Facebook Twitter

საქმე №ას-555-2019 09 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები _ ნ.ხ–ძე, პ.ჯ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ე.კ...“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით და უსწორობის გასწორების შესახებ ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით ნ.ხ–ძისა (შემდგომში – „პირველი მოპასუხე“) და პ.ჯ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება შპს „ე.კ...“-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის - 2844 ლარისა და 63 თეთრის და სარგებლის - 739 ლარისა და 60 თეთრის ანაზღაურება.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2016 წლის 27 სექტემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს - მოვალეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოვალისათვის 9200 ლარის ფარგლებში სესხის გაცემის ვალდებულება იკისრა. თავის მხრივ, მოვალემ მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა 2004 წელს გამოშვებული „JEEP CHEROKEE“-ის მარკის ავტომობილი;

2.2. 2016 წლის 27 სექტემბერს მხარეთა შორის 5570 ლარზე სესხის ხელშეკრულება დაიდო, თუმცა გასაცემი თანხა ე.წ. სესხის გაცემის საკომისიოს - 230 ლარს და ე.წ. სესხის პროცესინგის საკომისიოს - 200 ლარს მოიცავდა. ე.ი. რეალურად მოსარჩელემ მოვალეს 5320 ლარი გადასცა. სესხის ხელშეკრულება დაიდო 18 თვის ვადით. სესხით სარგებლობისათვის მოვალეს ყოველთვიურად 6% სარგებელი უნდა გადაეხადა.

2.3. ვალდებულების უზრუნველსაყოფად 9200 ლარის ფარგლებში სოლიდარული თავდებობა იკისრა მეორე მოპასუხემ (თავდები);

2.4. მოვალემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც 2017 წლის 7 ივნისს მოსარჩელემ დაგირავებული ავტომობილი 4600 ლარად გაასხვისა. მოვალის მიერ ვადის გადაცილების ფაქტი მოსარჩელეს თავდებისათვის არ უცნობებია;

2.5. ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან 2491,26 ლარი მოსარჩელემ ჩათვალა გადასახდელი სარგებლის ანგარიშში, 1659,74 ლარი - ძირითადი თანხის ანგარიშში, ხოლო 450 ლარი - ავტომობილის ძებნის, ევაკუატორისა და სადგომის ხარჯის ანგარიშში;

2.6. მოსარჩელემ მოპასუხეებისათვის სესხის ძირითადი თანხის - 4090,26 ლარის, სარგებლის - 2126,93 ლარისა და ავტომობილის შეფასებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 623-ე და 625-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა მოსარჩელის მიერ გირავნობის საგნის მის ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გასხვისების ფაქტი. სასამართლოს მოსაზრებით, ასეც რომ ყოფილიყო, სსკ-ის 283.1. მუხლიდან გამომდინარე, გირავნობის საგნის არასამართლიან და არაგონივრულ ფასად რეალიზაციის შემთხვევაში, მოგირავნეს დამგირავებლის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა. მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი არ აღუძრავთ. გამომდინარე აქედან, პალატამ დაადგინა, რომ მოვალეს მოსარჩელის მიმართ ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა და ამიტომ მას სესხის დარჩენილი თანხა და სარგებელი უნდა გადაეხადა.

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 891.1., 895-ე, 465-ე და 469-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მეორე მოპასუხე მოსარჩელის წინაშე მოვალეს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, სოლიდარულ თავდებად დაუდგა. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ვალდებულების შესრულება როგორც მოვალის, ისე თავდებისგანაც მოეთხოვა. მართალია, სსკ-ის 902-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოვალის მიერ ვადის გადაცილება კრედიტორს თავდებისათვის უნდა ეცნობებინა, თუმცა, ამ პირობის დარღვევის გამო, მან თავდების მიმართ არა ვალდებულების შესრულების, არამედ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დაკარგა. მოსარჩელემ თავდებისაგან სესხის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულების შესრულება მოითხოვა. გამომდინარე აქედან, 902.1. მუხლით გათვალისწინებული პირობის დარღვევა თავდებს მოსარჩელის მიმართ არსებული ამ ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს. თუმცა, რადგან მოვალის მიერ ვადის გადაცილების თაობაზე მოსარჩელემ თავდები არ გააფრთხილა, 902.2. მუხლის მიხედვით, თავდები ავტომობილის შეფასებისათვის საჭირო 100 ლარის გადახდის, ე.ი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლდა.

5. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მოპასუხეთა მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეცდომით განსაზღვრა. სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ გაცემული სესხის ყოველთვიური სარგებელი სესხის თანხის 6%-ს, ე.ი. წლიურ 72%-ს შეადგენდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინებაზე (საქმე №663-629-2015), ასევე სსკ-ის 625.2. (რომლითაც დადგინდა წლიური სარგებლის მაქსიმალური ოდენობა), 62-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სარგებელი საქართველოში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ნაწილობრივ უცილოდ ბათილია, ხოლო ამ ნორმის შესაბამისად, ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს სესხის სარგებლის განსაზღვრა ყოველთვიური 3%-ის ოდენობით.

6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ავტომობილის რეალიზაცია 2017 წლის 7 ივნისს მოახდინა და მიღებული თანხიდან 2491,26 ლარი საპროცენტო სარგებელში ჩათვალა. სასამართლოს მოსაზრებით, რადგან სამართლიანი სარგებლის ოდენობა შეთანხმებული პროცენტის ნახევრით განისაზღვრა, ზედმეტად მიღებული თანხა ძირითად ვალს უნდა გამოკლებოდა. გამომდინარე აქედან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა ძირითადი დავალიანება მოსარჩელის მიმართ 5750-2491,26/2-1659,74=2844,63 ლარს შეადგენს, ხოლო ავტომობილის რეალიზაციის დღიდან სარჩელის აღძვრამდე, ე.ი. 2018 წლის 27 თებერვლამდე გადასახდელი სარგებელი კი 2844,63X3%X8+2844,63X3%/30X20=739,6 ლარია.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა სსკ-ის 54-ე მუხლი, რასაც შედეგად მცდარი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 276.2. მუხლით, ასევე „საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის“ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი პასუხს აგებდა მთელი თავისი ქონებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხეთა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. სასამართლომ პირველ მოპასუხეს არ მისცა მტკიცებულებების წარმოდგენის, მოწმეთა დაკითხვის საშუალება შესაგებლის წარუდგენლობის გამო. იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, შეზღუდული იყო მხოლოდ სამართლებრივი შეფასების უფლებით. სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც პირველ მოპასუხეს არ განუსაზღვრა შესაგებლის წარდგენის ვადა;

14.2. სასამართლომ არასწორად იმსჯელა თავდებთან დაკავშირებითაც, რადგან ხელშეკრულებით პირდაპირ იყო გათვალისწინებული თავდებობის პირობები. საკრედიტო დაწესებულებას აუცილებლად უნდა ეცნობებინა თავდებისთვის ყველა ქმედების თაობაზე.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს [სსსკ-ის 201.1. მუხლი]. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა [სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები].

16. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (იხ. სუსგ საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).

17. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები პირადად ჩაბარდა და განესაზღვრა 10-დღიანი ვადა შესაგებლის წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 78, 66), თუმცა მას პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია, რაც, თავდების მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობას წარმოადგენდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი მოპასუხის მიმართ არ არის დარღვეული საპროცესო ნორმები.

18. რაც შეეხება მეორე მოპასუხის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მასთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სსკ-ის 902-ე მუხლის ნორმები.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ხ–ძისა და პ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ნ.ხ–ძეს (პ.ნ. ......) და პ.ჯ–ძეს (პ.ნ .......) დაუბრუნდეთ ნ.ხ–ძის მიერ 2019 წლის 24 მაისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი