საქმე №ას-981-2022 29 თებერვალი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ფ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ს–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ფ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ.ს–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოპასუხემ ვალის აღიარების დოკუმენტით აღიარა ვალი - 350 000 აშშ დოლარი ზ.ც–ძის (შემდგომ - მესამე პირი, ცედენტი) წინაშე და იკისრა 2017 წლის სექტემბერში დაფარვის ვალდებულება. თავის მხრივ, მესამე პირს ჰქონდა მოსარჩელის ვალი ამავე ოდენობით და ვალდებულების შესრულების მიზნით მესამე პირმა 2017 წლის ოქტომბერში მოპასუხის მიმართ მოთხოვნა დაუთმო მოსარჩელეს. შესაბამისად, მოპასუხემ 350 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება უნდა შეასრულოს მოსარჩელის წინაშე.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ „ვალის აღიარების შესახებ“ დოკუმენტი არის ყალბი. იგი საერთოდ არ იცნობს მესამე პირს. უნდა დაინიშნოს ექსპერტიზა, რადგან გაყალბებულია მოპასუხის ხელმოწერა. შესაგებლით მოპასუხე მოითხოვდა საბუთზე არსებული ტექსტის შესრულების ხანდაზმულობის დადგენასაც. ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხემ წარადგინა ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნა, სადაც აცხადებდა, რომ მოსარჩელე და მისი ძმა, დაახლოებით 9-10 წლის წინ, მოპასუხის ბიზნეს პარტნიორები იყვნენ. ამჟამად მათ შორის არსებობს დაძაბული ურთიერთობა. ბიზნეს პარტნიორობის დროს მოპასუხეს ხელი აქვს მოწერილი არაერთ დოკუმენტზე. მოსარჩელემ მოიპოვა მათი ბიზნეს საქმიანობის დროს, დაახლოებით 9-10 წლის წინ, მოპასუხის მიერ ხელმოწერილი ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელზეც ტექსტი დაახლოებით ნახევარ გვერდზე იყო დაწერილი, მოპასუხე კი, ხელს აწერდა ფურცლის/დოკუმენტის ბოლოში. მოსარჩელემ ეს ფურცელი იმდაგვარად გადახია, რომ დოკუმენტის ერთ ნაწილზე დარჩა მხოლოდ ტექსტი, მეორე ნაწილზე კი დოკუმენტის ბოლოში – მხოლოდ მოპასუხის მიერ შესრულებული ხელმოწერა. 9-10 წლის წინანდელი დოკუმენტის მოპასუხის ხელმოწერილ ნაწილზე 2017 წელს მესამე პირმა დაამატა ტექსტი, რომ, თითქოს, მოპასუხეს მის მიმართ 350 000 აშშ დოლარის დავალიანება ჰქონდა. ამიტომ არის, რომ დოკუმენტს მოხეული აქვს ზედა ნაწილი, ტექსტი კი – ჩასმულია ცარიელ ადგილას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით – სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 350 000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარი და, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3000 ლარი.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს დაეკისრა აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ ........).
7. სააპელაციო პალატის მითითებით, სარჩელს ერთვის „შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ“, შედგენილი არასრული ფურცლის ქვედა ნაწილზე, (ფურცლის ზედა ნაწილი გადახეულია, ან/და გადაჭრილია), რომლის თანახმად მოპასუხე აღიარებს, რომ მესამე პირის მიმართ აქვს ვალი – 350 000 აშშ დოლარი და იღებს ვალდებულებას, აღნიშნული ვალი ცედენტს დაუბრუნოს 2017 წლის სექტემბერში. ტექსტის ქვევით შესრულებულია ამ უკანასკნელისა და მოპასუხის ხელმოწერები. დედანი დოკუმენტის ჩვეულებრივი დათვალიერებითაც ნათლად ჩანს და არც სადავოა, რომ ტექსტი შესრულებულია (დაწერილია) ფურცლის გადანახევზე, ე.ი. საბუთის მთლიანობა დარღვეულია. ფურცლის ზედა კიდე მთლიანად უსწორმასწოროა.
8. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, საბუთის ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის №006460819 დასკვნის თანახმად, ხელნაწერი ტექსტი და ხელმოწერა მესამე პირის სახელით, ტექსტის სახით „ზ. ც–ძე“, განლაგებული ვალის აღიარების შეთანხმებაზე, შესრულებულია ერთი და იმავე პირისა და ამ უკანასკნელის მიერ. ხელმოწერა მოპასუხის სახელით, ტექსტის სახით, განლაგებული ვალის აღიარების შეთანხმებაზე, მარჯვენა ქვედა კუთხეში, შესრულებულია ამ უკანასკნელის მიერ. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ დადგენა იმისა, ვალის აღიარების შეთანხმებაზე განთავსებული ტექსტი, ხელნაწერი ტექსტი, ქვედა ნაწილში არსებული სიტყვები „ზ. ც–ძე“ და „ჯ.ს–ძე“ შესრულებულია თუ არა ერთი და იმავე დროს, შეუძლებელია, ვინაიდან ბიუროში არ არსებობს საწერი საშუალებით შესრულებული ჩანაწერების ხანდაზმულობის დადგენის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა.
9. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო შეთანხმება შესრულებულია ფურცლის გადანაჭერზე (ჩამონახევზე), ე.ი. საბუთის მთლიანობა დარღვეულია. ამის შესაბამისად, იმის დადგენა, თუ რა იყო მითითებული შეთანხმების ზემოთ, შეუძლებელია; ექსპერტიზამ ვერ შეძლო დაედგინა, ტექსტის და მის ქვემოთ არსებული ხელმოწერების ხანდაზმულობა, ანუ როდის არის შესრულებული. მითითებული კი იძლევა ერთმნიშვნელოვნად დასკვნის შესაძლებლობას, რომ სადავო შეთანხმება სრულფასოვანი იურიუდიული დოკუმენტი არ არის და მისი ნამდვილობა საეჭვოა. ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია, იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტი მოსარჩელის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს და შეთანხმება ასახავს ერთი პირის მიერ მეორესათვის 350 000 აშშ დოლარის, ანუ ძალზე დიდი თანხის გადახდის ვალდებულებას.
10. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ სსსკ-ის) 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბუთის ნამდვილობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისითაც მოპასუხე მას სადავოდ ხდიდა, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ვალის - 350000 აშშ დოლარის ოდენობით არსებობისა და აღნიშნული თანხის დაბრუნების თაობაზე შეთანხმების აღიარების დადასტურება მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა.
11. პალატის მითითებით, რაკი შეთანხმება ხელშეკრულება არ არის, მოსარჩელეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება მაინც უნდა წარმოედგინა, რომ მხარეთა შორის ხელშეკულება მართლაც დაიდო, საიდანაც გამომდინარეობდა ვალდებულება, თუმცა მას არც ეს საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია.
12. ზემოთ მითითებული, დადასტურებულად მიჩნეული ფაქტებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილ ძირითად დოკუმენტს - „შეთანხმებას ვალის აღიარებაზე“ - უტყუარ მტკიცებულებით ძალას ვერ მიანიჭებდა და ამ სახით წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარეს 350 000 აშშ დოლარის გადახდას ვერ დააკისრებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. კასატორის მტკიცებით, არასწორია ვალის აღიარების დოკუმენტის არასრულფასოვან იურიდიულ დოკუმენტად მიჩნევის შესახებ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა. თუკი სასამართლო მხოლოდ იმის გამო მიიჩნევს საეჭვოდ დოკუმენტს რომ გადანაჭერზეა შესრულებული, მაშინ სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეთითებინა იმ სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც ამგვარ დოკუმენტზე შესრულებულ წერილობით შეთანხმებას არ მიიჩნევს სრულფასოვან დოკუმენტად.
15. სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად წარმოადგინა ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, თუ როდიდან და რა საფუძვლით ხდიდა მოპასუხე სადავოდ ვალის აღიარების შესახებ დოკუმენტს. მოპასუხე შესაგებელში უთითებდა, რომ დოკუმენტი გაყალბებულია, თუმცა არა იმ საფუძვლით, რაც გადაწყვეტილებაშია მითითებული, არამედ იმ საფუძვლით, თითქოს შეთანხმება მოპასუხის მიერ არ იყო ხელმოწერილი. ზემოაღნიშნული საფუძვლით კი, სადავოდ გახადა 28.05.2019 წელს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც დადგა იმ ფაქტის წინაშე, რომ არსებობდა დოკუმეტის დედანი და ექსპერტიზა დაადგენდა ხელმოწერის ნამდვილობას.
16. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 137.2 მუხლი. ნორმა არ ავალდებულებს მტკიცებულების წარმდგენ მხარეს, დაამტკიცოს საბუთის ნამდვილობა იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისითაც მიუთითებს მოწინააღმდეგე მხარე საბუთის სიყალბეზე. ამასთან, დოკუმენტის ტექსტი და მოპასუხის ხელმოწერა არის თუ არა ერთი და იმავე საწერი საშუალებით შესრულებული და ერთი და იმავე ხანდაზმულობის, ექსპერტმა პასუხი ვერ გასცა. ამასთან, 3.07.2020 წლის საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დოკუმენტი გადაეცა მას ექსპერტიზისთვის, რომელსაც აშშ-ში ამერიკელი ექსპერტი წარმართავდა. ამის შემდგომ, მოპასუხემ დოკუმენტი დააბრუნა, თუმცა ექსპერტიზის პასუხი არ წარმოუდგენია, სავარაუდოდ, მისთვის სასარგებლო შედეგის არარსებობის გამო.
17. სააპელაციო სასამართლოს არ ამოურიცხავს მტკიცებულება საქმიდან, არც დოკუმენტის ყალბად მიჩნევის შესახებ დასაბუთებული განჩინება არ მიუღია და არც საგამოძიებო ორგანოებისთვის არ გადაუცია. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ მიანიჭა მტკიცებულების ძალა.
18. საფუძველს მოკლებულია აპელანტის მტკიცება, რომ არ იცნობს ცედენტს. მოწმედ დაკითხულმა მესამე პირმა დაადასტურა მოპასუხის ნაცნობობის ფაქტი და მიუთითა, როგორ და ვითარებაში გადასცა მოპასუხეს 350 000 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა მოწმის ჩვენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 341-ე მუხლით (1. იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; 2. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) განსაზღვრულ ვალის აღიარების საბუთს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ მესამე პირის წინაშე ვალის - 350 000 აშშ დოლარის არსებობა აღიარა და იკისრა გადახდის ვალდებულება. თავის მხრივ, მესამე პირმა მოპასუხის მიმართ არსებული ეს მოთხოვნა მოსარჩელეს დაუთმო (სსკ-ის 198-ე - 199-ე მუხლები).
22. მოვალის მიერ ვალის აღიარება, ზემოხსენებული ნორმით განმტკიცებული ვალის არსებობის აღიარებად რომ დაკვალიფიცირდეს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა.
23. არაერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ.: სუსგ №ას-839-890-2011, 8.11.2011წ.; №ას-392-371-2013, 8.11.2013წ.; №ას-1083-1040-2016, 26.04.2018წ.; №ას-758-2019, 22.10.2019წ.; №ას-634-2022, 16.09.2022წ.).
24. განსახილველ შემთხვევაში, აღიარება დამოუკიდებელ საფუძველს ეყრდნობა, მასში არ არის მითითებული უკვე არსებული იმ სამართალურთიერთობის შესახებ, საიდანაც გამომდინარეობს აღიარება. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი „შეთანხმება ვალის აღიარებაზე“ სსკ-ის 341-ე მუხლით განმტკიცებული ე.წ. ვალის აბსატრაქტული აღიარებაა. ამასთან, ვალის არსებობის აღიარება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი სახე, უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. იგი ფორმასავალდებულო გარიგებაა, კანონი მისი ნამდვილობისთვის აწესებს მარტივ წერილობით ფორმას. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (იხ.: სუსგ №2ბ/6904-14, 20.03.2015წ.; №ას-839-890-2011, 8.10.2011წ.; №ას-1529-2022, 1.03.2023წ.; №ას-483-2023, 18.10.2023წ.;). ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ.: სუსგ №ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.; №ას-226-213-2015, 18.05.2015წ.; №ას-483-2023, 18.10.2023წ.). ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა, როცა მხარეები ხელს მოაწერენ ვალის აღიარების ერთ დოკუმენტს ან გაცვლიან ცალმხრივად ხელმოწერილ დოკუმენტებს. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია კრედიტორისა და მოვალის მიერ ხელმოწერილი ვალის არსებობის აღიარების შესახებ საბუთი. მოპასუხის შედავების მიხედვით საბუთი გაყალბებულია და მას მესამე პირის წინაშე ვალი არ უღიარებია.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. მას შეუძლია ეს განაცხადოს საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე. განსახილველი ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ პირს, ვის წინააღმდეგაც წარმოდგენილია საბუთი, შეუძლია, უარყოს იგი მის სიყალბეზე მითითებით, მარტივი შესაგებლით. ამ შემთხვევაში ამ უკანასკნელს არ ეკისრება ამ უარყოფის დადასტურება. პირიქით, იმ პირს, ვის სასარგებლოდაც მიუთითებს (ვინც წარმოადგინა) ეს მტკიცებულება, მას ეკისრება მისი ნამდვილობის დადასტურება, თუ მის მოწინააღმდეგე მხარემ ამ საბუთის ნამდვილობა გახადა სადავოდ (იხ.: სუსგ №ას-872-830-2013, 17.10.2014წ.).
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დოკუმენტის სიყალბის ფაქტზე მხარემ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელშივე მიუთითა, ხოლო მოსარჩელეს დოკუმენტის საქმიდან ამორიცხვა არ მოუთხოვია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების წარმდგენ მხარეს შეუძლია, სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი თხოვნის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები.
27. განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 28 მაისის განჩინებით დანიშნა ექსპერტიზა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საბუთის ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის №006460819 დასკვნის თანახმად, ხელნაწერი ტექსტი და ხელმოწერა ზ.ც–ძის სახელით შესრულებულია ზ.ც–ძის მიერ. ხელმოწერა ჯ.ს–ძის სახელით დოკუმენტის მარჯვენა ქვედა კუთხეში შესრულებულია ჯ.ს–ძის მიერ. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ დადგენა იმისა, დოკუმენტზე განთავსებული ტექსტი როდის იყო შესრულებული, ხელნაწერი ტექსტი და ქვედა ნაწილში არსებული სიტყვები „ზ. ცინცაძე“, „ჯ.ს–ძე“ დაწერილია თუ არა ერთსა და იმავე დროს, შეუძლებელია, ვინაიდან ბიუროში არ არსებობს საწერი საშუალებით შესრულებული ჩანაწერების ხანდაზმულობის დადგენის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა.
28. ამდენად, ხელმოწერის სიყალბე ექსპერტს არ დაუდგენია, პირიქით, დასკვნით დასტურდება, რომ ხელმოწერა ეკუთვნის მოპასუხეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც ხელმოწერის ადრესატისათვის კუთვნილების საკითხი ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, ეს გარემოება იძლევა მოპასუხის მიერ სწორედ ვალის აღიარების დოკუმენტზე ხელმოწერის პრეზუმფციის (ვარაუდის) დაშვების საფუძველს, რომლის გაქარწყლებაც იმ მხარეს ეკისრება, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს ეს ვარაუდი (იხ.: სუსგ №ას-898-860-2014, 9.10.2015წ.). ამდენად, სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა ხელშეკრულების ნამდვილობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, არ შეესაბამება ზემოაღნიშნული ნორმისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნებს.
29. მნიშვნელოვანია, რომ ვალის აღიარების აბსტრაქტულობა გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ მისი ნამდვილობა არ არის დამოკიდებული საფუძვლად მდებარე გარიგებაზე, თუმცა, თუ ეს გარიგება არანამდვილია, შეიძლება ვალის აღიარების, როგორც უსაფუძვლო შესრულების, გამოთხოვა. ამის გამო ვალის აღიარების ფუნქცია, საბოლოოდ, მხოლოდ მტკიცების ტვირთის შეტრიალებაა - კრედიტორს აღარ უწევს პროცესზე საფუძვლად არსებული გარიგების ნამდვილობის მტკიცება, მოვალემ უნდა ამტკიცოს მისი არანამდვილობა (იხ.: ე. ბაღიშვილი, „სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, გვ 176). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის მტკიცების მოსარჩელისათვის დაკისრებაც არასწორია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართებით საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ცედენტიც, რომლის ჩვენებაც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად უნდა გამოიკვლიოს მოდავე მხარეთა განმარტებები, მტკიცებულებები, მათ შორის - მოწმედ დაკითხული ცედენტის ჩვენებაც და მისი სარწმუნოობის, დამაჯერებლობისა და თანმიმდევრულობის კუთხით უნდა შეაფასოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. ამასთან, მოპასუხის პოზიციის შემოწმებისას, პალატამ უნდა შეაფასოს საქმეში არსებული რომელი გარემოებები თუ მტკიცებულებები ამყარებენ მის პოზიციას, რამდენადაც დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს არ იძლევა მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ მან დოკუმენტის ბოლოს მოაწერა ხელი და შემდგომ არის ტექსტი დამატებული ფურცელზე. ამ განმარტებასთან მიმართებით ასევე შესაფასებელია მოწმედ დაკითხული ცედენტის ჩვენება, რომლის თანახმადაც ტექსტი მისი დაწერილია (ეს გარემოება დადასტურებულია ექსპერტის დასკვნითაც) და ხელმოწერები და ტექსტი თანადროულად არის შესრულებული. ამასთან, მართალია, ექსპერტიზამ ამ მიმართებით ვერ გასცა პასუხი სასამართლოს შეკითხვას, თუმცა საყურადღებოა ისიც, ამ ფაქტის შესწავლის მიზნით მოპასუხემ საგამოძიებო ორგანოებს თუ მიმართა.
30. გარდა ამისა, საქმის მასალებით დასტურდება, მოპასუხემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ მან აშშ-ში მოიძია ექსპერტი, რომელსაც აქვს რესურსი სადავო საკითხზე ჩაატაროს ექსპერტიზა (დაადგინოს არსებობს თუ არა ტექტისა და ხელმოწერის შესრულების თარიღებს შორის სხვაობა), რისთვისაც ესაჭიროება დოკუმენტის დედანი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლსი 3 ივლისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის მასალებში არსებული ვალის აღიარების საბუთის დედანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაეცა მოპასუხეს. 2020 წლის 2 სექტემბერს მოპასუხემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და აცნობა, რომ ექსპერტიზა დასრულდა, როგორც ესპერტიზის პასუხი, ისე დოკუმეტის დედანი გაგზავნილია მოპასუხესთან და სასამართლოს წარუდგენს დოკუმენტების ჩაბარებისთანავე. მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტის დედანი, თუმცა არ წარუდგენია ექსპერტიზის დასკვნა (პასუხი), რაც მისივე განმარტებით საკვლევ დოკუმენტთან ერთად იყო გამოგზავნილი მასთან. ამდენად, ამ კუთხითაც მოპასუხეს საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა მიეცა.
31. ამდენად, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სწორად უნდა გაანაწილოს მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი და მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი) (იხ.: სუსგ №ას-279-264-17, 21.04.2017წ.). მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული (იხ.: სუსგ № ას-895-2021, 23.12.2022წ; №ას-441-2020, 20.02.2022წ; №ას-52-2022, 19.10.2022წ; №ას-1142-2022, 23.03.2023წ; №ას-183-2023, 11.05.2020წ; №ას-266-2023, 25.05.2023წ.).
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, ხოლო სადავო საკითხის ზუსტად განსაზღვრისათვის საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების შედეგად უნდა განსაზღვროს სადავო საკითხი.
33. ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას (სსსკ-ის 53.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 412-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე