Facebook Twitter

საქმე №ას-1352-2023

31 იანვარი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საჩივრის ავტორები - მ.ხ–ი, ნ.ხ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები - გ.ა–ი, თ.დ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინება

საჩივრის მოთხოვნა - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, 2015 წლის 30 ნოემბერს, სარჩელით მიმართეს გ.ა–მა და თ.დ–ძემ, მოპასუხეების - ნ.ხ–ის, დ.ხ–ის და მ.ხ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

2. 2019 წლის 25 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შეგებებული სარჩელით მიმართა მ.ხ–ის წარმომადგენელმა ნ.თ–ამ, მოპასუხეების ნ.ხ–ის, ნ.ხ–ის, შ.ხ–ის, გ.ა–ის და თ.დ–ძის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე. აღნიშნულ სასარჩელო განცხადებაში, მოსარჩელემ მოითხოვა ყადაღის დადება, მოპასუხეების - გ.ა–ის და თ.დ–ძის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თბილისი, ......., ს/კ ........

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, მ.ხ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეგებებული სარჩელით მოპასუხეებს - გ.ა–ს და თ.დ–ძეს, აეკრძალათ მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებებით (მათ შორის იპოთეკით) დატვირთვა მდებარე: ქ.თბილისი, ......., ს/კ ......

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გ.ა–ისა და თ.დ–ძის სარჩელი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისში, ........, ფართი: 98.26 კვ.მ. (ს/კ N........). აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცათ მესაკუთრეებს: გ.ა–სა და თ.დ–ძეს თავისუფალ მდგომარეობაში. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ.ა–ისა და თ.დ–ძის შუამდგომლობა - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

5. მ.ხ–ის შეგებებული სარჩელი - ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მ.ხ–მა და ნ.ხ–მა 2022 წლის10 ნოემბერს სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2023 წლის 26 ივნისს, აპელანტ, მ.ხ–ის წარმომადგენელმა, ე.ჯ–ძემ, წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ...... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული ყადაღის მოხსნა.

8. სააპელაციო პალატის 2023 წლის 14 ივლისის სხდომაზე, მხარეები დაეთანხმნენ შუამდგომლობას, რის შემდეგაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, გ.ა–ისა და თ.დ–ძისათვის უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს/კ ........ გასხვისების და უფლებებით (მათ შორის იპოთეკით) დატვირთვის აკრძალვის შესახებ; ამავე სხდომაზე, მხარეებმა ხელმოწერით დაადასტურეს განჩინების გასაჩივრებაზე უარი.

9. 2023 წლის 12 სექტემბერს, ნ.ხ–მა და მ.ხ–მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყადაღის მოხსნის განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივრით მიმართეს და აღნიშნეს, რომ ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის ვადა წინ უსწრებს 2023 წლის 12 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო პროცესს და, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, მორიგების კონკრეტულ პირობებთან დაკავშირებით ცნობილი არ არის, ზრდის საფრთხეს, რომ მოწინააღმდეგე მხარე ბოროტად არ ისარგებლებს ყადაღის მოხსნით, არ გაასხვისებს უძრავ ქონებას, რაც შეუძლებელს გახდის შემდგომში გადაწყვეტილების აღსრულებას.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მ.ხ–ის და ნ.ხ–ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებაზე და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

11. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შუამდგომლობა და მიუთითა, რომ მხარეებმა, საქმის განხილვის დროს, პირადად თანხმობა განაცხადეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, ამასთან ხელმოწერით დაადასტურეს 14.07.2023 წლის განჩინების გასაჩივრებაზე უარი და მეტიც, განცხადება/საჩივარი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

12. სააპელაციო პალატამ, აპელირება გააკეთა საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე, 197 1-ე, 194.4, მე-60, 61-ე, 63-ე მუხლებზე და დაუშვებლად მიიჩნია მ.ხ–ის და ნ.ხ–ის საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლით განსაზღვრულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურა. კერძოდ, 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5-დღის ვადაში.

18. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ მითითებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს საჩივრის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სააპელაციო პალატის მიერ თავისი მოტივირებული განჩინებით საჩივრის საფუძვლების გაუზიარებლობის შემთხვევაში (იხ. სუსგ №ას-228-217-2017, 14 მარტი, 2017 წელი, #ას-668-2021 2 ივლისი 2021). ხოლო, თუ სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ შეუფასებია წარდგენილი საჩივარი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობას.

19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2023 წლის 26 ივნისს, აპელანტ მ.ხ–ის წარმომადგენელმა ე.ჯ–ძემ, წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ...... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული აკრძალვის მოხსნა. სააპელაციო პალატის 2023 წლის 14 ივლისის სხდომაზე, მხარეები დაეთანხმნენ შუამდგომლობას, რის შემდეგაც, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, გ.ა–ისა და თ.დ–ძისათვის უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ......, ს/კ ........ გასხვისების და უფლებებით (მათ შორის იპოთეკით) დატვირთვის აკრძალვის შესახებ; ამავე სხდომაზე, მხარეებმა ხელმოწერით დაადასტურეს განჩინების გასაჩივრებაზე უარი.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული განჩინების (გასაჩივრებაზე უარის თქმის შემთხვევაში) კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით სპეციალურ მომწესრიგებელ ნორმას არ იცნობს. სასამართლომ უნდა გამოიყენოს საპროცესო კოდექსში არსებული მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ"ქვეპუნქტი) რომელიც განსაზღვრავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე. ასევე სსსკ-ის 370-ე მუხლის მიხედვით თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ საქმე №ას-470-438-2017, 2 ივნისი, 2017 წელი; საქმე №ას-299-284-2016, 22 აპრილი, 2016 წელი).

22. საქმეში მასალებში წარმოდგენილია, მ.ხ–ისა და ნ.ხ–ის ხელწერილი, რომლის მიხედვით ისინი ეთანხმებიან 2023 წლის 14 ივლისის განჩინებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე. ამასთან, განცხადება/საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განჩინებაზე წარმოდგენილია კანონით დადგენილი გასაჩივრების 5 დღიანი ვადის დარღვევით, 2023 წლის 12 სექტემბერს.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლით, 414-ე, 419-ე, 420-ე, 1971 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ.ხ–ის და ნ.ხ–ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე