საქმე №ას-1694-2019 3 აგვისტო, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ–ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ხ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე.ხ–ნის (შემდგომში - „მოსარჩელე“) დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შპს „გ–ოს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 064 ლარი (ხელფასის ძირი თანხა) და პირგასამტეხლო მიუღებელი ხელფასის ძირი თანხისათვის, რაც 2019 წლის 20 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 5 762 ლარს; დადგინდა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება გაგრძელდეს 2019 წლის 20 ივნისიდან და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის განისაზღვროს ძირი თანხის 13 064 ლარის 0,07%-ის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე 2016 წლის სექტემბრიდან მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში ტრენერად. მხარეებს შორის წერილობითი შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა. ისინი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე;
2.2. მოპასუხე კომპანიის დირექტორის გ.გ–ის მიერ 04.10.2018წ. გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა იმის გამო, რომ ისინი ვერ შეთანხმდნენ აბონემენტის ღირებულების 20%-ზე (იხ. ცნობა, ტომი 1, ს.ფ. 82);
2.3. მოპასუხე კომპანიის დირექტორის გ.გ–ის მიერ 04.10.2018წ. გაცემული ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში მუშაობდა ინსტრუქტორად და მისი ბოლო სამი თვის ხელფასი შეადგენდა, ჯამში, 2 350 ლარს: მათ შორის, სექტემბერი 2018 წ. – 900 ლ., აგვისტო 2018 წ. – 650 ლარი, ივლისი 2018 წ. – 800 ლარი (იხ. ცნობა, ტომი 1, ს.ფ. 83);
2.4. 10.09.2018წ. მოსარჩელის წარმომადგენელმა ა.კ–ამ წერილი გაუგზავნა მოპასუხეს, სადაც მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2016 წლის ზეპირი შეთანხმების თანახმად, გაყიდულ აბონემენტზე (60-ლარიანი და 80-ლარიანი) და ერთჯერად მომხმარებელზე (6-ლარიანი პაკეტი) მოსარჩელის ხელფასი იყო შემოსული თანხების 33%. წერილის მიხედვით, მოსარჩელე არ დათანხმდა მოპასუხის შეცვლილ პირობას, იმავე პოზიციაზე მუშაობა გაეგრძელებინა, ნაცვლად 33%-ისა, 20%-ად, რის გამოც იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამ გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელე ითხოვდა დამსაქმებლისაგან წერილობით დასაბუთებას, სადაც მითითებული იქნებოდა მისი გათავისუფლების საფუძველი, ასევე ითხოვდა სახელფასო დავალიანებას: 2016 წლის ოქტომბრის ხელფასის ნაწილს - 300 ლარს და ნოემბრის ხელფასს - 1000 ლარს; 2017 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის ხელფასს, ჯამში, 7 020 ლარს; 2018 წლის იანვრის, მარტის, მაისის და ივნისის ხელფასს, ჯამში, 5 383 ლარს, ასევე - მათი დაყოვნებისათვის ყოველდღიურ 0,07%-ს (იხ. წერილი და საფოსტო გზავნილი, ტომი 1, ს.ფ. 74-82). საქმეში ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია კონკრეტულ პიროვნებებზე გაცემული აბონემენტის ოდენობების და ღირებულების ცხრილი, შესაბამისი თარიღებით (იხ. აღრიცხვა, ტომი 1, ს.ფ. 24-74);
2.5. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების, სადაც აღრიცხულია ყველა აბონენტი, რომელსაც მოსარჩელე ავარჯიშებდა, ღირებულებისა და ვარჯიშის ოდენობის მითითებით) შეფასების მიზნით მიიჩნია, რომ მას არ გააჩნდა სპეციალური ცოდნა წარმოდგენილი მტკიცებულების შესაფასებლად და სსსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა (ს.ფ. 119-იდან) (ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დაისვა შემდეგი საკითხები: ა) საქმეში განთავსებული 2016-2018 წლების ჟურნალის მიხედვით: იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულად იქნება მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის ხელფასი იყო აერობიკის თანხებიდან შემოსული თანხების ოდენობის 33%, რამდენს შეადგენს მოსარჩელის მიერ ასაღები ხელფასი შემდეგი წლებისა და თვეების მიხედვით: 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, 2017 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, ოქტომბრის, ნოემბრის, 2018 წლის იანვრის, მარტის, მაისისა და ივნისის მიხედვით; ბ) თუ ჩავთვლით, რომ ხელფასი არ არის გადახდილი და ე.ი. ანგარიშსწორება დაყოვნებულია, რამდენს შეადგენს ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის თანხის ოდენობა განჩინების 1-ელ პუნქტში მითითებული თვეებისა და შემოსული თანხების 33%-ის გათვალისწინებით (და იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%): ა) 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ბ) 2019 წლის 20 ივნისის გათვალისწინებით? გ) რამდენს შეადგენს მოსარჩელის მიერ ასაღები და მიუღებელი ხელფასი განჩინების პირველ პუნქტში მითითებული თვეების მიხედვით, თუ ჩავთვლით, რომ მისი ხელზე ასაღები ხელფასი იყო 480 ლარი; დ) რამდენს შეადგენს ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის თანხის ოდენობა განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ხელფასის ოდენობის 480 ლარის და იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%: ა) 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით; ბ) 2019 წლის 20 ივნისის მდგომარეობით?);
2.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული და საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 31.07.2019წ. დასკვნის თანახმად: 1) იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის ხელფასი იყო მოპასუხის მიერ აერობიკის თანხებიდან შემოსული თანხების ოდენობის 33%, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელის ხელფასის 33%-ის ოდენობის განსაზღვრისათვის, ექსპერტიზით მოხდა ჯერ განჩინებაში მითითებული წლების და თვეების, კერძოდ: 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის; 2017 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, ოქტომბრის, ნოემბრის; 2018 წლის იანვრის, მარტის, მაისისა და ივნისის თვეებში აბონემენტების (ერთჯერადი აბონემენტების გარდა) გაყიდვით თანხების დაანგარიშება და შემდგომ დაანგარიშებული თანხები გამრავლებული იქნა 33%-ზე და განსაზღვრული იქნა მოსარჩელის მისაღები ხელფასები, რამაც შეადგინა სულ 13064,40 ლარი (აღსანიშნავია, რომ დანართი №1-ის ცხრილში 2016 წლის ოქტომბრის თვის ასაღებ ხელფასში გამოკლებულია სარჩელში დაფიქსირებული მიღებული ხელფასი 390 ლარი). ამასთან, წარმოდგენილ ჟურნალში ზოგიერთ თვეში შემოსავლები გაურკვეველია, რის გამოც შესაბამისი მონაცემების დაზუსტების მიზნით ექსპერტიზით გამოყენებული იქნა სარჩელში დაფიქსირებული შემოსავლების მონაცემები; 2) 33%-ით გაანგარიშებული მისაღები ხელფასების დაყოვნებისათვის დარიცხული საურავი 0,07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე: ა) 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 3643,28 ლარს და ბ) 2019 წლის 20 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 5764,94 ლარს;
2.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დააზუსტა/შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 31.07.2019წ. დასკვნაში მითითებული დავალიანება - 13 064,40 ლარის ოდენობით და მასზე დარიცხული ყოველდღიური 0,07% აღსრულებამდე.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავოა დასაქმებულის ხელფასის ოდენობა და დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 600 ლარს (ხელზე ასაღები 450 ლარი). სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე კომპანიის დირექტორის გ.გ–ის მიერ 01.08.2016წ. დათარიღებული და ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, მოსარჩელე 2018 წლის 04 ოქტომბრამდე მოპასუხე კომპანიაში დაინიშნა აერობიკის ინსტრუქტორად და მისი ხელფასი განისაზღვრა 600 ლარის ოდენობით (იხ. ცნობა, ტომი 1, ს.ფ. 130). ასევე მოპასუხე კომპანიის დირექტორის გ.გ–ის მიერ 04.10.2018წ. ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელე 2016 წლის 01 აგვისტოდან დაინიშნა მოპასუხე კომპანიაში აერობიკის ინსტრუქტორად 2018 წლის 04 ოქტომბრამდე და მისი ხელფასი იყო თვეში 600 ლარი. იგი დანიშნული იყო ვადით, ხოლო ახალი ვადით დანიშვნაზე ვერ შეთანხმდნენ ხელფასზე შეუთანხმებლობის გამო (იხ. ცნობა, ტომი 1, ს.ფ. 129).
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელე მხარის განმარტებაზე, რომ მოპასუხე კომპანია 2016 წლის 01 აგვისტოსათვის რეგისტრირებული არ იყო მეწარმეთა რეესტრში, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ამ დროისათვის ვერ შევიდოდა მოსარჩელესთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოპასუხე რეგისტრირებული იქნა 13.09.2016წ., თუმცა აღნიშნული მტკიცებულება სააპელაციო სასამართლომ საქმეს არ დაურთო, რის გამოც პალატამ მის შესახებ არ იმსჯელა.
6. სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება, რომ იგი ხელფასს იღებდა გამომუშავებით, რაც დასტურდება: მოპასუხე კომპანიის დირექტორის გ.გ–ის 04.10.2018წ. ცნობით, რომლის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა იმის გამო, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ აბონემენტის ღირებულების 20%-ზე; მოპასუხე კომპანიის დირექტორის გ.გ–ის 04.10.2018წ. ცნობით, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში მუშაობდა ინსტრუქტორად და მისი ბოლო სამი თვის ხელფასი შეადგენდა, ჯამში, 2 350 ლარს: სექტემბერი 2018წ. – 900 ლ., აგვისტო 2018წ. – 650 ლარი, ივლისი 2018წ. – 800 ლარი. მოპასუხის განმარტებით, არაიგივეობრივი ციფრები, მაგ., აგვისტოში 650 ლარი, ივლისში - 800 ლარი, სექტემბერში - 900 ლარი, გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნულ თვეებში მოსარჩელე იღებდა პრემიებსაც. პალატა არ დაეთანხმა აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან ცნობაში არსად არის მითითებული, რომ, მაგ., 650 ლარი შეადგინა ხელფასმა და პრემიამ ერთად, არამედ ნათლად მითითებულია, რომ მოსარჩელის ბოლო სამი თვის ხელფასი შეადგენს, ჯამში, 2350 ლარს. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე არის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც გააჩნია (უნდა გააჩნდეს) თავისი ბუღალტერია, საფინანსო დოკუმენტაცია, სადაც ზედმიწევნით უნდა აისახოს კომპანიის ყველა შემოსავალ-გასავალი, მათ შორის, ხელფასის, პრემიის თუ ნებისმიერი დანამატის ოდენობა, რასაც საწარმო გასცემს მასში დასაქმებულ პირებზე. სასამართლოს განმარტებით, არათუ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში (სადაც შეფასებისა და მტკიცების სტანდარტი განსაკუთრებით მაღალია დამსაქმებლის მიერ მოხმობილი ფაქტების მიმართ), არამედ ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში ზემოთმოხმობილი სადავო ფაქტის დამტკიცება (ანუ იმ ფაქტის, თუ რამდენს შეადგენს საწარმოში დასაქმებულის ხელფასი) დამსაქმებლის მტკიცების ტვირთია და მხოლოდ ე.წ. „ცნობის“ საფუძველზე, სადაც 3 თვის განმავლობაში მისაღებ ხელფასზე არაიგივეობრივი ციფრებია დაფიქსირებული, ვერ დადასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის ხელფასი მართლაც 600 ლარი იყო. სხვა რაიმე მტკიცებულება, მაგ., სახელფასო უწყისი და ა.შ., რაც ზემოაღნიშნულს დაადასტურებდა, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საპირისპიროდ ამისა, საქმეში მოსარჩელემ წარადგინა ე.წ. ჟურნალი, ჩანაწერები, აბონენტებისა და მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების ოდენობის მითითებით. აღნიშნულ ჩანაწერს, მოსარჩელის განმარტებით, ის აკეთებდა დამსაქმებლის დავალებითაც, რადგან სწორედ ჟურნალში არსებული მონაცემიდან ხდებოდა მისთვის მისაცემი ხელფასის დათვლა, რაც შემოსული თანხების 33%-ს შეადგენდა. მოსარჩელის განმარტებით, ჟურნალში ასახული მონაცემები ზუსტად ემთხვეოდა კომპანიაში არსებულ იმ მონაცემებს, რომელიც მოპასუხესთან ინახებოდა. ნიშანდობლივია, რომ წარდგენილი სარჩელით მოსარჩელე სწორედ ამ მტკიცებულების „ე.წ. ლეპტოპის“ უზრუნველყოფას ითხოვდა, სთხოვდა რა სასამართლოს მის ამოღებას, სანამ ეს ადამიანები გაიგებდნენ პროცესების შესახებ, ითხოვდა აღსრულების ეროვნული სააგენტოსთვის მოპასუხე კომპანიის შესასვლელში არსებული ლეპტოპის ამოღების დავალებას, საიდანაც ამოღებული იქნებოდა მტკიცებულება (იხ. სარჩელი). საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა საერთოდ არ გამხდარა სასამართლოს მსჯელობის საგანი. საქმეში წარდგენილია მოსარჩელის წარმომადგენლის წერილი, სადაც იგი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის 2016 წლის ზეპირი შეთანხმების თანახმად, გაყიდულ აბონემენტზე (60-ლარიანი და 80-ლარიანი) და ერთჯერად მომხმარებელზე (6-ლარიანი პაკეტი) მოსარჩელის მისაღები ხელფასი იყო შემოსული თანხების 33%. მოპასუხის წერილის მიხედვით, მოსარჩელე არ დათანხმდა მათ შეცვლილ პირობაზე, იმავე პოზიციაზე მუშაობა გაეგრძელებინა 20%-ად, რის გამოც იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამ გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელე ითხოვდა დამსაქმებლისაგან წერილობით დასაბუთებას. აღნიშნულ წერილზე რაიმე რეაგირება ან დასაბუთება მოპასუხეს არ მოუხდენია.
7. სააპელაციო პალატას გარკვეული რწმენა შეუქმნა იმ გარემოებამაც, რომ წარდგენილი შესაგებლით (ს.ფ. 90) მოპასუხემ ზოგადი შედავება განახორციელა მოსარჩელესთან პროცენტებზე შეთანხმების არარსებობის თაობაზე (მას არ მიუთითებია, თუ პროცენტებზე არ იყო შეთანხმება, მაშინ რამდენი იყო ხელფასი). სასამართლოს მითითებით, მხოლოდ გარკვეული დროის შემდგომ, რაც პროცესში კვალიფიციური ადვოკატი ჩაერთო, მოპასუხემ ფაქტები დააზუსტა და მტკიცებულებები (ბრძანებები) წარადგინა მოსარჩელის დანიშვნის, პრემიების, ხელფასისა და გათავისუფლების თაობაზე, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა.
8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მოსარჩელის აღიარების თაობაზე (სსსკ-ის 131-ე მუხლი) ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით. სახელდობრ, მოსარჩელის აღიარების დასტურად, მოპასუხეს მოხმობილი აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებული აღიარება, თუმცა, სასამართლოს მითითებით, მსგავსი გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმიდან არ დგინდება. პირიქით, სხდომის ოქმიდან დგინდება, რომ მოსარჩელეს ხელზე უხდიდნენ, ხელფასის სახით, შემოსული თანხების 33%-ს, მაგრამ საგადასახადო ორგანოში თურმე აჩვენებდნენ 600 ლარს, ხან კი - 480 ლარს. როცა მოსარჩელემ ბუღალტერს სთხოვა ცნობა მისი რეალური ხელფასის მითითებით, პრობლემები შეგვექმნებაო - უპასუხეს და არ მისცეს ცნობა, რამაც მისი შვილი დააყოვნა კიდეც (რადგან ცნობა ესაჭიროებოდა საზღვარგარეთ შვილის გასამგზავრებლად) (იხ. სხდომის ოქმი, 25 დეკემბერი, 16.06.45 წთ-იდან, მოსარჩელის პასუხები). ზემოთ მოხმობილი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა შემოსული აბონემენტის ღირებულების 33%-ს და არა - 600 ლარს. გამომდინარე აქედან, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს არ მიუღია მის მიერ მოთხოვნილი და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ხელფასის თანხები, რაც, საბოლოო ჯამში, შეადგენს 13064 ლარს.
9. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მას მოსარჩელის დავალიანება არ აქვს. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხეზეა, თუმცა მას სახელფასო დავალიანების არარსებობის დამადასტურებელი რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება არ წარუდგენია.
10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამჟამად დამსაქმებლის მიერ მოსარჩელისათვის დაყოვნებული სახელფასო დავალიანება ანაზღაურებული არ არის. პალატის მითითებით, მოსარჩელე ითხოვს ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხისათვის 0.07 პროცენტის დაკისრებას აღსრულებამდე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2019 წლის 20 ივნისის მდგომარეობით აღნიშნული თანხის ოდენობა 5764,94 ლარს შეადგენს და შემდგომში მის აღსრულებამდე ამგვარი პროპორციით დაკისრების საფუძველია.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
16. საკასაციო საჩივრის თანახმად:
16.1. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები არასწორად შეაფასა. კერძოდ, დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა მოსარჩელის მიერ წარდგენილ „ჟურნალს“, სადაც მითითებულია გაცემული აბონემენტების ოდენობები და ღირებულებების ცხრილი. აღნიშნულ ცხრილზე ისე დანიშნა ექსპერტიზა, რომ სასამართლოს არ მოუკვლევია მისი ნამდვილობა, როდესაც მხარე მას სადავოდ ხდიდა;
16.2. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა მოსარჩელის ახსნა-განმარტებებს ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით და არ გაითვალისწინა მოპასუხის ახსნა-განმარტებები, წერილობითი მტკიცებულებები - სახელფასო ცნობები და ბრძანებები, ასევე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის აღიარება, რომ ხელფასს იღებდა ფიქსირებულად და საჭიროების შემთხვევაში დამსაქმებლის კეთილი ნების საფუძველზე იღებდა წინასწარ გასამრჯელოს;
16.3. საქმეში არ განხილულა მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა ამოღების თაობაზე. საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის შუამდგომლობაზე - მტკიცებულების სახით ე.წ. „ლეპტოპის“ ამოღების თაობაზე, სადაც დაზუსტებული მონაცემებია მითითებული. აღნიშნული შუამდგომლობა განუხილველი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. სასამართლოს უნდა უზრუნველეყო მხარის მიერ მითითებული მტკიცებულების მოპოვება და განხილვა, რადგან იქ არსებული მონაცემებით შეიძლება საერთოდ სხვა შედეგი მიეღო სასამართლოს, რაც არსებითად იმოქმედებდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
17. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნა სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 2.1. [შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ], 31-ე [შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი] და 34-ე [შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული] მუხლებიდან გამომდინარეობს.
18. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა, რაც იმოქმედებდა სახელფასო დავალიანების ოდენობაზე.
19. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 105.1. მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის, როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ საქმე №ას-839-805-2016, 6 მარტი, 2017 წელი).
21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე და აღნიშნავს, რომ შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ საქმეებში მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ საქმე №ას-98-94-2016, 26 ივლისი, 2016 წელი). ამასთან, დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. სუსგ საქმე №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი).
22. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც სახელფასო დავალიანების არარსებობას დაადასტურებდა.
23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო ფაქტების უარსაყოფად საკასაციო საჩივრით წარმოდგენილი არ აქვს დამაჯერებელი და წონადი არგუმენტები.
24. საკასაციო პალატა მიუთითებს მოპასუხე კომპანიის დირექტორის გ.გ–ის 04.10.2018წ. ცნობაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა იმის გამო, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ აბონემენტის ღირებულების 20%-ზე, ასევე მოპასუხე კომპანიის დირექტორის გ.გ–ის 04.10.2018წ. ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში მუშაობდა ინსტრუქტორად და მისი ბოლო სამი თვის ხელფასი შეადგენდა, ჯამში, 2 350 ლარს: სექტემბერი 2018წ. – 900 ლ., აგვისტო 2018წ. – 650 ლარი, ივლისი 2018წ. – 800 ლარი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელე ყოველთვიურად სხვადასხვა ოდენობის ხელფასს იღებდა. საკასაციო პალატა იზიარებს ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც უნდა გააჩნდეს თავისი ბუღალტერია, საფინანსო დოკუმენტაცია, სადაც ზედმიწევნით უნდა აისახოს კომპანიის ყველა შემოსავალ-გასავალი, მათ შორის, ხელფასის, პრემიის თუ ნებისმიერი დანამატის ოდენობა, რასაც საწარმო გასცემს მასში დასაქმებულ პირებზე, არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სარწმუნოდ დაადასტურებდა მოსარჩელეზე ყოველთვიურად კონკრეტული ოდენობის ხელფასის გაცემის ფაქტს, მაგ., სახელფასო უწყისი და ა.შ.; ამასთან, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს ვერ აბათილებს კასატორის მიერ წარდგენილი მოპასუხე კომპანიის დირექტორის გ.გ–ის მიერ 01.08.2016წ. და 04.10.2018წ. დათარიღებული და ხელმოწერილი ბრძანებები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი), რომელთა თანახმად, მოსარჩელის ხელფასი 600 ლარს შეადგენდა.
25. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა მოსარჩელის მიერ წარდგენილ „ჟურნალს“, რადგან სწორედ მოპასუხის მტკიცების ტვირთი იყო სასამართლოსათვის ისეთი სათანადო, რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც სახელფასო დავალიანების არარსებობას დაადასტურებდა. ამასთან, სრულიად უსაფუძვლოა კასატორის შედავება სასამართლოს მიერ ე.წ. „ლეპტოპის“ ამოღების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის განუხილველობაზე, რადგან აღნიშნული პრეტენზიის წამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ მხარეს, რომლის შუამდგომლობაც არ განხილულა, ამასთან, თუ კასატორი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე შესაძლოა სხვა შედეგი დამდგარიყო საქმეზე, თვითონვე შეეძლო უზრუნველეყო მისი წარმოდგენა.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 942 ლარის 70% – 659,4 ლარი და 67,85 ლარის 70% – 47,49 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „გ–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „გ–ოს“ (ს/კ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 15 ნოემბერს №3 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 942 ლარის 70% – 659,4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150;
3. შპს „გ–ოს“ (ს/კ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 18 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 67,85 ლარის 70% – 47,49 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი