15 სექტემბერი 2023 წელი №ას-120-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ შ.პ.ს. „ფ–ო“
კასატორი _ მ.ხ–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს „თ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ უფლებამონაცვლედ ცნობა
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ს.ს. „თ.ბ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - მ.ხ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ამ ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, ....., ს/კ №......და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე შუამდგომლობა, არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. შ.პ.ს. „ფ–ო“-მ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც შუამდგომლობს მოცემულ საქმეზე ს.ს. „თ.ბ–ი“-ს უფლებამონაცვლედ ცნობას, იმ საფუძვლით, რომ ს.ს. „თ.ბ–სა“ და შ.პ.ს. „ფ–ო“-ს შორის 2021 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ს.ს. „თ.ბ–სა“ და მ.ხ–ს შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შეიძინა შ.პ.ს. „ფ–ო“-მ. განცხადებას თან ერთვის ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
9. საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებაში მითითებულ შუამდგომლობას და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
9.2. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ - სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ.: დამატებით: თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, 2014წ., გვ. 166; სუსგ №ას-1050-2019, 09.09.2019წ). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (იხ.: სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ.).
9.3. საქმისწარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც.
9.4. განსახილველ შემთხვევაში, შ.პ.ს. „ფ–ო“-ს მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით და მისი დანართებით ირკვევა, რომ ს.ს. „თ.ბ–მა“ შ.პ.ს „ფ–ო“-ს დაუთმო ს.ს. „თ.ბ–სა“ და მ.ხ–ს შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება.
9.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
9.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის დათმობის გარიგებით მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. ამ დროს ხდება კრედიტორის მდგომარეობის გადაცემა სხვა პირზე. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთსავე მდგომარეობაში გადადის ახალი კრედიტორის ხელში, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მოთხოვნა კრედიტორს ეკუთვნოდეს. მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, მოვალე მხოლოდ მაშინ იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მოვალეობას, თუ ცედენტმა ცესიონერს ნამდვილი უფლება გადასცა.
9.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა).
9.8. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოსარჩელის - ს.ს. „თ.ბ–ი“-ს უფლებამონაცვლედ ცნობას ითხოვს საკუთრების უფლებიდან გამომდინარე დავაში, სადაც სასარჩელო მოთხოვნა უძრავი ნივთის ვინდიკაციაა, მაშინ, როდესაც, უფლებამონაცვლეობის საფუძვლად განმცხადებელს წარმოდგენილი აქვს ცესიის ხელშეკრულება, რომლითაც როგორც უკვე აღინიშნა, ს.ს. „თ.ბ–მა“ შ.პ.ს. „ფ–ო“-ს მოთხოვნის უფლება დაუთმო საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინდიკაციური მოთხოვნით აღძრულ დავაში უფლებამონაცვლეობის საფუძველი მესაკუთრის ცვლილებაა (შდრ. ს.უ.ს.გ. Nას-862-2020, 02.11.2020; №ას-999-1300-07, 18.02.2008).
ამდენად, ვინდიკაციურ დავაში მოსარჩელის უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც, სახეზეა სადავო ქონების მესაკუთრის შეცვლა, ანუ თავდაპირველ მოსარჩელეს აღარ უნდა გააჩნდეს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, ხოლო პირი, რომლის უფლებამონაცვლედ ცნობაც არის მოთხოვნილი, უნდა წარმოადგენდეს ახალ რეგისტრირებულ მესაკუთრეს.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე არის ს.ს. „თ.ბ–ი“, ხოლო რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასვლას შ.პ.ს. „ფ–ო“-ზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
შესაბამისად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის საგანია საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნა, განსახილველ დავაში უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძვლად არ გამოდგება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შ.პ.ს. „ფ–ო“-ს შუამდგომლობა მოცემულ დავაში ს.ს. „თ.ბ–ი“-ს უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.პ.ს. „ფ–ო“-ს განცხადება წინამდებარე საქმეში (№ას-120-2023) მოსარჩელე (კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) ს.ს. „თ.ბ–ი“-ს უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი