Facebook Twitter

საქმე № ას-1616-2023 07 თებერვალი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ე-პ.ჯ–ია“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ფ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 01 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უძრავი ქონება, მდებარე: დუშეთის რაიონი, ........, დაზუსტებული ფართობი - 900 კვ.მ., ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო (ს/კ ......) წარმოადგენს ნ.ფ–ის (შემდგომში „მოსარჩელე“) საკუთრებას. აღნიშნული ქონება მოსარჩელემ შეიძინა 2020 წლის 10 თებერვალს ნ.ნ–ძესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (ს.ფ. 14, 151). თავის მხრივ, 2005 წლის 16 თებერვალს აღნიშნული მიწის ნაკვეთი ნ.ნ–ძემ შეიძინა ნ.ი–გან, რომლის უფლების დამდგენ დოკუმენტსაც წარმოადგენს ........ს საკრებულოს მიერ 10.02.2005 წელს გაცემული ცნობა N63 (169-178).

2. 2007 წლის 29 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სს „ე პ.ჯ–იამ“ (შემდგომში „მოპასუხე“) სს „ს.გ.ს.ე–გან“ შეიძინა დუშეთის რაიონის სოფელ აში მდებარე ტრანსფორმატორი TPTF-MM42-0195-01 (ს.ფ. 129-144).

3. 2016 წელს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, მოპასუხის კუთვნილი ტრანსფორმატორი მოქცეულია მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთში.

4. სასარჩელო მოთხოვნა

ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხე სს „ე-პ.ჯ–ას“ დაევალოს გადაიტანოს ნ.ფ–ის საკუთრებიდან (მდებარე დუშეთის რაიონი სოფელი ........, ს/კ #......) სს „ე-პ.ჯ–იას“ კუთვნილი ტრანსფორმატორი.

5. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ფ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ხელშეშლის აღკვეთის მიზნით დაევალა მოპასუხე სს „ე-პ.ჯ–იას“ ნ.ფ–ის საკუთრებიდან (მდებარე დუშეთის რაიონი სოფელი ........, ს/კ #.....), სს „ე-პ.ჯ–იას“ კუთვნილი ტრანსფორმატორის გადატანა.

7. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „ე-პ.ჯ–იამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 01 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

9.1. განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9.2. წარდგენილი საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო პალატამ არაჯეროვნად შეაფასა საქმის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და შედეგად არასწორი სამართლებრივი შედეგი დააყენა. კასატორის მოსაზრებით, შეუძლებელია შესაბამისი ნორმების იმგვარად განმარტება, რომ ეჭვქვეშ დადგეს კასატორის უფლება კეთლსინდისიერი შემძენის მიმართ.

9.3. კასატორის მითითებით, სასამართლომ საკუთრების უფლების დამცავი ნორმები მხოლოდ მოსარჩელის სასრგებლოდ გამოიყენა, რითაც ხელყო მოპასუხის იგივე უფლება. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის დადგენილების“ მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა განსაკუთრებული დანიშნულების მიწები. მოცემულ შემთხვევაში კი ცალსახაა, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით არსებული და მის დაცვის ზონაში მოქცეული მიწა, არის განსაკუთრებული დანიშნულების და მისი გადაცემა მესამე პირებისთვის არ იყო გათვალისწინებული.

9.4. იგივე დანაწესია მოცემული „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით დაკავებულ და მათ სანიტარულ-ტექნიკურ ზონას მიკუთვნებულ მიწებზე. ამრიგად, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო კომპანიის საკუთრებას 2007 წლის 29 ივნისამდე, მანამ სანამ გადაეცემოდა მოპასუხე მხარეს. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ქონება ვერ იქნებოდა ფიზიკური პირების საკუთრებაში, რადგან ესაა ენერგეტიკული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მიწის ნაკვეთი. ასევე, მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნიწის ნაკვეთი ნამდვილადაა მოსარჩელის უძრავი ქონების მოსაზღვრედ, სადაც საბჭოთა კავშირის დროს განთავსდა ქვესადგური.

9.5. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ქონება შეიძინა 2020 წელს, მან იცოდა არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა აღნიშნული საკითხი არ გაუპრობლემებია. დამატებით უნდა ითქვას, რომ სასამართლომ უგულებელყო ზიანის მიყენების არარსებობის ფაქტიც. მოსარჩელის მხოლოდ ჰიპოთეტური მსჯელობა, რომ შესაძლებელია მოხდეს ავარია, არ წარმოშობს სამართლებრივად რელევანტურ დასაბუთებას იმისთვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). 10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

16. ზემოაღნიშნული დანაწესის თანახმად, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას (იხ. სუსგ №ას-25-2021, 27 აპრილი, 2021 წ.).

18. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ: სუსგ-ები: №ას-370-2023, 19 მაისი, 2023 წ; №ას-189-2023, 05 აპრილი, 2023 წ; №ას-25-2021, 27 აპრილი, 2021 წ; №ას-778-2019, 05 ივლისი, 2019 წ; № 26.10.2016წ. №ას-843-809-2016,26 ოქტომბერი, 2016 წ; №ას-1041-998-2016, 12 თებერვალი,2016 წ;).

19. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: №ას-1250-2018, 21 დეკემბერი, 2018 წ; №ას-826-2021, 17 ნოემბერი, 2021წ.).

20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთში განთავსებულია მოპასუხის ტრანსფორმატორი, ხოლო მოპასუხე ვერ ადასტურებეს მოსარჩელის მიწის ნაკვეთით სარგებლობის კანონიერ საფუძველს, პალატას საფუძვლიანად მიაჩნია სარჩელი ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციემის მსჯელობას, რომ სასარჩელო მოთხოვნა სრულად აკმაყოფილებს სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ წინაპირობებს, რამაც შექმნა სარჩელის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.

21. დამატებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილების საფუძველზე ტრანსფორმატორის გადატანის ხარჯები უნდა გაიღოს იმ მხარემ, რომელიც მის გადატანას ითხოვს.

22. აღნიშნული დადგენილების 1.3. მუხლის თანახმად: „ეს წესი გამოიყენება ელექტრული ქსელების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზების მახლობლად სამუშაოთა წარმოებისას.“ 2.1. მუხლის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებში განმარტენულია: დ) გამანაწილებელი პუნქტი – მოწყობილობათა ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება და განაწილება ერთ ძაბვაზე, გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის გარეშე და რომელიც არ შედის ქვესადგურის შემადგენლობაში; თ) მიწათმოსარგებლე – პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება. 3.6. მუხლის მიხედვით, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე დასაშვებია სასოფლო- სამეურნეო და სხვა სამუშაოების წარმოება ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. მუხლი 4.1. ა) 1. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ა) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად; მუხლი 4.14. სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების შემდეგ ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღადგინოს მიწის ან/და გზის საფარი, აანაზღაუროს ამ სამუშაოთა შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი. შესაბამისი სამუშაოს შესრულებამდე 3 დღით ადრე სამუშაოს შესრულების პირობები უნდა ეცნობოს მიწათმოსარგებლეს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. მუხლი 4.17. მიწათმოსარგებლე ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს ელექტრული ქსელის ხაზობრივ ნაგებობებთან მომსახურე პერსონალისა და ტექნიკის შეუფერხებელ მისვლას.

23. პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ დადგენილებაში არ არის დათქმა ტრანსფორმატორის გადატანის ხარჯების მოსარჩელისათვის (ანუ მოთხოვნის ავტორისათვის) დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, დასახელებული ნორმის დანაწესი მოპასუხისათვის სასურველი სამართლებრუივი შედეგის მომტანი ვერ იქნება (იხ:, სუსგ. ას-1088-1008-2017, 2017 წლის 18 ოქტომბერი).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ე-პ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ე-პ.ჯ–იას“ (ს.კ. .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება: 119000001 გადახდის თარიღი 30.11.2023;) 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე