Facebook Twitter

საქმე №ას-1507-2019 3 აგვისტო, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ჩ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით გ.ჩ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი სს ,,თ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე 2000 წლიდან მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში. 2004 წლის 1 იანვრიდან იგი დაინიშნა კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ქსელის ენერგოზედამხედველობის განყოფილების 220/110/35/10/6 კვ.ზე ქსელის ენერგოზედამხედველობის ჯგუფის უფროსი ინჟინერ-ინსპექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2006 წლის 28 სექტემბრის Nკ-250 ბრძანებით, შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა უვადოდ (იხ. ტომი I, ს.ფ. 20-24);

2.2. 2012 წლის 27 ივლისს მოსარჩელემ ხელი მოაწერა განცხადების ფორმას თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვების შესახებ (იხ. ტომი I, ს.ფ. 25);

2.3. 2012 წლის 30 ივლისის შემდგომ მოსარჩელე აღარ გამოცხადებულა სამსახურში და ამ დროიდან მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა;

2.4. მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის 20/02/2014წ. Nკ-99 ბრძანებით, 2014 წლის 20 თებერვლიდან კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტში ლიკვიდირებული იქნა 220/110/35/10/6 კვ.ზე ქსელის ენერგოზედამხედველობის ჯგუფი, ხოლო 2014 წლის 21 მარტიდან საბოლოოდ გაუქმდა კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტი (იხ. ტომი I, ს.ფ. 138-154);

2.5. მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის 2012 წლის 30 ივლისის Nკ-140 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2012 წლის 30 ივლისიდან.

3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის 27.07.2012წ. განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ არის დაწერილი მის მიმართ განხორციელებული იძულების, ზეწოლისა და მუქარის შედეგად. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე განმარტავდა, რომ 2012 წლის 27 ივლისს ადმინისტრაციამ, კერძოდ, მისმა უშუალო ხელმძღვანელმა - ზ. ა–მა, იგი აიძულა ხელი მოეწერა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებაზე. პალატამ აღნიშნა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადების არსებობის პირობებში მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია, ხოლო ნების ფორმირებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელის ვალდებულებაა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის მუქარას და განცხადების დაწერის იძულებას, არ დასტურდება საქმის მასალებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მიზნით მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. ამასთან, არც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასება იძლევა ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 50-ე, 85-ე-86-ე მუხლებით და მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ იძულებას (ძალადობას ან მუქარას) თავდაპირველი ან მოდიფიცირებული ფორმით, 2012 წლის 30 ივლისის შემდგომაც ჰქონდა ადგილი; მოსარჩელე სარჩელის შეტანისაგან თავს იკავებდა იმ მოტივით, რომ მისი ოჯახის წევრი - და მუშაობდა და მუშაობს მოპასუხე კომპანიაში (იხ. აგრეთვე მოწმე გ.ჯ–ის ჩვენება). სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შეფასება დამატებით იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ იძულების მიზანი და მოსარჩელის მიერ თანამდებობის დატოვების ინტერესი იმ პირის მხრიდან, რომელიც თვითონ იყო შრომითი ურთიერთობის დაწყების ინიციატორი, არ იკვეთება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხე კომპანიის 30.07.2012წ. ბრძანებას საფუძვლად დაედო თავად დასაქმებულის - მოსარჩელის პირადი განცხადება და ამასთან, არ დადასტურდა ისეთი გარემოებები, რაც ამ უკანასკნელის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძვლად შეფასდებოდა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მოიშალა არა დამსაქმებლის, არამედ - თავად დასაქმებულის ინიციატივით.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 38-ე მუხლის მე-4-მე-7 პუნქტებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ პირველად 2015 წლის 16 ივნისს მიმართა სასამართლოს და სასარჩელო წარმოება დამსაქმებლის წინააღმდეგ 2012 წლის 30 ივლისის ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დაიწყო. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2012 წლის 27 ივლისს ხელი მოაწერა თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვების განცხადების ფორმულარს და 2012 წლის 30 ივლისის შემდგომ სამსახურში აღარ გამოცხადებულა. სარჩელი კი შეიტანა 2015 წლის ივნისში. ამდენად, ცხადია, რომ მოსარჩელემ თავისი სამოქალაქო უფლება კანონით დაცულ ვადაში არ განახორციელა. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სასამართლოს გზით განხორციელებადობა გამორიცხული იყო მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის შესახებ შესაგებლის წარდგენით.

6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვდა ასევე სამოქალაქო საქმის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.09.2017წ. საოქმო განჩინების გაუქმებას და მიიჩნია, რომ აღნიშნული განჩინება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული და კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა საკასაციო საჩივარში იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად:

12.1. სასარჩელო მოთხოვნის ძირითადი სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 50-ე და 54-ე მუხლები. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ 2012 წლის 30 ივლისს დამთავრდა ზეწოლა მოსარჩელეზე. მოსარჩელე მონაწილეობას იღებდა 2012 წლის შემოდგომაზე გამართულ აქციებში და მას ზოგჯერ პირდებოდნენ სამუშაოზე აღდგენას, ხოლო ზოგჯერ შეახსენებდნენ, რომ ის არ იყო ერთადერთი ჩ–ი, რომელიც მოპასუხე კომპანიაში მუშაობდა;

12.2. განცხადებაზე ხელმოწერა ნამდვილად მოსარჩელეს ეკუთვნის, თუმცა 27 ივლისს მოაწერა ხელი თუ სხვა დროს და იცოდა თუ არა მოსარჩელემ განცხადების შინაარსი, სწორედ ეს არის სადავო;

12.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სამოქალაქო საქმის (№2/4283-13) გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ საქმეზე პირველი ინსტანციის შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც თარიღდება 2013 წლის 26 ნოემბრით, თან ერთვის სარჩელს. აღნიშნულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა განსახილველი საქმისთვის. მითითებულ საქმეში გ.ჯ–ი და მ.გ–ძე 2012 წლის 30 ივლისს დამსაქმებლის იმავე, №კ-140 ბრძანებით გათავისუფლდნენ სამსახურიდან, რომლითაც გათავისუფლებულ იქნა მოსარჩელე. სწორედ ამ ბრძანების ბათილად ცნობის გამო დაკმაყოფილდა მათი სარჩელები. შესაბამისად, დასახელებული სამოქალაქო საქმის ფარგლებში სასამართლომ ერთხელ უკვე ცნო მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ბრძანება (კ-140) არაკანონიერად. კასატორი ითხოვს ზემოაღნიშნული საქმის გამოთხოვის შუამდგომლობაზე, ასევე მითითებულ საქმეში დადგენილი ფაქტებისთვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭებაზე სასამართლოების მიერ უარის თქმის კანონიერების შემოწმებას.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ აქვს წარმოდგენილი სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ.

14. დადგენილია, რომ 2012 წლის 27 ივლისს მოსარჩელემ ხელი მოაწერა განცხადების ფორმას თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვების შესახებ (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2. ქვეპუნქტი). მოსარჩელე უთითებს, რომ ზემოაღნიშნულ განცხადებას ხელი მოაწერა მის მიმართ განხორციელებულ იძულების შედეგად (იხ. სარჩელი, ტ. 1, ს.ფ. 4) [სსკ-ის 85-ე მუხლი: გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან].

15. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების მოშლის მიმართ ვრცელდება ბათილობისა და შეცილების ზოგადი საფუძვლები. ამასთან, მტკიცების ტვირთი ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ განცხადებას სადავოდ ხდის. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ნების ფორმირებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელის ვალდებულებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-649-616-2014, 5 ნოემბერი, 2014 წელი; სუსგ № ას-147-139-2017, 18 დეკემბერი, 2017 წელი). ამასთან, მხარემ, რომელიც აპელირებს გარიგების იძულებით დადებაზე, უნდა ამტკიცოს კიდეც მისი წინაპირობები, თუმცა, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს იმას, რომ იძულების ხასიათი საკმარისია „ნების მოდრეკისათვის“, მეორე მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ნების გამოხატვა იძულების შედეგი არ იყო და, გამონაკლისის სახით, გამომხატველის თავისუფალ გადაწყვეტილებას ემყარებოდა (იხ. სუსგ საქმე №ას-415-398-2016, 23 აგვისტო, 2017 წელი).

16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელის 27.07.2012წ. განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ არის დაწერილი მის მიმართ განხორციელებული იძულების, ზეწოლისა და მუქარის შედეგად (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დასაბუთებული პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია.

17. ამასთან, მოსარჩელეს დაცული არ აქვს შეცილების ერთწლიანი ვადა [იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან], რომელიც სასამართლოს მხრიდან სავალდებულო შემოწმებას დაქვემდებარებული საკითხია და სამართლის თეორიაში ე.წ სასამართლო შესაგებლის სახელითაა ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულება უფლების განგრძობადი დარღვევაა. კანონი შეცილების ვადის ათვლის საკითხს უკავშირებს იძულების დამთავრების მომენტს, რადგან შედეგის მიღწევის შემდეგ ის პირი, რომელმაც განახორციელა იძულებითი სახით ზემოქმედება, შეიძლება აღარ ახორციელებდეს აქტიურ მოქმედებებს, მაგრამ, ამასთან ერთად, კვლავ არსებობდეს ზემოქმედების საფრთხე. ამიტომ, შეცილების ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს მხარის პიროვნული გათავისუფლების მომენტიდან, როდესაც იგი ფიქრობს, რომ მის მიმართ აღარ არსებობს რეალური საფრთხე, რომელსაც მის მოქმედებებზე ზემოქმედება შეუძლია.

19. გარიგების დადების მომენტი, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს იძულების დამთავრების მომენტს, თუმცა, სამართლის თეორიაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგების დადებიდან ერთ წელზე მეტია გასული და შემცილებელი აპელირებს იმ ფაქტზე, რომ იძულება გარიგების დადების შემდეგაც გრძელდებოდა, ოღონდ არა თავდაპირველი, არამედ მოდიფიცირებული ფორმით, მაშინ ამ მოდიფიცირებული მუქარის მტკიცების ტვირთი ისევ შემცილებელზე გადადის (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2017 წელი, გვ. 528).

20. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია მოსარჩელის მიერ სამსახურის დატოვებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, ხოლო მან ვერ დაადასტურა, რომ სადავო განცხადებაზე ხელმოწერის შემდგომ მის მიმართ ისევ გრძელდებოდა იძულება ან მუქარა.

21. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია.

22. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 სექტემბრის საოქმო განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სამოქალაქო საქმის (№2/4283-13) გამოთხოვის თაობაზე, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისთვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების საკითხს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ [სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი]. წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (იხ. სუსგ საქმე №ას-58-56-2016, 26 თებერვალი, 2016 წელი)

23. განსახილველ შემთხვევაში №2/4283-13 სამოქალაქო საქმეში მონაწილე მხარეს არ წარმოადგენდა მოსარჩელე და, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს, სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვერ ექნება პრეიუდიციული მნიშვნელობა განსახილველი საქმისთვის. გამომდინარე აქედან, მოსარჩელის შუამდგომლობას სამოქალაქო საქმის (№2/4283-13) გამოთხოვის თაობაზე მართებულად ეთქვა უარი [სსსკ-ის 104.1. მუხლი: სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ].

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. საკასაციო პალატა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე [სსსკ-ის 408.3 მუხლი: საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს]. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.

26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. გ.ჩ–ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. გ.ჩ–ს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 31 ოქტომბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი