საქმე № ას-515-2022 22 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ვ.მ–ი, შპს „ო.ჯ.ი.ლ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ-კ.მ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – წილის მესაკუთრედ ცნობა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ვ.მ–ისა (მოპასუხე) და შპს „ო.ჯ.ი.ლ–ის“ (მოპასუხე კომპანია) (შემდეგში: მოპასუხეები, მოპასუხე კომპანია, აპელანტები ან კასატორები) საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ჟ-კ.მ.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი) სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 675 078 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო, სარჩელის მოთხოვნა, მოსარჩელის მოპასუხე კომპანიის 100% წილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორების განმარტებით, მხარეებს შორის სხვა დავებიც მიმდინარეობს, რაც სამართლებრივზე მეტად, ნათესავებს შორის მიმდინარე ურთიერთობების გართულების საფუძვლითაა განპირობებული.
3. კასატორების განმარტებით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილით დასტურდებოდა, რომ თანხები, რომლის სოლიდარულად დაკისრებასაც ითხოვს მოსარჩელე არ არის მისი თანხები, არამედ ეკუთვნით მესამე პირებს, რასაც თავადაც ადასტურებს სარჩელზე დართული დოკუმენტებით. მოსარჩელის მოთხოვნა, კომპანიის მესაკუთრედ აღიარებაზე სწორედ აღნიშნული საფუძვლით იყო წარმოდგენილი, რათა სამართლებრივი საფუძველი ჰქონოდა სადავო თანხების მოთხოვნაზე.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
8.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან ნათესავები. კერძოდ, 2007 წლის 14 ივნისს მოსარჩელე დაქორწინდა მოპასუხის შვილზე კ.მ–ზე.
8.2. 2007 წლის 13 დეკემბერს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობის მიხედვით, მოსარჩელე მოპასუხეს ანიჭებს გარკვეული სახის უფლებამოსილებებს, მათ შორის უფლებას წარმოადგინოს მოსარჩელე საქართველოს ყველა მმართველობით ორგანოში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. იგი უფლებამოსილია დადოს ნებისმიერი გარიგება და ა.შ. მინდობილობა გაცემულია განუსაზღველი ვადით.
8.3. 2007 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელე, როგორც შპს „ტ.ი.ს–ოს“ ერთდაერთი დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი, მოპასუხის სახელზე გასცემს მინდობილობას, რომლის საფუძველზეც შპს „ტ.ი.ს–ოს“ დირექტორის სახელით მას უფლება აქვს წარმოადგინოს კომპანია საქართველოს ყველა მმართველობით ორგანოში, დადოს სხვადასხვა ტიპის გარიგებები, ხელი მოაწეროს იურიდიული პირის საბანკო ანგარიშებს და ა.შ მინდობილობა გაცემულია განუსაზღველი ვადით.
8.4. 2013 წლის 20 დეკემბერს და 2014 წლის 3 ივლისს სანოტარო ბიუროს მიმართა მოსარჩელემ და სურვილი გამოთქვა კ.მ– იყოს მისი წარმომადგენელი საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკში, მართოს მისი კუთვნილი ანგარიშები, შეიტანოს და გამოიტანოს გადარიცხვის თანხა, აიღოს პლასტიკური ბარათი, შეასრულოს ყოველგვარი საბანკო-საფინანსო ოპერაციები და ა.შ მინდობილობები გაცემულია უვადოდ.
8.5. 2005 წლის 29 ოქტომბერს მოსარჩელე, როგორც შპს „ტ.ი.ს–ოს“ ერთდაერთი დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი, კ.მ–ს სახელზე გასცემს მინდობილობას, წარმოადგინოს კომპანია საქართველოს ყველა მმართველობით ორგანოში, დადოს სხვადასხვა ტიპის გარიგებები, ხელი მოაწეროს პროკრედიტ ბანკში იურიდიული პირის საბანკო ანგარიშებს და ა.შ.
8.6. 2018 წლის 12 აპრილის მდგომარეობით შპს „ტ.ი.ს–ოს“ 100%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე, ხოლო კომპანიის დირექტორები არიან მოსარჩელე და მოპასუხე.
8.7. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხისა და კ.მ–ს სახელზე გაცემული მინდობილობები გააუქმა.
8.8. მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელისგან გარკვეული თანხების, დაახლოებით 660 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი.
8.9. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის განმარტება, 600 000 აშშ დოლარისა და 40 000 ევროს გადაცემის თაობაზე.
8.10. მოპასუხემ, როგორც ერთპიროვნულმა დამფუძნებელმა 2008 წლის 26 თებერვალს დაარეგისტრირა მოპასუხე კომპანია, რომლის დირექტორიც თავად იყო. ამავე წლის 14 ივლისს მოპასუხე კომპანიამ შეიძინა შპს „ვ“-ის 45% წილი. ვ.მ–ი შპს „ვ..“-ში დაინიშნა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე დირექტორად.
8.11. 2011 წლის 29 ნოემბრის შპს „ვ..“-ის პარტნიორთა კრების ოქმის გადაწყვეტილებით შპს „ვ..“-ის რეორგანიზაციის შედეგად კომპანიას გამოეყო ახალი საზოგადოება და ჩამოყალიბდა შპს „ვ.კ–ი“.
8.12. 2017 წლის 5 დეკემბერს მოპასუხე კომპანიის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით შპს „ვ..“-ის 45%-იანი წილი გასხვისდა 163 642.5 აშშ დოლარად, ხოლო შპს „ვ.კ–ში“ 45%-იანი წილი 511 357.5 აშშ დოლარად
8.13. 2017 წლის 5 დეკემბერს შედგა სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მყიდველს შპს „ვ..“-ის 45% წილის საფასური 163 642.5 აშშ დოლარი უნდა გადაეხდა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 4 თვის ვადაში, არაუგვიანეს 2018 წლის 5 აპრილისა.
8.14. 2017 წლის 18 დეკემბერს შედგენილი იმავე შინაარსის მქონე ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს შპს „ვ.კ–ის“ 45% წილის საფასური 511 357.5 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 4 თვის ვადაში, არაუგვიანეს 2018 წლის 18 აპრილისა.
8.15. შპს „ო.ჯ. ი. ლ–ის“ საბანკო ანგარიშზე 2018 წლის 13 მარტს ორ ტრანზაქციად განხორციელდა შპს „ვ..“-ის და შპს „ვ.კ–ის“ წილის ნასყიდობის საფასურის ჩარიცხვა, ჯამში 675 000 აშშ დოლარის ოდენობით.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეებისთვის თანხის დაკისრება და მოპასუხე კომპანიის 100% წილის მესაკუთრედ ცნობა წარმოადგენდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი მხოლოდ თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, რის გამოც, მოსარჩელემ, შეგებებული სააპელაციო საჩივრით კვლავ სადავოდ გახადა მოპასუხე კომპანიის მესაკუთრედ ცნობის საკითხი, და ამ საფუძვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ არც სააპელაციო და არც შეგებებული საჩივრები არ დააკმაყოფილა, ხოლო, საკასაციო სასამართლოს მხოლოდ მოპასუხეებმა მომართეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე კომპანიის მესაკუთრედ ცნობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მოკლებულია, და შეზღუდულია მხოლოდ კასატორთა მოთხოვნით.
10. სსსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
11. სკ-ის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
12. სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამავე კოდექსის 979.1 მუხლის მიხედვით უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
13. ამ კოდექსის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას.
14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა მასში დასახელებულ ფაქტების საწინააღმდეგოდ კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია (იხ. 201-ე მუხლი). მოპასუხე ადასტურებდა, რომ სადავო თანხა - 600 000 აშშ დოლარი და 40 000 ევრო მიიღო, თუმცა გადახდის ვალდებულება 2020 წლიდან არ გააჩნდა.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის შეფასებებსა და დასკვნებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა გადაცემული თანხა, რომელიც მოპასუხეებმა უნდა დაუბრუნონ კრედიტორს.
16. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მოპასუხე კომპანია სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ყოფილა, და მხოლოდ თავდაპირველი მოპასუხის სტატუსით მონაწილეობდა, რაც საკასაციო სასამართლოში მისი საკასაციო პრეტენზიების განუხილველად დატოვების საფუძველია.
17. სსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში კასატორებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 6 000 ლარს, თუმცა ამ პუნქტში დასახელებული ნორმისა და საქმეზე მიღებული შედეგის გათვალისწინებით, მხარეს უნდა დაეკისროს გადავადებული ბაჟის 30% - 1 800 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ო.ჯ. ი. ლ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
3. ვ.მ–ის (.....) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის 30% - 1 800 გადახდა შემდეგ ანგარიშზე (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150“.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ლ. მიქაბერიძე