Facebook Twitter

საქმე №ას-1335-2019 7 ივლისი, 2021 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – თ.ბ–ი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში), ზ.ს–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (ძირითად სარჩელში), ხელშეკრულებების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით თ.ბ–ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და ზ.ს–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება (რომლითაც სს ,,ს.ბ–ის” (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2011 წლის 08 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ №GAI020271 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის №SBI020274 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 139889.28 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 133888.07 აშშ დოლარი, პროცენტი - 5810.43 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 190.78 აშშ დოლარი; მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2011 წლის 08 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ №GAI020271 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი სამომხმარებლო კრედიტის №GAI020271-2826509 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 29643.28 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 28287.49 აშშ დოლარი, პროცენტი - 1280.14 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 75.65 აშშ დოლარი. თავდები პირის - მეორე მოპასუხის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობაა 66000 აშშ დოლარი; დადგინდა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული და ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, .........., ს/კ N........, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან; პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი ბანკის მიმართ 2011 წლის 8 ივნისის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების №GAI020271 შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულების და პირველ მოპასუხესა და ბანკს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების №SAI020272 ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა) და ამავე სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინება (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ).

2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით, ბანკის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

3. სააპელაციო პალატის მითითებით, ზემოაღნიშნული განჩინება ემყარება იმ დასაბუთებას, რომ, ვინაიდან 2018 წლის 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) გამოცხადებული იყო და მხარეთა ახსნა-განმარტებაც მოსმენილი იქნა, არ არსებობდა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი. განჩინების თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე სასამართლო სხდომაზე საერთოდ არ ცხადდება და უარს ამბობს მის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნაზე.

4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება. კერძოდ, დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას 2018 წლის 20 აპრილის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა საოქმო განჩინებით გადაიზარდა მთავარ სხდომაში, რა დროსაც სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები, როგორც მის ძირითად სარჩელზე, ასევე მოწინააღმდეგე მხარის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით. მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო - შეგებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. დადგენილია, რომ სხდომა შეწყდა ძირითად სარჩელზე მოპასუხის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდგომ. საქმის განხილვა გადაიდო მხარეთა შეკითხვების ეტაპიდან (იხ. ტ.1, ს.ფ. 169-181).

5. სააპელაციო პალატის მითითებით, ცალსახად დადასტურებულია, რომ მოსარჩელე დაინტერესებული იყო ფაქტების სრული და ყოველმხრივი განხილვით მომხდარიყო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა, რითაც ის იმედოვნებდა სარჩელის დასაბუთებას, შეგებებული სარჩელის არგუმენტებისგან თავის დაცვას და იმავდროულად გამოხატავდა უარყოფას შეგებებული სარჩელით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომის მიმართ. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების წინმსწრები, პირველი ინსტანციის სასამართლოს 31.07.2018წ. საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

6. პირველი მოპასუხის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიციაზე. კერძოდ, მისი განმარტებით, მისთვის მხოლოდ ბანკის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სადავო საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები ითვალისწინებდა ისეთ დანაწესებს, რაზეც მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების სტადიაზე შეთანხმება არ მომხდარა. აღმოჩნდა, რომ დავის შემთხვევაში ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას. გარდა ამისა, იპოთეკის ხელშეკრულებაში არსებობს ბუნდოვანი ჩანაწერი იპოთეკის საგნის რეალიზაციის წესზე, სადაც ნახსენებია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი, რაზეც ასევე არ ყოფილა მხარეთა შეთანხმება, ასევე არ ყოფილა საუბარი, რომ იპოთეკის საგნის გასხვისების შემთხვევაში საჭირო იყო ბანკის თანხმობა. გარიგებების დადების დროს ბანკმა (ე.წ. ძლიერმა მხარემ) მოატყუა პირველი მოპასუხე. თუ ამ გარემოებათა შესახებ იგი იქნებოდა ინფორმირებული, არცერთი ზემოაღნიშნული ხელშეკრულება არ დაიდებოდა.

7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტები მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. სასამართლოს მითითებით, პირველი მოპასუხე აპელირებდა მოტყუების ფაქტზე, თუმცა შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია. სასამართლოს შეფასებით, იმ დოკუმენტებში, რომლებსაც პირველმა მოპასუხემ ხელი მოაწერა, დეტალურად და გარკვევით არის აღწერილი გარიგების შინაარსი. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა დოკუმენტში აღწერილი და მის მიერ გამოსავლენი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა და გარემოება იმის შესახებ, რომ მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულების დათქმები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული.

8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. 2011 წლის 08 ივნისს ბანკს, ც.მ–სა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება NGAI020271, რომლის თანახმად, კლიენტი ბანკისაგან იღებდა მომსახურების პაკეტს, რომელიც მოიცავდა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებით ბანკის შემდეგი მომსახურებით სარგებლობას: საკრედიტო ხაზით დადგენილი ვადის, ასათვისებელი კრედიტის ლიმიტის და შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის ფარგლებში ხაზის მომსახურების მიზნით დადებული საბანკო კრედიტები – იპოთეკური კრედიტები (რაც გაფორმდებოდა შესაბამისი ხელშეკრულებებით); სამომხმარებლო კრედიტი; პლასტიკური ბარათი და სხვ.;

8.2. 2011 წლის 08 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ NGAI020271 ხელშეკრულებიდან და მის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ამავე დღეს, 2011 წლის 08 ივნისს, ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება NSAI020272, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ს/კ N......(იხ. ტ.1, ს.ფ. 13-22);

8.3. 2011 წლის 08 ივნისს, ერთი მხრივ, ბანკს და, მეორე მხრივ, პირველ მოპასუხეს, ც.მ–სა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ NGAI020271 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება SBI020274, რომლის ფარგლებშიც გაიზარდა თანამსესხებელთა წრე და მსესხებელზე გაიცა კრედიტი, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 160 000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა - 180 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 12%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0.5%;

8.4. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდებოდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ყველა პირობა (იხ. ტ.1, ს.ფ 25-30);

8.5. 2015 წლის 29 მაისს ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა 2011 წლის 08 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ NGAI020271 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება NGAI020271-2826509, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე კრედიტის სახით გაიცა 33000 აშშ დოლარი, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა - 60 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 13%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0.5%;

8.6. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდებოდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ყველა პირობა (იხ. ტ.1, ს.ფ 31-34);

8.7. 2011 წლის 8 ივნისს საბანკო მომსახურების შესახებ NGAI020271 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი 29.05.15წ. სამომხმარებლო კრედიტის NGAI020271-2826509 ხელშეკრულებით, ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად მეორე მოპასუხე სოლიდარულ თავდებად დაუდგა მოვალე პირველ მოპასუხეს. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 60000 აშშ დოლარით (იხ ტ.1, ს.ფ 35-36).

8.8. მოპასუხეებმა დაარღვიეს SBI020274 იპოთეკური კრედიტისა და NGAI020271-2826509 სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი კრედიტის დაფარვის ვალდებულებები:

8.8.1. სარჩელის წარდგენის მომენტისათვის მოპასუხეთა ფინანსური დავალიანება ბანკის მიმართ SBI020274 იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 141 606.37 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 133 888.07 აშშ დოლარი, პროცენტი - 5 810.43 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1 907.87 აშშ დოლარი;

8.8.2. NGAI020271-2826509 სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 30 356.16 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 28 287.49 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 280.14 აშშ დოლარი, ჯარიმა - 756.53 აშშ დოლარი და საკომისიოს (სხვა გადასახ.) ოდენობა - 32 აშშ დოლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 37; 60);

8.8.3. მსესხებლის მიერ 08.06.11წ. იპოთეკურ სესხზე ჯამურად გადახდილი თანხა შეადგენს 110 594.38 აშშ დოლარს (ძირი - 26 111.93 აშშ დოლარი, პროცენტი - 81 950.41 აშშ დოლარი, ჯარიმა - 2 532.04 აშშ დოლარი), 29.05.15წ. სამომხმარებლო სესხზე - ჯამურად დაფარული თანხის ოდენობაა 9 042.49 აშშ დოლარი (ძირი - 4 712.51 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 312.43 აშშ დოლარი, ჯარიმა - 17.55 აშშ დოლარი) (იხ. ტ.1, ს.ფ.60).

9. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებით პირგასამტეხლო მხარეებმა განსაზღვრეს ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0.5%-ის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ მითითებული ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლომ შეამცირა 0.05%-მდე, რაც პალატის შეფასებით, დარღვევის თანაზომიერია და არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს 2 522.89 დოლარის 10-ჯერ შემცირებისა და დარჩენილი თანხის 2 270.69 დოლარის (2522.89-252.2=2270.69) დავალიანების ძირი თანხისთვის გამოკლების შესახებ, დაუსაბუთებლად მიიჩნია.

10. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხეთა მითითება, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება დავალიანების მოცულობას და შეადგენს 200 000 აშშ დოლარს, თუმცა ბანკი მაინც უარს აცხადებს მოთხოვნილი თანხის სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღოს იპოთეკის საგანი, რაც არ ექცევა კეთილსინდისიერების ფარგლებში. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული სწორედ მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენს და სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაავალდებულოს ხელშეკრულების მხარე განახორციელოს ასეთი მოქმედება. ამასთან, დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იქნა დატვირთული პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად კი, კრედიტორი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული კონკრეტული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

14. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

16. საკასაციო საჩივრის თანახმად:

16.1. პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელის განხილვა 2018 წლის 20 აპრილის სხდომაზე არ დაწყებულა. 20 აპრილის სხდომა დასრულდა ბანკის ახსნა-განმარტებით თავის სარჩელთან დაკავშირებით. ვინაიდან შეგებებულ მოსარჩელეს შეგებებულ სარჩელზე ახსნა-განმარტება არ მიუცია, პროცესუალურად ვერც ბანკის წარმომადგენელი მისცემდა ახსნა-განმარტებას შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით. 8 ივნისის სხდომაზე ბანკის წარმომადგენელი არ გამოცხადებულა. მოპასუხე კი შუამდგომლობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. იმის გათვალისწინებით, რომ შეგებებულ სარჩელზე მხარეებს ახსნა-განმარტება არ ჰქონდათ მიცემული, ცხადია, მოსამართლეს უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რომელიც თავისთავად გამორიცხავდა თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებას. ამრიგად, 2018 წლის 8 ივნისს გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი;

16.2. იმის გამო, რომ ხელშეკრულებები შედგენილი იყო წვრილი შრიფტით, მასში არსებული დებულებები ლოგიკურად არ ებმის ერთმანეთს და არის საგანგებოდ არეულ-ჩახლართული, რათა გაუთვითცნობიერებელმა მხარემ ვერ შეძლოს მისი აღქმა, მოპასუხე მხარემ მისთვის მიუღებელი ჩანაწერების შესახებ შენიშნა მხოლოდ სასამართლო დავის დაწყების შემდეგ, კერძოდ, იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებები ითვალისწინებდა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემას, იპოთეკის საგნის რეალიზაციის განსხვავებულ წესს, დაუყოვნებლივ აღსრულებას, იპოთეკის საგნის გასხვისებისას ბანკის თანხმობას;

16.3. ბანკმა, როგორც ხელშეკრულების ძლიერმა მხარემ, მოპასუხეს არ განუმარტა ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი პირობები, მოატყუა მოპასუხე მხარე და არ აცნობა ამ მუხლების თაობაზე, რის გამოც ხელშეკრულებები ბათილია;

16.4. პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი - 0,5%. სესხის გაცემიდან დღემდე მოპასუხეს, პირგასამტეხლოს სახით, გადახდილი აქვს 2522,89 აშშ დოლარი. ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ უკვე გადახდილი ჯარიმა შეამცირა 10-ჯერ და შემცირებული თანხა ჩაუთვალა მოპასუხეს ძირითად თანხაში გადახდილად. შესაბამისად, პირველი მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლო 2522,89 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 10-ჯერ, რაც შეადგენს 252,2 ლარს და დარჩენილი თანხა ანუ 2270,69 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს ძირ დავალიანებას;

16.5. მოპასუხე ბანკს სთავაზობს, მის მიერ მოთხოვნილი 172 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრებაში წაიღოს 240 000 აშშ დოლარის ღირებულების იპოთეკის საგანი, მაგრამ ბანკი უარს აცხადებს, რაც წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

17. განსახილველ შემთხვევაში კასატორები სადავოდ ხდიან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განჩინებას, რომლითაც გაუქმდა ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

18. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას 2018 წლის 20 აპრილის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა საოქმო განჩინებით გადაიზარდა მთავარ სხდომაში, რა დროსაც სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები, როგორც მის ძირითად სარჩელთან, ასევე მოწინააღმდეგე მხარის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით. მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარდგენილ სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. დადგენილია, რომ სხდომა შეწყდა ძირითად სარჩელზე მოპასუხის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდგომ. საქმის განხილვა გადაიდო მხარეთა შეკითხვების ეტაპიდან (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია) (იხ. სუსგ საქმე №ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან 2018 წლის 8 ივნისის მთავარ სხდომაზე გრძელდებოდა 2018 წლის 20 აპრილს დაწყებული მთავარი სხდომა, რომელზეც სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები, როგორც მის ძირითად სარჩელთან, ასევე მოწინააღმდეგე მხარის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მას არ ჰქონდა დაკარგული ინტერესი მოცემული დავის მიმართ და სასამართლოს უნდა მიეღო არა დაუსწრებელი, არამედ - საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე გადაწყდებოდა არსებითად (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-355-607-08, 15 სექტემბერი 2008წ). გამომდინარე აქედან, კასატორების პრეტენზია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განჩინების უკანონობის თაობაზე უსაფუძვლოა.

21. რაც შეეხება მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირების საკითხს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს უფლებამოსილებას ანიჭებს თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

22. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მხარეები გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოზე უნდა შეთანხმდნენ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას, ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას ისინი ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს. პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე. ამასთან, იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იყოს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე, ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია.

23. გარდა ამისა, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს გადახდილი მოვალის მიერ. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნა ეფუძნება სწორედ იმას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შესასრულებლად მძიმეა მოვალისათვის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით იხდის პირგასამტეხლოს, ამ გადახდით იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა მას შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად არ მიაჩნია (იხ. სუსგ საქმე №ას-1634-2019, 04 მარტი, 2020 წელი). ერთ ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ, ასევე, განმარტა შემდეგი: „რაც შეეხება უკვე გადახდილ პირგასამტეხლოს, ამ ნაწილში პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ ნებაყოფლობით გადახდილი პირგასამტეხლო, რომლითაც შესაბამის ნაწილში ნაწილობრივ შეწყდა ვალდებულება (სკ-ის 427-ე მუხლი), ხოლო, მოვალეს ამ თანხის გადახდისას სადავო არ გაუხდია შესრულება და/ან არ დაუტოვებია მისი შედავების უფლება, არ ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლებში შემცირებას“ (იხ. სუსგ საქმე №ას-1119-2018, 23 მარტი, 2020 წელი). საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას თანაბრად უნდა იქნეს დაცული როგორც კრედიტორის, ისე მოვალის უფლებები. არ შეიძლება კრედიტორის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის ხარჯზე მოვალის უფლებებისა და ინტერესების გადაჭარბებული დაცვა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა მოვალე ნებაყოფლობით, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად იხდის პირგასამტეხლოს, დაუშვებელია მისი უკან დაბრუნების (სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად) მოთხოვნის უფლების აღიარებით კრედიტორის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ მას მუდმივად ან, თუნდაც, განსაზღვრული დროით, ჰქონდეს მოლოდინი იმისა, რომ მოვალემ შესაძლოა სასამართლოსადმი მიმართვის გზით უკან დაიბრუნოს უკვე გადახდილი პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-1178-2019, 30 ოქტომბერი, 2020 წელი).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირებისა და სესხის ძირითად თანხაში ჩათვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და ამ მხრივ კასატორთა შედავება ვერ იქნება გაზიარებული.

25. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე პირველი მოპასუხის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს ჰქონდა მის მიერ ხელმოწერილ გარიგებებში აღწერილი და მის მიერ გამოსავლენი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა, ამასთან, მითითებული გარიგებების მოტყუებით დადების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია და არც სათანადო გარემოებებზე მიუთითებია, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად ეთქვა მას უარი სადავო ხელშეკრულებების ბათილობაზე.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საკასაციო სასამართლოს განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ბ–ისა და ზ.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. თ.ბ–სა (პ/ნ: .......) და ზ.ს–ს (პ/ნ: ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროთ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი