№ას-1104-2023 25 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შ.მ–ი, შპს „ს–ი“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოპასუხეები - თ.ჯ–ძე, დ.ბ–ძე, შპს „გ....“, შპს „მ–ია“, ლ.ს–ი, ლ.პ–ი, ქ.ვ–ძე, შპს „ჭ–ი“, ლ.მ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე) სარჩელი წარადგინა შ.მ–ის, შპს „ს–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ და „მეორე მოპასუხე, ერთობლივად „მოპასუხეები“, „კასატორები“), თ.ჯ–ძის, დ.ბ–ძის, შპს „გ....“-ის, შპს „მ–იას“, ლ.ს–ის, ლ.პ–ის, ქ.ვ–ძის, შპს „ჭ–ის“, ლ.მ–ძის მიმართ და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.03.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 22.05.2019 წლის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და წარმოება განახლდა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.02.2021 წლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ.: განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 206-213). განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს პირველმა და მეორე მოპასუხემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად (მოპასუხეებთან თ.ჯ–ძესთან, შპს "გ.... "-სთან, შპს "მ–იასთან" ლ.ს–თან, ლ.პ–თან, ქ.ვ–ძესთან, შპს "ჭ–თან" და ლ.მ–ძესთან ერთად) 888 268,39 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი);
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად (მოპასუხეებთან - თ.ჯ–ძესთან, შპს "გ.... "-სთან, შპს "მ–იასთან" ლ.ს–თან, ლ.პ–თან, ქ.ვ–ძესთან, შპს "ჭ–თან" და ლ.მ–ძესთან ერთად), დაკისრებული დავალიანების ძირ თანხაზე - 945 000 აშშ დოლარზე, პირგასამტეხლოს - 0,5%-ის გადახდის დაკისრების ნაწილში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4725 აშშ დოლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე/დავალიანების დაფარვამდე; (თავდებების მიმართ არაუმეტეს 2 000 000 აშშ დოლარისა) (სარეზოლუციო ნაწილის 1.3. პუნქტი);
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად (მოპასუხეებთან - თ.ჯ–ძესთან, შპს "გ.... "-სთან, შპს "მ–იასთან" ლ.ს–თან, ლ.პ–თან, ქ.ვ–ძესთან, შპს "ჭ–თან" და ლ.მ–ძესთან ერთად), დაკისრებული დავალიანების ძირ თანხაზე 945 000 აშშ დოლარზე, საპროცენტო სარგებლის -11%-ის გადახდის ნაწილში, რაც ყოველთვიურად შეადგენს 8662,5 აშშ დოლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე/დავალიანების დაფარვამდე (თავდებების მიმართ არაუმეტეს 2 000 000 აშშ დოლარისა) (სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი);
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოპასუხეების დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში:
- პირველი მოპასუხის (პ/ნ ......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბათუმი, დასახლება გონიო, 496 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .....
- პირველი მოპასუხის (პ/ნ .....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ოზურგეთი, ........ 1200 კვ/მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .......
- მეორე მოპასუხის (ს/კ ......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბათუმი, ........., ფართი 180.70კვ/მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .......
- მეორე მოპასუხის (ს/კ ......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბათუმი, ......, ფართი 45კვ/მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .....
- თ.ჯ–ძის (პ/ნ ......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, ........., ბლოკი ბ. ფართი 142 კვ/მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ........
- თ.ჯ–ძის (პ/ნ ......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, ........ მიწის ნაკვეთი 348კვ/მ და შენობა აგებობა საერთო ფართით 181.4კვ/მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .....; თ.ჯ–ძის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იწის ნაკვეთი 2530 კვ/მ, მდებარე .... ს/კ. N......;
- დ.ბ–ძის (პ/ნ.......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დასახლება ........ 1506კვ/მ სასოფლო-სამეურნეო ანიშნულების მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .......
- თ.ჯ–ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ........, 126,70 კვ/მ. ს/კ. .......;
- თ.ჯ–ძის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ბინა, მდებარე .თბილისში, ........ კვ/მ ს.კ. ........; პუნქტი 1.4.).
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეების დავალიანების დაფარვის მიზნით, აღსრულების (მოვალეთა სხვა უძრავ-მოძრავ ქონებებზე მიქცევის ნაწილში (პუნქტი 1.5.);
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის დაკისრების ნაწილში (პუნქტი 2);
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში. სამოქალაქო საქმე მოპასუხეების მიმართ, მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების (სოლიდარულად) და იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 249-266).
განჩინებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს როგორც მოსარჩელემ, ისე პირველმა და მეორე მოპასუხეებმა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.09.2023 წლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. იმავე დღეს მიღებულ იქნა განჩინება მოპასუხეების საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ. კასატორებს მიეცათ 10 დღე მის შესავსებად (იხ.: ტ.3, ს.ფ. 302-310).
5. კასატორებმა 14.12.2023 წელს (საფოსტო განყოფილებაში ჩაბარების თარიღი - 21.11.2023 წელი) წარმოადგინეს განცხადება, რომლითაც უარი განაცხადეს საკასაციო საჩივარზე (ტ3, ს.ფ.344-345).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.
7. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
8. კასატორების უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე (იხ.: განცხადება, ტ.3, ს.ფ.344; მინდობილობები, ტ.3, ს.ფ.21-26).
9. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-712-2020, 04.03.2021 წელი; №ას-1238-2022, 04.10.2022 წელი).
10. კასატორებმა განაცხადეს, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობენ უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მათ განახორციელეს სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან კასატორებმა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეავსეს და განაცხადეს უარი საკასაციო საჩივარზე, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ამდენად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-1238-2022, 04.10.2022; №ას-1225-2023, 03.11.2023). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 284-ე, 285-ე, 396.4 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.მ–ისა და შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2022 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე