№ა-6412-ა-36-2023
26 თებერვალი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – გ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.მ–ზი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით, მოსარჩელე გ.ბ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე.
საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარადგინა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით, გ.ბ–ძის კერძო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.
2022 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გუქმება და საქმისწარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით, გ.ბ–ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.
განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ბ–ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ: გ.ბ–ძეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ასევე დაევალა კერძო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კერძო საჩივრის მოტივების) მითითებით.
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2023 წლის 06 ივნისს.
2023 წლის 16 ივნისს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა, რომლითაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაგენილი ვადის 5 დღით გაგრძელება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლება ითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით გ.ბ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. კასატორს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოედგინა ა) კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით (კერძო საჩივრის მოტივების); ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით მტკიცებულებები გადახდისუუნარობის შესახებ ან 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე, დარჩა განუხილველი.
2023 წლის 15 დეკემბერს გ.ბ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, გ.ბ–ძეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაზუსტებული განცხადება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ პუნქტის მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას. მიეთითებინა და დაესაბუთებინა, რომ მის მიერ დაცულია სსსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი განცხადების შეტანის საპროცესო ვადა. ასევე წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, გ.ბ–ძეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაზუსტებული განცხადება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ პუნქტის მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას. მიეთითებინა და დაესაბუთებინა, რომ მის მიერ დაცულია სსსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი განცხადების შეტანის საპროცესო ვადა. ასევე წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინება განმცხადებელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა გ.ბ–ძეს, პირადად 2024 წლის 9 თებერვალს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 10 თებერვლიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2024 წლის 14 თებერვალს.
შესაბამისად, განმცხადებელი ვალდებული იყო განცხადებაზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2024 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და
დაადგინა:
1. გ.ბ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე