Facebook Twitter

საქმე №ას-792-2020 29 თებერვალი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.წ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მიღებული თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომ – დამსაქმებელი, სამინისტრო, მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.წ–ძის (შემდგომ - დასაქმებული, მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 13 571.43 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით – მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამინისტროს 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება და სამინისტროს დაევალა დასაქმებულის თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ბრძანების გამოცემა, 2017 წლის 3 იანვრიდან მის სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და დანამატის, ასევე, საადვოკატო მომსახურების ხარჯის, 1000 ლარის, ანაზღაურება. სამინისტრომ დასაქმებულს აუნაზღაურა განაცდური, კომპენსაცია (რეზერვში ჩარიცხვის გათვალისწინებით) და საადვოკატო მომსახურება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გამოკლებით, 57 678.10 ლარი.

3. დასაქმებულმა 2018 წლის 9 ოქტომბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის იმგვარად განმარტების მოთხოვნით, რომ მისთვის განაცდური ანაზღაურებულიყო 2017 წლის 3 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და დანამატის ყოველთვიური ოდენობით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით ანაზღაურების ოდენობის ცვლილების გათვალისწინებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა სასამართლოს შესაბამისი განმარტების ჩამოყალიბებით. განჩინება სამინისტრომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მაგრამ, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 418-ე მუხლიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებდა გასაჩივრებული განჩინების მოქმედებას, სამინისტრომ დასაქმებულს დამატებით აუნაზღაურა 13 571.43 ლარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება და განმცხადებელს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის განმარტებაზე. მოპასუხემ თანხის დაბრუნების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა არ შეასრულა.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, მართალია, გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინების განმარტება, თუმცა ეს არ შეიძლება განხილული ყოფილიყო იმგვარად, რომ მოპასუხეს დაევალა 13 571.43 ლარის უკან დაბრუნება. სააპელაციო სასამართლოს განმარტების გარეშეც ზიანის ანაზღაურება მოიაზრებს შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ცვლილების ანაზღაურებასაც.

5. მოპასუხე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. „საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.“ მოპასუხის მტკიცებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, მიყენებული ზარალი სრულად აანაზღაუროს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს 13 571.43 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით, 407.01 ლარის, გადახდის ვალდებულება დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით – სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება; სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სამინისტროს დაეკისრა მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილი 542 ლარის ანაზღაურება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეიცვალა უზრუნველყოფის საგანი და სამინისტროს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

9. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს მოპასუხისათვის 13 571, 43 ლარის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაცემის დადასტურება წარმოადგენდა. ვინაიდან კანონიერ ძალაში შესულია სააპელაციო პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება არამართლზომიერად იქნა მიჩნეული და სახელმწიფოს მისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა, ასევე, როდესაც საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფო ორგანოების მიერ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება გარანტირებულია, მხოლოდ იმაზე მითითება, რომ საკასაციო პალატის მიერ გაუქმდა სააპელაციო პალატის განჩინება გადაწყვეტილების იმგვარად განმარტების თაობაზე, რომ მასში გაზრდილი თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლება მოიაზრება, უსაფუძვლო წესით თანხის გამოთხოვის ერთადერთი წინაპირობა ვერ გახდებოდა. აღნიშნული დასკვნა, უწინარესად, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობისა („საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), ემყარება იმ გარემოებას, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლი გადაწყვეტილების განმარტების უფლებას მხოლოდ იმ სასამართლოს აძლევს, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. ყოველივე ხსენებულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებს ქმნიდა.

კასატორის მოთხოვნა:

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე, რომელიც საბოლოოა და კანონიერ ძალაშია შესული და მისი დასაბუთება არ მიიჩნია სამინისტროს მოთხოვნის სათანადო და საკმარის სამართლებრივ საფუძვლად.

12. ამასთან, უზენაესი სასამართლოს განჩინებიდან, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების განმარტებაზე, ცალსახად იკითხება, რომ დასაქმებულისათვის ანაზღაურებული თანხა სრულად მოიცავდა სასამართლოს მიერ დადგენილ ოდენობას და გადაწყვეტილების მცდარი განმარტების შედეგად მისთვის დამატებით ანაზღაურებული 13 571.43 ლარი ერთმნიშვნელოვნად სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იყო ანაზღაურებული.

13. ცალსახად ხაზგასასმელია, რომ დასაქმებულისათვის დამატებითი ანაზღაურების საფუძველი იყო არა კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს 21.09.2017 წლის გადაწყვეტილება, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიიჩნევს, არამედ ამ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 12.11.2018 წლის განჩიება, რომელიც უზენაესი სასამართლოს განჩინებით გაუქმებულია. ამდენად, გაუქმდა რა ის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც დასაქმებულისათვის დამატებითი ანაზღაურების საფუძველი გახდა, თანხა გახდა უსაფუძვლოდ მიღებული. სწორედ აღნიშნულზე უნდა ემსჯელა სააპელაციო სასამართლოს და არა იმაზე, უფლებამოსილი იყო თუ არა საქართველოს უზენაესი სასამართლო განჩინებით გაეუქმებინა განმარტება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის - 13 571.43 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 მუხლი (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით).

17. შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი ან ამგვარი საფუძველი, ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა, ან შემდგომ შეწყდა. შესრულების უკან მოთხოვნისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემა; მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენა; შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.

18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის №3ბ/1556-17 გადაწყვეტილებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის №3/285-17 გადაწყვეტილება გაუქმდა, დასაქმებულის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 30 დეკემბრის №471/კ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და სამინისტროს დასაქმებულის თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ბრძანების გამოცემა დაევალა; მოპასუხეს 2017 წლის 3 იანვრიდან, დასაქმებულის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და დანამატის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად დასაქმებულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 57 678.10 ლარი აუნაზღაურდა.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით დასაქმებულის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა. მითითებული განჩინების საფუძველზე დასაქმებულს დამატებით 13 571.43 ლარი აუნაზღაურდა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით – სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება გაუქმდა და დასაქმებულს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის განმარტებაზე უარი ეთქვა.

22. მოსარჩელე, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რაკი უზენაესმა სასამართლომ გააუქმა განჩინება, რომლის საფუძველზეც დასაქმებულს 13 571.43 ლარი აუნაზღაურდა, შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს და მან თანხა, როგორც უსაფუძვლოდ მიღებული, უნდა დააბრუნოს.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით საფუძველი გამოეცალა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 13 571.43 ლარის ანაზღაურებას. განჩინებით გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის მიზეზად განმარტებულია: „სამსახურში აღდგენის ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს პირის უფლებებში აღდგენას. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისაკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ითვალისწინებს სამომავლო უფლების აღდგენას. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, აანაზღაუროს განაცდური ხელფასი გათავისუფლებიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ანუ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემამდე ნიშნავს იმას, რომ განაცდური ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის საშუალო ანაზღაურება, რომელსაც მოხელე იღებდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, განაცდური ხელფასი უნდა ანაზღაურდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი აქტის გამოცემამდე არსებული ანაზღაურების შესაბამისად. გაზრდილი ხელფასი მოხელეს დაენიშნებოდა სასამართლოს გადაწვეტილების აღსასრულებლად გამოცემული აქტით სამსახურში დანიშვნის შემდეგ... სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე ისე გაზარდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სამინისტროსათვის დაკისრებული ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, რომ არც დასაქმებულის განცხადებაზე დართული მტკიცებულებებით და გასაჩივრებული განჩინებით არ დასტურდება რა ოდენობის ზიანის თანხა დაეკისრა მოპასუხეს დამატებით ასანაზღაურებლად და საერთოდ არ დგინდება, არსებობს თუ არა სამინისტროს ვალდებულება დამატებით რაიმე თანხის გადახდის შესახებ“. ამასთან, განჩინებაში მითითებულია ისიც, რომ: „მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბუნდოვანებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად აღსრულებულია და არ შეიძლება გახდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის გამოყენებით, სარეზოლუციო ნაწილის განმარტების, განვრცობის საფუძველზე დამატებით აღსრულების საგანი (იხ. სუს საქმე №ბს-630-602(კს-08) 10.09.2008წ. განჩინება; საქმე №ბს-603-581(კ-13) 08.05.14წ. განჩინება)“. განჩინებიდან ცალსახად დგინდება უზენაესი სასამართლოს დასკვნა, რომ დასაქმებულისათვის დამატებით 13 571.43 ლარის ანაზღაურების წინაპირობა არ არსებობდა.

24. რაკი უზენაესმა სასამართლომ მითითებულ საკითხზე კერძო საჩივრის ფარგლებში ერთხეულ უკვე იმსჯელა, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას (განჩინებას) ვერ გადასინჯავს და მხარეთა შორის დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობას განსხვავებულად ვერ შეაფასებს სსსკ-ის 266-ე (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი) მუხლიდან გამომდინარე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) შედეგი შეუქცევადია. ასეთი მიდგომა ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისას მიღებული სასამართლო აქტის სავალდებულო ძალის, ასევე, ამ აქტისადმი სანდოობის პრინციპის შენარჩუნებას და, რაც მთავარია, განსაზღვრულობის პრინციპს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების განსაკუთრებულობა ორმხრივად სავალდებულო აკრძალვაა და იგი, როგორც საქმეში მონაწილე პირებს, სასამართლოსაც ეხება.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ვლინდება სსკ-ის სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის წინაპირობები, რის გამოც არსებობს მოპასუხისათვის 13 571.43 ლარის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

26. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს.

27. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელისა (სსსკ-ის მუხლი 39.3 ა.ბ) და საკასაციო საჩივრისათვის (სსსკ-ის მუხლი 39.3 გ.ბ) გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის - 1 085.71 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. გ.წ–ძეს დაეკისროს 13 571.43 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

5. გ.წ–ძეს დაეკისროს 1 085.71 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

6. გ.წ–ძის მიერ სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 542 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

7. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეიცვალა უზრუნველყოფის საგანი და სამინისტროს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ.წ–ძეს (პ/ნ ......) აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: ქ.თბილისი, ......, ფართი (მშენებარე) 59.60 კვ.მ, ბინა №40, საკადასტრო კოდი: .......;

8. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე