Facebook Twitter

საქმე №ას-1237-2023 14 თებერვალი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „გ–ო“ (მოსარჩელე, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ–ა“, დ.გ–ა (მოსარჩელე, მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავისი სარჩელის დაკმაყოფილება და შპს „ლ–ას“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება (პირველი სარჩელი), ზიანის ანაზღაურება (მეორე სარჩელი)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „გ–ომ“ (შემდგომ - გამყიდველი, პირველი მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა შპს „ლ–ასა“ (შემდგომ - მყიდველი, მეორე მოსარჩელე) და დ.გ–ას (შემდგომ - დირექტორი) მიმართ დამატებითი ღირებულების გადასახადი - 9 765 ევროსა და 365.72 ლარის დაკისრების მოთხოვნით. შპს „ლ–ამ“ და დ.გ–ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „გ–ოს“ მიმართ ზიანის - 17 917.95 ლარისა და 4 161.6 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით, შპს „გ–ოს“ სარჩელისა გამო, მოპასუხე შპს „ლ–ასა“ და დ.გ–ას მიმართ დამატებითი ღირებულების გადასახადის დაკისრების თაობაზე სამოქალაქო საქმე №2/155-017, გაუერთიანდა, შპს „ლ–ას“ სარჩელისა გამო, შპს „გ–ოს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ ამავე სასამართლოს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმე №2/940-2018-ს. საქმეს მიენიჭა №2/155-2017 და მისი განხილვა გაგრძელდა ერთ წარმოებად.

შპს „გ–ოს“ სარჩელის საფუძვლები

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრაქტორის, სპეცტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების დარჩენილი საფასურის დაკისრების თაობაზე გამყიდველის სარჩელი, რომელიც სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული იყო დამატებითი ღირებულების თანხის გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით მოითხოვს სწორედ დღგ-ს დაკისრებას მოპასუხისათვის შემდეგ გარემოებათა გამო: 2012 წლის 5 მაისის ხელშეკრულების დადებისას, რომლის თანახმადაც მყიდველმა გამყიდველისაგან შეიძინა ტრაქტორი, სპეცტექნიკა და სათადარიგო ნაწილები, მხარეთა აზრით, ისინი არ იყვნენ ვალდებული, გადაეხადათ დღგ შემოსავლების სამსახურისთვის, რადგან ორივე მხარე სოფლის მეურნეობის პირველად პროდუქციას აწარმოებდა, რომელიც გათავისუფლებული იყო დამატებითი ღირებულების გადახდისაგან. აღნიშნულის გამო, მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის საფასურზე დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე. 2013 წლის 28 თებერვალს მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, თუ მყიდველის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება და ნასყიდობის საგნების ღირებულება დასაბეგრი ექნებოდათ დღგით, მაშინ ორივე მხარე უფლებამოსილი იქნებოდა, დაეანგარიშებინათ და დაემატებინათ შეთანხმებული ნასყიდობის საფასურზე და შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე ფასების ჩამონათვალის მიხედვით დღგ და მოეთხოვა თითოეულ მხარეს მეორე მხარისგან. 2014 წლის 9 მარტის გამყიდველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშსწორების დოკუმენტში შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე დამატებულია დღგ, რაც გამყიდველმა ცნო ზემოაღნიშნული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელეც უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა შეთანხმებული ნასყიდობის საფასურზე დამატებითი დღგ.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დღგ-ს მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან, მყიდველმა 2012 წლის 5 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის საფასური გადაიხადა სრულად, რადგან მასში შედიოდა დღგ-ს თანხაც. ნასყიდობის სრულად გადახდა დადასტურებულია ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებითაც.

შპს „ლ–ასა“ და დ.გ–ას სარჩელის საფუძვლები

5. ნასყიდობის საგნის ღირებულება მოსარჩელემ სრულად აანაზღაურა 2015 წლის 21 დეკემბერს. 2015 წლის 30 დეკემბერს მოითხოვა მოპასუხისაგან ანგარიშფაქტურა, რაზეც უსაფუძვლოდ მიიღო უარი. სწორედ ამან აიძულა მყიდველი, მიემართა სასამართლოსთვის და ემტკიცებინა, რომ ნასყიდობის ფასი სრულად ჰქონდა ანაზღაურებული, რაც დადგინდა კიდეც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

6. მოსარჩელეც და მოპასუხეც რეგისტრირებული არიან დღგ-ს გადამხდელებად, ამიტომ მყიდველზე ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის დაკისრების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განჩინება ძალაში შევიდა 2015 წლის 3 აგვისტოს) ამ უკანასკნელს წარმოეშვა დაკისრებული თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს კი – მყიდველისათვის დღგ-ს ანგარიშფაქტურის წარდგენის ვალდებულება, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება მყიდველის უფლებას, ჩათვალოს დღგ ან ბიუჯეტიდან თანხა დაიბრუნოს. დღგ შეადგენს 17 917.95 ლარს (117 462.09 : 1.18 = 99 544.14 ლარი დღგ-ს გარეშე).

7. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია მოსარჩელის მიერ ნასყიდობის თანხის სრულად გადახდის ფაქტი და, შესაბამისად, მოპასუხის მიერ ანგარიშფაქტურის გამოწერის ვალდებულება, ის არ აპირებს ამ ვალდებულების შესრულებას სრულიად აბსურდული არგუმენტით, რომ ანგარიშფაქტურას ვერ გამოწერს ორ სუბიექტზე ერთდროულად, რადგან მეორე მყიდველი, როგორც ფიზიკური პირი, არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად. სინამდვილეში, ვითარება ასეთია: გამყიდველმა 2014 წელს სარჩელი აღძრა მხოლოდ კომპანიის წინააღმდეგ და მხოლოდ ამ უკანასკნელმა აანაზღაურა ნასყიდობის საფასური. ამასთან, დირექტორმა თავისი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ სრულად დაუთმო კომპანიას. ეს უკანასკნელი კი, რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად და მის სახელზე ანგარიშფაქტურის გამოწერა სრულად შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობას. მოპასუხემ არ გამოწერა ანგარიშფაქტურა და ზიანი მიაყენა მოსარჩელეს.

8. ამასთან, მოსარჩელეს შეეძლო დღგ-ს თანხის დაბრუნება ბიუჯეტიდან და ვადიან ანაბარზე მისი განთავსებით სარგებლის მიღება, რაც ვერ მიიღო მოპასუხის ბრალით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დამატებით 4 161.6 ლარის ანაზღაურებაც.

მოპასუხის შესაგებელი

9. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს ზიანი არ მისდგომია, მას დღგ-ს თანხა ვერც ჩაეთვლებოდა და ვერც დაიბრუნებდა, რადგან დღგ-ს ანგარიშფაქტურის გაწერის მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურისგან მისი ჩათვლის მოთხოვნა აქვს არა ნასყიდობის საფასურის გადამხდელ პირს, არამედ მხოლოდ იმას, ვინც ფაქტობრივად ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისას, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე, შემოსავლების სამსახურში დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული.

10. დირექტორს, როგორც ფიზიკურ პირს, რომელიც დღგ-ს გადამხდელად არ არის რეგისტრირებული, არ გააჩნდა დღგ-ს თანხის ჩათვლის მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის მიმართ, რის გამოც დირექტორმა 31.10.2016 წელს 05.05.2012 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები დაუთმო კომპანიას. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს არ წარმოეშვა დღგ-ს თანხის ჩათვლის ან ანაზღაურების მოთხოვნა, რადგან ხელშეკრულების გაფორმებისას მხარე იყო ფიზიკური პირიც.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

11. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით გამყიდველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მყიდველთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:გამყიდველის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მყიდველის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტი მყიდველის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა; გამყიდველს დაეკისრა 17 917,95 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 4161,6 ლარის გადახდა მყიდველის სასარგებლოდ; ასევე – სახელმწიფო ბაჟის - 663.5 ლარისა და ადვოკატის მომსახურების თანხის - 1000 ლარის გადახდა.

14. განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დავის საგანი იყო 05.05.2012 წელს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებით ნაკისრი, როგორც ძირითადი ვალდებულების შესრულება - თანხის გადახდა, ისე ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის (პროცენტის) ანაზღაურება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მყიდველს დაეკისრა ნასყიდობის საფასურის - 117 462,09 ლარის გადახდა. ამ თანხიდან გამოიქვითა მყიდველის მიერ მოპასუხისთვის შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება 32 156,29 ლარი და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულმა ნასყიდობის თანხამ შეადგინა 85 305,80 ლარი, რაც მყიდველმა სრულად აანაზღაურა. იქიდან გამომდინარე, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოსა და 2016 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამტკიცებულად მიჩნეული შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები წინამდებარე დავის მიმართ პრეიუდიციული ძალისაა. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 266-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე მათ სადავოდ ვეღარ გახდის. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გამყიდველის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები.

15. რაც შეეხება მყიდველის სარჩელს, იგი მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ანგარიშფაქტურის გამოუწერლობით პირად ბარათზე ვერ აისახა დღგ და მან ვერ შეძლო ბიუჯეტში გადახდილი თანხის ჩათვლის ან უკან დაბრუნების უფლების რეალიზაცია, რაც კანონით უპირობოდ ჰქონდა მინიჭებული. ეს უფლება მან ვერ განახორციელა მოპასუხის ბრალეული ქმედების (უმოქმედობის) გამო, რითაც მიადგა ზიანი დღგ-ს - 17917,95 ლარის ოდენობით. ამის საწინააღმდეგოდ მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, რომ მან უარი თქვა დღგ-ს ანგარიშფაქტურის გაწერაზე, ვინაიდან ნასყიდობის საფასური ჯერ კიდევ არ გადაეხადათ სრულყოფილად და გადასახდელი იყო დღგ. ეს განმარტება არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ, რადგან, როგორც აღინიშნა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებულია თანხის გადახდის ვალდებულება და სრულად არის გადახდილი ნასყიდობის საგნის საფასური. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა არც ნასყიდობის ფასში დღგ-ს თანხის გაუთვალისწინებლობის შესახებ მტკიცება, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით (დანართი) განსაზღვრულია მოძრავი ნივთების ფასი და ხელშეკრულება არ შეიცავს დღგ-ს თანხის დამატებით გადახდის ვალდებულების თაობაზე მითითებას.

16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სუბიექტია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობით წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს. დადგენილია, როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის რეგისტრირებული იყვნენ დღგ-ს გადამხდელებად, გამყიდველის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერაზე უარის თქმის გამო, მყიდველმა ვერ წარადგინა ანგარიშფაქტურა საგადასახდო ორგანოში დეკლარაციასთან ერთად. ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და ორივე მხარემ იცოდა, იყვნენ დღგ-ის გადამხდელები, პალატამ გაიზიარა მყიდველის მოსაზრება, რომ წინასწარ სავარაუდო იყო ის ქონებრივი ზიანი, რაც შეიძლებოდა მისდგომოდა მოპასუხის მიერ დღგ-ის ანგარიშფაქტურის გამოუწერლობის შემთხვევაში, რომლის გამოწერის კანონისმიერი ვალდებულება წარმოეშვა გამყიდველს მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულების გადახდის შემდეგ მისთვის მოთხოვნის წაყენების მომენტიდან.

17. როგორც წარმოდგენილი სარჩელით ირკვევა, მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის – 4 161.6 ლარის ანაზღაურებას იმ საფუძვლით, რომ შეეძლო დღგ-ს თანხის დაბრუნება ბიუჯეტიდან და ვადიან ანაბარზე მისი განთავსებით სარგებლის მიღება, რაც მოპასუხის ბრალით ვერ მიიღო. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ამდენად, გამყიდველმა ვალდებულების დარღვევით, სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მყიდველს. 2018 წლის 1 აგვისტოს ბანკის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 01.10.2015-დან 01.08.2018-მდე იურიდიული პირებისათვის დეპოზიტზე მოქმედებდა 8,2%. ვინაიდან 2015 წლის ოქტომბრიდან, ანგარიშფაქტურების გაწერის დროიდან, 2018 წლის ივლისის ჩათვლით გადაწყვეტილების აღსრულებადე (34 თვის განმავლობაში) ვადიან ანაბარზე დღგ-ს თანხის – 17917,95 განთავსების შემთხვევაში მყიდველი მიიღებდა საპროცენტო სარგებელს – 4161,6 ლარს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვლინდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 411-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მყიდველის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.

18. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გამყიდველმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავისი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მყიდველის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

19. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 106-ე მუხლი „ბ“ ქვეპუნქტი და 266-ე მუხლი. მართალია, მხარეთა შორის არსებობდა დავა, თუმცა გამყიდველმა 2014 წლის სარჩელით მოითხოვა მხოლოდ ნასყიდობის საფასურის დაკისრება დღგ-ს გარეშე, რაც არ გულისხმობს იმას, რომ ამით უარი თქვა დღგ-ს თანხის დაკისრებაზე. ამდენად, წინამდებარე სარჩელის ეს მოთხოვნა არ არის იგივე სასარჩელო მოთხოვნა, რაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ გამყიდველს აღარ ჰქონდა დღგ-ს დაკისრების მოთხოვნის უფლება.

20. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მყიდველმა დაადასტურა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული არ დასტურდება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმად დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისათვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება ანგარიშფაქტურა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ გამყიდვველს უნდა გამოეწერა ანგარიშფაქტურა და არ გამოწერა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 41-ე და 173-ე მუხლებიც. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა და დაადგინა, რომ მყიდველს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, თუ რას შეადგენს მისი ბრუნვა საანგარიშო პერიოდში და აღემატება თუ არა დღგ-ს ჩასათვლელი თანხა დღგ-ს დასარიცხ თანხას. სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ ფიზიკური პირი - დირექტორი იყო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, რომლის მიმართაც არ უნდა გამოწერილიყო ანგარიშფაქტურა და მან შეგნებულად დაუთმო მოთხოვნა კომპანიას, რათა ამ უკანასკნელს მოეთხოვა დღგ-ს ჩათვლა. ეს კი მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეები არაკეთილსინდისიერი ქმედებებით ცდილობენ, დააზარალონ გამყიდველი. ამით მათ სურთ შეცდომა დააშვებინონ სასამართლოს, თითქოს, განიცადეს ზიანი ანგარიშფაქტურის გამოუწერლობით.

21. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მყიდველის საქმიანობის საგანს არ წარმოადგენს ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ამით სარგებლის მიღება. მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა ტექნიკის შესყიდვაზე. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის გამყიდველს არ შეიძლებოდა ევარაუდა, რომ მის მიერ ანგარიშფაქტურის გამოუწერლობის შემთხვევაში მყიდველი დღგ-ს თანხის საბანკო ანაბარზე განუთავსებლობით პროცენტს დაკარგავდა.

22. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 8.3 მუხლი. გამყიდველმა შეასრულა შეთანხმება და ცნო შემცირებული ნასყიდობის საფასური. აღიარა და ცნო მყიდველის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაანგარიშებული და საფასურზე დამატებული დღგ-ს თანხა, რომლის გადახდის აუცილებლობა გამყიდველს დაუდგა და ეს თანხა გაქვითვის გზით მყიდველის წინაშე ჩათვალა. მყიდველმა კი, ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, არც ნასყიდობის საფასური არ გადაიხადა ნებაყოფლობით და არც შეთანხმებული დღგ. უფრო მეტიც, მოითხოვა ვითომდა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად კასატორისათვის მიუღებელი შემოსავლის - 4161.6 ლარის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

24. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

27. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

28. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

29. გამყიდველის მიერ მყიდველისათვის 9 765 ევროსა და 365.72 ლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477.2 მუხლი (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება). გამყიდველის მტკიცებით, მართალია, თავდაპირველი ხელშეკრულებით მხარეებმა ნასყიდობის საფასური დღგ-ის გარეშე განსაზღვრეს, თუმცა მოგვიანებით, ზეპირად შეთანხმდნენ დამატებით დღგ-ს თანხაც გადაეხადათ. ამასთან, მართალია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მყიდველს დაეკისრა გაყიდული ნივთების საფასური, თუმცა მაშინდელი სარჩელით გამყიდველმა მოითხოვა ნივთების საფასური დღგ-ის გარეშე, რაც არ ართმევს უფლებას, ახლა მოითხოვოს დღგ.

30. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ამ მსჯელობას და, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მყიდველი ცნობილ იქნა ტრაქტორის, ჰიდრავლიკური ამწე მოწყობილობის - კოვშისა და თითებიანი კოვშის, ბრუნვადი გუთნის, კარდანიანი დისკის, მომთიბველის, სასუქის მომყრელი სათესი მანქანის, შემწამვლელისა და დიზელის ტუმბოს მესაკუთრედ. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებულია თანხის გადახდის ვალდებულება და სრულად არის გადახდილი ნასყიდობის საგნის დარჩენილი საფასური 85305,80 ლარი. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა შეთანხმებული ფასი და გახდა ნასყიდობის საგნის მესაკუთრე. შესაბამისად, იმავე ნივთებზე სხვა დამატებითი თანხის (დღგ-ის) მოთხოვნა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 266-ე მუხლის (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი) იმ დანაწესს, რომლის მიხედვითაც იგივე მხარეები სხვა პროცესში სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებსა და სამართლებრივ ურთიერთობას სადავოდ ვერ გახდიან. ფაქტია, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით სადავო ნივთებთან დაკავშირებით სამართლებრივი ურთიერთობა მოწესრიგდა.

31. ასეც რომ არ იყოს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ 2012 წლის 5 მაისს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანს შეადგენდა ხელშეკრულების №1 დანართში მითითებული ნივთები, ხელსაწყოები, ტრაქტორი და სხვა, ხოლო ნასყიდობის საფასური 47700 ევრო იყო, ხელშეკრულების №1 დანართში მითითებულია ტექნიკის ჩამონათვალი და მათი საფასური, სადაც მითითება დღგ-ს შესახებ არ არსებობს. დადგენილია, რომ მხარეებმა გარიგების ნამდვილობის წინაპირობად წერილობითი ფორმა განსაზღვრეს. ფორმის დაცვას ექვემდებარება არა მარტო ძირითადი გარიგება, არამედ დამატებითი შეთანხმებები და შემდგომი ცვლილებები, მით უმეტეს, ისეთი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ვალდებულების შინაარსს. სასყიდლიანი კონსტრუქციის დროს პროცენტის გადახდა კი, ძირითადი ვალდებულებაა. წერილობითი ფორმით დადებული გარიგების პირობებიც ამავე ფორმით რომ უნდა შეიცვალოს სსკ-ის 328.1 მუხლის (თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ) შინაარსიდანაც გამომდინარეობს. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, ცვლილებები და დამატებები ამ ხელშეკრულებაში ქმედითია მხოლოდ მაშინ, თუ ისინი წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დანართის სახით აისახება და ექნება ორივე მხარის ხელმოწერები. შესაბამისად, მხარეებს, თუკი სურდათ წერილობით ხელშეკრულებაში ზეპირი ფორმით ცვლილებების შეტანა, ამაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხელშეკრულებაა დადებული (იხ.: სუსგ №ას-1269-1501-05, 30.06.2006წ.; №ას-231-216-2014, 9.02.2015წ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მხარეები ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ დამატებით დღგ-ს თანხის გადახდაზეც. რადგანაც მხარეებმა გარიგების ნამდვილობა ფორმას დაუკავშირეს, კერძოდ კი, მათ შორის არსებული ურთიერთობის მოწესრიგებისათვის წერილობითი ფორმა განსაზღვრეს, მისი დაუცველობა ზეპირი დამატებითი შეთანხმების ბათილობის გამომწვევი სამართლებრივი საფუძველია. შესაბამისად, მხარეები ზეპირად რომც შეთანხმებულიყვნენ დღგ-ს გადახდაზე, იგი სამართლებრივი ძალის მქონე ვერ იქნებოდა, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, ფორმის სავალდებულოობის ფარგლები ვრცელდება დამატებით შეთანხმებაზეც (სსკ-ის 59.1 მუხლი). ამდენად, კასატორის პრეტენზია დღგ-ს გადახდაზე ზეპირ ცვლილებებთან მიმართებით, ისედაც დაუსაბუთებელია.

32. მყიდველის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის - 17 917.95 ლარის ანაზღაურების თაობაზე 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებს ეფუძნება.

33. სსკ-ის 992-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ.: სუსგ №ას-1570-2019, 29.05.2020წ.).

34. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი დავობს, რომ მისი მოთხოვნის მიუხედავად, მხარეთა შორის განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაზე მოპასუხემ არ გამოწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რითაც დაარღვია საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის მოთხოვნები. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხე დღგ-ის გადამხდელია, იგი ვალდებული იყო, უძრავი ქონების მყიდველის, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, გამოეწერა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურა ნასყიდობის ღირებულების დასაბეგრ ოპერაციაზე, 17 917.95 ლარის დღგ, რაც არ შეასრულა. მოპასუხის მიერ ანგარიშფაქტურის გამოწერის შემთხვევაში, მოსარჩელე დღგ-ის თანხას ჩაითვლიდა ან დაიბრუნებდა ბიუჯეტიდან. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ზიანის - 17 917.95 ლარის ანაზღაურების საფუძველია.

35. სააპელაციო სასამართლომ საგადასახადო კოდექსის 180-ე, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტსა და 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მყიდველს უპირობოდ ჰქონდა მინიჭებული ბიუჯეტში გადახდილი თანხის ჩათვლის ან უკან დაბრუნების უფლება. გამყიდველის მიერ ანგარიშფაქტურის გამოუწერლობამ გამოიწვია ის, რომ მყიდველის ბარათზე ვერ აისახა დღგ-ის თანხა და მან ვერ შეძლო ამ უფლების რეალიზაცია. ამ ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

36. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ზიანი გამოწვეულია მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით, რაც გამოიხატება, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, ანგარიშფაქტურის დროულად გამოუწერლობით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის თაობაზე.

37. დასაბუთებას მოკლებულია კასატორის პრეტენზია, რომ, რაკი ფიზიკური პირი - დირექტორი იყო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, რომლის მიმართაც არ უნდა გამოწერილიყო ანგარიშფაქტურა, ამიტომ, მან თავისი მოთხოვნა კომპანიას დაუთმო, რათა ამ უკანასკნელს მოეთხოვა დღგ-ს ჩათვლა. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 30 დეკემბერს გაცემულ ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 23 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მყიდველი მიერ გამყიდველის მიმართ არსებული დავალიანება აღსრულების საფასურის ჩათვლით დაფარულია სრულად და საფასურის გამოკლებით გადარიცხულია კრედიტორის მიერ წარდგენილ ანგარიშზე. 2015 წლის 30 დეკემბერს მყიდველმა წერილით მიმართა გამყიდველს და მოითხოვა შესყიდული ტრაქტორისა და სპეცტექნიკის გადაფორმება და დღგ-ს ანგარიშფაქტურის წარდგენა. დადგენილია, რომ ორივე კომპანია რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელებად. გამყიდველმა 2014 წელს სარჩელი აღძრა მხოლოდ კომპანიის წინააღმდეგ და მხოლოდ ამ უკანასკნელმა აანაზღაურა ნასყიდობის საფასური. გამყიდველის მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერაზე უარის თქმის გამო კი, მყიდველმა ვერ წარადგინა ანგარიშფაქტურა საგადასახდო ორგანოში დეკლარაციასთან ერთად. ამდენად, დგინდება, რომ კომპანიას ჰქონდა დღგ-ს - 17 917.95 ლარის ჩათვლის ან ბიუჯეტიდან დაბრუნების უფლება.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად უმეტესად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც ზემოაღნიშნულ ნაწილში მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

39. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2 514 ლარი) დაუბრუნდება დაუშვებლად ცნობილი საკასაციო საჩივრის პროპორციულად, 2 305 ლარის 70% –1 613.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ–ოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „გ–ოს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი.ზ–იას მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 514 ლარის (საგადასახადო დავალება №19454533805 / გადახდის თარიღი 21.11.2023), ნაწილი - 1 613.5 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე