სს ,,ს.ბ–მა“ შემკვეთს გადაურიცხა საგარანტიო თანხა - 1 218 500 ლარი.
41.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ მოპასუხის (დამკვეთის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
42. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
43. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
45.საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
46. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
47. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 385-ე მუხლის თანახმად ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამავე კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; სსკ-ის 991-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული. მოხმობილ ნორმათა ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, კონდიქციური მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა დადგინდეს: არსებობდა თუ არა შესრულების მიღების საფუძველი. სწორედ ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენაა კონდიქციის ამოსავალი დებულება. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელებული ყოველგვარი ქონებრივი მიმოქცევა არ წარმოშობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების შესაბამისად მოთხოვნის უფლებას. ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენის უფლების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობის მონაწილეთა ქმედებების შეფასებაც ქონების მიმოქცევამდე (შეადრ. სუსგ-ებს: N ას-605-2023, 7.07.2023წ; N ას-1217-1176-2016, 10.02.2017 წ.)
48. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პრინციპალის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების თაობაზე, აგრეთვე, გარანტორის მიერ საგარანტიო პირობების დაცვით (ვადა, წარდგენის ფორმა, შესაგებლის გამოყენების შეუძლებლობა) საგარანტიო თანხის გადახდა და აღნიშნული თანხის რეგრესული წესით უკუმოთხოვნა (სსკ-ის 890-ე), ქმნის ვარგის სამართლებრივ საფუძველს ბენეფიციარის მხრიდან უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დასაბრუნებლად (385-ე, 976.1.„ა“, 991–ე მუხლები) (იხ.სუსგ-ები: N ას-605-2023, 7.07.2023წ; N ას-1217-1176-2016, 10.02.2017 წ.).
49. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მტკიცება საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გაუგრძელებლობის ხელშეკრულების დარღვევად კვალიფიკაციისა და შესაბამისად საბანკო გარანტიის თანხის მოთხოვნა/მიღების თაობაზე დასაბუთებლობის თაობაზე, მართებულად არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, რადგან შემკვეთმა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება მიიღო, შესაბამისად, გაუმართლებელია დამატებით საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისათვის შენარჩუნება, რადგანაც არ არსებობს ის სამართლებრივი საფუძველი (ვალდებულების დარღვევა), რაც გაამართლებდა გარანტიის სახით მიღებული თანხის ბენეფიციარისათვის დატოვებას.
50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ერთდროულად შესრულების მიღებაც და საგარანტიო თანხის მოთხოვნაც იწვევს ბენეფიციარის/კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის (ვალდებულების დარღვევის) არარსებობის პირობებში. აქედან გამომდინარე, კასატორის (შემკვეთის) მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხები ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
51. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სააპელაციო სასამართლოსეულ შეფასებებს, ასევე, განმარტებებს საბანკო გარანტიის იურიდიულ ბუნებასთან მიმართებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს: საბანკო გარანტია, მართალია, უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ მისი არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, იგი თვითონაა დამოუკიდებელი ვალდებულება (სსკ-ის 881-ე მუხლი). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
52. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სწორედ იმ გარემოებაზე უთითებს, რომ მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რის გამოც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის საფუძველზე გარანტორისაგან საგარანტიო თანხის ანაზღაურება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც.
53. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შემკვეთმა შესრულება მიიღო, რაც შეესაბამებოდა ნარდობის ხელშეკრულების პირობებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის N2/5247-18 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მენარდის მიერ შესრულებულია 12 062 724.56 ლარის ღირებულების სამუშაო. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით შემკვეთს გადასახდელად დაეკისრა 308 592.82 ლარისა და 1 206 272 ლარის გადახდა. დასახელებული გადაწყვეტილებით სასამართლომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და მესტიის წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელების შესრულებული სამუშაოების N13 აქტით დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდის მიერ შესრულებულია 1 206 272.56 ლარის სამუშაო. ასევე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდეს არ აუნაზღაურდა N13 აქტში მითითებული სამუშაოების ღირებულება - 308 592.82 ლარი. ასევე დადგინდა, რომ შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკავებულია შესრულებული სამუშაოს ხარისხის გარანტიის სახით სამუშაოების ღირებულების 10%. ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში, სასამართლომ არ გაიზიარა შემკვეთის მტკიცება, რომ მესტიის წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელების შესრულებული სამუშაოების N13 აქტში მითითებული სამუშაოები არ არის შესრულებული ან შესრულებულია ხარვეზით მენარდის მიერ, ვინაიდან მოპასუხეს არ წარუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მოსარჩელე კომპანიის მხრიდან ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების ჯეროვანი შესრულება და უარყოფილია შემკვეთის შედავება ვალდებულების შეუსრულებლობასა, თუ ხარვეზიან შესრულებასთან მიმართებით, რაც მოცემული დავის ფარგლებში, მიუხედავად საბანკო გარანტიის არააქცესორული ხასიათისა, გასათვალისწინებელია გარანტიის ფარგლებში მიღებული თანხის შენარჩუნებისათვის.
54. დადგენილია ასევე, რომ ზემოხსენებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, 2021 წლის 24 ივნისს შემკვეთმა წერილობით მიმართა მენარდეს და აცნობა, რომ კომპანია მზადაა, აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის N2/5247-18 გადაწყვეტილება და მენარდეს გადაურიცხოს 772, 686.90 ლარი
55. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთი საქმეში განმარტა, საკასაციო პრეტენზია, რომ საბანკო გარანტია დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებისგან, ამდენად, მის გამოთხოვას ყოველთვის გააჩნია საფუძველი და პრინციპალს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით ბენეფიციარისგან მიღებული საბანკო გარანტიის თანხის უკან დაბრუნების უფლებამოსილება არ გააჩნია, დაუსაბუთებელია (იხ. სუსგ ას-1317-2021, 02.03.2022წ.).
56. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ N ას-562-871-09, 20.10.2009წ, რომელშიც განმარტებულია საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს). საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, ემსახურება საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდ ბრუნვას, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება (იხ. სუსგ №ას-1038-999-2016, 01.02.2017წ).
57. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საბანკო გარანტიის გადახდევინებას ბენეფიციარის მხრიდან არ გააჩნდა წინაპირობა პრინციპალის (მენარდე კომპანიის) მიერ ვალდებულების დარღვევის სახით. ვინაიდან გარანტორს, ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების პირობებში, წარმოეშვა საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულება (სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილი) და გარანტორმა საგარანტიო პირობების დაცვით (ვადა, წარდგენის ფორმა, შესაგებლის გამოყენების შეუძლებლობა) გადაიხადა საგარანტიო თანხა, ხოლო პრინციპალს წარმოეშვა რეგრესული ვალდებულება გარანტის მიმართ (სსკ-ის 890-ე მუხლი), ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც აღადგენს დარღვეულ ქონებრივ ბალანსს პრინციპალსა (მიმწოდებელი) და ბენეფიციარს (შემსყიდველი) შორის ძირითადი ვალდებულების დარღვევის გარეშე განაღდებული საბანკო გარანტიის სახით, შესრულების კონდიქციის ინსტიტუტია, სსკ-ის 385-ე, 976.1. „ა“, 991–ე მუხლების შესაბამისად (იხ. სუსგ №ას-1217-1176-2016, 10.02.2017წ).
58. საკასაციო სასამართლო სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან და სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარდგენასთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 33-39 პუნქტები).
59. სსკ-ის 128-ე და 130-ე მუხლების თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსის სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები და მათ მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადა.
60. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს შემკვეთი კომპანიის საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
61. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.გ.წ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს.გ.წ.კ–იას“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.12.2023 წლის #231226150420797 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% - 5600 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური