საქმე №ას-1426-2023 26 იანვარი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ს–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს " ს–ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინება, თბილისის საქალაქ სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინება და ამავე წლის 14 ივნისის საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ს–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი სს „ ს–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი ან კომპანია) წინააღმდეგ, დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტობრივი საფუძვლით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ 2021 წლის 27 აპრილის განჩინება, ამავე სასამართლოს მტკიცებულებათა დართვაზე, მოწმეთა გამოძახებასა და დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინება და საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით (საქმე N ას-567-2022) დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. მოსარჩელე 12.06.2017 წლიდან წერილობითი 1 წლიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე კომპანიაში იყო დასაქმებული. ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს შორის რამდენჯერმე გაგრძელდა შრომითი ხელშეკრულება. ბოლო ცვლილებით, 06.12.2019 წლიდან მოსარჩელე უვადოდ იქნა დასაქმებული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის მოსარჩელეს ეკავა კორპორატიული და საცალო სექტორის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების N6 „თრაბელშუთინგის“ ჯგუფის „თრაბელშუთერის“ პოზიცია. მოსარჩელის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 895 ლარს შეადგენდა;
5.2. მოპასუხე კომპანიის აბონენტთა ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის უფროსის 16.09.2020 წლის N1-1/2387 ბრძანებით მოსარჩელეს დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური გამოეცხადა. ბრძანების თანახმად, დისციპლინური გადაცდომა გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელე არ ჩაერთო აბონენტთან მომსახურების პროცესში და არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობა, კერძოდ 14.09.2020 წელს სამუშაოზე არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით;
5.3. მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის 16.09.2020 წლის N1-1/2416 ბრძანებით მოსარჩელესთან 17.09.2020 წლიდან ცალმხრივად შეწყდა შრომითი ხელშეკრულება იმ დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37.1-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 15.09.2020 წლიდან არასაპატიო მიზეზით სამუშაოზე გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელეს უნდა გამოეცხადოს სასტიკი საყვედური, უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან 17.09.2020 წლიდან. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს 18.09.2020 წელს ფოსტით ჩაჰბარდა;
5.4. მოსარჩელემ მოპასუხისაგან 23.09.2020 წელს ელექტრონული წერილით მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება, რაზედაც პასუხი 29.09.2020 წელს მიიღო. დასაბუთე ბის თანახმად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია სამუშაოზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა წლის განმავლობაში განმეორებით;
5.5. მოპასუხის 16.09.2020 წლის N1-1/2387 ბრძანებას დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ფინანსური სანქციები არ მოჰყოლია;
5.6. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელემ სასამართლოს 13.11.2020 წელს მიმართა.
6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და მისი თანმდევი შედეგების მიმართ ხანდაზმულია, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სსკ-ის 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხოლო სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე;
6.2. ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც კრედიტორს შეუძლია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იძულებითი წესით. ხანდაზმულობის სპეციფიკა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. ხანდაზმულობას სასამართლო საკუთარი ინიციატივით არ ამოწმებს, საჭიროა მოპასუხე უთითებდეს აღნიშნულ ფაქტზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოვალის პროცესუალური შესაგებელი მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. უფლების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება (იხ. სუსგ №ას-498-2020, 25.11.2020 წ). მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის სპეციფიკა იმაში ვლინდება, რომ იგი შედავების საფუძველთაგან პირველ რიგში უნდა შემოწმდეს, ხოლო თუ ხანდაზმულობის საკითხი დადებითად გადაწყდება, სასამართლომ აღარ უნდა განაგრძოს სასარჩელო მოთხოვნის მატერიალური საფუძვლების კვლევა, ვინაიდან ხანდაზმულობა ნამდვილ მოთხოვნასაც კი განუხორციელებელ მოთხოვნად აქცევს;
6.3. სშკ-ის 38.4-ე, 38.5-ე და 38.6-ე მუხლების (სადავო პერიოდში მოქმედი ორგანული კანონის რედაქცია) თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
6.4. კანონით გათვალისწინებული 30 დღიანი ვადის დაუცველად სარჩელის აღძვრა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს. ვადის დაცვის გარეშე სასამართლოსათვის მიმართვა ერთ-ერთი იმ არგუმენტთაგანია, რომელიც შესაგებლის ფარგლებში, დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. აღნიშნული ვადის სიმცირეს შრომის სამართლის თეორიაში თავისი დატვირთვა აქვს, კერძოდ, სადავო ფაქტები მტკიცებადი უნდა იყოს, ასევე დარღვეული უფლების აღდგენა დროის მცირე მონაკვეთში უნდა მოხდეს, რათა შემდეგ ვითარების ცვლილებამ, დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის შეუძლებლობა არ განაპირობოს. მითითებული ვადის სიმცირეს თავის დატვირთვა აქვს ასევე დამსაქმებლის უფლებრივი გადასახედიდანაც. დამსაქმებელი მუდმივად თავდაცვის რეჟიმში არ უნდა იყოს. მას საკადრო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, მისი მოლოდინი გათავისუფლებული დასაქმებულისაგან სარჩელის აღძვრის თაობაზე დროის გარკვეული პერიოდით უნდა იყოს შემოსაზღვრული. ამიტომაც მიიჩნევა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრების ვადის ლიმიტით თავის დაცვა, პირველ რიგში, დამსაქმებლის უფლება და მისი შესაგებლის ფარგლებში სამტკიცებელი გარემოებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს მოცემულობა, რომ დასაქმებულის მიერ კანონით განსაზღვრული ვადის გაშვების მიუხედავად, დამსაქმებელი გამოხატავს მზადყოფნას, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება ამტკიცოს, რა დროსაც გასაჩივრების ვადის ფარგლებით აღნიშნული მტკიცება სასამართლომ არ უნდა შეზღუდოს. ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრების ვადის დაუცველად სარჩელის აღძვრა მოპასუხის სამტკიცებელია, მითითებული გარემოება ფაქტის საკითხია, შესაბამისად, საპროცესო-სამართლებრივად ფაქტები, რომლითაც მოპასუხე, მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელი, თავს იცავს, იმთავითვე კანონით დადგენილი წესით წარდგენილ შესაგებელში უნდა მიეთითოს (საქმე №ას-1114-2022, 23.12.2022 წ.). იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე შესაგებელში სარჩელის ხანდაზმულობაზე უთითებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოსარჩელეზე და მან უნდა ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენა;
6.5. უდავოა, რომ მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება ფოსტის მეშვეობით 01.10.2020 წელს ჩაჰბარდა. მის მიერ სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილია 13.11.2020 წ., ანუ ერთთვიანი ვადის დარღვევით. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა ხანდაზმულობის ფაქტზე, შესაბამისად, მოსარჩელე შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებული იყო ემტკიცებინა სარჩელის ვადაში წარდგენის ფაქტი, რაც მას არ განუხორციელებია.
7. დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ შესაგებელში ხანდაზმულობის ფაქტის მითითების შემდეგ, სასამართლომ ისე ჩანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, რომ მოსარჩელეს არ მისცა მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების გაბათილების საშუალება. იმ პირობებში, როდესაც ცალსახაა, რომ საქმე სათანადოდ მომზადებული არ არის, პირდაპირ მთავარი სხდომის დანიშვნა წარმოადგენს პროცესუალურ დარღვევას. აპელანტს შეეზღუდა მოპასუხის კონტრარგუმენტებისთვის პასუხის გაცემისა და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, რაც გამოიხატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინებით, როდესაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების დართვისა (მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.10.2020 წ. განჩინება) და მოწმეთა დაკითხვის თაობაზე.
8. წინამდებარე სარჩელზე მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა 2020 წლის 4 დეკემბერს, სადაც სადავო გახადა სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. შესაგებლის ასლი მოპასუხემ იმავე დღეს გაუგზავნა მოსარჩელეს (ტ.1, ს.ფ. 39-92, 93). გზავნილის მიღების ფაქტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით სარჩელის განხილვის მიზნით დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2021 წლის 14 ივნისს, რის თაობაზე მოსარჩელის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2021 წლის 29 აპრილს (ტ.1, ს.ფ. 97-99). მოსარჩელის წარმომადგენელმა 2021 წლის 11 ივნისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა საქმეზე მტკიცებულებების დართვა და მოწმეთა დაკითხვა. საქმეზე დასართავ მტკიცებულებებს შორის იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული განჩინებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ დროულად მიმართა სასამართლოს და სარჩელი არ იყო ხანდაზმული (ტ.1, ს.ფ. 105-118).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა წერილობითი მტკიცებულებების დართვისა და მოწმეთა დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. უარის თქმის საფუძველი დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით: სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 13.11.2020 წ., მოპასუხემ წერილობითი შესაგებელი 04.12.2020 წ. შეიტანა, რომელიც იმავე დღეს გაეგზავნა მოსარჩელეს. საქმის მომზადების სტადია დასრულდა 27.04.2021წ., რაც მოსარჩელე მხარის მიერ შესაგებლის ჩაბარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გასული პერიოდია. მოსარჩელის შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტები დათარიღებულია 2020 წლით, ფაქტების კონსტატაციის მასალები - 2021 წლის მარტით, ხოლო სასამართლოს განჩინება სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 23 ოქტომბრით. მოსარჩელეს არ მიუთითებია საპატიო მიზეზზე, თუ რატომ ვერ უზრუნველყო შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებების დროულად წარდგენა სასამართლოში.
10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განჩინებაში ასახული მსჯელობა მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის, ასევე მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უარყოფის შესახებ და დაასკვნა, რომ არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.
11. საქმის მომზადების დასრულების შემდეგ, საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტებების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა, თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის /შემდეგში: სსსკ/ 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე დააყენებს შუამდგომლობას სასამართლო სხდომაზე.
12. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით, ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს.
13. დადგენილია, რომ მოპასუხემ შესაგებელი, რომლითაც სადავოდ ხდიდა ხანდაზმულობას, სასამართლოში წარადგინა 2020 წლის 4 დეკემბერს და ასლი იმავე დღეს გაუგზავნა მოსარჩელეს. სასამართლომ საქმეზე მთავარი სხდომა დანიშნა 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით იმავე წლის 14 ივნისს. ამდენად, საქმის მომზადების სტადია დასრულდა 2021 წლის 27 აპრილს. მითითებულ პერიოდში, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს და მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული ფაქტის (ხანდაზმულობასთან დაკავშირებით) გაბათილება არ უცდია. უფრო მეტიც, მის მიერ დამატებითი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა სასამართლოში წარდგენილია მთავარი სხდომის გამართვამდე 3 დღით ადრე 11.06.2021 წ. და მასში რაიმე საპატიო მიზეზი მტკიცებულებების მოსამზადებელ ეტაპზე წარუდგენლობის თაობაზე მითითებული არ არის. ამდენად, მხარემ დაარღვია საპროცესო კოდექსით დადგენილი სავალდებულო პროცედურები, რასაც შედეგად მოჰყვა მისთვის საზიანო შედეგი მტკიცების კუთხით. გასაჩივრებული განჩინებით მართებულად ეთქვა უარი მოსარჩელეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე, ასევე დასაბუთებულია უარი მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ.
14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმები, როდესაც საქმეზე პირდაპირ მთავარი სხდომა დანიშნა.
15. სსსკ-ის 205-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. ამდენად, გარკვეული წინაპირობების არსებობისას, მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა სასამართლოს უფლებაა და არა მოვალეობა, რაც უშუალოდ საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. სამოქალაქო სამართალწარმოების მთავარი პრინციპია, რომ ფაქტები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები, მხარეებმა სასამართლოს წარუდგინონ მთავარ სხდომამდე. ეს ემსახურება, ერთი მხრივ, საქმის მომზადებას, ხოლო მეორე მხრივ, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მოპასუხისათვის შესაგებლის გაგზავნიდან თითქმის 5 თვის შემდეგ დანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, რაც მიჩნეული ვერ იქნება კანონშეუსაბამოდ. მოსარჩელეს საკმარისი და გონივრული დრო ჰქონდა შესაგებელში მითითებული გარემოებებისაგან თავდასაცავად წარედგინა მტკიცებულებები და მოეთხოვა მოწმეთა დაკითხვა, რაც მას არ განუხორციელებია. აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა მტკიცებულება, რომლის საქმეზე დართვასაც მოსარჩელე შუამდგომლობდა, შექმნილია სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნამდე.
16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა, რომ მოპასუხემ მიუთითა და დაასაბუთა შესაგებელში სარჩელის ხანდაზმულობა, რის შემდეგაც იმის მტკიცების ტვირთი, რომ სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის დაცვით,უკვე მოსარჩელეზე გადავიდა, რასაც ამ უკანასკნელმა ვერ გაართვა თავი. კერძოდ, მან არ წარმოადგინა კანონით დადგენილ ვადაში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად საქმის განხილვის მომზადების ეტაპზე მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოპასუხის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობაზე.
17. ვინაიდან დადგენილია სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობა, სააპელაციო სასამართლო აღარ იკვლევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის და მისი თანმდევი შედეგების კანონიერების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ საფუძვლებს.
18. იმ პირობებში, როდესაც გასულია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გასაჩივრების ვადა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა დისციპლინური სახდელის დადების შესახებ მოპასუხის 16.09.2020 წ. ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არ არსებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მითითებულ ბრძანებას მოსარჩელის მიმართ რაიმე ფინანსური სანქცია არ მოჰყოლია.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
19.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოში დაბრუნება მოსამზადებელ ეტაპზე. კასატორმა ასევე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება, მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ იმავე სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინებისა და წერილობითი მტკიცებულებების დართვაზე, მოწმეთა გამოძახებასა და დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ იმავე სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება.
19.2. დასაქმებული მოცემული საქმის დიდი პალატისათვისათვის გადაცემას შუამდგომლობს, რადგან მიაჩნია, რომ საკითხი უმნიშვნელოვანესია სასამართლო პრაქტიკისათვის და იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს.
19.3. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ პირველად სასამართლოს მიმართა 2020 წლის 19 ოქტომბერს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ეთქვა უარი სარჩელის მიღებაზე. მოსარჩელემ განმეორებით შეიტანა სარჩელი სასამართლოში 2020 წლის 13 ნოემბერს და საქმე განსახილველად დაეწერა იმავე მოსამართლეს.
19.4. მოპასუხემ ხანდაზმულობის ფაქტზე მიუთითა შესაგებელში, ხოლო სასამართლომ ისე, რომ მოსარჩელეს პასუხი არ ჰქონდა გაცემული ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, დანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. საქმეში არსებობს საქმის განაწილების ფურცელი, რომელიც მიუთითებს სარჩელის განმეორებით წარდგენის თაობაზე, ხოლო სასამართლომ ისე დანიშნა მთავარი სხდომა, რომ მოსარჩელეს მოუსპო საშუალება, ეპასუხა ხანდაზმულობის ფაქტზე. საქმის მომზადება არ იყო ამოწურული და მოსარჩელეს გონივრულად ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო მისცემდა მას შესაძლებლობას პასუხი გაეცა მოპასუხის მიერ მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ მთავარი სხდომის დანიშვნით მოსარჩელეს მოუსპო მოპასუხის მიერ მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოების გაბათილების საშუალება.
19.5. კასატორმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ მის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით პასუხი გაეცა მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებულ მთავარ ფაქტობრივ გარემოებაზე, რამაც დავის საბოლოო შედეგი განაპირობა.
19.6. კასატორის განმარტებით სარჩელი არ არის ხანდაზმული, რადგან იგი ვადაში იქნა შეტანილი, თუმცა თავდაპირველად სასამართლოს მიერ არ იქნა წარმოებაში მიღებული და დასაქმებულმა მეორედ მიმართა სასამართლოს იმავე სასარჩელო მოთხოვნით, იმავე მხარის წინააღმდეგ და იმავე საფუძვლით.
19.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის ძირითადი პრეტენზია პროცესუალურსამართლებრივ საკითხს ეხება, რომლის თანახმად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უხეშად დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა განსახილველი შრომითი დავის არსებითად განსახილველად მომზადებულად ჩათვლისა და მთავარი სხდომის დანიშვნის გზით, რითაც, კასატორის პრეტენზიით, შეილახა მისი უფლება, ეპასუხა მოპასუხის მიერ წერილობით შესაგებელში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს განსჯით, კასატორის პრეტენზია ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არის გაზიარებული საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების კასატორისეული არგუმენტები, ისევე როგორც დაუსაბუთებელია მოსარჩელის შუამდგომლობა წინამდებარე საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ. სსსკ-ის 391-ე პრიმა მუხლის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას), ამასთან, საკასაციო სასამართლოს საქმის განმხილველი კოლეგიური შემადგენლობის პრეროგატივაა გადაწყვეტილების მიღება საქმის დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე ერთ-ერთი ზემოხსენებული პროცესუალურსამართლებრივი წინაპირობის არსებობის დროს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გამოვლენილა (იხ. სუსგ-ები: N ას-543-518-2016, 23.12.2016წ; N ას-232-220-2017, 16.06.2017წ; N ას-907-2018, 27.11.2020წ; N ას-351-2022. 29.09.2022წ.;შესაბამისად წინამდებარე განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღარ მიეთითება მხარის აღნიშნული შუამდგომლობის გაუზიარებლობის თაობაზე განცალკევებული სახით მიღებული გადაწყვეტილება).
23. კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას უკავშირდება, რაც სასამართლოს მიერ საქმის მომზადებულად მიჩნევასა და განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომის თარიღის განსაზღვრაში გამოიხატება, საკასაციო სასამართლო განმარტავს: „საპროცესო კოდექსის ის თავი, რომელიც საქმის მომზადების სტადიას ეხება, ითვალისწინებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესაძლებლობასაც (205-ე მუხლი), მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს მოსამზადებელი სხდომა საქმის მომზადების სტადიის სავალდებულო ელემენტია და მისი დანიშვნა ყოველთვის აუცილებელია, არამედ მისი დანიშვნა სსსკ-ის 205-ე მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, მოსამართლის მიხედულებაზეა დამოკიდებული“ (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი“; მეორე გამოშვება, შვსებული და გადამუშავებული; რედაქტორი; პროფესორი რომან შენგელია გამომცემლობა „მერიდიანი“; 2015; გვ. 415). საპროცესო კანონმდებლობა მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისაგან საქმის მომზადების მიზანს (სსსკ-ის მე-200 მუხლი); მოპასუხის პასუხს /შესაგებელს/ (სსსკ-ის 201-ე მუხლი); მოქმედებას, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით (სსსკ-ის 203-ე მუხლი) და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას (სსსკ-ის 205-ე მუხლი). „საქმის მომზადება შეიძლება დაიწყოს სარჩელის (განცხადების) წარმოებაში მიღების შემდეგ (სსსკ-ის 183-ე მუხლი) დაუყოვნებლივ... მომზადების ეტაპზე სასამართლომ საბოლოოდ უნდა დააზუსტოს და განსაზღვროს გარემოებები, რომლებზეც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს (მტკიცების საგანი), მტკიცებულებები, რომელთა საშუალებით მხარეებს სურთ ამ გარემოებების დამტკიცება (დადასტურება), მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (კანონი), რომლის გამოყენებითაც უნდა მოხდეს დადასტურებული გარემოებების იურიდიული შეფასება (კვალიფიკაცია) და ბოლოს, ამ საქმეზე გადაწყვეტილების წინასწარი (არასაბოლოო) პროექტი“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი“; მეორე გადამუშავებული და შესწორებული გამოცემა; გამომცემლობა „სამართალი“, 2007წ; გვ. 358-359). სსსკ-ის 205-ე მუხლით დადგენილი საპროცესო მოწესრიგება მოსამზადებელი სხდომის დანიშვის შესახებ „... არაა საქმის მოზადების სტადიის სავალდებულო და აუცილებელი ელემენტი.“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი“; მეორე გადამუშავებული და შესწორებული გამოცემა; გამომცემლობა „სამართალი“, 2007წ; გვ. 369)
24. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სარჩელის პასუხად მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოში წარადგინა 2020 წლის 4 დეკემბერს, რომლითაც სადავოდ გახადა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა, ხოლო შესაგებლის ასლი იმავე დღეს გაუგზავნა მოსარჩელეს. სასამართლომ საქმეზე მთავარი სხდომა 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით დანიშნა იმავე წლის 14 ივნისს. ამდენად, საქმის მომზადების სტადია დასრულდა 2021 წლის 27 აპრილს სასამართლოს მიერ მთავარი სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ განჩინების გამოტანით. მითითებულ პერიოდში, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს და მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული ფაქტის (ხანდაზმულობასთან დაკავშირებით) გაბათილება არ უცდია. უფრო მეტიც, მის მიერ დამატებითი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა სასამართლოში წარდგენილია მთავარი სხდომის გამართვამდე 3 დღით ადრე 11.06.2021 წ. და მასში რაიმე საპატიო მიზეზი მტკიცებულებების მოსამზადებელ ეტაპზე წარუდგენლობის თაობაზე მითითებული არ არის.
25. კასატორის პრეტენზია იმას ეხება, რომ შრომით დავაზე სარჩელი თავდაპირველად აღძრული იქნა 2020 წლის 19 ოქტომბერს, თუმცა მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ეთქვა უარი სარჩელის მიღებაზე; შემდეგ კი მოსარჩელემ განმეორებით შეიტანა სარჩელი სასამართლოში 2020 წლის 13 ნოემბერს და საქმე განსახილველად დაეწერა იმავე მოსამართლეს, რომელმაც მასზე საქმის საგამონაკლისო წესით განაწილების მიხედვით იცოდა, რომ სარჩელი ხანდაზმული არ იყო, შესაბამისად, მოსამზადებელი სხდომის ნაცვლად პირდაპირ მთავარი სხდომის დანიშვნით მოსამართლემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის არგუმენტები არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან, რის გამოც უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა. „მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობები განმტკიცებულია საკანონმდებლო დანაწესით, რაც მოსარჩელის შემთხვევაში სსსკ-ის 177-ე და 178-ე მუხლებით განსაზღვრულ, ხოლო 201-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხისადმი წაყენებულ მოთხოვნებში გამოიხატება. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მოსარჩელე განსაზღვრავს, თუ ვის წინააღმდეგ აღძრა სასარჩელო მოთხოვნა, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი მტკიცებულებების მიხედვით, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, მოპასუხეს წარმოეშვება ვალდებულება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დოკუმენტი წარუდგინოს სასამართლოს. საპროცესო კანონის ამგვარი მოწესრიგება იმას ემსახურება, რომ საქმის მომზადება არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ამასთან, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ სსსკ-ის 203-ე მუხლით დადგენილი მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით, უკავშირდება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მომზადებას და საამისოდ კანონი სანიმუშო ჩამონათვალს ადგენს (სსსკ-ის 203.1-ემუხლი), რომელთა გარდა, მოსამართლეს სხვა მოქმედებების შესრულებაც შეუძლია, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებას (სსსკ-ის 203.2-ე მუხლი). რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, ეს მხარეთა მისათითებელი მტკიცების ტვირთი ფარგლებში თავსდება და არა სასამართლოს ინიციატივაში, მოპასუხის მიერ შედავებულ ფაქტობრივ გარემოებას „გამოესარჩლოს“ მოსარჩელის ნაცვლად და „გააბათილოს“.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ „შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტები 200-201).
27. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: მოთხოვნის განხორციელებადობა (ხანდაზმულობა), მოთხოვნის წარმოშობისა და მისი გამომრიცხავი გარემოებების შემოწმების შემდეგ უნდა იქნეს განხილული. შესაბამისად, თუ მოთხოვნა არ წარმოშობილა, ან შემდგომში შეწყდა, სწორედ ამ საფუძვლით, და არა ხანდაზმულობით, უნდა იქნეს უარყოფილი სარჩელი (იხ. სუსგ-ები: N ას-197-187-2016, 12.07.2016წ; N ას-579-554-2016, 28.12.2016წ; N ას-1063-1023-2016, 17.02.2017წ.). განსახილველ შემთხვევაში, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის განხორციელებადობის სამართლებრივი შეფასებაა მნიშვნელოვანი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი შეფასება და, შესაბამისად, მოპასუხემ, რომელმაც მიუთითა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელ ფაქტობრივ გარემოებაზე, ამით სადავო გახადა სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობა. ამ ფაქტზე მითითების შემდეგ, სასამართლო ვალდებულია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებები.
28. მოცემულ საქმეზე მოპასუხის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა დაბრუნების თაობაზე მიღებულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „განსახილველი საკითხის სწორად შესაფასებლად კიდევ ერთი გარემოებაა საყურადღებო, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს სამი ადვოკატი წარმოადგენდა, რაც მათ მიერ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების, ასევე სასამართლოს მხრიდან შრომითი დავების შემჭიდროებულ ვადებში განხილვის ვალდებულების ცოდნის პრეზუმფციის დაშვებას განაპირობებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მ.ს–ის ადვოკატების წარმოდგენილ მტკიცებულებათა თარიღს, რომელთა ანალიზით აშკარაა, რომ ყველა მტკიცებულება 2021 წლის 27 აპრილამდეა შექმნილი (მთავარი სხდომის დანიშვნის თარიღი). მოსარჩელის წარმომადგენლებს არ მიუთითებიათ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები მათთან არ იმყოფებოდა და წარმოიშვა მათი სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვის აუცილებლობა რაც დოკუმენტების დაგვიანებით წარმოდგენას დაასაბუთებდა. შესაბამისად, ეს გარემოებები დამატებით ამყარებს პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მხარეს ერთმნიშვნელოვნად შეეძლო სასურველი წერილობითი მტკიცებულებების საქმის მომზადების სტადიაზე წარმოდგენა და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნების შესახებ სამართლებრივად დაუსაბუთებელია“ (იხ. სუსგ N ას-567-2022, 6.10.2022წ; პუნქტი13). კასატორის საყურადღებოდ საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირის უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი გარანტიების სახით ყურადღებას ამახვილებს პირადად დაქირავებული ადვოკატის მიერ მხარის წარმომადგენლობაზე (Butler v. the United Kingdom), რაც წინამდებარე საქმეზე დაცულია, შესაბამისად, კასატორის არგუმენტის გაზიარება, რომ სასამართლომ დაარღვია მხარის საპროცესო უფლება, შესაგებელში მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ დაეცვა თავი, დაუშვებელია და მხარეთა კანონის წინაშე თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს დაარღვევს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ არეგულირებს საქმეთა ელექტრონულ განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ წესის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ შემთხვევითი განაწილების პრინციპი არ ვრცელდება და სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები ნაწილდება განჩინების/გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლეებზე: „სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სარჩელის განმეორებით წარდგენისას“. დასახელებული წესის მიზანია საქმეთა განაწილების ადმინისტრირება საერთო სასამართლოებში. შესაბამისად, კასატორის მტკიცება, რომ საქმის განმხილველმა მოსამართლემ „თვითონ კარგად იცოდა“, რომ განმეორებით, ანუ ვადის დაცვით წარადგინა მხარემ სარჩელი, სამართლებრივად დაუსაბუთებელი მტკიცებაა იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არის დადგენილი მოცემულ საქმეზე და იმ სამართლებრივი მოტივაციით, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად არის მიჩნეული არსებითად განსახილველად.
29. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტავს: იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში შრომითი დავიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი იხილება, პირველ რიგში, მოსარჩელეა ვალდებული, სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენა დაამტკიცოს, ხოლო მოპასუხე შეედავება თუ არ ამ ფაქტს, მისი გადასაწყვეტია, ცხადია, რომ შეუდავებლობის შემთხვევაში მისთვის უარყოფითი შედეგი დადგება, რადგან მხარეები მთავარ სხდომაზე კარგავენ ისეთი საპროცესო ქმედებების შესრულების უფლებას, რომელიც მათ საქმის მომზადების მიზნით უნდა შეასრულონ, თუმცა, არ გაუკეთებიათ ეს არასაპატიო მიზეზით (სსსკ-ის 206-ე მუხლი). დასახელებული ნორმა, რომელიც მხარეთა ვალდებულებას გულისხმობს, საქმის მომზადების მიზნით შეასრულონ მოსამართლის მითითებები, ნიშნავს მხარეთა მიერ წერილობითი მტკიცების სტადიაზე, ანუ სარჩელისა და მის პასუხად წარდგენილი შესაგებლის საფუძველზე, უკვე მითითებული, შედავებული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ დამატებითი მოქმედებების განხორციელებას სსსკ-ის 203-ე მუხლის შესაბამისად და ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლოს ევალება რაიმე სახით „დაეხმაროს“, „ყურადღება მიაქცევინოს“ ერთ მხარეს მეორე მხარის მიერ მითითებულ არგუმენტზე, თუ მტკიცებულებაზე. სსსკ-ის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას საქმის არსებითი განხილვისათვის, რაც იმის მაუწყებელია, რომ როდესაც წერილობითი შეჯიბრის (სარჩელი და მის პასუხად შესაგებელი წარდგენილია) ეტაპი დასრულდება „....სასამართლოს არა მარტო არ შეუძლია, არამედ უფლებაც არ აქვს დაელოდოს, თუ როდის ინებებს მხარე შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება. ამიტომ მას გამოაქვს განჩინება საქმის მომზადების დასრულებისა და ამ საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დანიშვნის შესახებ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განხილვის დანიშვნის შესახებ განჩინებით მთავრდება მომზადების ეტაპი (წერილობითი შეჯიბრება) და იწყება ახალი ეტაპი - საქმის მთავარ სხდომაზე ზეპირი განხილვის (ზეპირი შეჯიბრების) ეტაპი (210-ე მუხლი)“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი“; მეორე გადამუშავებული და შესწორებული გამოცემა; გამომცემლობა „სამართალი“, 2007წ; გვ. 372).
30. სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს, რითაც განაპირობებს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შეადრ. სუსგ-ებს: N ას-547-515-2012, 11.06.2012წ; N ას-148-2023, 17.07.2023წ; N ას-474-2023, 7.06.2023წ; N ას-327-2020, 18.07.2023წ; N ას-1136-2023, 16.11.2023წ; N ას-1123-2023, 27.12.2023წ; N ას-1599-2023, 26.01.2024წ.). ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება რაიმე დროით შეზღუდული არ არის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა, მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრა, რაც მოვალის მიერ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითების შემთხვევაში სასამართლოს გამოსაკვლევი და დასადგენია. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სასამართლომ საკუთარი ინიციატივით უნდა მიუთითოს ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც მოპასუხის კუთვნილი შესაგებლის შედავებას და მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის განუხორციელებლობის საწინააღმდეგო მტკიცებულების მოსარჩელის მხრიდან წარდგენის ვალდებულებას ეხება.
31. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: N ას-97-2023, 16.03.2023წ; N ას-1032-2022, 6.10.2022წ; N ას-495-2021, 29.09.2022წ; N ას-481-2020, 10.12.2020წ; N ას-1937-2018, 15.03.2019წ; N ას-1033-2018, 30.10.2018წ; N ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). ფაქტები, რომლებიც შესაგებლით შედავებული არ ყოფილა, გამოკვლეული და შეფასებული ვერ იქნება. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ; N ას-1032-2022, 6.10.2022წ.). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ეფექტურად განკარგა თავისი საპროცესო უფლება და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა, რომლის საპირპისპიროდ თითქმის ხუთი თვის მანძილზე მოსარჩელეს შედავება არ განუხორციელებია, ხოლო საქმის მომზადების დასრულების შემდეგ მოპასუხის შესაგებლის გამომრიცხველი გარემოებების შესახებ წარდგენილი შუამდგომლობები, მათი არასაპატიოობის გამო, მართებულად არ იქნა გაზიარებული ქვემდგომი სასამართლოების მიერ საპროცესო კანონმდებლობის მოწესრგების საფუძველზე, რის გამოც სარჩელი დასაბუთებულად იქნა ხანდაზმულად მიჩნეული. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესოსამართლებრივი საფუძველი, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად არის მიჩნეული.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.ს–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.კ–ას (პ/ნ ........) მიერ 08.08.2023 წელს #6715 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური