26 იანვარი, 2024 წელი,
საქმე №ას- 1483-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ე. თ. ე.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „G.D. ი.გ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ნაგებობის დემონტაჟი
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ე.თ. ე.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებას მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრი სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შპს „G.D. ი.გ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ-ით #....., განთავსებული მოპასუხის კუთვნილი სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და 24 კვ.მ ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელე სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფუძნებული საწარმოა, რომელიც სარგებლოს სახელმწიფო ქონებით, მაგრამ ქონების განკარგვის/გასხვისების უფლება არ აქვს, შესაბამისად, ვერც მითითებულ მიწის ნაკვეთს შეიძენდა სახელმწიფოსგან; სახელმწიფომ თავისი ქონება, ისე რომ იგი არ გასულა მისი საკუთრებიდან, თავისივე საწარმოს კაპიტალში შეიტანა, რომლის განკარგვის უფლებაც მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია.
ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო არ დაინტერესდა თუ რატომ გადასცა სახელმწიფომ ქონება თუ მის ფარგლებში განთავსებული ნივთის გადატანაზე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება.
მართალია ნივთის გადატანის შესახებ დადგენილებები ითვალისწინებდა ელ. ქვესადგურის გადატანას, თუმცა იგი ეხებოდა სამომავლოდ განსახორციელებელ ქმედებას, ისიც იმ შემთხვერვაში, თუ დაკმაყოფილდებოდა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული მთელი რიგი პირობები. სხვა შემთხვევაში მის გადატანაზე მით უფრო დემონტაჟზე, საუბარი არ ყოფილა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. დუშეთის რაიონში, სოფელ ....... მდებარე მხარეების კუთვნილი მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობს, კერძოდ;
4.3.1. დუშეთის რაიონში, სოფელ ....... მდებარე 1524 კვ.მ მიწის ნაკვეთი, (ს/კ-ით #.....), 2013 წლის 13 დეკემბრიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზების შედეგად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის საკუთრებაა.
4.3.2. დუშეთის რაიონში, სოფელ ....... მდებარე 297 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი, (ს/კ-ით #.....) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე მოპასუხის საკუთრებაა.
4.4. 200 კვ.მ სატრანსფორმატორო შენობა, მოპასუხის საკუთრებაა, რომლის ნაწილი - 24 კვ.მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ნაგებობა) მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული.
4.5. 2011 წლის მონაცემებით, #....... ს/კ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში ირიცხებოდა, რომელზეც სადავო ნაგებობა - „შენობა-ნაგებობა #1“ უკვე არსებობდა.
4.6. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2014 წლის 13 მაისის ბრძანებით, დამტკიცდა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საამშენებლოდ გამოყენენის პირობები, იმავე წლის 26 ივნისის ბრძანებით კი, მოსარჩელეს სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მიეცა.
4.7. მოპასუხის მიერ #..... ს/კ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეძენამდე, სახელმწიფოს/მესაკუთრეს სადავო ნაგებობის გადატანის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, კერძოდ;
4.7.1. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის #333 დადგენილებით, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა.
4.7.2. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 დეკემბრის #574 დადგენილებით კი, ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ დადგენილებაში და პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი თანდართული რედაქციით ჩამოყალიბდა. განაშენიანების (რეგულირების) დაზუსტებულ გეგმაში აღნიშნულია შემდეგი:
„მოქმედი განაშენიანების რეგულირების გეგმის (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის N587 დადგენილება „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“) მიხედვით, დაგეგმილი ელ. ქვესადგურის მონაცვლეობის ღონისძიება დარჩეს უცვლელი, რაც ემსახურება გეგმარებითი ერთეულის განაშენიანების მოწესრიგების ამოცანას. აღნიშნული განხორციელდეს გრგ სამოქმედო ფარგლებს გარეთ, თუმცა მომიჯნავედ“;
„რაც შეეხება გრგ დაგეგმილი ელ. ქვესადგურის გადატანის ღონისძიებას - აღნიშნული წარმოადგენს განაშენიანების მოწესრიგების და შეუსაბამობის აღმოფხვრის სტიმულირების აუცილებელ წინაპირობას, რამდენადაც ელ. ქვესადგური ამჟამად იკავებს გეგმარებითი ერთეულის განაშენიანების ცენტრალურ ადგილს და ამავდროულად წარმოადგენს არაძირითად, დამხმარე ინფრასტრუქტურას“ ;
„მასტიმულირებელ გადაწყვეტად დაგეგმილია შემდეგი: N47.321 ნაკვეთზე განთავსებული ელ. ქვესადგურის გადატანა გეგმარებითი ერთეულის გარეთ, უშუალო სიახლოვეს, უფლებამოსილი ორგანოს მიერ შერჩეულ მიწის ნაკვეთზე“.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ნაგებობის დემონტაჟის შესახებ აღძრული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, (შემდეგში სსკ-ის), 170-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას; უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია) და 172.2. (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლებიდან გამომდინარეობდა.
6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სადაც სადავო ნაგებობაა განთავსებული. რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
ამასთან, დადასტურებულია, რომ მოპასუხის მიერ #...... ს/კ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეძენამდე, სახელმწიფოს/მესაკუთრეს სადავო ნაგებობის გადატანის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე ჰქონდა მიღებული.
ამდენად, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სადავო ნაგებობის განთავსების მართლზომიერება.
7. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც სადავო ნაგებობაა აღმართული, მოსარჩელის საკუთრებაა, იგი ქონებით შეუზღუდავად სარგებლობაში ხელს უშლის მოსარჩელეს და მას, როგორც მესაკუთრეს, აყენებს ზიანს.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, ამიტომ საკასაციო პალატა უფლებამოსილია უპასუხოს კასატორის მხოლოდ ძირითად არგუმენტებს (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
10. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #1700486605, გადახდის თარიღი 20.11.2023წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე.თ.ე–ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ემ თი ეის“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #1700486605, გადახდის თარიღი 20.11.2023წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე