№ას-1079-2022
24 თებერვალი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ჯ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სამსახურში აღდგენა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ა.ჯ–ძემ, სარჩელი აღძრა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:
1.2 სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის N2180/კ ბრძანების ბათილად ცნობა;
1.3 ა.ჯ–ძის აღდგენა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
1.4 სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ა.ჯ–ძის სასარგებლოდ, გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1 მოსარჩელე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა 6 წელი და სააგენტოსთან იმყოფებოდა უვადო შრომით ურთიერთობაში.
2.2 მოსარჩელეს ამ პერიოდის განმავლობაში დისციპლინური სახდელი არ დაჰკისრებია.
2.3 სააგენტოში, 2020 წელს განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების გაერთიანებით შეიქმნა რეგიონული სამსახურები. 59 ტერიტორიული სამსახურიდან ფუნქციონირება 22 რეგიონულმა სამსახურმა განაგრძო.
2.4 რეორგანიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით ჩატარდა თანამშრომლების კვალიფიკაციის შემოწმება. თანამშრომლების შეფასების ფორმად განისაზღვრა მართლწერა, ზოგადი უნარები და ტესტირება პროფესიულ ცოდნაში. ტესტირების შედეგების მიხედვით, მოსარჩელემ, ქართულ ენაში, 80 ქულიდან 57 ქულა მიიღო, ზოგად უნარებში, 80 ქულიდან 60 ქულა, ხოლო პროფესიულ ტესტში, 50 ქულიდან 47 ქულა მიიღო. ამასთან, ჩატარდა გასაუბრება.
2.5 მოსარჩელე, სააგენტოს თავმჯდომარის 27.02.2020 წლის №2180/კ ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია გასაუბრების ოქმი. თითოეულ თანამშრომელთან გასაუბრება 1-2 წუთი გრძელდებოდა. გასაუბრებაზე მოსარჩელეს დაესვა არაპროფესიული კითხვები, კერძოდ, სამუშაო წლების ოდენობაზე, რამდენი უფროსი ჰყავდა და რომელი უფრო მოსწონდა. სააგენტოდან გამოთხოვილ ოქმში კი მითითებულია ისეთი კითხვები, რომლებიც გასაუბრებაზე არ დასმულა და არც ოქმში დაფიქსირებული პასუხებია სწორი. შესაბამისად, ოქმში მითითებული კითხვები და პასუხები მოგონილია. მოპასუხემ რეორგანიზაციის ჩატარებით სამსახურში მისთვის სასურველი კანდიდატები დატოვა და სხვების გათავისუფლებისთვის ფორმალური საფუძველი შექმნა.
2.6 მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააგენტოს თავმჯდომარის 27.02.2020 წლის №2180/კ ბრძანება არის უკანონო.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1 მოპასუხემ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამოქალაქო რეესტრის მარნეულის, ბოლნისის და გარდაბნის სამსახურებში გაერთიანებამდე 27 საშტატო ერთეული იყო, აქედან 20 მთავარი სპეციალისტის და 2 სპეციალისტის შტატი. გაერთიანების შემდგომ ჩამოყალიბდა ქვემო ქართლის სარეგისტრაციო სამსახური, სადაც 20 საშტატო ერთეული დარჩა, საიდანაც 18 მთავარი სპეციალისტის და 1 სპეციალისტის შტატია.
3.2 მოპასუხემ მიუთითა, რომ სააგენტოში მთელი რიგი სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც შტატების შემცირება აუცილებელი გახდა და მის მიზანს ეფექტური საჯარო მმართველობის განხორციელება, შტატების მაქსიმალურად საჭიროების მიხედვით განსაზღვრა და სახელფასო ფონდის შემცირება წარმოადგენდა. ის ფაქტი, რომ ტესტირებაში მინიმალური ბარიერი არ დაწესდა, არ შეიძლება მიჩნეული იქნას სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების საფუძვლად. მიზანი, დაწესებულების უკეთესი ფუნქციონირების მიღწევა იყო და ცვლილებები სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. თანამშრომლების შერჩევა კი კომპლექსური შეფასების საფუძველზე მოხდა.
3.3 კომისია, მოსარჩელესთან გასაუბრების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე თავს ვერ გაართმევდა დაკისრებულ ამოცანას და სააგენტოში მისი დასაქმება მიზანშეწონილი არ იყო. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს გასაუბრების ოქმი 2020 წლის 8 აპრილს ჩაჰბარდა და მას, ოქმის სისწორეზე, პრეტენზია არ გამოუთქვამს. არც დოკუმენტის სიყალბესთან დაკავშირებით მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ეს გარემოებები კი სარჩელში გამოთქმულ მოსაზრებებს ეჭვქვეშ აყენებს. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის გათავისუფლებისას არ დარღვეულა კანონი და წარდგენილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ა.ჯ–ძის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა.
4.2 ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №2180/კ ბრძანება ა.ჯ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
4.3 ა.ჯ–ძე, აღდგენილი იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;
4.4 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ა.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა, გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე, განაცდური ხელფასის ანაზღაურება (უკვე გადახდილი კომპენსაციის გამოკლებით) ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს - 900 ლარის (დასაბეგრი) დაანგარიშებით.
4.5 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
5.2 გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება ა.ჯ–ძის სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
5.3 ა.ჯ–ძის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
5.4 სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაცვლად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია ორი წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თანხობრივად - 21 600 ლარი, რაც მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;
5.5 დანარჩენ ნაწილში სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5.6 სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დამატებით მიუთითა, რომ ა.ჯ–ძე, მართალია ითხოვს სამსახურში აღდგენას, თუმცა, სარჩელის აღნიშნული სახით დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობაზე.
5.7 პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2021 წლის 15 დეკემბერს დამტკიცებული ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, შტატების საერთო რიცხვი შემცირდა 2 ერთეულით და სააპელაციო საჩივრის განხილვის დროისათვის ვაკანტური იყო მხოლოდ 1 სამსახურის უფროსის პოზიცია. რაც შეეხება, შტატგარეშე 3 სპეციალისტის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსს, პალატამ აღნიშნა, რომ ვაკანსიების აღწერილობის შესაბამისად, გამოცხადებული იყო გამარტივებული კონკურსი შტატგარეშე მოსამსახურის მიღების მიზნით (არამუდმივ სამუშაოს შესასრულებლად), 1 წლის ვადით, 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით, შესაბამისად, შტატით გათვალისწინებული იმავე ან ტოლფასი ვაკანსიის არარსებობის პირობებში, აღნიშნული თანამდებობა (შტატგარეშე) ტოლფას თანამდებობად მიჩნეული ვერ იქნებოდა ვინაიდან, ტოლფასი თანამდებობა წარმოადგენს იმავე რანგისა და კატეგორიის თანამდებობას, რომლის სამუშაო აღწერილობა/ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იდენტურია ან უმეტესწილად მსგავსია. მოცემულ შემთხვევაში, მართალია ა.ჯ–ძის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის და ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტის ფუნქციები თავისი არსით უმეტესწილად მსგავსია, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა დასახელებულ თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში ა.ჯ–ძის უფლებრივი რესტიტუცია მაინც ვერ განხორციელდება.
აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სააგენტოში ა.ჯ–ძე დასაქმებული იყო განუსაზღვრელი ვადით, სპეციალისტის თანამდებობაზე კი მოპასუხე მხარე ერთ წლიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში შრომით უფლებებში რესტიტუციის ეფექტურობას გამორიცხავს, რადგან ერთი წლის შემდეგ მოსარჩელე ვადის გასვლის საფუძვლით კვლავ შრომითი ურთიერთობის მიღმა დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობა.
5.8 პალატამ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ დასაქმების ხანგრძლივობის, სამუშაოდან გათავისუფლების უკანონობის ხარისხის, ასევე სახელფასო ანაზღაურების ოდენობის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია, მოსარჩელისათვის კომპენსაციის სახით 21 600 ლარის მიკუთვნება, რომელიც შესაბამისია მოსარჩელის 24 თვის სახელფასო ანაზღაურების ჯამის (900X24).
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2 კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომლის მიხედვით სააგენტომ საპროცესო კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში, ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა ა.ჯ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება.
6.3 კასატორი ყურადღებას ამახვილებს ა.ჯ–ძის გასაუბრების ოქმზე, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ა.ჯ–ძემ უპასუხა, რომ მისი ძირითადი მოვალეობები იყო დასკვნებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, თუმცა არ იყო დატვირთული. კომისიის კითხვაზე - რატომ არ იყო იგი დატვირთული გარდაბნის სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით - პასუხი არ ჰქონდა. ა.ჯ–ძეს გაუჭირდა დღის განმავლობაში შესასრულებელი საქმის მიახლოებითი რაოდენობის დასახელება, სირთულეებსა და პრობლემებზე საუბარი. ხოლო კომისიის კითხვას, რომელიც ეხებოდა რეორგანიზაციის შემდეგ ფუნქცია-მოვალეობების შესაძლო ცვლილებებს, ვერ გასცა ჩამოყალიბებული პასუხი - თუ რა საქმიანობის შესრულებას შეძლებდა ქვემო ქართლის გაერთიანებულ სამსახურში. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ რეორგანიზაციის შედეგად დღის წესრიგში იდგა სააგენტოს თანამშრომელთა რიცხოვნობის შემცირება, რის ფონზეც თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვებოდა უფრო მაღალ პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობა, ვიდრე ეს რეორგანიზაციამდე იყო საჭირო, კომისიის მოსაზრებით, ა.ჯ–ძე გასაუბრებაზე ჩამოყალიბებული შთაბეჭდილების და შეფასების გათვალისწინებით, ვერ გაართმევდა თავს დაკისრებულ ამოცანას და მისი შემდგომი დასაქმება სააგენტოში არ იყო მიზანშეწონილი.
6.4 სასამართლოს მითითებაზე გასაუბრების აუდიო-ჩანაწერის წარმოდგენასთან მიმართებით, რომლითაც შეფასდებოდა კომისიის მიერ მიღებული დასკვნების სისწორე, კასატორი განმარტავს, რომ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ გასაუბრების ოქმში ასახული იყო ანა ჯელაძის მიერ გასაუბრების დროს დაფიქსირებული პოზიცია. იმ შემთხვევაში, თუკი ა.ჯ–ძის მიმართ, გასაუბრების ოქმში მითითებული ინფორმაცია იქნებოდა არასწორი, თავისთავად ოქმის ბათილობაზე მოთხოვნის დაყენება გახდებოდა მოსარჩელის პოზიციის ქვაკუთხედი. მეტიც, მოსარჩელეს გასაუბრების შემდგომ არ გამოუთხოვია ოქმი და შესაბამისად, არც რაიმე შენიშვნა გამოუთქვამს მასში დაფიქსირებული პოზიციის შესახებ სააგენტოში. გარდა აღნიშნულისა, კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს საკანონმდებლო იმპერატიული ჩანაწერი, რომელიც მიუთითებდა გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერის ვალდებულებაზე. შესაბამისად სასამართლოს მითითება აღნიშნულ გარემოებებზე ვერ გახდება გასაუბრების ოქმის მართებულობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი.
6.5 კასატორი განმარტავს, რომ ა.ჯ–ძე, ორი კომპონენტის (ტესტირების და გასაუბრების) ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეირჩა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ოქმის საპირწონე მტკიცებულებად ტესტირების შედეგების გამოყენება, არ იძლევა ობიექტური სურათის დანახვის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი გასაუბრების ეტაპი აღმოჩნდა, რომელმაც შეაჯამა ერთობლიობაში ა.ჯ–ძის შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა.
6.6 კასატორმა აღნიშნა, რომ, ვინაიდან ა.ჯ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერია, არ არსებობდა კომპენსაციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა).
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
12. ა.ჯ–ძემ 2013 წლის 3 დეკემბრიდან 2014 წლის 26 მარტამდე გაიარა სტაჟირება სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, ხოლო 2014 წლის 26 მარტიდან დაინიშნა სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, სადაც 2020 წლის 27 თებერვლამდე მუშაობდა.
სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მუშაობის პერიოდში მოსარჩელეს დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია.
13. სააგენტოს თანამშომელთა შეფასების ფორმის მიხედვით, ა.ჯ–ძის შეფასება 31.12.2018 წელს განხორციელდა. შედეგების მიხედვით, შესაფასებელი 15 კომპონენტიდან 12 კომპონენტში ა.ჯ–ძეს მიენიჭა 4 ქულა, რაც ნიშნავს საუკეთესო შეფასებას (აჭარბებსმოლოდინს და თანამშრომელი მკვეთრად გამოირჩევა პროფესიული უნარჩვევებით), ხოლო 3 კომპონენტში მიენიჭა 3 ქულა, რაც ნიშნავს კარგ შეფასებას (თანამშრომლისკომპეტენცია სრულად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს). თანამშრომლის შეფასების საბოლოო ქულა 60 დან 57-ით განისაზღვრა.
14. სააგენტოში მუშაობის პერიოდში მოსარჩელე პერიოდულად ასრულებდა გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოვალეობებს.
15. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 28.11.2019 წლის №462 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალური წესით არსებული 59 ტერიტორიული სამსახურის ნაცვლად შეიქმნა 22 ტერიტორიული სამსახური, მათ შორის შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, რომლის სამოქმედო ტერიტორიად, ამავე მინისტრის 25.02.2020 წლის №501 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპიური დებულების მიხედვით წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტები განისაზღვრა.
16. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 28.11.2019 წლის №462 ბრძანების მე-4 პუნქტით, სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს დებულების ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება დაევალა, ხოლო მე-5 პუნქტით ბრძანების პირველი-მე-3 პუნქტების ამოქმედების ვადად 2020 წლის 27 თებერვალი განისაზღვრა.
17. სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარის 29.11.2019 წლის №12682/კ ბრძანებით დადგინდა რეორგანიზაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. ბრძანების პირველი პუნქტის მიხედვით, რეორგანიზაცია უნდა დაიწყოს 29.11.2019 წელს და დასრულდეს არაუგვიანეს 01.02.2020 წლისა. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით უნდა მომხდარიყო სააგენტოს თანამშომლების გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ხოლო მე-3 პუნქტით დადგინა, რომ სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებში და ტერიტორიულ სამსახურებში დასანიში/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველყოფა, პოზიციების სპეციფიკაციის გათვალისწინებით, ტესტირების (სახელმწიფო ენის მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრების შედეგად მოხდებოდა.
18. ამავე სააგენტოს თავმჯდომარის 31.01.2020 წლის №1399/კ ბრძანებით ცვლილება შევიდა 29.11.2019 წლის №12682/კ ბრძანების პირველ პუნქტში და რეორგანიზაციის დასრულების ვადად 27.02.2020 წელი განისაზღვრა.
19. ტესტირების შედეგების მიხედვით, ა.ჯ–ძემ ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 60 ქულა მიიღო, ქართული ენის მართლწერაში მაქსიმალური 80 ქულიდან 57 ქულა, ხოლო სამართლებრივ თემატიკაში მაქსიმალური 50 ქულიდან 47 ქულა.
20. სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარის 10.01.2020 წლის №401/კ ბრძანებით, სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე ტერიტორიული სამსახურების და ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთან გასაუბრების მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც თანამშრომლებთან გასაუბრება 2020 წლის 17-18 იანვარს ჩაატარა. გასაუბრების ოქმის მიხედვით, კომისიამ ჩათვალა, რომ ა.ჯ–ძის შემდგომი დასაქმება სააგენტოში არ იყო მიზანშეწონილი, რადგან, გასაუბრებაზე ჩამოყალიბებული შთაბეჭდილების და შეფასების გათვალისწინებით, ვერ გაართმევდა თავს დაკისრებულ ამოცანას.
21. სააგენტოს 27.02.2020 წლის №2180/კ ბრძანებით ა.ჯ–ძე გათავისუფლდა
გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია თანამშრომლებთან ჩატარებული გასაუბრების კომისიის ოქმი №19.
22. რეორგანიზაციის დასრულებამდე (27.02.2020 წელი) სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურში იყო 10 საშტატო ერთეული, აქედან სამსახურის უფროსის 1, უფროსის მოადგილის 1, მთავარი სპეციალისტის 6 (1 ვაკანტური) და სპეციალისტის 2 (1 ვაკანტური) შტატი. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში იყო 9 საშტატო ერთეული, აქედან სამსახურის უფროსის 1, უფროსის მოადგილის 1, მთავარი სპეციალისტის 7 (1 ვაკანტური) შტატი, ხოლო ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურში იყო 8 საშტატო ერთეული, აქედან სამსახურის უფროსის 1, მთავარი სპეციალისტის 7 (4 ვაკანტური) შტატი.
23. შესაბამისად, რეორგანიზაციამდე სამივე სარეგისტრაციო სამსახურში იყო 27 საშტატო ერთეული, აქედან სამსახურის უფროსის 3, მოადგილის 2, მთავარი სპეციალისტის 20 და სპეციალისტის 2 საშტატო ერთეული, საიდანაც მთავარი სპეციალისტის 6 და სპეციალისტის 2 შტატი ვაკანტური იყო. შესაბამისად, რეორგანიზაციამდე სამივე სარეგისტრაციო სამსახურში დასაქმებული იყო 19 თანამშრომელი მოსარჩელის ჩათვლით, ხოლო 8 საშტატო ერთეული იყო ვაკანტური.
24. სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაცის შედეგად შექმნილ ქვემო ქართლის სარეგისტრაციო სამსახურში ჯამში 20 საშტატო ერთეული დარჩა, მათ შორის სამსახურის უფროსის 1, მთავარი სპეციალისტის 18 და სპეციალისტის 1 შტატი.
25. 2021 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით სააგენტოს ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ვაკანტური იყო 2 საშტატო პოზიცია, კერძოდ, 1 სამსახურის უფროსის და 1 მთავარი სპეციალისტის პოზიცია. ასევე, 3 შტატგარეშე პოზიციაზე გამოცხადებული იყო კონკურსი.
26. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბერის ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი, რომლის თანახმად, ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საშტატო ნუსხა განისაზღვრა სულ 18 ერთეულით, მათ შორის ერთი სამსახურის უფროსის, 1 სპეციალისტის და 16 მთავარი სპეციალისტის, საიდანაც ვაკანტურია მხოლოდ სამსახურის უფროსის პოზიცია (ტ.2, ს/ფ 145-153).
27. ა.ჯ–ძის თანამდებობრივი სარგო გათავისუფლების (27.02.2021 წელი) მომენტისთვის შეადგენდა 900 ლარს (დარიცხული ხელფასი).
28. სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებული პირების უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობით, რომელიც რეორგანიზაციის განხორციელების შემდგომ არ შეცვლილა და დარჩა იგივე.
29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ იქნა მიჩნეული და დამსაქმებელს დაეკისრა 21 600 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები) კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, საკასაციო პალატა საქმეზე სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების კანონიერების შემოწმებას შეუდგება, რის შედეგადაც შეამოწმებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის მართლზომიერებას.
30. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება, რომლის საფუძვლად მითითებულია დავის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დღეს მოქმედი შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი): ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
31. შესაბამისად, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო შეაფასებს მოსარჩელის მიმართ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერებას. კერძოდ, აუცილებელია დადგინდეს რეორგანიზაციის (შტატების და დაფინანსების შემცირების) მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა, თუ არა, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნებს.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (შდრ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18.03.2015; №ას-922-884-2014, 16.04.2015). მოცემულ შემთხვევაში, სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ რეალურად არსებობდა რეორგანიზაციის ჩატარების აუცილებლობა, რომელიც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას და ასევე, რა გახდა დასაქმებულთა შორის სწორედ მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერი საფუძველი.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ცვლილება განიცადა მოპასუხე ორგანიზაციამ. წარმოდგენილია მტკიცებულებებზე დამყარებული არგუმენტაცია, რომ განხორციელებული რეორგანიზაცია ნაკარნახევი იყო ფინანსებისა და შტატების ოპტიმიზაციით, კერძოდ, დასტურდება როგორც საშტატო ნუსხის, ასევე წლიური ბიუჯეტის შემცირება. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკმარის საფუძველს მოპასუხის პრეტენზიის (კანონიერად ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლიანობა) გაზიარებისთვის და მიუთითებს, რომ ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაცია არ წარმოშობს დასაქმებული პირის უპირობოდ გათავისუფლების საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში საგულისხმოა ის გარემოება, რომ შტატების შემცირებით რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, დამსაქმებელმა დაიწყო შტატგარეშე თანამშრომლების აყვანა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით, 3 შტატგარეშე სპეციალისტის პოზიციაზე იყო გამოცხადებული კონკურსი. (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 7.15.და 35 პუნქტები). ასეთ პირობებში კი საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ დამსაქმებლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა სამუშაო ძალის შემცირება.
34. რეორგანიზაციის შედეგების შეფასებებისას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2021 წლის 24 მაისის #01/97824 წერილზე( იხ. ს.ფ. 139 ტომი პირველი), რომლითაც დასტურდება, რომ რეორგანიზაციამდე, მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურებში სულ იყო 20 მთავარი სპეციალისტის საშტატო განაკვეთი და აქედან 6 მთავარი სპეციალისტის თანამდებობა იყო ვაკანტური. რეორგანიზაციის დასრულების შემდგომ, ზემოთ მითითებული სამსახურების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, სადაც განისაზღვრა 18 მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული. ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, ნათელია, რომ რეორგანიზაციის შედეგად მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია განხორციელდა ვაკანტური თანამდებობის შემცირების ხარჯზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის არამართლზომიერებას. აღნიშნულ სურათს არ ცვლის მოგვიანებით შექმნილი ვითარება, კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი, რომლის მიხედვით ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საშტატო ნუსხა განისაზღვრა სულ 18 ერთეულით, მათ შორის 16 მთავარი სპეციალისტით.
35. საკასაციო პალატა არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: "იმისათვის რათა სასამართლომ შეაფასოს რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება და მათი გავლენა დასაქმებულზე/დასაქმებულებზე, აუცილებელია შეფასდეს თუ რა კრიტერიუმებით ხდება თანამშრომელთა შორის გასათავისუფლებელი და შრომით ურთიერთობაში დასატოვებელი დასაქმებულების შეფასება/გადარჩევა". დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ამ პროცესის მიმდინარეობისას, დამსაქმებლის მოქმედებები უნდა იყოს მართლზომიერი, კეთილსინდისიერი, გონივრული, სამართლიანი, წინასწარ განჭვრეტადი, ობიექტური და დასაბუთებული.
36. საქართველოს შრომის კოდექსი ამგვარი განჭვრეტადი კრიტერიუმების ჩამონათვალს არ შეიცავს, თუმცა ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „გასაუბრების“, რომელმაც უნდა დაადგინოს დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან და რომელსაც შესაძლოა, შრომითი ხელშეკრულების მოშლა მოჰყვეს, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ობიექტურობაა. პრინციპი, რომლის მიხედვითაც, კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამორიცხავდეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ცხადია, კომისიამ თანამშრომლებთან „შეფასება/გასაუბრების“ გამართვისას, უნდა გამოიყენოს იმგვარი პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები, რაც შექმნის თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ რეალურ სურათს (შდრ. საქმე №ას-268-2021, 22.10.2021წ.).
37. რეორგანიზაციის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 17 დეკემბრის N13703/კ ბრძანებით განისაზღვრა მთავარი სპეციალისტების შეფასების კრიტერიუმები - ტესტირება და გასაუბრება. ტესტირების ეტაპზე ა.ჯ–ძის შეფასება გადანაწილდა შემდეგნაირად: ზოგადი უნარ-ჩვევები - 60 ქულა (80 მაქსიმალური ქულიდან), სახელმწიფო ენის მართლწერა - 57 ქულა (80 მაქსიმალური ქულიდან) და პროფესიული განათლება - 47 ქულა (50 მაქსიმალური ქულიდან). საყურადღებოა, რომ ა.ჯ–ძე ტესტირებაში მიღებული ქულების შესაბამისად, შედიოდა პირველ ხუთეულში და მასზე დაბალი შეფასება მიიღო ექვსმა კანდიდატმა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულება სწორედ ამ უკანასკნელთან შეწყვიტა იმ დასაბუთებაზე მითითებით, რომ მოსარჩელემ სათანადოდ ვერ გაართვა თავი გასაუბრების ეტაპს.სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" თავმჯდომარის 10.01.2020 წლის №401/კ ბრძანებით შექმნილ სპეციალური კომისიის გასაუბრების გასაუბრების N19 ოქმში მითითებულია, რომ კომისიის მიერ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა - ა.ჯ–ძემ უპასუხა, რომ მისი ძირითადი მოვალეობებია დასკვნებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, თუმცა არ არის დატვირთული. კომისიის კითხვაზე, რატომ არ არის იგი დატვირთული გარდაბნის სხვა თანამშრომლებისაგან განსხვავებით, პასუხი არ ჰქონდა. ა.ჯ–ძეს გაუჭირდა დღის განმავლობაში შესასრულებელი საქმეების მიახლოებითი რაოდენობის დასახელება, სირთულეებსა და პრობლემებზე საუბარი. ხოლო, კომისიის კითხვას, რომელიც ეხებოდა რეორგანიზაციის შემდეგ, ფუნქცია-მოვალეობების შესაძლო ცვლილებებს, ვერ გასცა ჩამოყალიბებული პასუხი - თუ რა საქმიანობის შესრულებას შეძლებდა ქვემო ქართლის გაერთიანებულ სამსახურში.
39. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას გასაუბრების ოქმზე (N19) მითითებით, რომ ა.ჯ–ძესთან ჩატარებულმა ზეპირმა გასაუბრებამ ცხადყო, რომ იგი თავს ვერ გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას და მისი შემდგომი დასაქმება სააგენტოში არ არის მიზანშეწონილი. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს კომისიის მიერ დასმულ შეკითხვებზე კონკურსანტის დატვირთულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა შორის სამუშაოს არათანაბარი გადანაწილება, თავისთავად არ შეიძლება დასაქმებულს შეერაცხოს "ბრალად" და მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს, რადგან დამსაქმებელია ვალდებული შრომით-ორგანიზაციული მოწყობის ფარგლებში სწორად, ეფექტურად და თანაბრად გადაანაწილოს დასაქმებულთა შორის სამუშაო. რაც შეეხება პასუხის არ ქონას შეკითხვაზე მასზედ, თუ სხვა რომელი სამუშაოს შესრულება შეეძლო მოსარჩელეს, თავისთავად არ ნიშნავს, რომ მოსარჩელეს პასუხი შესაბამისი პროფესიული უნარების გამო არ გააჩნდა, არამედ ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო სხვა სამუშაოს (რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი) აღწერილობის არცოდნის გამო, საქმის მასალებით კი არ დგინდება, რომ კომისიამ გასაუბრების მიმდინარეობისას დასაქმებულებს სამსახურში არსებული ყველა შტატის სამუშაო აღწერილობა გააცნო, რაც შრომის სამართალში არსებული ultra ratios პრინციპიდან გამომდინარე, მათი ვალდებულება იყო. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული გასაუბრება შეაფასოს, როგორც ობიექტურად ჩატარებული პროცესი. პალატის მოსაზრებით, კომისიის წევრების მიერ კონკურსანტებისთვის დასმული შეკითხვები იყო ზოგადი და ბუნდოვანი, რაც გასაუბრების პროცესის ფორმალურად მიჩნევის ფაქტობრივ საფუძველს ქმნიდა.
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, - იმ პირობებში, როდესაც ჩატარებული კონკურსის (ტესტირებისა და გასაუბრების) შედეგად ა.ჯ–ძეს სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული და კასატორი მიუთითებს, რომ გადამწყვეტი გახდა გასაუბრება, სადაც კომისიამ შეაფასა დასაქმებულთა უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა აღნიშნული მოსაზრების მართებულობა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე გაუმართლებლად მიიჩნია გასაუბრების ეტაპის საფუძველზე მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობა რამდენიმე სამართლებრივ შედეგს შეიძლება წარმოშობდეს. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად (დღეს მოქმედი შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილ სამართლის ნორმასთან მიმართებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის თანახმად, დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.). მშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციის „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ მე-10 მუხლი ადგენს, რომ „თუ კომპეტენტური ორგანოები დაასკვნიან, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა არაკანონიერად და თუ სამსახურში აღდგენა არ არის შესაძლებელი, ეს ორგანოები უფლებამოსილნი უნდა იყვნენ, რომ დააკისრონ დამსაქმებელს ადეკვატური კომპენსაციის გადახდა“ (იხ. Nას-1203-2022, 23.12.2022წ).
42. კასატორის პრეტენზია შეეხება ასევე კომპენსაციის საკითხს. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით არ არსებობდა კომპენსაციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა შედავებული არ არის კომპენსაციის ოდენობა. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოთ მოყვანილ არგუმენტაციას და მიუთითებს საქმის გარემოებებზე, რომლის თანახმად, დადგენილია, რომ არ არსებობს მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობა. შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 38.8 მუხლი), დანაწესიდან გამომდინარე, დასაქმებულის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობაში, სახეზეა დასაქმებულისთვის კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის წინაპირობები, რაც მართებულად იქნა გამოყენებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03)
44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებით გათვალისწინებულ შესაბამის სამართლებრივ შედეგებს განაპირობებენ.
45. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
46. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
48. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
50. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1080 ლარის 70% – 756 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში, 2022 წლის 10 ოქტომბერს, N61401 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 1080 ლარის 70% - 756 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე