Facebook Twitter

საქმე №ას-1644-2023 7 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – გ.ი–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ა–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 30 მაისს განცხადებით მომართა ლ.ა–ძემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

2. თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინებით ლ.ა–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლ.ა–ძეს აეკრძალა საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოში უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ....... სარდაფსართული #9ა, ფართი: 34 კვ.მ. საკადასტრო კოდი: #........ ცვლილებების რეგისტრაციის განხორციელება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინებაზე საჩივარი წარმოადგინა გ.ი–ძის წარმომადგენელმა გ.ს–მა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება.

4. განმცხადებლის მითითებით საპროცესო ნორმა (სსსკ-ის 1991 მუხლი) განსაზღვრავს საქმის განხილვის ფარგლებში მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლებს. ნორმის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ექვემდებარება გაუქმებას, თუ სასამართლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არ მიიღებს სარჩელს წარმოებაში, არ დააკმაყოფილებს სარჩელს, დატოვებს სარჩელს განუხილველად ან შეწყვეტს საქმის წარმოებას. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს არც ერთი ზემოთ ხსენებული წინაპირობა, რომელიც შესაძლებელია გახდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ ლ.ა–ძის მიერ წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ.ი–ძის საკასაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ.ი–ძის სარჩელი სასამართლომ არ გამოიყენა საპროცესო კოდექსის 1991 მუხლი და არ გააუქმა მის მიერ განხილული საქმის ფარგლებში მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მოპასუხე მხარის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

10. სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თუმცა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოთხოვნის წარმატებულობის ვარაუდს, ბუნებრივია, არსებობს მისი გაუქმებისა თუ შეცვლის დიდი შესაძლებლობაც. ასეთ პირობებში კი, მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული წონასწორობის დაცვის საჭიროება თავად განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს, კერძოდ, სასამართლო, რომელიც დაადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ვალდებულია, შეაფასოს უზრუნველყოფის გამოყენებული საშუალების მასშტაბებიც და დაიცვას თანაზომიერება მხარეთა ინტერესებს შორის (სუსგ №ას-1215-2019, 31.01.2020წ.). შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-587-2019, 20.02.2020წ.).

11. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით, განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელი საფუძვლიანობასა და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. განმცხადებელმა დაასაბუთა საარბიტრაჟო მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვის რისკი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი კი ის არის, რომ დაიცვას მოსარჩელე მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისაგან.

12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

14. „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს იდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალქო ბრუნვას“. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512). „უნდა ითქვას, რომ მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე. იმდენად მჭიდროა მათი კავშირურთიერთობა, რომ ერთი სამართლებრივი სიკეთის ყოფიერებას განსაზღვრავს მეორე სიკეთე, საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება. ეტყობა, ამანაც განაპირობა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ შეიცავს ცალკე ნორმას მეწარმეობის თავისუფლების შესახებ და მას იქ მოიაზრებენ, სადაც საკუთრების უფლების გარანტიებზეა საუბარი. მართლაც, მეწარმეობა საკუთრების თავისუფლების გამოვლენის, მისი შინაარსის დემონსტრირების საუკეთესო ფორმაა... საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411). სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. (როდესაც საზოგადოებრივი ინტერესია დღის წესრიგში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანის ფუძემდებლურ უფლებებში, როგორიცაა საკუთრების უფლება, ჩარევას აქვს ადგილი, ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს დროულად, ჯეროვნად და რაც მთავარია, თანმიმდევრულად.“ (JGK STATYBA LTD AND GUSELNIKOVAS v. LITHUANI, 2013). (სუსგ. 2023 წლის 27 დეკემბრის №ას-1123-2023)

15. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მითითებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დასრულდა გ.ი–ძის სარჩელის განხილვა ლ.ა–ძის, თ.ლ–ძის და ბმა „მ–ის“ მიმართ, საქმე 2/24001- აღნიშნულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა ასევე ბმა „მ–ის“ სახელით მიღებული უკანონო კრების ოქმების ბათილად ცნობის საკითხი, რომლითაც ლ.ა–ძეს ასევე, კვლავ დაუდასტურდა 34 კვ.მ სარდაფის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი და რომლებიც ამხანაგობის კრების მოწვევის გარეშე, ლ.ა–ძის ოჯახის წევრის, თ.ლ–ძის მიერ, ერთპიროვნულად იქნა მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას.

16. გ.ი–ძე განმარტავს, რომ დაზუსტებული ინფორმაციით ლ.ა–ძის სურვილი და ინტერესი, მოხდეს უზრუნველყოფის ღონისძიების განჩინების გაუქმება, ემსახურება იმას, რომ მან შეძლოს სხვა კრების ოქმების ერთიპიროვნულად შედგენა და სასამართლო განხილვების დაუსრულებელ პროცესებში გადატანა. მისი სურვილია შექმნას სადავო ფართზე ახალი ე.წ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულ საქმეზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გ.ი–ძის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2023 წლის 05 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ლ.ა–ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

17. საჩივრის ავტორის მითითებით, იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, სრულად გაუქმდება ლ.ა–ძის ის უფლების დამდგენი დოკუმენტები, რომლებიც შეეხება მისი საკუთრების უფლების კავშირს სადავო 34 კვ.მ სარდაფთან. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მოსარჩელე გ.ი–ძეს მისი იურიდიული ინტერესის რეალიზაცია; გ.ი–ძის მითითებით, მისი საბოლოო მიზანია მოხდეს მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო სარდაფზე, აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, სრულად იქნება გაბათილებული ლ.ა–ძის უფლების დამდგენი დოკუმენტები და რაც მთავარია, სასამართლო განხილვის მიმდინარეობის პერიოდში ლ.ა–ძის მიერ არ მოხდება ახალი კრების ოქმების შედგენა და დარეგისტრირება საჯარო რეესტრში.

18. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც შეადგენს 10 წელს და რა თქმა უნდა, გ.ი–ძე როდის მიმართავს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უფლებამოსილ ორგანოებს სრულად ჯდება მისი უფლებამოსილების ფარგლებში, რაც არ შეიძლება გამხდარიყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის ვერც ერთ შედავებას და აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის არსებითი განხილვა დასრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით და გაუქმდა 2015 წლის 14 ოქტომბრის და 2015 წლის 21 ოქტომბრის კრების ოქმები. ამის შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება იმ მიზეზით, რომ ლ.ა–ძეს მითითებულ მისამართზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს არაიდენტიფიცირებული 34 კვ.მ. ფართი და მისი ინტერესია აღნიშნული ფართის იდენტიფიცირება ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით, რათა როგორც მესაკუთრემ განხორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები - თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა (სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხლი).

20. მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გ.ი–ძის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, სადავო 34 კვ.მ. ფართის რეგისტრაციას, რომლითაც განხორციელდა ამ უძრავი ნივთის იდენტიფიცირება, საფუძველი გამოეცალა. ამდენად, დგინდება, რომ ლ.ა–ძეს საკუთრებაში აქვს არაიდენტიფიცირებული უძრავი ნივთი და შესაბამისად, იმისათვის, რომ ლ.ა–ძემ, როგორც მესაკუთრემ განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები, დავის დასრულების შემდგომ არ უნდა შეიზღუდოს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოახდინოს სადავო ფართის იდენტიფიცირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ ვითარებას, როდესაც მესაკუთრეს განუსაზღვრელი ვადით აეკრძალება მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზაცია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რადგან სახეზე ზემოაღნიშნული მოცემულობა, გამოირიცხება სარჩელის უზრუნველყოფის ძალაში დატოვების აუცილებლობა.

21. დამატებით პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 142-1-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების აღსრულების 10 წლიან ხანდაზმულობას, თუმცა ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ამ დროის განმავლობაში უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში დარჩეს და მოწინააღმდეგე მხარეს მისი საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის უფლების რეალიზაცია მოსარჩელის კეთილ ნებაზე იყოს დამოკიდებული. ასეთი სახის განმარტება დაარღვევდა საკუთრების უფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივ მართლწესრიგს. როგორც აღინიშნა, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება კონკრეტული მიზნით და კონკრეტული დროის განმავლობაში მისაღები გადაწყვეტილების შეუფერხებელი აღსრულების დაზღვევისთვის, რაც მოცემული დავის ფარგლებში შესრულებულია, შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიებამ დაკარგა მისი ძალაში დატოვების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინება სამართლებრივია და არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობა.

22. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ი–ძის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე