საქმე №ას-1289-2023 07 თებერვალი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ო.ყ–ძე (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ა–ნი (აპელანტი, მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახავი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ო.ყ–ძის (შემდეგში მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დამატებითი გადაწყვეტილება ს.ა–ნისთვის (შემდგომში მოსარჩელე) მოპასუხის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 1000 (ათასი) ლარის დაკისრების შესახებ.
2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ იურიდიული ხარჯების განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ადვოკატის მიერ გაწეული შრომისა და თავად მოცემული საქმის სირთულე, ასევე ის გარემოება, რომ საქმე ეხება ადამიანის კონსტიტუციით განსაზღვრული მნიშვნელოვანი არაქონებრივი უფლების (პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების) დარღვევას. წინამდებარე საქმე ამჟერად მესამე ინსტანციაშია, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო ზრდის, როგორც ადამიანურ, ასევე მატერიალურ რესურსს. შესაბამისად, მოთხოვნილი თანხა, 4000 ლარი, ( საადვოკატო ხარჯი) სრულად უნდა დაკისრებოდა მოწინააღმდეგე მხარეს.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელი მოპასუხის მიმართ პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახავი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ და მოპასუხის მიერ 2022 წლის 19 აგვისტოს სოციალურ ქსელის ჯგუფში - G.R.C./ჯ.რ. ქ. - გავრცელებული ინფორმაცია მიჩნეულ იქნა ცილისწამებად, მოსარჩელისთვის ზიანის მიმყენებელ და სახელის გამტეხ ქმედებად; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 1 (ერთი) ლარის ანაზღაურება. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 1000 ლარის გადახდა, რაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით.
8. კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში და აცხადებს, რომ დაკისრებული თანხა (1000 ლარი) არაგონივრულია.
9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავზე, რომელიც ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
10. ამასთან, სამოქალაქო სამართალწარმოებაში ადვოკატით წარმომადგენლობის შესაძლებლობა საპროცესო კოდექსით დადგენილ უფლებას წარმოადგენს (სსსკ 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში), რომლით სარგებლობაც მხარის მიხედულების სფეროში ექცევა. აღნიშნული უფლების ჯეროვნად აღსრულების მიზნით, პროცესში მონაწილე მხარე, რომლის სასარგებლოდაც გადაწყდა დავა, უფლებამოსილია, მოითხოვოს წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მას არ წარმოეშვებოდა, რომ არა სასამართლოში საქმის წარმოება.
11. მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
12. საკასაციო პალატა მიუთითებს 53-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომელიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
13. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. აღსანიშნავია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს, რომლის ფარგლებშიც ხდება წარმომადგენლის ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-818-784-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-184-2020 10 ივნისი, 2020 წელი; საქმე №ას-923-889-2016, 3 თებერვალი, 2017 წელი).
14. გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, შესრულებული საპროცესო მოქმედებების მოცულობით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს.
15. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, არსებობდა წინამდებარე საქმისწარმოებისას იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 4000 ლარის მოპასუხისთვის სრულად დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
16. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მითითებული საკითხის მარეგულირებელი ნორმის დისპოზიცია არაქონებრივ დავებში იმპერატიულად განსაზღვრავს იმ თანხის ზღვრულ ოდენობას, რაც შეიძლება დაეკისროს წაგებულ მხარეს მოგებული მხარის მიერ გაღებული საადვოკატო ხარჯის სანაცვლოდ და იგი მაქსიმუმ 2000 ლარს შეადგენს (სსკ-ის 53-ე მუხლი), შესაბამისად, თავად ნორმის მითითებული დანაწესიც უსაფუძვლოს ხდის მოპასუხის მოთხოვნის წარდგენილი სახით (4000 ლარით) დაკმაყოფილებას.
17. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნისა და წარმომადგენლის მიერ განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებების (საქმის სირთულის, სარჩელსა და სააპელაციო საჩივრებზე შესაგებლების მომზადებისა და ორი ინსტანციის სასამართლო სხდომებში მონაწილეობისთვის დახარჯული დროის, წარდგენილი მოსაზრებებისა და მტკიცებულებების სიმრავლით და ა.შ) გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კანონით დადგენილი ზღვრული თანხის (2000 ლარის) ნახევარი, 1000 ლარი სრულად გონივრული თანხაა და დამატებით მისი გაზრდის აუცილებლობა საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს. მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დავის არსებითად განხილვა მეორე ინსტანციის სასამართლოში დასრულდა (კვლავ მოპასუხის სასარგებლოდ) და მხარის (მოპასუხის) ადამიანური თუ მატერიალური რესურსი საკასაციო ინსტანციაში მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სასამართლოსგარეშე ხარჯების ნაწილში გასაჩივრებით შემოიფარგლა. ამდენად, განჩინებით დამდგარ შედეგს (მოსარჩელისთვის იურიდიული მომსახურების ხარჯის, 1000 ლარის დაკისრებას) საკასაციო პალატა აფასებს მოპასუხის გონივრულ დაკმაყოფილებად, რის საწინააღმდეგოდაც კასატორს სამართლებრივად ანგარიშგასაწევი პრეტენზია გაცხადებული არ აქვს.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.ყ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ო.ყ–ძეს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება: 18228988804; გადახდის თარიღი 16.08.2023;) 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე