საქმე №ას-13-2024 22 იანვარი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.კ–ი, ვ.ა–ი (მოპასუხეები)
თავდაპირველი მოპასუხეები - შპს „ჩ–ი“, შპს „P.“, პ.გ–ი, ლ.ჭ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2023 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.06.2023 წლის გადაწყვეტილებით:
1) სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“ ) სარჩელი შპს „ჩ–ის“, შპს „P“-ს, ვ.ა–ის, პ.გ–ის, ლ.ჭ–ისა და თ.კ–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული როგორც „მოპასუხეები“) მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2) მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 90 529.29 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 80 793.64 აშშ დოლარი, პროცენტი - 9 735.65 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად;
3) შპს „ჩ–ს“, შპს „P“-ს, პ.გ–ს, ლ.ჭ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ჯარიმა - 416.06 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად;
4) მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 5 000 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარის გადახდა;
5) მოსარჩელის სარჩელი ვ.ა–ის, თ.კ–ის მიმართ ჯარიმის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
6) გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული როგორც გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 5.2, ასევე, სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებების 11.2 მუხლებით მხარეები შეთანხმდნენ პირობაზე, რომ: დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 268-ე მუხლის 11 ნაწილით (ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით) და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ იყო კანონიერი და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. თ.კ–მა და ვ.ა–მა (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული როგორც „აპელანტები“) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.06.2023 წლის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო საჩივრით, ხოლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ წარადგინეს კერძო საჩივარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.10.2023 წლის განჩინებით აპელანტების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.06.2023 წლის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. სსსკ-ის 268-ე მუხლი აწესრიგებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ჩამოთვლის იმ საქმეებს, რომლებიც სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით, მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული საკანონმდებლო დანაწესი სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის საფუძველზე უპირობოდ განამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე მიღებული გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 11.04.2023 წლის 01.10.2023 წლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებები და სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს, ამავე კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, არაკონსტიტუციურად არ მიუჩნევია, ზოგადად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების ინსტიტუტის არსებობა იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება კონსტიტუციური სტანდარტები და საკონსტიტუციო სასამართლომ კანონმდებელს განუსაზღვრა გონივრული ვადა სასამართლო გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად და სადავო საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად, თუმცა გადაწყვეტილებაში ასევე ხაზგასმითაა მითითებული, რომ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მექანიზმი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სწორედ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენება ხდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული მოთხოვნების გარეშე.
4.2. კანონმდებელი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს განამტკიცებს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. მხარეთა შორის დავის გადაწყვეტისას, სასამართლოსთვის სავალდებულოა მათ შორის დადებული ხელშეკრულების პირობები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულების რომელიმე პირობა ბათილია იმის გამო, რომ ეწინააღმდეგება კანონს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი).
4.3. სააპელაციო პალატამ, საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.06.2023 წლის გადაწყვეტილების მიღებისას სადავო ნორმა უკვე არაკონსტიტუციურად იყო ცნობილი, იგი ძალადაკარგულია 01.10.2023 წლიდან. გადაწყვეტილების მიღების დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს უკვე ჰქონდა ინფორმაცია ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობის, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური ფაქტობრივი მოცემულობისა და სსსკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის (სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს) გათვალისწინებით მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორების (აპელანტების) პრეტენზია იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას ის საპროცესო ნორმა, რომელიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, ძალადაკარგულადაა ცნობილი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელემ, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.10.2023 წლის განჩინებაზე დამატებითი განჩინების მიღება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. მოსარჩელის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში გამორჩენილი აქვს მითითება, რომ საქმეს დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში განსახილველად აბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2023 წლის განჩინებით დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ განჩინებაში გამორჩენილია საკითხი პირველ ინსტანციაში საქმის ხელახლა დაბრუნების თაობაზე. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ზემდგომ ინსტანციაში. პალატამ საკითხი განიხილა მხოლოდ კერძო საჩივრის ფარგლებში (დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში) და არ არსებობდა მისი ხელახლა განსახილველად დაბრუნების არცერთი პროცესუალური საფუძველი. სსსკ-ის 385-ე მუხლის მეორე ნაწილი სააპელაციო პალატას აძლევს უფლებამოსილებას, საქმე არა მხოლოდ დააბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოში, არამედ სადავო საკითხთან მიმართებით თვითონვე მიიღოს გადაწყვეტილება. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი საფუძველი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2023 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.
10. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.10.2023 წლის განჩინებით აპელანტების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.06.2023 წლის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი (ტ. 4, ს.ფ. 313-318).
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2023 წლის განჩინებით ამავე სასამართლოს 25.10.2023 წლის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების/განჩინების მიღების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა განჩინების საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანის გზით გასაჩივრების უფლება (ტ. 4, ს.ფ. 382-387).
12. დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2023 წლის განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა კერძო საჩივარი.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
14. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
15. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება (შდრ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ; №ას-1587-2019, 04.11.2019წ; №ას-478-2020, 03.07.2020წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ; შდრ. ასევე სუსგ №ას-1007-2018, 23.07.2018წ; № ას-134-2021, 22.02.2021წ; №ას-12-2022, 17.01.2022წ.).
16. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარი შეეხება იმ განჩინების კანონიერებას, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში მიღებულ განჩინებაზე ე.წ. დამატებითი განჩინების გამოტანის შუამდგომლობა (შუამდგომლობის/კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარზე მიღებული განჩინება არასრულია). შესაბამისად, აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმება საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე ყოველგვარი წარმოება სრულდება სააპელაციო ინსტანციაში და კერძო საჩივარზე წარმოების ფარგლებში მიღებული მეორე ინსტანციის განჩინებები, მაგალითად, იქნება ეს დამატებითი განჩინების გამოტანაზე უარისა თუ კერძო საჩივარზე მიღებულ განჩინებაში უსწორობის გასწორების განჩინება, დამატებით კერძო საჩივრით საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ საჩივრდება.
დაუშვებელია ამ გზით რაიმე ცვლილება/დამატება იქნეს შეტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს (ანუ ზემდგომი სასამართლოს) განჩინებაში.
17. ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ შეცვლის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მისი გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითება (შდრ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ.).
18. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა/არმიქცევის საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის კანონიერებაზე კერძო საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ემსახურება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი კერძო საჩივარი.
19. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ.). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
20. სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 399-ე მუხლების საფუძველზე, რადგან კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კერძო საჩივრის ავტორს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ბ–ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2023 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. სს „ს.ბ–ს“ (ს/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი (საგადახდო დავალება №19421, გადახდის თარიღი 14.12.2023წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე