საქმე №ას-1481-2023
26 თებერვალი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.გ–ი, ლ.ს–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, გ.გ–ის და ლ.ს–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოპასუხე შპს „ს–ის“ სახელზე 2019 წლის 10 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N19149331).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.გ–ისა და ლ.ს–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა კრედიტორის შპს „ს–ის“ სასარგებლოდ, ნოტარიუს ვ.ჭ–ძის მიერ, 2019 წლის 10 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 191493314), მოპასუხეების გ.გ–ისა და ლ.ს–ძის მიმართ, ძირითადი დავალიანების 8700 ლარის განსაზღვრის ნაწილში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ძირითადი დავალიანების ნაწილში, ნაცვლად 8700 ლარისა, განისაზღვრა 1373.30 ლარით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, შპს „ს–ის“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 366,33 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი (დედანი ხელმოწერით) და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, შპს „ს–ის“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 366,33 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი (დედანი ხელმოწერით) და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა კასატორის შპს ,,ს–ის“ დირექტორის - ვ.ნ–ის ოჯახის წევრს (მამა) პ.ნ–ს 2024 წლის 07 თებერვალს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 8 თებერვლიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2024 წლის 19 თებერვალს. კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2024 წლის 19 თებერვლის (ვინაიდან, 17-18 თებერვალი დაემთხვა დასვენების დღეებს, შაბათ-კვირას) ჩათვლით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს ,,ს–ის“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე