Facebook Twitter

საქმე №ა-352-შ-7-2024 5 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.პ–ო

მოწინააღმდეგე მხარე – ე.პ–ო

განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის №2-1408/10; N6/183/35/22 განჩინება

დავის საგანი – სააღსრულებო დოკუმენტის არააღსასრულებელ დოკუმენტად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის №2-1408/10; N6/183/35/22 განჩინებით ს.პ–ოს განცხადება სააღსრულებო დოკუმენტის არააღსასრულებელ დოკუმენტად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა. სააღსრულებო დოკუმენტი - სააღსრულებო ფურცელი 15.05.2010 წლის საქმეზე N2-1408/10 ე.პ–ოს სარჩელზე ს.პ–ოს მიმართ მეუღლეთა ქონების გაყოფის შესახებ (სადაც უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად მითითებულია 2017 წლის 13 მარტი) აღიარებულ იქნა არააღსასრულებელ დოკუმენტად.

2. ს.პ–ომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის №2-1408/10; N6/183/35/22 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის №2-1408/10; N6/183/35/22 განჩინებით დასტურდება, რომ ე.პ–ოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ სასამართლო სხდომას, რომელზეც აღნიშნული განჩინება იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართულ მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს.პ–ოს შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.

5. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტი]. საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილი].

6. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა თავისთავად ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ნიშნავს და ამ შინაარსის შუამდგომლობა გარკვეულწილად გაიგივებულია აღიარებით სარჩელთან, რომელიც ფორმალურად კანონის ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, ხოლო სასამართლომ ამ აღიარების ნამდვილობის გამორკვევის შედეგად უნდა შეაფასოს მოთხოვნის მართებულობა.

7. სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

8. შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად მიღების ეტაპზე უნდა იკვეთებოდეს მხარის იურიდიული ინტერესის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს განაცხადებს შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე [სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი: სარჩელში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი; 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი: მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით].

9. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის №2-1408/10; N6/183/35/22 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, თუმცა შუამდგომლობის ავტორი ვერ ასაბუთებს, ზემოაღნიშნული განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის რა იურიდიული ინტერესი გააჩნია და რა სამართლებრივი შედეგის მიღწევას ისახავს იგი მიზნად.

10. სასამართლო შუამდგომლობის ავტორს მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით ე.პ–ოს შუამდგომლობა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ს.პ–ოს ე.პ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია 3 903 957 გრივნა და 34 კაპიკი ს.პ–ოს მიერ უკვე გადახდილი 15 277 აშშ დოლარის გამოკლებით.

11. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით ს.პ–ომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ერთხელ უკვე მომართა განცხადებით, სადაც აღნიშნავდა, რომ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით (რომლის ცნობა-აღსრულებასაც ამჟამად ითხოვს) იმავე სასამართლოს მიერ ე.პ–ოს სასარგებლოდ 2019 წლის 19 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სადაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად მითითებული იყო 2017 წლის 13 მარტი, აღიარებულ იქნა არააღსრულებად დოკუმენტად. განმცხადებლის თანახმად, სასამართლომ ამ განჩინებით დაადგინა, რომ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 26 ივნისს.

12. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ე.პ–ოს გაშვებული ჰქონდა 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მოთხოვნისათვის დადგენილი ვადა. მისივე განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ უკრაინის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო დოკუმენტები იძულებითი აღსრულებისათვის წარდგენილი უნდა ყოფილიყო აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამოტანიდან 3 წლის განმავლობაში. ე.პ–ომ კი 3-წლიანი ვადის დარღვევით, კერძოდ, 2020 წლის 14 მაისს მიმართა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ს.პ–ოს აღნიშნული განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობის, კერძოდ, განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.

14. გარდა ამისა, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად ისედაც დადგენილი იყო 2010 წლის 26 ივნისი (და არა 2017 წლის 13 მარტი). შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენდა სასამართლოსათვის ახალ გარემოებას. რაც შეეხება აღსრულების ხანდაზმულობას, უზენაეს სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით ამ საკითხზე არ უმსჯელია, რადგან 2021 წლის 16 აპრილის სხდომაზე ს.პ–ოს წარმომადგენელმა ხანდაზმულობის საკითხი სადავოდ აღარ გახადა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველია უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის №2-1408/10; N6/183/35/22 განჩინების ცნობის ინტერესი, რომლითაც არააღსრულებად დოკუმენტად იქნა ცნობილი ის სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად მიჩნეული იყო 2017 წლის 13 მარტი..

16. რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მეორე მოთხოვნას უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის №2-1408/10; N6/183/35/22 განჩინების აღსრულების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ გაუმართაობაზე, რადგან წარმოდგენილი განჩინება სააღსრულებო ფურცლის არააღსრულებად დოკუმენტად ცნობის შესახებ თავისი შინაარსით არ მიეკუთვნება იმ განჩინებათა კატეგორიას, რომლებიც აღსრულებას ექვემდებარება.

17. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ - მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებადი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე №ა-1302-შ-31-2010, 6 ივლისი, 2010 წელი).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის №2-1408/10; N6/183/35/22 განჩინება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიან და აღსრულებად გადაწყვეტილებას, არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 180-ე, 191-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს.პ–ოს შუამდგომლობა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის №2-1408/10; N6/183/35/22 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური