Facebook Twitter

საქმე №ას-798-2022

10 მარტი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ს.გ.წ.კ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ს.გ.წ.კ–იის“ 2017 წლის 03 თებერვლის №პ/351 ბრძანება ნ.მ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;

1.2 შპს „ს.გ.წ.კ–იას“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით, 18 000 ლარის გადახდა (ხელზე მისაღები თანხის სახით, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

2. სარჩელის საფუძვლები

2.1 ნ.მ–ძე, 2010 წლის 14 იანვრიდან დასაქმებული იყო შპს „ს.გ.წ.კ–იაში“ სხვადასხვა პოზიციებზე. 2010 წლის მარტიდან, იგი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა კომპანიის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფილიალის ბილინგის სამსახურში სპეციალისტად. მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 600 ლარს. 2016 წლის აგვისტოდან, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ცალკე ფილიალად ჩამოყალიბების შედეგად, მუშაობდა შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ბილინგის სამსახურის სპეციალისტად, იმავე ოდენობის ანაზღაურებით.

2.2 შპს ,,ს.გ.წ.კ–იის’’ დირექტორის 2017 წლის 03 თებერვლის №პ/351 ბრძანებით, შეწყდა შრომითი ხელშეკრულება ნ.მ–ძესთან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, რომელიც ითვალისწინებდა ეკონომიკურ გარემოებებს, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ ცვლილებებს, რაც განაპირობებს წარმოებისათვის აუცილებელი სამუშაო ძალის შემცირებას.

2.3 მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბილინგის სამსახურის სპეციალისტის შტატის გაუქმებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით არ იქნა წერილობით გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე, მისთვის უცნობია, რა წარმოადგენდა გათავისუფლების მიზეზს და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ყველა რეგიონულ ფილიალში ბილინგის თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა უცვლელი დარჩა, რის გამოც მიიჩნევს, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანება არ ასახავს საწარმოში არსებულ მდგომარეობას, არ ემყარება იმ ეკონომიკურ გარემოებებსა და ორგანიზაციულ ცვლილებებს, რომელმაც შესაძლოა, განაპირობოს წარმოებისათვის აუცილებელი სამუშაო ძალის შემცირება. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელემ მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

2.4 მოსარჩელის განმარტებით, მას სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე წინასწარი შეტყობინება არ მიუღია. ამდენად, სამსახურის მიერ დარღვეულია, შრომის კოდექსით გათვალისწინებული პროცედურული წესი. სამსახურიდან გათავისუფლების გამო, 2 თვის კომპენსაცია ნ.მ–ძეს მიღებული აქვს, თუმცა აღნიშნული თანხის გადახდა არ ათავისუფლებდა მოპასუხეს შეტყობინების წესის დაცვის ვალდებულებისგან. გარდა აღნიშნულისა, არ დასტურდება შტატების შემცირების აუცილებლობა და შესაბამისად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საჭიროება. ამასთანავე, არ არის დასაბუთებული, თუ რატომ გათავისუფლდა მოსარჩელე სამსახურიდან და არა სხვა თანამშრომელი. მოსარჩელის წარმომადგენლებმა აღნიშნეს აგრეთვე, რომ ნ.მ–ძე ამ დრომდე არ არის დასაქმებული. შესაბამისად, არსებობს ბრძანების ბათილად ცნობის და ორი წლის სახელფასო თანხის გათვალისწინებით კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი (11.06.2021წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

3. მოპასუხის პოზიცია

3.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დასაშვებია, თუ ადგილი აქვს ეკონომიკურ გარემოებებს, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ ცვლილებებს, რაც განაპირობებს წარმოებისათვის აუცილებელი სამუშაო ძალის შემცირებას.

3.2 მოპასუხის განმარტებით, 2016 წლის 15 დეკემბერს, კომპანიმ მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (პარტნიორის) №01/3842 წერილი, რომლითაც კომპანიას ეცნობა, რომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, სამინისტროს ასიგნებები დაიგეგმა შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯებით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილის სუბსიდირება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კომპანიას დაევალა ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია, ვინაიდან, კომპანიის 2016 წლის ბიუჯეტთან შედარებით კომპანიის 2017 წლის ბიუჯეტი უფრო შეიზღუდა ფულადი რესურსების თვალსაზრისით. ამასთან, 2016 წლის ბიუჯეტით საოპერაციო ხარჯების დაფარვის მიზნით გამოყოფილი სუბსიდია შეადგენდა 8 მლნ ლარს, ხოლო „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით 2017 წელს საოპერაციო ხარჯების დაფარვის მიზნით კომპანიისათვის გამოყოფილია 6 მლნ ლარი, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებულია 2 მლნ ლარით. გარდა ამისა, 2016 წელში, კომპანიის დონორი საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული სესხების მომსახურებისათვის გასაწევი ხარჯები შეადგენს 4.9 მლნ ლარს. ხოლო 2017 წელს აღნიშნული სესხის მომსახურებისათვის გასაწევი ხარჯები იზრდება 7.6 მლნ ლარით.

3.3 მოპასუხის განმარტებით, 2017 წლის 26 იანვრის №25 ბრძანების შესაბამისად, შიდა ქართლის რეგიონულ ფილიალში საერთოდ გაუქმდა ბილინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიცია, რომელზეც დასაქმებული იყო ნ.მ–ძე. აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელე საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 3 დღით ადრე იქნა გაფრთხილებული მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მიეცა 2 თვის კომპენსაცია.

3.4 მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე გათავისუფლდა მართლზომიერად და არ არსებობს ნ.მ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, შპს „ს.გ.წ.კ–იის“ 2017 წლის 03 თებერვლის №პ/351 ბრძანების ბათილად ცნობის და კომპენსაციის დაკისრების საფუძველი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1 გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.მ–ძის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს.გ.წ.კ–იის“ 2017 წლის 03 თებერვლის №პ/351 ბრძანება ნ.მ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და შპს „ს.გ.წ.კ–იას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 18 000 ლარის ანაზღაურება (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

4.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.გ.წ.კ–იამ“, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინებით, შპს „ს.გ.წ.კ–იის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.

5.2 პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ.მ–ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რომელიც ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

5.3 პალატამ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა, იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნას მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე.

5.4 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დამსაქმებელმა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: 1)საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისთვის; 2) შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების გათავისუფლება.

5.5 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.

5.6 სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხის მიერ მითითებული რეორგანიზაციის პირობებში არ დადასტურდა ნ.მ–ძის შტატის შემცირებით არსებითი ცვლილება ფინანსურ ნაწილში, არ არის დასაბუთებული ნ.მ–ძის შტატის შემცირების აუცილებლობა. საქმეში წარმოდგენილი რეორგანიზაციის მიზნების გათვალისწინებით არ დგინდება მოსარჩელის შტატის შემცირების გარდაუვალობა, მოპასუხის მიერ არ არის დასაბუთებული სახელფასო ფონდის შემცირების გამო მოსარჩელის შტატის შემცირების და ნ.მ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლების აუცილებლობა.

5.7 სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში და არც სააპელაციო ინსტანციაში აპელანტს არ მიუთითებია და შესაბამისი მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნ.მ–ძის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმებისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

5.8 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხის მხრიდან ვერ განხორციელდა მის მტკიცების სფეროში შემავალი, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კუმულატიური ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რაც ნ.მ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერებას დაადასტურებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) საფუძველზე არსებობდა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

5.9 პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანი არის ის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო (ტოლფასი თანამდებობა) ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში.

რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება, მისი დასაქმების პერსპექტივა და სხვა.

5.10 პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ სასამართლო მხედველობაში იღებს კომპანიაში მოსარჩელის უვადოდ დასაქმებას, მისი გათავისუფლების საფუძვლის არარსებობას, მოსარჩელის დაუსაქმებლობას 2017 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, აგრეთვე მოთხოვნის მოცულობას და მიიჩნია, რომ ორი წლის ხელფასის შესაბამისი 18 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის მოთხოვნა არ სცდება გონივრულ ფარგლებს.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.2 კასატორმა განმარტა, რომ ნ.მ–ძესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ეკონომიკური გარემოებების, ორგანიზაციული ცვლილებების არსებობას, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

6.3 კასატორის განმარტებით, კომპანია იმყოფებოდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, კომპანიის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სუბსიდია და კომპანიის დონორი საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული სესხები. 2017 წლისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სუბსიდია საგრძნობლად იყო შემცირებული, ხოლო კომპანიის დონორი საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული სესხების მომსახურების ხარჯები 2017 წლის ბიუჯეტისთვის საგრძნობლად იყო გაზრდილი. აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა განაპირობა, რომ კომპანიის 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას 2016 წლის ბიუჯეტთან შედარებით შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები და მათ შორის სახელფასო ფონდი, ასევე შემცირდა ისეთი მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ხარჯები, რაც კომპანიის ფუნქციონირებისას წარმოადგენდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს (სასაქონლო მარაგების/ნედლეულების ხარჯები).

6.4 კასატორმა განმარტა, რომ კომპანიის სტრუქტურა შედგება კომპანიის სათავო ოფისისა და ტერიტორიული ერთეულებისაგან. ტერიტორიულ ერთეულებში შედიან რეგიონული ფილიალები და მასში შემავალი სერვის ცენტრები კომპანიის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდა კომპანიის სახელფასო ფონდის შემცირება, რამაც თავისთავად გამოიწვია თანამშრომელთა შემცირება. ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის შექმნის დღიდან ტერიტორიულ ერთეულებში არ იყო დამტკიცებული საშტატო ერთეულები და სტრუქტურა, ხოლო აღნიშნული რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა ყველა რეგიონული ფილიალის და სერვის ცენტრების სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების დამტკიცება. აღნიშნული პროცესის განხორციელებისას მხედველობაში იქნა მიღებული საწარმოს მდგომარეობა და დატოვებული იქნა ის სამსახურები და ის საშტატო ერთეულები, რომლის არსებობაც მნიშვნელოვანია კომპანიის ფუნქციონირებისათვის. ასევე, თითოეული ტერიტორიული ერთეული მისი სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავდება ერთმანეთისაგან და მათი სტრუქტურაც არ არის ერთმანეთის იდენტური.

6.5 კასატორის განმარტებით, კომპანიას იმიტომ ჰყავს დასაქმებულები, რომ იფუნქციონიროს, განვითარდეს, მიიღოს ფინანსური მოგება და საჭიროების შემთხვევაში დაზოგოს ფინანსური აქტივი. მიუხედავად დამსაქმებლის (კომპანიის) ფინანსური მდგომარეობისა, თუ კი მან მხოლოდ უნდა შეინარჩუნოს თანამშრომელი, მაშინ შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი სივრცე იქნება არაბუნებრივ მდგომარეობაში და ეს დიდი ზიანს მოუტანს მოგებაზე ორიენტირებულ საწარმოებს.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით შპს „ს.გ.წ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების დადგენა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

12. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

13. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

14. შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება ღირსეული არსებობის მთავარი პირობა. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით.

15. პალატა მიუთითებს, რომ განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (სუსგ Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.; Nას-941-891-2015, 29.01.2016 წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა სშკ-ის 37-ე მუხლის, პირველი ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტი (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რომელიც ითვალისწინებს შრომითიხელშეკრულების შეწყვეტას ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. მითითებული მუხლის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებლის ვალდებულებაა, დაასაბუთოს რამდენიმე გარემოება, კერძოდ: ა) ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის; ბ) რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი – ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც დამსაქმებელმა ცვლილებები წამოიწყო, მიღწეულ უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ პროცესში თვალთმაქცურად არ უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია არასასურველი დაქირავებულების თავიდან მოშორების მიზნით (იხ. სუსგ: №ას-280-2020, 5.03.2021 შეად. სუსგ-ებს: N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-67-2020, 29.09.2020წ. N ას-1129-2021, 2.03.2022წ; N ას-1440-2020, 28.04.2021წ; ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (იხ. სუსგ-ები: N ას-1334-2021, 02.03.2022წ; N ას-361-2022, 10.06.2022წ.).

17. აღსანიშნავია, რომ შრომითსამართლებრივ დავებში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებური წესი, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

18. საკასაციო პალატის განმარტების შესაბამისად, საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.

19. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, მათ შორის სახელფასო ფონდი, რაც კომპანიის ფუნქციონირებისათვის წარმოადგენდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გარემოებას. სახელფასო ფონდების შემცირებამ კი გამოიწვია თანამშრომელთა შემცირება. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოთ მოყვანილ არგუმენტაციას და მიუთითებს შპს "ს.გ.წ.კ–იის" 2017 წლის 26 იანვრის N25 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის საშტატო ნუსხა. აღნიშნული ბრძანებით ირკვევა, რომ შიდა ქართლის რეგიონულ ფილიალს ჰყავს მხოლოდ ბილინგის სამსახურის უფროსი, ხოლო ბილინგის სამსახურის სპეციალისტის შტატი გაუქმებულია/არ არსებობს. კასატორი ვერ ასაბუთებს ჩატარებული რეორგანიზაციის საფუძვლით, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერებას, რადგან ვერ ადასტურებს შტატების შემცირებით რეორგანიზაციის აუცილებლობას, კერძოდ, შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურში ბილინგის სამსახურის სპეციალისტის შტატის გაუქმების აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მოპასუხის მიერ მითითებული რეორგანიზაციის პირობებში არ დადასტურდა მოსარჩელის შტატის შემცირებით არსებითი ცვლილება ფინანსურ ნაწილში. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იქმნება იმგვარი გონივრული რწმენა, რომ ჩატარებული რეორგანიზაცია (ბილინგის სამსახურის სპეციალისტის საშტატო ერთეულის გაუქმება) გამომდინარეობდა გადაუდებელი ეკონომიკური და ორგანიზაციული ცვლილებებიდან.

20. უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერად მიჩნევისთვის ასევე უნდა დასტურდებოდეს შტატების შემცირების შედეგად - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა. /„დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (იხ. სუსგ. Nას-224-224-2018, 18.05.2018).

21. საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება მასზედ, რომ რეორგანიზაციის საფუძველზე შემცირებული შტატის გათვალისწინებით დასაქმებულთა (კონკრეტულად მოსარჩელესთან მიმართებით) შერჩევა განხორციელდა გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ.მ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არ განხორციელდა ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

22. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს ევალებოდა მტკიცების მაღალი სტანდარტით დაესაბუთებინა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის აუცილებლობა და მხოლოდ აპელირება იმ გარემოებაზე, რომ გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო პოზიცია, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება ნ.მ–ძისათვის, არც ტოლფასი და არც სხვა თუნდაც დაბალი თანამდებობის შეთავაზება და არც მასზე გადაყვანის შეუძლებლობა დაუსაბუთებია მხარეს, რაც რეორგანიზაციის პროცესში, დამსაქმებლის კეთილსინდისიერებისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია, ვერ მიიჩნევა დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად.

23. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ არსებობდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობები, რაც მართლზომიერ საფუძველზე განაპირობებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურიდან დასაქმებულის არამართლზომიერად გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს მიერ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის დროს, როდესაც არ ხდება დასაქმებულის სამსახურში აღდგენა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფა, სასამართლო მოსარჩელისთვის კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს. მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს კომპენსაცია იმ კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, რაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანია. ორგანული კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს შრომით დავებზე კომპენსაციის მიკუთვნების კრიტერიუმებს, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა მიერ დაძლეული მტკიცების ტვირთის ფარგლებში მხედველობაში მიიღება დასაქმებულთან არამართლზომიერად შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის ვადა, შრომის ანაზღაურების (ხელფასის) ოდენობა, პირის დასაქმების პერსპექტივა, მისი უნარები, ასაკი, ოჯახური და სოციალური მდგომარეობა და სხვა ფაქტორები, რაც ერთობლივად უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროს. „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დამსაქმებლის ვალდებულება რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

25. რაც შეეხება, კასატორის პრეტენზიას კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; №ას-632-2019, 21.06.2019წ.; №ას-395-2019, 27.06.2019წ.). საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს, (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; სუსგ. №ას-632-2019, 21.06.2019წ.). საკასაციო სასამართლოს განსჯით, სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, მოსარჩელეს მართებულად განესაზღვრა კომპენსაციის ოდენობა 18 000 ლარი.

26. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

27. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და, არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1124-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-597-2019, 20 მარტი, 2020 წელი).

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში მითითებულ წინაპირობებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

8. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის 70% - 630 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.გ.წ.კ–ია“-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, სს „ლიბერთი ბანკში“, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 2022 წლის 25 ივლისს, №220725150432285 საგადახდო დავალებით გადახდილი 900 ლარის 70% - 630 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე