საქმე № ა-945-შ-24-2024 29 თებერვალი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ვ–ია
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ბ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ისრაელის, რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის (საქმე №10433-09-10) გადაწყვეტილებით, ნ.ვ–ია და გ.ბ–ი განქორწინდნენ.
2. ნ.ვ–იამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის (საქმე №10433-09-10) გადაწყვეტილებით, ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილებას დაეთანხმა ორივე მხარე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით, ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის (საქმე №10433-09-10) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის (საქმე №10433-09-10) გადაწყვეტილებით, ნ.ვ–ია და გ.ბ–ი განქორწინდნენ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე.
8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ვ–იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის (საქმე №10433-09-10) გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ვ–ია და გ.ბ–ი განქორწინდნენ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე