Facebook Twitter

საქმე №ას-1237-2023 29 თებერვალი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „გ–ო“ (მოსარჩელე, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ–ა“, დ.გ–ა (მოსარჩელე, მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავისი სარჩელის დაკმაყოფილება და შპს „ლ–ას“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება (პირველი სარჩელი), ზიანის ანაზღაურება (მეორე სარჩელი)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „გ–ომ“ (შემდგომ - გამყიდველი, პირველი მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა შპს „ლ–ასა“ (შემდგომ - მყიდველი, მეორე მოსარჩელე) და დ.გ–ას (შემდგომ - დირექტორი) მიმართ დამატებითი ღირებულების გადასახადის 9 765 ევროსა და 365.72 ლარის დაკისრების მოთხოვნით. შპს „ლ–ამ“ და დ.გ–ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „გ–ოს“ მიმართ ზიანის - 17 917.95 ლარისა და 4 161.6 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით, შპს ,,გ–ოს“ სარჩელის გამო, მოპასუხე შპს ,,ლ–ასა“ და დ.გ–ას მიმართ დამატებითი ღირებულების გადასახადის დაკისრების თაობაზე №2/155-017 სამოქალაქო საქმე გაუერთიანდა, შპს ,,ლ–ას“ სარჩელის გამო, შპს ,,გ–ოს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ ამავე სასამართლოს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო №2/940-2018 საქმეს, მიენიჭა №2/155-2017 და მისი განხილვა გაგრძელდა ერთ წარმოებად.

შპს „გ–ოს“ სარჩელის საფუძვლები

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრაქტორის, სპეცტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების დარჩენილი საფასურის დაკისრების თაობაზე გამყიდველის სარჩელი, რომელიც სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული იყო დამატებითი ღირებულების თანხის გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით მოითხოვს სწორედ დღგ-ს დაკისრებას მოპასუხისათვის შემდეგ გარემოებათა გამო: 2012 წლის 5 მაისის ხელშეკრულების დადებისას, რომლის თანახმადაც მყიდველმა გამყიდველისაგან შეიძინა ტრაქტორი, სპეცტექნიკა და სათადარიგო ნაწილები, მხარეთა აზრით, ისინი არ იყვნენ ვალდებული, გადაეხადათ დღგ შემოსავლების სამსახურისთვის, რადგან ორივე მხარე სოფლის მეურნეობის პირველად პროდუქციას აწარმოებდა, რომელიც გათავისუფლებული იყო დამატებითი ღირებულების გადახდისაგან. აღნიშნულის გამო, მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის საფასურზე დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე. 2013 წლის 28 თებერვალს მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, თუ მყიდველის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება და ნასყიდობის საგნების ღირებულება დასაბეგრი ექნებოდათ დღგით, მაშინ ორივე მხარე უფლებამოსილი იქნებოდა, დაეანგარიშებინათ და დაემატებინათ შეთანხმებული ნასყიდობის საფასურზე და შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე ფასების ჩამონათვალის მიხედვით დღგ და მოეთხოვა თითოეულ მხარეს მეორე მხარისგან. 2014 წლის 9 მარტის გამყიდველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშსწორების დოკუმენტში შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე დამატებულია დღგ, რაც გამყიდველმა ცნო ზემოაღნიშნული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელეც უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა შეთანხმებული ნასყიდობის საფასურზე დამატებითი დღგ.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დღგ-ს მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან, მყიდველმა 2012 წლის 5 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის საფასური გადაიხადა სრულად, რადგან მასში შედიოდა დღგ-ც. ნასყიდობის სრულად გადახდა დადასტურებულია ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებითაც.

შპს „ლ–ასა“ და დ.გ–ას სარჩელის საფუძვლები

5. ნასყიდობის საგნის ღირებულება მოსარჩელემ სრულად აანაზღაურა 2015 წლის 21 დეკემბერს. 2015 წლის 30 დეკემბერს მოითხოვა მოპასუხისაგან ანგარიშფაქტურა, რაზეც უსაფუძვლოდ მიიღო უარი. სწორედ ამან აიძულა მყიდველი, მიემართა სასამართლოსთვის და ემტკიცებინა, რომ ნასყიდობის ფასი სრულად ჰქონდა ანაზღაურებული, რაც დადგინდა კიდეც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

6. მოსარჩელეც და მოპასუხეც რეგისტრირებული არიან დღგ-ს გადამხდელებად, ამიტომ მყიდველზე ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის დაკისრების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განჩინება ძალაში შევიდა 2015 წლის 3 აგვისტოს) ამ უკანასკნელს წარმოეშვა დაკისრებული თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს კი – მყიდველისათვის დღგ-ს ანგარიშფაქტურის წარდგენის ვალდებულება, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება მყიდველის უფლებას, ჩათვალოს დღგ ან ბიუჯეტიდან თანხა დაიბრუნოს. დღგ შეადგენს 17 917.95 ლარს (117 462.09 : 1.18 = 99 544.14 ლარი დღგ-ს გარეშე).

7. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია მოსარჩელის მიერ ნასყიდობის თანხის სრულად გადახდის ფაქტი და, შესაბამისად, მოპასუხის მიერ ანგარიშფაქტურის გამოწერის ვალდებულება, ის არ აპირებს ამ ვალდებულების შესრულებას სრულიად აბსურდული არგუმენტით, რომ ანგარიშფაქტურას ვერ გამოწერს ორ სუბიექტზე ერთდროულად, რადგან მეორე მყიდველი, როგორც ფიზიკური პირი, არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად. სინამდვილეში, ვითარება ასეთია: გამყიდველმა 2014 წელს სარჩელი აღძრა მხოლოდ კომპანიის წინააღმდეგ და მხოლოდ ამ უკანასკნელმა აანაზღაურა ნასყიდობის საფასური. ამასთან, დირექტორმა თავისი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ სრულად დაუთმო კომპანიას. ეს უკანასკნელი კი, რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად და მის სახელზე ანგარიშფაქტურის გამოწერა სრულად შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობას. მოპასუხემ არ გამოწერა ანგარიშფაქტურა და ზიანი მიაყენა მოსარჩელეს.

8. ამასთან, მოსარჩელეს შეეძლო დღგ-ს თანხის დაბრუნება ბიუჯეტიდან და ვადიან ანაბარზე მისი განთავსებით სარგებლის მიღება, რაც ვერ მიიღო მოპასუხის ბრალით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დამატებით 4 161.6 ლარის ანაზღაურებაც.

მოპასუხის შესაგებელი

9. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს ზიანი არ მისდგომია, მას დღგ-ს თანხა ვერც ჩაეთვლებოდა და ვერც დაიბრუნებდა, რადგან დღგ-ს ანგარიშფაქტურის გაწერისა და შემოსავლების სამსახურისგან მისი ჩათვლის მოთხოვნა აქვს არა ნასყიდობის საფასურის გადამხდელ პირს, არამედ მხოლოდ იმას, ვინც ფაქტობრივად ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისას, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე, შემოსავლების სამსახურში დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული.

10. დირექტორს, როგორც ფიზიკურ პირს, რომელიც დღგ-ს გადამხდელად არ არის რეგისტრირებული, არ გააჩნდა დღგ-ს თანხის ჩათვლის მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის მიმართ, რის გამოც დირექტორმა 31.10.2016 წელს 05.05.2012 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები დაუთმო კომპანიას. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს არ წარმოეშვა დღგ-ს თანხის ჩათვლის ან ანაზღაურების მოთხოვნა, რადგან ხელშეკრულების გაფორმებისას მხარე იყო ფიზიკური პირიც.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

11. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით გამყიდველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მყიდველთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: გამყიდველის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მყიდველის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტი მყიდველის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა; გამყიდველს დაეკისრა 17 917,95 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 4161,6 ლარის გადახდა მყიდველის სასარგებლოდ; სახელმწიფო ბაჟის – 663.5 ლარისა და ადვოკატის მომსახურების - 1000 ლარის გადახდა.

14. განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 1-ელი აგვისტოს გადაწყვეტილებით, დავის საგანი იყო 05.05.2012 წელს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებით ნაკისრი, როგორც ძირითადი ვალდებულების შესრულება - თანხის გადახდა, ისე ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის (პროცენტის) ანაზღაურება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მყიდველს დაეკისრა ნასყიდობის საფასურის - 117 462,09 ლარის გადახდა. ამ თანხიდან გამოიქვითა მყიდველის მიერ მოპასუხისთვის შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება 32 156,29 ლარი და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულმა ნასყიდობის თანხამ შეადგინა 85 305,80 ლარი, რაც მყიდველმა სრულად აანაზღაურა. იქიდან გამომდინარე, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოსა და 2016 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამტკიცებულად მიჩნეული შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები წინამდებარე დავის მიმართ პრეიუდიციული ძალისაა. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 266-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე მათ სადავოდ ვეღარ გახდის. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გამყიდველის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები.

15. რაც შეეხება მყიდველის სარჩელს, იგი მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ანგარიშფაქტურის გამოუწერლობით პირად ბარათზე ვერ აისახა დღგ და მან ვერ შეძლო ბიუჯეტში გადახდილი თანხის ჩათვლის ან უკან დაბრუნების უფლების რეალიზაცია, რაც კანონით უპირობოდ ჰქონდა მინიჭებული. ეს უფლება მან ვერ განახორციელა მოპასუხის ბრალეული ქმედების (უმოქმედობის) გამო, რითაც მიადგა ზიანი დღგ-ს - 17917,95 ლარის ოდენობით. ამის საწინააღმდეგოდ მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, რომ მან უარი თქვა დღგ-ს ანგარიშფაქტურის გაწერაზე, ვინაიდან ნასყიდობის საფასური ჯერ კიდევ არ გადაეხადათ სრულყოფილად და გადასახდელი იყო დღგ. ეს განმარტება არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ, რადგან, როგორც აღინიშნა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება და სრულად გადაიხადა ნასყიდობის საგნის საფასური. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა არც ნასყიდობის ფასში დღგ-ს თანხის გაუთვალისწინებლობის შესახებ მტკიცება, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით (დანართი) განსაზღვრულია მოძრავი ნივთების ფასი და ხელშეკრულება არ შეიცავს დღგ-ს თანხის დამატებით გადახდის ვალდებულების თაობაზე მითითებას.

16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სუბიექტია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობით წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს. დადგენილია, როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის რეგისტრირებული იყვნენ დღგ-ს გადამხდელებად, გამყიდველის მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერაზე უარის თქმის გამო, მყიდველმა ვერ წარადგინა ანგარიშფაქტურა საგადასახდო ორგანოში დეკლარაციასთან ერთად. ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და ორივე მხარემ იცოდა, იყვნენ დღგ-ის გადამხდელები, პალატამ გაიზიარა მყიდველის მოსაზრება, რომ წინასწარ სავარაუდო იყო ის ქონებრივი ზიანი, რაც შეიძლებოდა მისდგომოდა მოპასუხის მიერ დღგ-ის ანგარიშფაქტურის გამოუწერლობის შემთხვევაში, რომლის გამოწერის კანონისმიერი ვალდებულება წარმოეშვა გამყიდველს მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულების გადახდის შემდეგ მისთვის მოთხოვნის წაყენების მომენტიდან.

17. როგორც წარმოდგენილი სარჩელით ირკვევა, მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 4 161.6 ლარის ანაზღაურებას იმ საფუძვლით, რომ შეეძლო დღგ-ს თანხის დაბრუნება ბიუჯეტიდან და ვადიან ანაბარზე მისი განთავსებით სარგებლის მიღება, რაც მოპასუხის ბრალით ვერ მიიღო. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ამდენად, გამყიდველმა ვალდებულების დარღვევით, სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მყიდველს. 2018 წლის 1 აგვისტოს ბანკის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 01.10.2015-დან 01.08.2018-მდე იურიდიული პირებისათვის დეპოზიტზე მოქმედებდა 8,2%. ვინაიდან 2015 წლის ოქტომბრიდან, ანგარიშფაქტურების გაწერის დროიდან, 2018 წლის ივლისის ჩათვლით გადაწყვეტილების აღსრულებადე (34 თვის განმავლობაში) ვადიან ანაბარზე დღგ-ს – 17917,95 ლარის განთავსების შემთხვევაში მყიდველი მიიღებდა საპროცენტო სარგებელს – 4161,6 ლარს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვლინდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 411-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მყიდველის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.

18. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გამყიდველმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავისი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მყიდველის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

19. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 106-ე მუხლი „ბ“ ქვეპუნქტი და 266-ე მუხლი. მართალია, მხარეთა შორის არსებობდა დავა, თუმცა გამყიდველმა 2014 წლის სარჩელით მოითხოვა მხოლოდ ნასყიდობის საფასურის დაკისრება დღგ-ს გარეშე, რაც არ გულისხმობს იმას, რომ ამით უარი თქვა დღგ-ს თანხის დაკისრებაზე. ამდენად, წინამდებარე სარჩელის ეს მოთხოვნა არ არის იგივე სასარჩელო მოთხოვნა, რაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ გამყიდველს აღარ ჰქონდა დღგ-ს დაკისრების მოთხოვნის უფლება.

20. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მყიდველმა დაადასტურა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული არ დასტურდება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმად დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისათვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება ანგარიშფაქტურა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ გამყიდვველს უნდა გამოეწერა ანგარიშფაქტურა და არ გამოწერა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 41-ე და 173-ე მუხლებიც. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა და დაადგინა, რომ მყიდველს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, თუ რას შეადგენს მისი ბრუნვა საანგარიშო პერიოდში და აღემატება თუ არა დღგ-ს ჩასათვლელი თანხა დღგ-ს დასარიცხს. სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ ფიზიკური პირი – დირექტორი იყო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, რომლის მიმართაც არ უნდა გამოწერილიყო ანგარიშფაქტურა და მან შეგნებულად დაუთმო მოთხოვნა კომპანიას, რათა ამ უკანასკნელს მოეთხოვა დღგ-ს ჩათვლა. ეს კი მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეები არაკეთილსინდისიერი ქმედებებით ცდილობენ, დააზარალონ გამყიდველი. ამით მათ სურთ, შეცდომა დააშვებინონ სასამართლოს, თითქოს, განიცადეს ზიანი ანგარიშფაქტურის გამოუწერლობით.

21. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მყიდველის საქმიანობის საგანს არ წარმოადგენს ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ამით სარგებლის მიღება. მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა ტექნიკის შესყიდვაზე. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის გამყიდველს არ შეიძლებოდა ევარაუდა, რომ მის მიერ ანგარიშფაქტურის გამოუწერლობის შემთხვევაში მყიდველი დღგ-ს თანხის საბანკო ანაბარზე განუთავსებლობით პროცენტს დაკარგავდა.

22. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 8.3 მუხლი. გამყიდველმა შეასრულა შეთანხმება და ცნო შემცირებული ნასყიდობის საფასური. აღიარა და ცნო მყიდველის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაანგარიშებული და საფასურზე დამატებული დღგ, რომლის გადახდის აუცილებლობა გამყიდველს დაუდგა და ეს თანხა გაქვითვის გზით მყიდველის წინაშე ჩათვალა. მყიდველმა კი, ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, არც ნასყიდობის საფასური არ გადაიხადა ნებაყოფლობით და არც შეთანხმებული დღგ. უფრო მეტიც, მოითხოვა ვითომდა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად კასატორისათვის მიუღებელი შემოსავლის - 4161.6 ლარის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

24. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი მიუღებელი შემოსავლის - 4161.6 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით, მოპასუხისათვის 4161.6 ლარის დაკისრების თაობაზე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

26. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გამყიდველს დაეკისრა ზიანის - 17 917,95 ლარის გადახდა სსკ-ის 992-ე და 408.1 მუხლების საფუძველზე. აღნიშნულ ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. სასამართლოს განსჯით, მოპასუხემ არ გამოწერა ანგარიშფაქტურა, რის გამოც მოსარჩელემ დღგ-ის თანხის ჩათვლა/დაბრუნება ბიუჯეტიდან ვერ მოახერხა, რითაც მიადგა ზიანი - 17 917.95 ლარი. მყიდველი 4161.6 ლარის გამყიდველისათვის დაკისრებას სწორედ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ ზიანს უკავშირებს და ამტკიცებს, რომ ბიუჯეტიდან - 17 917.95 ლარის დაბრუნების შემთხვევაში ამ თანხის ანაბარზე განთავსებით საპროცენტო სარგებელს - 4161.6 ლარს მიიღებდა.

27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და მიუთითებს სსკ-ის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად წარმოშობილი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახული განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, იგულისხმება მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელიც არ იარსებებდა,, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირი გულისხმობს მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის იმ ლოგიკური ბმას, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ.: სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.2015წ.; №ას-754-2021, 02.12.2021წ.).

28. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია ფულისაგან, როგორც ბრუნვაუნარიანი ობიექტისგან, სარგებლის მიღების რეალური შესაძლებლობის თავისთავად არსებობა, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს მოსარჩელის მტკიცების ტვირთის არაგონივრულად შემცირებას, არამედ იგი პირდაპირპროპორციულად მნიშვნელოვანია მოსამართლის როლისათვის მიუღებელი შემოსავლის განმარტების, არსებობის დასაბუთებისა და ოდენობის განსაზღვრის პროცესში. მხოლოდ მხარეთა მტკიცების ტვირთის პირობებში გახდება შესაძლებელი, რომ მიუღებელი შემოსავალი არარეალურ და აბსტრაქტული შინაარსის მოთხოვნად არ იქცეს და მტკიცებულებები და გარემოებები კომპლექსურად შეფასდეს (შდრ. ჩიტაშვილი ნ. „საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში“, თსუ, 2016, გვ. 154).

29. განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლის მიღების ალბათობას მოსარჩელე ასაბუთებდა დღგ-ს თანხის ანაბარზე განთავსების შესაძლებლობით. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში, სწორედ კრედიტორის მტკიცების საგანია, რომ ამგვარი შემოსავლის მიღება მისი სამართლებრივი სტატუსის ან ჩვეულებრივი საქმიანობის საგნის გათვალისწინებით, მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რაც ამგვარი ქმედების ნეგატიურ შედეგებს სავარაუდოდ აქცევდა მოვალისათვის სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად (იხ.: სუსგ. №ას-964-2018, 01.04.2020წ). ამ ფაქტების მითითების გარეშე, მიუღებელი შემოსავლის მხოლოდ თანხის დაყოვნების მოტივით მოვალისათვის დაკისრება დაარღვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. მოცემული დავა ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების არადროული შესრულების გამო გასესხებული თანხის მოცდენით (სარგებლის მიუღებლობა) კრედიტორის მიერ განცდილ ზიანს არ ეხება, მოსარჩელემ ამ ნაწილში ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, თანხის დეპოზიტზე განთავსების მტკიცებულების წარმოდგენით დაედასტურებინა შემოსავლის დაკარგვის რეალურობა. მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკა და მიმართულება კი არ ქმნის სარჩელით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის მიღების საფუძვლიან ვარაუდს (იხ.: სუსგ №ას-81-2020, 02.03.2020წ.; №ას-964-2018, 01.04.2020წ.; №ას-1178-1098-2017, 26.03.2019წ.; №ას-771-720-2017, 03.11.2017წ.; №ას-459-438-2015, 07.07.2015წ.).

30. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოპასუხისათვის 4161.6 ლარის დაკისრებაზე.

32. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 208.08 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „გ–ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს „გ–ოსათვის“ 4161.6 ლარის დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ლ–ას“ სარჩელი შპს „გ–ოსათვის“ 4161.6 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ლ–ას“ შპს „გ–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 208.08 ლარის ანაზღაურება;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე