საქმე №ას-1558-2023 9 თებერვალი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ბ.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ლ.კ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი, ბ.ბ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის და თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 ლარის გადახდა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების ½ ნაწილის სახით, 11500 ლარიდან 4500 ლარის ანაზღაურებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელის მოთხოვნა ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 21 000 ლარის ½ ნაწილის - 10500 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე, სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების სახით დაკისრებულ 6000 ლარზე დარჩენილი ნაწილის 4500 ლარის გადახდა. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2017 წლის 29 აპრილიდან (ტ.1. ს.ფ.19).
3.2. ქორწინების პერიოდში, 2018 წელს, მოსარჩელემ და მოპასუხემ საერთო სახსრებით შეიძინეს ავტომობილი MERCEDES BENZ, ML 280 CDI 4MATIC, გამოშვების წელი 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი ......., სახელმწიფო ნომერი ......
3.3. სსიპ საქართველოს შსს მომსახურეობის სააგენტოს 2022 წლის 5 დეკემბრის წერილის თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, მოპასუხის (პ/ნ .......) სახელზე, იმჟამინდელი მდგომარეობით, სატრანსპორტო საშუალების-MERCEDES-BENZ ML 280 CDI, VIN:WDC1641201A316513, რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძებნა. ამასთან, ამავე ბაზის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება MERCEDES-BENZ ML 280 CDI, VIN: WDC1641201..., სახელმწიფო ნომრით ...., მოპასუხის (პ/ნ .....) სახელზე რეგისტრირებული იყო 2017 წლის 21 დეკემბრიდან-2022 წლის 16 ივლისამდე (ტ.2.ს.ფ. 59).
3.4. მოპასუხემ მიუთითა, რომ დასახელებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყიდა 12 000 ლარად (მოპასუხის განმარტება).
3.5. ექსპერტიზის 2022 წლის 19 ოქტომბრის N007277622 დასკვნის თანახმად, 2007 წელს დამზადებული მაღალი გამავლობის MERCEDES BENZ, ML 280 CDI 4 MATIC, მსგავსი ავტომობილის საბაზრო ღირებულება, 2022 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 21 000 (ოცდაერთი ათას) ლარს (ტ.2 ს.ფ. 20-26).
3.6. სააპელაციო საჩივარზე დართული 2023 წლის 19 ივნისის ოქროს ნაწარმის საბაზრო ღირებულების შესახებ შემფასებელი ანგარიშის შესაბამისად, შესაფასებელი ოქროს ნაწარმის ჯამური საბაზრო ღირებულება მცირედი დამრგვალებით შეადგენს 11 635 ლარს.
3.7. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმემ მ.კ–ძემ (მოსარჩელის ბიცოლა) განმარტა, რომ როდესაც მოპასუხის საცხოვრებელ სახლში მივიდა, მოპასუხის დედამ - ე–იმ (მოსარჩელის დედამთილი) უთხრა, რომ მისი და მისი ახლობლების ნაყიდ ოქროს ნივთებს ვერ გაატანდა და ცოტა ოქრო, რაც ცელოფნის პარკში იყო ჩადებული, ის გადასცა, თუმცა რა ნივთები იყო, არ უნახავს. მოწმის განმარტებით მოსარჩელის დედამთილს ოქროულობა კარადიდან არ გამოუღია, უკვე ჩალაგებული იყო და ისე გადასცა მოწმეს. კარადიდან მხოლოდ ტანსაცმელი გამოიღეს.
3.8. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმემ ო.კ–ძემ განმარტა, რომ როდესაც მივიდნენ მოსარჩელის ნივთების წამოსაღებად, დერეფანში გაიგონა, მის (მოწმის) მეუღლეს ე–იმ (მოსარჩელის დედამთილმა) უთხრა, რომ მის და მისი ახლობლების ნაყიდ ოქროს ნივთებს არ გაატანდა. შესაბამისად, რაც გადასცეს, ის წამოიღეს.
3.9. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმემ ჭ.ბ–ძემ (მოპასუხის მამა) განმარტა, რომ როდესაც მოსარჩელე სახლიდან წავიდა, არც ის და არც მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ. მათი შვილი (მოპასუხე) კი ბათუმში იყო სამუშაოდ წასული. სახლში რომ დაბრუნდნენ არავინ დახვდათ. მოწმე შევიდა მოსარჩელის საძინებელში, საიდანაც წაღებული იყო ყველაფერი. ერთი კარადა, რომელიც ადრე სულ დაკეტილი იყო, მხოლოდ მოსარჩელის ბიცოლისა და ბიძის თანდასწრებით გააღეს, რომლებსაც თვითონ მოსარჩელე ეუბნებოდა ამ თაროზე ოქროულობა დევსო. რაც იყო, ყველაფერი წაიღეს. სურათებს მისი (მოწმის) შვილი - ჟ. იღებდა.
3.10. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა.ჯ–მა დაადასტურა ავტომანქანის გაყიდვის ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო, რა თანხად გაიყიდა ავტომანქანა.
3.11. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმემ ჟ. ბ–ძემ (მოპასუხის და) განმარტა, რომ მოსარჩელის ყველა ნივთი შეაგროვეს და გაუგზავნეს. სურათზე რა ნივთებიც ჩანს, მათ (მოპასუხის მხარემ) უყიდეს მოსარჩელეს. ავტომობილი კი ნამდვილად სიმამრის საჩუქარი იყო.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმის შესწავლის შედეგად განსაზღვრა შემდეგი გამოსაკვლევი საკითხები: 1) რამდენი იყო რეალიზაციის დროისთვის სადავო ავტომანქანის ღირებულება; 2) რა თანხად გაიყიდა სადავო ავტომანქანა და არსებობდა თუ არა მოპასუხისათვის ავტომობილის ღირებულების ნახევრის - 10 500 ლარის დაკისრების საფუძველი; 3) ფლობს თუ არა მოსარჩელის კუთვნილ ოქროს ნივთებს მოპასუხე და არსებობს თუ არა ამ ნივთების მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვის საფუძველი.
4.1. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 382-ე, მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების საფუძველხე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მოსარჩელისათვის ოქროს ნივთების დაბრუნების უსაფუძვლობის ნაწილში და მიუთითა მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელია.
4.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად წარადგინა ფოტოსურათები და მოწმედ - მისი ოჯახის ახლობლები. სასამართლომ განმარტა, რომ ფოტოსურათებზე ჩანს გარკვეული სამკაულები, თუმცა, აღნიშნული არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ისინი მოსარჩელეს ეკუთვნოდა და იმყოფებოდა ან იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, მით უფრო, როცა თავად მოსარჩელის განმარტებით, ოქროს სამკაულების ფოტოსურათების ნაწილი არის ინტერნეტიდან ამოღებული, მისი ნივთების მსგავსი და არა უშუალოდ სადავო ნივთები.
4.3. სააპელაციო სასამართლომ, ოქროს ნივთების მოპასუხის მფლობელობაში ფაქტის დასადასტურებლად, დამაჯერებლად არ მიიჩნია მოსარჩელის მოწმეების (მ. და ო.კ–ძეების) ჩვენება, რომლებმაც აღნიშნეს, რომ არ უნახავთ, თუ რომელი ოქროს ნივთები წამოიღეს მოპასუხის სახლიდან.
4.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო ოქროს ნივთების მოპასუხის მფლობელობაში არსებობა, რაც გამორიცხავდა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის, ან ოქროს ნივთების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო საჩივრისა და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებას.
4.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ავტომობილის ღირებულების ანაზღურებასთან დაკავშირებით სადავო არ იყო, რომ სარჩელში მითითებული ავტომობილი - MERCEDES-BENZ ML 280 CDI’, VIN: WDC1641201A.., მეუღლეებმა შეიძინეს თანაცხოვრების პერიოდში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა წილი ამ ქონებაზე თანაბარია. დადასტურებულია, რომ მოპასუხემ დასახელებული ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელესთან შეთნხმების გარეშე გაასხვისა მესამე პირზე, რის გამოც ვალდებული იყო, ამ ქონების ღირებულების ნახევარი აენაზღაურებინა მოსარჩელისთვის.
4.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ავტომობილის საბაზრო ღირებულება, მოპასუხის ზეპირი განმარტების საფუძველზე, განისაზღვრა - 12000 ლარად, რომლის ნახევრის - 6000 ლარის გადახდა, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა. ამ ნაწილში მოპასუხეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ხოლო მოსარჩელემ გაასაჩივრა ავტომობილის აუნაზღაურებელი ღირებულების - 4500 ლარის ნაწილში დაუკმაყოფილებელი სარჩელი.
4.7. მოსარჩელემ ავტომანქანის საბაზრო ღირებულების დასადასტურებლად წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007277622 დასკვნა, რომლითაც 2007 წელს დამზადებული მაღალი გამავლობის MERCEDES BENZ, ML 280 CDI 4 MATIC მსგავსი ავტომობილის საბაზრო ღირებულება, 2022 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ განსაზღვრულია 21 000 ლარით. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ავტომობილის გასხვისებით მიიღო შემოსავალი - 12000 ლარი, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია;
4.8. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხოლოდ ზეპირი განამრტება ავტომობილის ღირებულებასთან დაკავშირებით, არ იყო საკმარისი მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, ხოლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც შეიცავდა კვლევას სადავო მოძრავი ნივთის ღირებულების დასადგენად, დასაბუთებული იყო.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
5.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება;
5.2. კასატორის განმარტებით, სადავო ნივთი მან, როგორც საჩუქარი, ისე მიიღო, და აღნიშნულის გამო არ წარადგინა ნივთის ალტერნატიული შეფასება. ამასთან, ასეთი დასკვნის წარდგენა რეალურადაც შეუძლებელი იყო ვინაიდან გამოსაკვლევი ნივთი გაყიდულია;
5.3. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ავტომობილის სარეალიზაციო ფასი - 21000 ლარი, რომლის ნახევარიც სრულად დააკისრა მოპასუხეს, რაც კასტორის მტკიცებით, დაუსაბუთებელია. კასატორმა განმარტა, რომ საქმის განხილვისას მოსარჩელემ ავტომობილის სარეალიზაციო ფასი - 12 000 ლარი მიუთითა. მოწმის ა.ჯ–ის ჩვენებით კი, დასტურდება, რომ ავტომობილი იყო პრობლემური, რის გამოც ის 12000 ლარად გაიყიდა და რეალურად არ იყო ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ღირებულების შესაბამისი;
5.4. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა და არ შეაფასა მხარის ახსნა-განმარტება და მოწმის ჩვენება, რომელიც მიუთითებდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაკლზე. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მერ წარდგენილი ექსპერტიზის შეფასება არის ზოგადი, ბაზარზე არსებული გამართული ავტომობილის ღირებულების დამადასტურებელი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ავტომობილი მოპასუხემ შეიძინა 2018 წელს და გაყიდა 2022 წელს, 4 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალება განიცდიდა ბუნებრივ ცვეთას. მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა კი ეხებოდა „დღევანდელ“ საბაზრო ღირებულებას ისე, რომ მხარეს ბუნებრივი ცვეთის შესახებ კითხვა არ დაუსვამს. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა ვერ იქნება სარწმუნო, ვერ გადაწონის მოპასუხის ახსნა-განმარტებას და მოწმის ჩვენებას.
5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
8. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ავტომობილის სარეალიზაციო ფასი და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დააკისრა დამატებით 4500 ლარის გადახდა.
9. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ.; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.; N ას-1027-2020, 27.11.2020წ.; N ას-634-2021, 4.11.2021წ.; N ას-1363-2021, 5.04.2022წ.; N ას-1183-2022, 23.12.2022წ.; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-859-2023, 20.10.2023წ.)
11. სსსკ-ის 105 მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 1158-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომელიც ადგენს მათ უფლებებს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისთვის. სადავო ქონების თანასაკუთრებად პრეზუმირების ფარგლებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის ამ გარემოებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტომობილ MERCEDES BENZ ML 280 CDI VIN: WDC1641201A..., მეუღლეებმა შეიძინეს თანაცხოვრებისას, რაც ზემოხსენებული ნორმის თანახმად მიიჩნევა მეუღლეთა თანასაკუთრებად. (იხ. სუსგ-ები Nას-463-463-2018, 14.01.2020წ.; Nას-1432-2019, 22.01.2020წ.; Nას-1413-2022, 30.03.2023წ.; Nას-31-2023, 29.11.2023წ.)
13. დადგენილია, რომ მოპასუხემ დასახელებული ავტომობილი მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე გაასხვისა მესამე პირზე, რის გამოც ვალდებული იყო, ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის ნახევარი, აენაზღაურებინა მოსარჩელისთვის.
14. გასხვისებული ავტომობილის საბაზრო ღირებულების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007277622 დასკვნა, რომლითაც 2007 წელს დამზადებული მაღალი გამავლობის MERCEDES BENZ, ML 280 CDI 4 MATIC მსგავსი ავტომობილის საბაზრო ღირებულება, 2022 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ განსაზღვრულია 21000 ლარით. მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საპირისპიროდ, სხდომაზე განაცხადა, რომ ავტომობილის გასხვისებით მიღებული თანხა შეადგენდა - 12000 ლარს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება, ავტომობილის ღირებულებასთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, ხოლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც შეიცავს შესაბამის კვლევას ღირებულების დადგენის მიზნით, დასაბუთებულია.
16. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, განსაზღვრულია სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას კვლევაში. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევების ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით, რის შედეგადაც, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (იხ. დამატებით: ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122; რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
17. განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 19 ოქტომბრის N007277622 დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 2007 წელს დამზადებული მაღალი გამავლობის MERCEDES BENZ, ML 280 CDI 4 MATIC, მსგავსი ავტომობილის საბაზრო ღირებულება, 2022 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 21 000 ლარს.
18. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხესაც ევალება, დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები და გააბათილოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად ისეთივე წონადი მტკიცებულებებით, რაც მისი მტკიცების ტვირთს განეკუთვნება და საპროცესო უფლების ეფექტურად განკარგვის კუთხით გავლენას ახდენს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, დარწმუნდეს ამა თუ იმ გარემოების სისწორესა და დასაბუთებულობაში. მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში, საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების წარმოდგენის საპროცესო ვალდებულებამ, მოპასუხის მხარეზე გადაინაცვლა. შესაბამისად, დავის განხილვისას, მოპასუხეს შეეძლო საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად თვითონაც წარედგინა შესატყვისი მტკიცებულება (სხვა საექსპერტო დასკვნა). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას დაუპირისპირა მარტოოდენ ზეპირი ახსნა-განმარტება, რომ ავტომობილი გაყიდა 12 000 ლარად, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, ხოლო მოწმის - ა.ჯ–ის ჩვენება, რომელმაც ავტომობილის გაყიდვის ფაქტი დაადასტურა, თუმცა, მიუთითა, რომ მისთვის უცნობი იყო, თუ რა თანხად გაიყიდა ავტომობილი, სავსებით არასაკმარისია მტკიცების ტვირთის ჯეროვნად შესრულების მიზნისათვის. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო იმასაც განმარტავს, რომ მოწმეს რომც დაესახელებინა ავტომობილის გასხვისების ღირებულება, არც ეს იქნებოდა საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულების - ექსპერტიზის დასკვნის გასაბათილებლად.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება არ არის საკმარისი სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისთვის, ხოლო მოსარჩელემ სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ავტომობილის რეალური ღირებულების ამსახველი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენით. საპროცესო კანონმდებლობით განმტკიცებული დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის სასამართლოში წარდგენა მხარის საპროცესო უფლებაა. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას აფასებს სასამართლო. სსსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით (იხ. სუსგ-ები: ას-607-2023, 15.02.2023წ; N ას-940-2021, 01.12.2021წ); N ას-789-2019 (b), 26.07.2019წ.).
20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ბ.ბ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს. ს–ძის (პ/ნ ......) მიერ 29.11.2023 წელს #35512698 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური