საქმე №ას-1323-2023 07 თებერვალი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ე.ბ–ი, მ.მ–ი (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.მ–ი (მოპასუხე)
მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, კახეთის რეგიონული ცენტრი; მ.მ–ი; დ.მ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, არასრულწლოვანი შვილების ნახვის დღეებისა და ურთიერთობის წესის განსაზღვრა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ე.ბ–ისა (შემდეგში მოსარჩელე, ბავშვების დედა, დედა, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) და მ.მ–ის (შემდეგში მოსარჩელე, მოსარჩელის დედა, ბავშვების ბებია, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება ბავშვების დედის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დედის სარჩელი დ.მ–ის (შემდგომში მოპასუხე ან მამა) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: არასრულწლოვნების დედას მიეცა უფლება, საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, ურთიერთობა ჰქონდეს შვილებთან, მ.მ–თან და დ.მ–თან (შემდეგში არასრულწლოვნები ან ბავშვები) საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით შეუზღუდავად, ოღონდ ბავშვების დღის რეჟიმის გათვალისწინებით და მათი სურვილის შესაბამისად, ხოლო ბავშვების მამას დაევალა შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამართულობისა და ინტერნეტთან მათი წვდომის უზრუნველყოფა; დანარჩენ ნაწილში ბავშვების დედის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ბავშვების ბებიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ხოლო არასრულწლოვნის, დ.მ–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დედის სარჩელზე დაწყებული საქმის წარმოება შეწყდა და განემარტათ მხარეებს, რომ დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
2. კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არღვევს მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პირობებს, რომლის მიხედვით, საზღვარგარეთ არსებული სამედიცინო დაწესებულებიდან დ.მ–ის სამკურნალოდ მიწვევის და სამკურნალო დაწესებულებიდან დაფინანსებისა და მკურნალობის კურსის დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, დედას უფლება ჰქონდა არასრულწლოვანი წაეყვანა საზღვარგარეთ, ხოლო მამა ვალდებული იყო გაეცა თანხმობა მის წაყვანაზე. მიუხედავად იმისა, რომ დედამ არაერთხელ წარმოადგინა გერმანიის სხვადასხვა კლინიკიდან შესაბამისი დოკუმენტი ბავშვის სამომავლო მკურნალობასთან დაკავშირებით, მამამ იგი არ გაუშვა საქართველოდან, რაც გახდა კიდეც წინამდებარე სარჩელის აღძვრის წინაპირობა. ბავშვის მამა ყოველ ჯერზე ქმნის ბარიერებს, რომ არ აღასრულოს მორიგების აქტი, რაც საბოლოოდ, აზიანებს არასრულწლოვნის ინტერესებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად მშობლების სხვადასხვა ადგილას ცხოვრებისა, ბავშვებს მჭიდრო ფსიქო-ემოციური კავშირი აქვთ დედასთან და დიდი სიყვარულიც აკავშირებთ მასთან. ეს დასტურდება იმითაც, რომ როცა მოსარჩელე მხოლოდ დ–ეს გერმანიაში სამკურნალოდ წაყვანის თანხმობას ითხოვდა, მ–მა თავად გამოხატა სურვილი წასულიყო დედასთან.
3. კასატორები ითხოვენ მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის, დ.მ–ის მიმართ, მხოლოდ ბავშვის სამკურნალოდ წაყვანის, ექიმთან ვიზიტებისა და კვლევების ჩატარების მიზნით, საზღვარგარეთ გაყვანის თანხმობის, საზღვრის კვეთის, პასპორტისა და ვიზის მიღების, ასევე დაზღვევისა და განათლების მიღების ნაწილში; ბავშვების დედას მიეცეს შვილებთან ურთიერთობის უფლება შემდეგი პირობებით: საქართველოში ყოფის პერიოდში, მამის თანხლების გარეშე წაყვანის უფლებით ყოველი თვის პირველი ორი კვირა ხუთშაბათს სკოლის დასრულებისთანავე, ორაშაბათს სკოლაში დაბრუნების უფლებით, ხოლო ყოველი თვის ბოლო ორი კვირა - ორშაბათს სკოლის შემდეგ წაყვანით, ხუთშაბათს სკოლაში დაბრუნების უფლებით. ამასთან, ზამთრის არდადეგებზე - 1 კვირა, კერძოდ, არდადეგების მეორე ნახევარი (7 დღე), ზაფხულის არდადეგებზე 1 თვე, კერძოდ, 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, აგრეთვე მარტისა და ოქტომბრის თვეები სრულად; დედის საქართველოში არყოფნის პერიოდში ბავშვების ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობა განესაზღვროს შემდეგი პირობებით: თვეში ოთხი პარასკევი, შაბათი, კვირიდან სამი, კერძოდ, პირველი, მესამე და მეოთხე პარასკევი/შაბათი/კვირა პარასკევს სკოლის დასრულებიდან კვირას 20:00 საათამდე. ზამთრის არდადეგების ნახევარი, კერძოდ არდადეგების მეორე ნახევარი, მარტისა და ოქტომბრის თვეები სრულად. ზაფხულის არდადეგებზე ერთი თვე, 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, მისი და მეუღლის დაბადების დღეებზე წაიყვანოს ბავშვები დღის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე
4. მოსარჩელის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე
4.1. 2023 წლის 3 ნოემბერს მოსარჩელემ დროებითი განკარგულების გამოცემის მოთხოვნით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვნის, დ.მ–ის გერმანიაში, დედასთან სამკურნალოდ გამგზავრება მამის თანხმობის გარეშე 2024 წლის 5 იანვრიდან 22 იანვრამდე და ამ მიზნით, მისთვის მშობლის სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მინიჭება სამედიცინო მიმართულებით. ამავე შუამდგომლობის ფარგლებში, მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს ემსჯელა აღნიშნულ პერიოდში არასრულწლოვნის, მ.მ–ის გერმანიაში გამგზავრებაზეც მამის თანხმობის გარეშე.
4.2. შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა გერმანიის სამედიცინო დაწესებულებიდან ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კლინიკა ადასტურებდა, რომ არასრულწლოვანი დ.მ–ი 2024 წლის 8 იანვრიდან 19 იანვრამდე გაივლიდა 12 სამკურნალო პროცედურას (სენსომოტორულ პერცეპტიულ მკურნალობას).
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
6. მოპასუხის განცხადება-შუამდგომლობა
6.1. 2023 წლის 13 ნოემბერს მოპასუხემ საკასაციო სასამართლოში წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც მან მოსარჩელეს მიანიჭა უფლებამოსილება 2024 წლის 5 იანვრიდან 22 იანვრამდე გერმანიაში სამკურნალოდ (ერგოთერაპიის პრაქტიკული მედიცინის კლინიკაში ერგოთერაპიული მკურნალობის კურსის ჩასატარებლად) წაეყვანა არასრულწლოვანი დ.მ–ი და მასთან ერთად, მ.მ–ი.
7. მოსარჩელის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების გახმობის შესახებ
7.1. 2023 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელემ საკასაციო სასამართლოს წარუდგინა განცხადება და განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხემ გასცა თანხმობა არასრულწლოვნის, დ.მ–ის გერმანიაში დედასთან სამკურნალოდ გამგზავრებაზე და მასთან ერთად დის, მ.მ–ის წაყვანაზე, აღარ არსებობს ამ საკითხზე დროებითი განკარგულების გამოცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების განხილვის წინაპირობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრისა და მხარეთა მიერ წარდგენილი განცხადება-შუამდგომლობების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების გამოხმობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრინციპის კერძო გამოხატულებაა მოსარჩელის/განმცხადებლის უფლება, გამოიხმოს სარჩელი/განცხადება. სსსკ-ის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისთვის დაბრუნების თაობაზე. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ განცხადების გამოხმობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად განუხილველად უნდა დარჩეს შუამდგომლობა, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა დროებითი განკარგულების მიღება და მოპასუხისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა არასრულწლოვნების საზღვარგარეთ, გერმანიაში გამგზავრების მიზნით.
11. რაც შეეხება მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარს, იგი დაუშვებელია, რადგანაც არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი:
15.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს ქორწინების პერიოდში შეძინათ შვილები, მ.მ–ი (დაბადებული 2009 წლის 4 ივნისს, პ/ნ .......) და დ.მ–ი (დაბადებული 2013 წლის 10 მაისს, პ/ნ ......);
15.2. მ.მ–ი არის ბავშვების ბებია, დედის დედა;
15.3. მხარეთა განქორწინების შემდეგ, 2017 წლის ოქტომბრიდან, ბავშვები ცხოვრობენ მამასთან, ახმეტის მუნიციპალეტეტი სოფელ .....;
15.4. ბავშვების დედა 2017 წლის მაისიდან საცხოვრებლად წასულია გერმანიაში და 2021 წლის 26 აპრილიდან დასაქმებულია ამ კლინიკაში;
15.5. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: არასრულწლოვნების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი; მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ბავშვების უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვების დედას და ბებიას მისცეს შვილებთან/შვილიშვილებთან ურთიერთობა მამის თანხლების გარეშე, შემდეგი პირობებით: ბავშვების წაყვანა დედის მშობლების საცხოვრებელ ადგილზე (ახმეტა, სოფელი ....) დარჩენის უფლებით: თვეში ოთხი შაბათი/კვირიდან სამი, კერძოდ პირველი, მესამე და მეოთხე შაბათი/კვირა - შაბათს 14:00 საათიდან კვირას 19:00 საათამდე; ზამთრის არდადეგებზე 1 ერთი კვირა, კერძოდ, არდადეგების მეორე კვირა (7 დღე), გაზაფხულის არდადეგებზე -მპირველი 3 დღე, ხოლო ზაფხულის არდადეგებზე - 1 თვე (15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით); ბავშვების დედას საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში მიეცეს უფლება კვირაში სამჯერ კომუნიკაცია ჰქონდეს შვილებთან, მათ შორის სკაიპით. ამასთან, ბავშვების მამა ვალდებულია შექმნას ტექნიკური პირობები, კერძოდ შეუქმნას სკაიპი, აღჭურვოს ინტერნეტით და ტელეფონით ან კომპიუტერით. არასრულწლოვნის, დ.მ–ის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც ბავშვი იმყოფება სამკურნალო/სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად, დედას და ბებიას უფლება აქვთ მასთან ურთიერთობა ჰქონდეთ სამკურნალო/სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არსებული პაციენტების ნახვის გრაფიკის შესაბამისად კვირაში სამჯერ. მამა ვალდებულია დ.მ–ის სარეაბილიტაციო კურსის დაწყებისა და მისი ხანგრძლივობის თაობაზე, კურსის დაწყებამდე 3 დღით ადრე აცნობოს ახმეტის სოციალურ სამსახურს; მოპასუხე მოსარჩელეს ყოველთვიურად, ალიმენტის სახით ჩაურიცხავს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 75 ლარს, ჯამურად, 150 ლარს; ბავშვების დედა იღებს ვალდებულებას არასრულწლოვნის, დ.მ–ის ყოველი სამკურნალო/სარეაბილიტაციო კურსის ღირებულების 50%ს გადაუხადოს მოპასუხეს შესაბამის საბანკო ანგარიშზე ყოველი კურსის ღირებულების თაობაზე შედგენილი ინვოისის შესაბამისად, რაც გაიგზავნება საფოსტო გზავნილის მეშვეობით, მისამართზე ახმეტა, სოფელი ....; საალიმენტო თანხა უნდა ჩაირიცხოს ყოველი თვის დასრულებამდე და მისი გადახდის ათვლა დაიწყოს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან. 2017 წლის 30 ოქტომბამდე მოპასუხე მოსარჩელეს გადასცემს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, სადაც უნდა ჩაირიცხოს მორიგების აქტით განსაზღვრული თანხების; საზღვარგარეთ არსებული სამედიცინო დაწესებულებიდან არასრულწლოვან დ.მ–ის სამკურნალოდ მიწვევის და სამკურნალო დაწესებულებიდან დაფინანსებისა და მკურნალობის კურსის დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილია დ.მ–ი სამკურნალოდ წაიყვანოს საზღვარგარეთ, ამასთან მოპასუხე ვალდებულია გასცეს თანხმობა ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანაზე, ასევე მამა იტოვებს უფლებას საკუთარი ხარჯით გაემგზავროს დ.მ–თან ერთად საზღვარგარეთ; ორივე მშობლის საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში ბავშვების ურთიერთობა ბებია/ბაბუებთან განისაზღვროს შემდეგნაირად: თვის განმავლობაში პირველი ორი კვირა მამის მშობლებთან, ხოლო მეორე ორი კვირა - დედის მშობლებთან“;
15.6. მხარეთა მორიგების შესახებ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში;
15.7. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის სოციალური მუშაკის ნ.მ–ის მიერ 2020 წლის 13 მარტს გაცემულ N07-22-1/851 დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: „დ.მ–ი სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ ...... ოჯახის ექიმთან, მ.მ–თან. დ. მ–ს ასევე სსე შემოწმების შედეგად დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი. დიაგნოზი: „ბავშვთა ცერებრული დამბლა, სპასტიური დიპლეგია, ქვედა კიდურების ზომიერი პარეზი“. დ–ეს აღენიშნება განვითარების ეტაპის შეფერხება მოტორულ განვითარებაში. ბავშვს არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული, ნატიფი მოძრაობები ხელებში შეზღუდულია. ბ/მამისგან და ბებიისგან მიღებული ინფორმაციით, დემეტრეს 1 წლისა და 8 თვის ასაკიდან რეგულარულად უტარდება სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსი ქ. თბილისში სარეაბილიტაციო ცენტრ „ნ–ი“, სადაც დ. 2017 წლიდან დაჰყავს მამას. ჩატარებული მკურნალობის შედეგად, აღენიშნება დადებითი დინამიკა. ამჟამად დ–ს შეუძლია დამოუკიდებლად ჯდომა, ხოხვა, საყრდენთან შეუძლია წამოდგომა და ფრონტალურ სიბრტყელეში გადაადგილება მცირე მანძილზე. დ–ს აქვს ასტიგმატიზმი, ამ ეტაპზე მას თვალის ექიმის მიერ, დანიშნული აქვს სათვალე და თვალის ვარჯიშები.
დ.მ–ი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიფუნქციონარული გუნდის შეფასების შედეგად განსაზღვრულია ბავშვის ინდივიდუალური სასწავლი გეგმით მეცადინეობის მიზანშეწონილობა (დემეტრეს ჰყავს სპეციალური მასწავლებელი და ასისტენტი). სოფელ ....... საჯარო სკოლაში მოწყობილია საპირფარეშო შშმ ბავშვებისთვის, დ. უზრუნველყოფილია სპეციალური მერხით. კლასის ხელმძღვანელისგან და სპეციალური პედაგოგისგან მიღებული ინფორმაციით, დ–ს კარგად აქვს განვითარებული ზეპირი მეტყველება, სცნობს ასოებს, ციფრებს, თუმცა არ შეუძლია წერა. მასწავლებლის გადმოცემით, მამას და ბებიას სისტემატურად დაჰყავთ სკოლაში, ჩართულია ბავშვის განათლების მიღების პროცესში და ხელს უწყობს მის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. დ. კომუნიკაბელური, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბავშვია.
ოჯახის წევრებს შორის არის თბილი და მზრუნველი ურთიერთობა. დ.მ–ი ხასიათდება ძალიან მზრუნველ და ყურადღებიან მშობლად, რომელიც ზრუნავს შვილის ჯანმრთელობაზე და მაქსიმალურად ხელს უწყობს დ–ს განვითარებასა და სოციალიზაციას. დ.მ–მა დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მ–ო“, რომელიც მუშაობს შვილების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის ზრდის და შშმ ბავშვების ოჯახების გაძლიერების მიმართულებით. ბავშვის მამა და ოჯახის წევრები სიყვარულსა და სითბოს გამოხატავენ დ–ს და მისი დის, მ–ს მიმართ. მამის და ბებიის მიერ ბავშვების ძირითადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია. ბავშვების მიმართ სათანადო ზრუნვა ხორციელდება. დემეტრე სიყვარულს ამჟღავნებს მამის, დის და ოჯახის წევრების მიმართ, ჩემთან საუბრისას ბავშვი ასევე სიყვარულს გამოხატავს დედის და ბებია-პაპის (ე. ბ–ის მშობლების) მიმართ. ჩემი აზრით, მამის ოჯახში დ–ს დედის წინააღმდეგ არ განაწყობენ.
დ. დასთან, მ–თან ერთად თვეში სამ შაბათ-კვირას და არდადეგების გარკვეულ ნაწილს ბებია-პაპის (დედის მშობლები), მ.მ–ის და დ.ბ–ის ოჯახში ატარებს, ახმეტის რაიონის სოფელ ......, სადაც მათზე ბებია-პაპა ზრუნავენ. ბ/დედა ე.ბ–ი 2017 წლის მაისიდან ცხოვრობს საზღვარგარეთ, საქართველოში პერიოდულად (წელიწადში 2-ჯერ) ხანმოკლე დროით ჩამოდის, ამ პერიოდში მას ჰყავს ბავშვები თავის მშობლების ოჯახში, საზღვარგარეთ ყოფნისას ტელეფონის ინტერნეტის მეშვეობით ეკონტაქტება შვილებს.
სოციალური მუშაკის კომპეტენციას სცილდება მხარეების მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტებზე დაყრდნობით იმსჯელოს ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობის მიზანშეწონილობაზე. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, სასურველია, ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით წარმოსადგენი საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის ზუსტი ჩამონათვალი განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით, ექიმი-სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით“;
15.8. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის სოციალური მუშაკის ნ.მ–ის 2020 წლის 31 დეკემბერის N07-22-1/6275 დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: „მშობლების დაშორების შემდეგ, მ. და დ.მ–ები ძირითადად ცხოვრობდნენ დედასთან, ე.ბ–თან ერთად ქ. თელავში (გარკვეული პერიოდი მ. ცხოვრობდა ბებია-პაპის: დ.ბ–ის და მ.მ–ის ოჯახში, ახმეტის რაიონის სოფელ ......). 2017 წლის მარტიდან კი, ბავშვები მამასთან, დ.მ–თან ერთად ცხოვრობენ ახმეტის რაიონის სოფელ .... მ.მ–ი სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფება თელავის რაიონის სოფელ ..... ოჯახის ექიმთან, მ.მ–თან. ექიმის ინფორმაციით, მ.მ–ი პრაქტიკულად ჯანმრთელია. გოგონას ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და კოგნიტური განვითარება ასაკის შესაბამისია. მ.მ–ი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეა. კლასის ხელმძღვანელის დახასიათებით, მ. არის პასუხისმგებლობის მქონე, მოწესრიგებული, კლასში ერთ-ერთი წარმატებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე. იგი თბილი, კეთილი და მეგობრული ბავშვია, რაც გამოიხატება თანაკლასელებთან და უმცროს ძმასთან ურთიერთობაში. გოგონა ყოველთვის მოვლილი და სუფთად ჩაცმული ცხადდებოდა სკოლაში, კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ამჟამად მ. ჩართულია ონლაინ სწავლებაში. დამრიგებლის მიერ ბავშვის მამა ძალიან ყურადღებიან მშობლად ხასიათდება, რომელიც მაქსიმალურად არის ჩართული ბავშვის აღზრდაში და განათლების მიღების პროცესში. მისივე ინფორმაციით, მ–ს და დ–ს მიმართ ასევე დიდი ყურადღებას იჩენს მათი ბებია, ნ.წ–ძე. პანდემიამდე, საკუთარი ინტერსების გათვალისწინებით, მ. დადიოდა ცეკვის წრეზე. ბავშვები მამასთან თავს კარგად გრძნობენ, დედას საზღავარგაერთ ეკონატქტებიან ინერტნეტის მეშევეობით, შაბათ-კვირას და არდადაგებზე სტუმრობენ ბებია-პაპას სოფელ ......“;
15.9. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის კახეთის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის ნატალია გელაშვილის 2021 წლის 20 იანვრის ანგარიშში მითითებულია შემდეგი: „მიჯაჭვულობას ბავშვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ყველა ბავშვი „ეჯაჭვება“, მაგრამ უსაფრთხო მიჯაჭვულობა დამოკიდებულია მზრუნველის პასუხზე ბავშვის საჭიროებისადმი. მიჯაჭვულობა წარმოადგენს ემოციური კავშირის ქვესახეობას, სადაც ემოციურ ურთიერთობას თან ახლავს დაცულობის გრძნობა. ბავშვების დედა წლების განმავლობაში იმყოფება საზღვარგარეთ და შესაბამისად შვილებთან ურთიერთობა მხოლოდ ხანმოკლე დროით აქვს. ეს დრო ვერ უზურნველყოფს საიმედო მიჯაჭვულობის განმტკიცებას, უფრო მეტიც, არსებული მიჯაჭვულობა იშლება და დეზორგანიზებული ან უკეთეს შემთხვევაში, ამბივლენტური ხდება, რაც გამოწვეულია დეპრივაციით, უგულებელყოფით(ბავშვი, ზოგადად, მშობლის მისვლას აღიქვამს, როგორც უარყოფას). ბავშვებს საიმედო მიჯაჭვულობა აქვთ მამასთან, დ.მ–თან და მამის მშობლებთან. მკვეთრად იკვეთება ბავშვებში დაცულობის და საიმედოობის განცდა, რაც დასტურდება ქცევით პატერნებზე, ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციაზე დაკვირვებით. ბავშვი მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის საჭიროებს უსაფრთხო, საიმედო მიჯაჭვულობას. განსახილველ საქმეში ორივე ბავშვისთვის მნიშვნელოვანია მამასთან ემოციური უპირატესი კავშირი. უნდა აღინიშნოს, რომ მიჯაჭვულობის დარღვევა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მან შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს, როგორც ბავშვების ფიზიკურ, ასევე მის ფსიქო-ემოციურ და კოგნიტურ განვითარებაზე.
დაუშვებელია ბავშვებისთვის შეიქმნას ზე, მატრავმირებელი ვითარებები. უცხო გარემოში, მითუმეტეს, უცხოენოვან გარემოში ბავშვების ცხოვრება, სწორედ ასეთ მატრავმირებელ ვითარებათა რიგს მიეკუთვნება. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ბავშვებს გაუჭირდებათ ადაპტირება უცხოენოვან გარემოსთან და გამოიწვევს ფსიქოლოგიურ ტრამვირებას, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს დ–ს ჯანმრთელობისათვის. მონატრების დროს ბავშვი სევდიანობს, ჭირვეულობს. ახასიათებს უარყოფითი ემოციის სომატური გამოვლენა, კერძოდ: ტემპერატურის მომატება და ასთენია, ტკივილის გამძაფრებული შეგრძნება.
ბავშვებს აქვთ უფლება უყვარდეთ და კავშირი ჰქონდეთ ორივე მშობელთან და ორივე მხარის ბებია-ბაბუასთან, თუ ეს ურთიერთობა ჰარმონიულია და ნდობაზეა დამყარებული. მიუღებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფა, ყოველგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლა, ჩაგონება, „მოსყიდვა“ რომელიმე მხარისთვის სასარგებლო შედეგის მიღებისთვის!
ბავშვებისთვის მატრავმირებელი იქნება მათი სურვილის გარეშე, რაიმე სახის ცვლილების შეტანა საცხოვრებელ ადგილთან და ნახვის დღეებთან დაკავშირებით. აშკარად იკვეთება, რომ ბავშვები ამ თემასთან დაკავშირებით ცვლილებების წინააღმდეგნი არიან. დასკვნის საფუძველს აძლევს ბავშვების ნარატივი, ქცევით პატერნებზე და არავერბალურ კომუნიკაციაზე დაკვირვება.
ასაკობრივი ცენზიდან გამომდინარე, მ.მ–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მეტად სენსიტიურია. მიუხედავად იმისა, რომ მას უყვარს დედის მშობლები, იკვეთება არასანდო-ამბივალენტური მიჯაჭვულობა, რაც გამოიხატება უნდობლობაში, კერძოდ კი „თუ ეს ყველაფერი ისე არ ვთქვი, როგორც მათ უნდათ მივიღებ საყვედურებს“. პუბერტატის ასაკში ზედმეტი საყვედურები, შენიშვნები, აკრძალვები მატრამვირებელ ფაქტორს წარმოადგენს და მოზარდი იკეტება თავის თავში. ასეთ შემთხვევაში ვლინდება მეტი ფრიგიდულობა აზროვნებასა და ქცევაში.
დაკვირვება იძლევა საფუძველს დასკვნისთვის, რომ მამა დ.მ–ი მიჩნეულ იქნეს ბავშვების სტაბილურობის, უსაფრთხოების და უწყვეტობის უზურნველყოფის გარანტად! უპირველესია: ბავშვების უპირატესად საუკეთესო ინტერესების, მათი ფუნდამენტალური უფლებების დაცვა და მათთვის მატრავმირებელი გარემოსგან თავის არიდება“.
16. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხის, როგორც მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვაზე უარის თქმის, ასევე დედასა და შვილებს, ბებიასა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობისათვის განსაზღვრული წესის მართლზომიერება. კასატორები აცხადებენ, რომ მამა უსაფუძვლოდ უშლის ხელს არასრულწლოვნის, დ.მ–ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ბავშვების საუკეთესო ინტერესები და უსაფუძვლოდ უთხრა უარი მათ სარჩელით მოთხოვნილი ურთიერთობის წესის (წლის სხვადასხვა დროს არასრულწლოვნების დედასთან და ბებიასთან ღამით დარჩენის უფლებით) განსაზღვრაზე.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.
18. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
19. დასახელებული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
20. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
21. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ საქმე №ას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი).
22. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).
23. აღნიშნულმა პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს კანონმდებლობაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს მისი ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში (შეად. სუსგ-ებს: N ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; N ას-1837-2019, 16.06.2020წ ; N ას- 440-2020, 13.04.2021წ; N ას-434-2021, 30.07.2021წ.).
25. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს (კონვენციის 9.1 და 9.3 მუხლები).
26. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.
27. დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ საქმე №ას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).
28. განსახილველ დავაში დადგენილია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული მორიგების აქტით მოწესრიგდა არასრულწლოვნის, დ.მ–ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების საკითხი და ბავშვის მამას დაევალა სამკურნალოდ მიწვევის, სამკურნალო დაწესებულებიდან დაფინანსებისა და მკურნალობის კურსის დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, შვილის საზღვარგარეთ წაყვანაზე თანხმობის გაცემა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მორიგების აქტიში მითითებული ჩანაწერით მოპასუხეს ფაქტობრივად შეზღუდული აქვს მშობლის წარმომადგელობითი უფლებამოსილება ამ მიმართულებით და აღარ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის განმეორებით განხილვისა და დაკმაყოფილების წინაპირობა. მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, უკანასკნელი 8 თვის მანძილზე, მოპასუხემ უკვე ორჯერ გამოხატა თანხმობა ბავშვის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებაზე (2023 წლის ივნისში, როდესაც არასრულწლოვანი გაემგზავრა გერმანიაში და ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და 2023 წლის ნოემბერში, 2024 წლის იანვარში დაგეგმილი პროცედურების ჩატარების მიზნით; იხ. ტ. 3. ს. ფ. 67-83; 182-184). ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობის პირობებში, მამის მხრიდან არასრულწლოვნის სამკურნალოდ გამგზავრებაში ხელის შეშლას დაადასტურებდა, რაც დამატებით უსაფუძლოს ხდის კასატორის პრეტენზიას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაუცველობის შესახებ.
29. რაც შეეხება დედასა და შვილებთან, ასევე ბებიასა და შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი ურთიერთობის წესის ცვლილების ნაწილში კასატორთა მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს არც ამ ნაწილში წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ოჯახური ცხოვრება ასევე მოიცავს კავშირებს, სულ მცირე, ახლო ნათესავებს შორის, მაგალითად, როგორიცაა ბებია-ბაბუა და შვილიშვილები, ვინაიდან ასეთ ნათესავებს შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი ოჯახურ ცხოვრებაში. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, ოჯახური ცხოვრების „დაცულობა“ გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას იმ ფორმით იმოქმედოს, რომ შესაძლებელი გახადოს ამ კავშირის ნორმალური განვითარება (იხ. Case of Marckx v. Belgium, 13.06.1979; Case of Scozzari and Giunta v. Italy, 13.07.2000). მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივ გარემოებებში ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობა არსითა და ხარისხით განსხვავდება მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობისგან და ამრიგად, მისი ძირითადი არსიდან გამომდინარე, სარგებლობს დაცვის ნაკლები ხარისხით. ბებია-ბაბუის უფლება შვილიშვილებთან ერთად ოჯახური ცხოვრების დაცულობის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება უფლებას ბებია - ბაბუამ შეინარჩუნონ ნორმალური ურთიერთობა შვილიშვილებთან პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით (იხ. Case of Kruškić and Others v. Croatia, 25.11.2014).
31. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა“ და „ოჯახური ცხოვრების“ კონცეფციის ფართო გაგებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის ურთიერთობა ერთ-ერთ მშობელსა და ბებია-ბაბუასთან არ შეიძლება მხოლოდ კანონის ფორმალურ დანაწესზე იყოს დამყარებული (რომ ამ პირებს კანონი ანიჭებს სრულ შესაძლებლობასა და ვალდებულებას, ზრუნავდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ბავშვის აღზრდაში, ხოლო მეორე მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი, არ აქვს ამ უფლებათა შეზღუდვის შესაძლებლობა), ასეთ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბავშვებისა და მშობლების, აგრეთვე, ბებია-ბაბუის ურთიერთდამოკიდებულება, ბავშვების ასაკი, ემოციური კავშირი, ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორები, რაც ბავშვის ოჯახთან ინტეგრირებას შეუწყობს ხელს (იხ. სუსგ საქმე №ას-85-81-2017, 27 ოქტომბერი, 2017 წელი; საქმე №ას-578-2019, 28 ივნისი, 2019 წელი).
32. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ემყარება საქმეში წარდგენილ ფსიქოლოგთა დასკვნების, სპეციალისტების მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება სწორედ არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მიღებული. კასატორებს კი არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, თუ რატომ უნდა შეიცვალოს და ახლებურად განისაზღვროს დედასა და შვილებს, ასევე ბებიასა და შვილიშვილებს შორის დაწესებული ურთიერთობის წესი, მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საქმეში წარდგენილი ფსიქოლოგის ანგარიშიდანაც ცალსახად ჩანს აღნიშნული ურთიერთობის წესის ცვლილების მიმართ ბავშვების წინააღმდეგობა („ბავშვებისთვის მატრავმირებელი იქნება მათი სურვილის გარეშე, რაიმე სახის ცვლილების შეტანა საცხოვრებელ ადგილთან და ნახვის დღეებთან დაკავშირებით. აშკარად იკვეთება, რომ ბავშვები ამ თემასთან დაკავშირებით ცვლილებების წინააღმდეგნი არიან. დასკვნის საფუძველს მაძლევს ბავშვების ნარატივი, ქცევით პატერნებზე და არავერბალურ კომუნიკაციაზე დაკვირვება“. იხ. ტ. 2. ს.ფ 78-79)), ამასთან, წარდგენილი დასკვნები აშკარად მიუთითებენ არასრულწლოვნების მამასთან პოზიტიურ „მიჯაჭვულობაზეც“ (მიჯაჭვულობა წარმოადგენს ემოციური კავშირის ქვესახეობას, სადაც ემოციურ ურთიერთობას თან ახლავს დაცულობის გრძნობა. ბავშვების დედა წლების განმავლობაში იმყოფება საზღვარგარეთ და შესაბამისად შვილებთან ურთიერთობა მხოლოდ ხანმოკლე დროით აქვს. ეს დრო ვერ უზურნველყოფს საიმედო მიჯაჭვულობის განმტკიცებას, უფრო მეტიც, არსებული მიჯაჭვულობა იშლება და დეზორგანიზებული ან უკეთეს შემთხვევაში, ამბივლენტური ხდება, რაც გამოწვეულია დეპრივაციით, უგულებელყოფით(ბავშვი, ზოგადად, მშობლის მისვლას აღიქვამს, როგორც უარყოფას). ბავშვებს საიმედო მიჯაჭვულობა აქვთ მამასთან, დ.მ–თან და მამის მშობლებთან. მკვეთრად იკვეთება ბავშვებში დაცულობის და საიმედოობის განცდა, რაც დასტურდება ქცევით პატერნებზე, ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციაზე დაკვირვებით. ბავშვი მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის საჭიროებს უსაფრთხო, საიმედო მიჯაჭვულობას. განსახილველ საქმეში ორივე ბავშვისთვის მნიშვნელოვანია მამასთან ემოციური უპირატესი კავშირი. უნდა აღინიშნოს, რომ მიჯაჭვულობის დარღვევა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მან შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს, როგორც ბავშვების ფიზიკურ, ასევე მის ფსიქო-ემოციურ და კოგნიტურ განვითარებაზე. იხ. ტ. 2. 78-79)).
33. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმასაც, რომ როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი (და არც კასატორები უარყოფენ) ბავშვები თავიანთი სურვილის მიხედვით ისედაც რჩებიან ბებიასთან და დედასთან (მისი საქართველოში ყოფნისას), რასაც არ უკრძალავთ მათ მოპასუხე (მამა). ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნებს აქვთ ურთიერთობა როგორც დედასთან, ისე ბებიასთან, ხოლო საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მითითებული ურთიერთობის ბავშვების საუკეთესო ინტერსების გათვალისწინებით სხვაგვარად დადგენის საჭიროებას დაადასტურებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც არ არსებობს მოსარჩელეთა პრეტენზიის გაზიარებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგი სრულად შეესაბამება არასრულწლოვანთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისათვის დადგენილ ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.
34. დავის განხილვისას სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის. კასატორები ვერც ისეთ საპროცესო დარღვევაზე მიუთითებენ, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვა.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ბ–ის წარმომადგენლის, მ.ს–ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ დარჩეს განუხილველი,
2. ე.ბ–ისა და მ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
3. ე.ბ–სა და მ.მ–ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეთ მ.ს–ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება: 19221118737; გადახდის თარიღი 03.11.2023;) 70% – 210 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე