Facebook Twitter

საქმე №ას-1554-2019 30 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „ქ. თბილისის N98 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.უ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ე.უ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.01.2018 წლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „ქ. თბილისის N98 საბავშვო ბაგა-ბაღის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „საბავშვო ბაგა-ბაღი“ ან „კასატორი“) დირექტორის 20.11.2015 წლის N72/01 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 14400 ლარის (დარიცხული) ოდენობით.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე, 2010 წლის 09 აპრილის ბრძანების საფუძველზე, 2010 წლის 12 აპრილიდან მუშაობდა საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 400 ლარს;

2.2. 2015 წლის 01 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულებით, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა და მისი შრომის ანაზღაურება 600 ლარით განისაზღვრა;

2.3. მოსარჩელე, როგორც ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე, ექვემდებარებოდა ბაგა-ბაღის დირექტორს. მას ევალებოდა დირექტორის მოვალეობის შესრულება, თუ დირექტორს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდებოდა შრომისუუნარობის ან სხვა მიზეზის გამო. მას ევალებოდა დირექტორთან ერთად ბაგა-ბაღის შიდა მონიტორინგის განხორცილება, დირექტორთან შეთანხმებით საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება, ადმინისტრაციული და სხვა ტექნიკური საკითხების მოგვარება, დირექტორის სხვა წერილობითი და სიტყვიერი დავალებების შესრულება. საბავშვო ბაგა-ბაღის წესდების თანახმად, დირექტორის მოადგილე პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესებზე. შინაგანაწესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი. შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეს ევალებოდა მისთვის განკუთვნილი სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულება თანამდებობისა და დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით;

2.4. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის დროს, დირექტორთან შეთანხმებით, მოსარჩელე პარალელურად მუშაობდა შპს „ა.ქ–ში“. მისი სამუშაო გრაფიკი იყო ყოველ მესამე დღეს, 18 საათიდან 09 საათამდე, დასვენებისა და უქმე დღეებში - 09 საათიდან მეორე დღის 09 საათამდე;

2.5. 2015 წლის 2 ნოემბერს, დირექტორის N64/01 ბრძანებით, მოსარჩელეს, სხვა ბაგა-ბაღების დირექტორის მოადგილეების მსგავსად, დაეკისრა კვების პროდუქტების შეკვეთასა და მიღებაზე პასუხისმგებლობა;

2.6. 2015 წლის 20 ნოემბერს საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორმა გამოსცა N72/01 ბრძანება, რომლითაც, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 37.1. მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელესთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა;

2.7. 2015 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელემ საბავშვო ბაგა-ბაღს მიმართა და მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძვლების წერილობითი დასაბუთება მოითხოვა;

2.8. 2015 წლის 03 დეკემბერს, საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის წერილით, მოსარჩელეს განემარტა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. წერილში მითითებულია სშკ-ის 37.1. მუხლის „ო“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მათ შორის დამოკიდებულება გასცდა ჩვეულებრივ კოლეგიალურ და მეგობრულ ურთიერთობას, რის გამოც თანამშრომლობა გახდა არაპროდუქტიული და შემდგომში ზიანის მომტანი იქნებოდა საბავშვო ბაგა-ბაღისთვის, ასევე, მუშაობის პროცესში შეუთავსებლობა აისახებოდა სააღმზრდელო დაწესებულების ხარისხზე. გარდა ამისა, მოსარჩელე პასუხისმგებელი იყო სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე და ევალებოდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგი, რომელიც არასდროს განუხორციელებია, ასევე, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს ევალებოდა შეესრულებინა დირექტორის მითითებები, ხოლო, მისი არყოფნის შემთხვევაში, განეხორციელებინა დირექტორის უფლება-მოვალეობები, მაგრამ ვინაიდან არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, დირექტორი იძულებული იყო მუდმივად ყოფილიყო სამსახურში.

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება იმ გარემოებების არსებობა, რის გამოც კანონიერი იქნებოდა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების გამოცემას საფუძვლად არ დაედო რაიმე ისეთი გარემოება, რაც დადასტურებელი იქნებოდა შესაბამისი სარწმუნო მტკიცებულებებით. მართალია, მოპასუხე მიუთითებდა, რომ მოსარჩელე არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს, სხვა სამსახურში მუშაობის გამო ბაგა-ბაღში ცხადდებოდა ნახევარი საათის დაგვიანებით და მიდიოდა ნახევარი საათით ადრე, თუმცა, საქმეში, გარდა თავად მოპასუხის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, არ მოიპოვება არცერთი სარწმუნო მტკიცებულება აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად. ამასთან, პალატამ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მუშაობის პერიოდში არცერთხელ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური სახდელის რომელიმე ზომა - შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური ან თუნდაც გაფრთხილება, რაც დაადასტურებდა დასაქმებულის მიერ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადგინდებოდა მოსარჩელის მხრიდან მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, მისი სამსახურში გამოუცხადებლობა, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახებოდა ბაგა-ბაღის მიზნებსა და დანიშნულებაზე, პალატის შეფასებით, მოპასუხეს, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების გამოცემამდე, უნდა გამოეყენებინა საბავშვო ბაგა-ბაღის შრომის შინაგანაწესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური სასჯელის შედარებით მსუბუქი ფორმა და არა - ყველაზე უკიდურესი ზომა დისციპლინის დარღვევისათვის - შრომითი ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რის შემდგომაც, დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების კვლავ არაჯეროვანი შესრულება გახდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი.

5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს, დირექტორის N64/01 ბრძანებით, მოსარჩელეს დაეკისრა კვების პროდუქტების შეკვეთასა და მიღებაზე პასუხისმგებლობა, თუმცა, მას ამ ბრძანების გამოცემიდან სამსახურიდან გათავისუფლებამდე ერთხელ არ მიუღია/შეუკვეთია პროდუქტი, რაც დასტურდება იმ ფაქტით, რომ საქმეში წარდგენილ სასაქონლო ზედნადებზე არ არის მოსარჩელის ხელმოწერა. პალატამ მიუთითა, რომ, მართალია, საქმეში წარდგენილ სასაქონლო ზედნადებებზე არ არის მოსარჩელის ხელმოწერა, თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული სადავოდ გახადა დამსაქმებელმა მოსარჩელის ბაგა-ბაღში მუშაობის პერიოდში და რომ მას თუნდაც ერთხელ მაინც მიეცა აღნიშნულთან დაკავშირებით გაფრთხილება ან საყვედური, ხოლო სადავო ბრძანების გამოცემის შემდეგ ზემოაღნიშნულ ფაქტებზე მოპასუხე მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი აპელირება, პალატის შეფასებით, ვერ გახდებოდა სადავო ბრძანების კანონიერად მიჩნევის წინაპირობა.

6. რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მოსარჩელის ყოფნის დროს პარალელურად შპს „ა.ქ–ში“ მისი მუშაობის საკითხს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სშკ-ის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, დასაქმებულს სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ხელს არ უშლის მის ძირითად სამუშაოს და ამასთან, თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტი არ არის. სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ თავად ბაგა-ბაღის დირექტორი თანახმა იყო, ხელი შეეწყო მოსარჩელისათვის ემუშავა შპს „ა.ქ–ში“, ამასთან, ეს ორი სამსახური არ არის ერთმანეთის კუნკურენტი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, მოსარჩელის დასაქმება სხვა შეთავსებად სამსახურში განპირობებული იყო თავად საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის ნებითა და ხელშეწყობით, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია დამსაქმებლის აპელირება, რომ მოსარჩელე სამსახურში დაგვიანებით ცხადდებოდა და მიდიოდა ადრე.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სშკ-ის 37.1. მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი და სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, 2015 წლის 20 ნოემბრის N72/01 ბრძანება ბათილი იყო.

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სშკ-ის 38.8 მუხლის თანახმად, მართალია, დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული შეუძლებელია, ვინაიდან საბავშვო ბაგა-ბაღში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური არ არის და არც მისი ტოლფასი პოზიცია არსებობს, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მოსარჩელეს არ წარუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად და გონივრულად მიიჩნია მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 24 თვის ოდენობის კომპენსაციის დაკისრება, თვეში 600 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს, ჯამში, 14400 ლარს.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. მოსარჩელეს, როგორც დირექტორის მოადგილეს, ევალებოდა შეესრულებინა დირექტორის მითითებები, ხოლო დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, განეხორციელებინა დირექტორის უფლება-მოვალეობები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამდენწლიანი მუშაობის პერიოდში მოსარჩელემ ეს ვერ შეძლო. დირექტორის შვებულებაში ყოფნის დროს, ვინაიდან მოსარჩელე ვერ ახერხებდა მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ხანდახან მოვალეობის შესრულების დროს საერთოდ არ ცხადდებოდა სამუშაო ადგილზე, საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი იძულებული იყო მუდმივად ყოფილიყო სამსახურში;

14.2. 2015 წლის 2 ნოემბრიდან გათავისუფლებამდე მოსარჩელემ არ უზრუნველყო არცერთი პროდუქტის მიღება, ამიტომ ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი ანუ „მნე“ გახდა იძულებული დირექტორთან ერთად ჩაებარებინა პროდუქტი. ეს დასტურდება პროდუქტის მიღებაზე ხელმოწერით. ამ პერიოდის არცერთ სასაქონლო ზედნადებს არ აქვს ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის - მოსარჩელის ხელმოწერა;

14.3. 2015 წლის 3 ნოემბერს საბავშვო ბაგა-ბაღში შპს „ჯ.ბ–ის“ მიერ შეტანილ იქნა 11 კგ ყველი, აქედან 4 100 გრ ეტიკეტის გარეშე. ბაღში არსებული სტანდარტებით, ეს აკრძალულია. ასევე, ამავე დღეს შპს „ქ–ამ“ 18 საათსა და 47 წუთზე სამუშაო საათების შემდეგ შეიტანა თევზის ფილე ეტიკეტის და შეფუთვის გარეშე, რაც ასევე ეწინააღმდეგება ბაღში არსებულ სტანდარტებს. მოსარჩელე არცერთ ფაქტს არ ესწრებოდა;

14.4. 2015 წლის 5 ნოემბერს შპს „ჯ.ჯ–თან“ არ იქნა დროულად გაკეთებული მოთხოვნა რძის პროდუქტებზე, რამაც პრობლემა შექმნა მომდევნო დღის მენიუს შემუშავებისას. ბაღის დირექტორმა საბოლოო სიტყვიერი გაფრთხილება მისცა მოსარჩელეს, რომელიც არაადეკვატურად იქნა მიღებული. ბაღის დირექტორი აცნობიერებს, რომ მის ერთადერთ შეცდომას წარმოადგენს ლმობიერება და წერილობითი საყვედურის არგამოცემა.

15. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).

16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 37.1. მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე [შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას].

17. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა უნდა ჰქონდეს (იხ. სუსგ საქმე №ას-715-2019, 4 ივლისი, 2019 წელი).

18. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებიდან ყველაზე ზოგადი ხასიათის ფორმულირება სწორედ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ შეწყვეტის საფუძველს აქვს - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“. შესაბამისად, კანონმდებელი რამდენადაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს დამსაქმებელს დასახელებული ნორმის ფარგლებში შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იმავე მუხლში ჩამოთვლილ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა, უფრო კონკრეტულ და ამომწურავი ხასიათის საფუძვლებთან შედარებით), ამდენადვე მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მაქსიმალურად კონკრეტული, გასაგები და არაორაზროვანი იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახელებული საფუძვლით (იხ. სუსგ საქმე №ას-1001-2018, 5 მარტი, 2021 წელი).

19. მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელი სშკ-ის 37.1. მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „სხვა ობიექტური გარემოების“ არსებობის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებზე, რომ მხარეთა შორის დამოკიდებულება გასცდა ჩვეულებრივ კოლეგიალურ და მეგობრულ ურთიერთობას, რის გამოც თანამშრომლობა გახდა არაპროდუქტიული და შემდგომში ზიანის მომტანი იქნებოდა საბავშვო ბაგა-ბაღისთვის, ასევე, მუშაობის პროცესში შეუთავსებლობა აისახებოდა სააღმზრდელო დაწესებულების ხარისხზე. გარდა ამისა, მოსარჩელე პასუხისმგებელი იყო სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე და ევალებოდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგი, რომელიც არასდროს განუხორციელებია, ასევე, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს ევალებოდა შეესრულებინა დირექტორის მითითებები, ხოლო, მისი არყოფნის შემთხვევაში, განეხორციელებინა დირექტორის უფლება-მოვალეობები, მაგრამ ვინაიდან არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, დირექტორი იძულებული იყო მუდმივად ყოფილიყო სამსახურში (იხ. წინამდებარე განჩინების 2.8. ქვეპუნქტი).

20. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით-სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, რადგან დასაქმებული ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (იხ. სუსგ საქმე №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი). ამდენად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა.

21. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ფაქტობრივად უთითებს მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებაზე, რაც (გარდა იმისა, რომ სშკ-ის 37.1. მუხლით გათვალისწინებული სხვა სპეციალური საფუძვლით გათავისუფლების საფუძველს შეიძლება ქმნიდეს) ვერ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, ამასთან, არ დგინდება მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების რომელიმე სახის გამოყენების ფაქტიც.

22. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულ იქნა, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი). შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას ყოველთვის აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და მყარი საფუძვლის არსებობისას. თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოიყენება ე.წ. ,,favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი).

23. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა და მისი სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეებს შორის უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 720 ლარის 70% – 504 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ „ქ. თბილისის N98 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ა(ა)იპ „ქ. თბილისის N98 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/კ: ....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 27 აგვისტოს №1566897119 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 720 ლარის 70% – 504 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300883150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი