Facebook Twitter

საქმე №ას-14-2024 27 თებერვალი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.12.2023 წლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განჩინების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ.ჯ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი გ.ნ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „პირველი მოპასუხე“) და ა.ლ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული როგორც „მოპასუხეები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისში, ..... (ყოფ. ......), ....... (ს/კ: ......), გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მისი მოსარჩელისათვის გადაცემა. გადაწყვეტილებაზე 21.09.2021 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართეს პირველმა მოპასუხემ და ი.მ–ძემ.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.08.2023 წლის განჩინებით პირველი მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; მოპასუხე მხარეს შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა; ი.მ–ძის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.08.2023 წლის განჩინება ამავე სასამართლოს 13.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.10.2023 წლის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.08.2023 წლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მეორე მოპასუხის მიმართ და მას განესაზღვრა შესაგებლის წარდგენისათვის ვადა; გასაჩივრებული განჩინება პირველი მოპასუხის მიმართ დარჩა უცვლელი.

პალატის მითითებით, მეორე მოპასუხეს არ მოუთხოვია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. შესაბამისად, მეორე მოპასუხის მიმართ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2023 წლის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.10.2023 წლის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

საკასაციო პალატის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 23.10.2023 წელს მიღებული განჩინება წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.

7. 12.12.2023 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტების თაობაზე განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების III რანგის II კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა (აღსრულების პოლიციელმა) გიორგი იოსებაშვილმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „აღმასრულებელი“).

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.12.2023 წლის განჩინებით აღმასრულებლის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.10.2023 წლის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.10.2023 წლის განჩინებით ცალსახად დგინდება, რომ პირველი მოპასუხის მიმართ გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მოპასუხის მიმართ კი აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

8.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი, ორაზროვანი და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება არ ექმნება. ბუნდოვანებისა და ორაზროვნების შესახებ არ უთითებს არც განმცხადებელი. შესაბამისად, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.10.2023 წლის განჩინების განმარტების საჭიროება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.12.2023 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აღმასრულებელმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განჩინების განმარტება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით აღმასრულებლის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

12. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). დასახელებული ნორმის მიხედვით, სარჩელი შეიძლება განუხილველად დარჩეს იმის შემდეგაც, რაც მიიღება წარმოებაში. აღნიშნული დასაშვებია, თუ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი ცნობილი გახდება სარჩელის ან სხვა სახის საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ. კანონის აღნიშნული დანაწესი ვრცელდება კერძო საჩივრის მიმართაც, ვინაიდან ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სუსგ №ას-3-2023, 18.01.2023წ.).

13. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.10.2023 წლის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.08.2023 წლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მეორე მოპასუხის მიმართ და მას განესაზღვრა შესაგებლის წარდგენისათვის ვადა; გასაჩივრებული განჩინება პირველი მოპასუხის მიმართ დარჩა უცვლელი (ტ. 2, ს.ფ. 221-230). ანუ, საბოლოოდ, წარმოება განახლდა პირველი მოპასუხის მიმართ, მეორე მოპასუხის ნაწილში კი არ გაბათილდა კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.12.2023 წლის განჩინებით აღმასრულებლის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.10.2023 წლის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა განჩინების საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანის გზით გასაჩივრების უფლება (ტ. 2, ს.ფ. 270-273).

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.10.2023 წლის განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.12.2023 წლის განჩინებაზე აღმასრულებელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა კერძო საჩივარი.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

17. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

18. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება (შდრ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ; №ას-1587-2019, 04.11.2019წ; №ას-478-2020, 03.07.2020წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ; შდრ. ასევე სუსგ №ას-1007-2018, 23.07.2018წ; № ას-134-2021, 22.02.2021წ; №ას-12-2022, 17.01.2022წ.).

19. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე ყოველგვარი წარმოება სრულდება სააპელაციო ინსტანციაში და კერძო საჩივარზე წარმოების ფარგლებში მიღებული მეორე ინსტანციის განჩინებები, მაგალითად, იქნება ეს დამატებითი განჩინების გამოტანაზე უარისა თუ კერძო საჩივარზე მიღებულ განჩინებაში უსწორობის გასწორების განჩინება, დამატებით კერძო საჩივრით საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ საჩივრდება (სუსგ №ას-13-2024, 22.01.2024წ.).

დაუშვებელია ამ გზით რაიმე ცვლილება/დამატება იქნეს შეტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს (ანუ ზემდგომი სასამართლოს) განჩინებაში.

20. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარი შეეხება იმ განჩინების კანონიერებას, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში მიღებული განჩინების განმარტების შუამდგომლობა. აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმება საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან იგი წარმოადგენს კერძო საჩივარზე წარმოების ფარგლებში მიღებულ, სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.

21. ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ შეცვლის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მისი გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითება (შდრ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ.).

22. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ რომც ყოფილიყო წარმოდგენილი კერძო საჩივრის განხილვის საფუძველი, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.10.2023 წლის განჩინების განმარტების წინაპირობა. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი უშვებს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით გადაწყვეტილების განმარტებას სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.10.2023 წლის განჩინებას, უშუალოდ მისი არცერთი ნაწილი არ ექვემდებარება აღსრულებას. აღსასრულებელია მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ანუ პირველი ინსტანციის სასამართლოს) 13.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მეორე მოპასუხის მიმართ, სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი კი განმარტების თაობაზე განცხადების განმხილველ სასამართლოდ განსაზღვრავს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

23. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ.). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

24. სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 399-ე მუხლების საფუძველზე, რადგან კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სუსგ №ას-1071-1010-2015, 07.12.2015წ; №ას-3-2023, 18.01.2023წ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 399-ე, 187.2, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.12.2023 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №01987, გადახდის თარიღი 31.01.2024წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია