საქმე №ას-570-2021 29 თებერვალი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „მ–ა“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ტ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მოშლის გამო თანხის დაკისრება (სარჩელში), იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ–ამ“ (შემდეგ - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ტ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა, ამ უკანასკნელისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 36 926 ლარის დაკისრება. შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხემაც და მოითხოვა იურიდიული მომსახურების ხარჯის, 3 000 ლარის, თავდაპირველი მოსარჩელისათვის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, არც თავდაპირველი და არც შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელის მოპასუხემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. აპელანტის მტკიცებას, რომ მოპასუხისათვის გადახდილი 36 926 ლარი მოგების გასამრჯელოა, რომელიც მოპასუხემ ავანსის სახით მიიღო, თუმცა, ვინაიდან მარწმუნებელს დავა არ მოუგია, იგი უსაფუძვლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს და მარწმუნებელს დაუბრუნდეს, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, მოპასუხის მიერ არაერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე საკითხის მოგვარება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების არანამდვილად ცნობა და ამ მოტივით, უძრავი ქონების განმკარგავი სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა დაედო. ამასთან, ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის შედეგად, უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო ქონების განკარგვის თაობაზე გამოვლენილი ნება ბათილად იქნა აღიარებული, თავისთავად ქმნის პრეზუმფციას, რომ მხარეთა შორის დასახული მიზნის მისაღწევად (უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა ან, ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება) მთავარი ფაქტობრივი საფუძველი შექმნილია.
6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, თავად მარწმუნებელმა შეწყვიტა, შესაბამისად, თუ მარწმუნებლის მიერ საადვოკატო მომსახურება არ შეწყდებოდა, ადვოკატი სამართლებრივი სტრატეგიის ფარგლებში მიზნის მისაღწევად მოქმედებას განაგრძობდა. რაც შეეხება იმას, ადვოკატის მიერ დასახული მიზანი წარმოადგენდა, თუ არა დავის მოგვარების/გადაწყვეტის ერთადერთ/სწორ/გამართლებულ ან/და ოპტიმალურ საშუალებას, სასამართლომ მიუთითა, რომ ამაზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან სასამართლოს მხრიდან ადვოკატის მიერ შერჩეული სამართლებრივი სტრატეგიის კრიტიკა ადვოკატთა დამოუკიდებლობას დააკნინებს, რაც დაუშვებელია.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო თანხები, როგორც „წარმატების ჰონორარი“ მოწინააღმდეგე მხარეს სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ, 2013 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული საადვოკატო მომსახურების საფუძველზე, მარწმუნებლის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად გადაერიცხა, ამ ნების ნაკლი კი, მარწმუნებლის მხრიდან, ჯ.შ–ას (მოსარჩელე საწარმოს ყოფილი დირექტორი) სიცოცხლის განმავლობაში შედავებული არ ყოფილა, რაც უსაფუძვლო გამდიდრების მოტივით, მისი აპელანტი კომპანიისთვის უკან დაბრუნებას გამორიცხავს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავოდ გამხდარ თანხას არა „წარმატების ჰონორარის“ სახით მიღებულ, არამედ ავანსის სახით ჩარიცხული თანხის კვალიფიკაციას მივანიჭებთ, სარჩელს წარმატების პერსპექტივა მაინც არ ექნება, ვინაიდან, როდესაც სადავო თანხების ავანსის სახით გადახდის ფაქტი საქმის მასალებით ცალსახად არ დგინდება, ადვოკატის მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული საათობრივი სამუშაოს ანაზღაურება მიღებული არ არის (მხოლოდ ინსტანციური ჰონორარია მიღებული), ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით ადვოკატის მრავალსაათიანი შრომა ცალსახად დასტურდება, სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებული პრეზუმფცია აპელანტის მიერ ვერ ქარწყლდება, რაც შესრულების (სადავო თანხის გადახდის), ვალდებულების სანაცვლოდ, გადახდილად (სსკ-ის 720-ე მუხლის მე-3 ნაწილი) დაკვალიფიცირების ფაქტობრივსამართლებრივ წინაპირობებს ქმნის.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ (აპელანტმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ასევე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა. კასატორმა შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ 2020 წლის 10 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმებაც მოითხოვა, იმაზე მითითებით, რომ მოპასუხემ შეგებებული სარჩელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმოადგინა, რაც სასამართლომ განსახილველად მიიღო და პროცესუალურ დარღვევად უნდა შეფასდეს.
9. კასატორის განმარტებით, სასამართლო არ მსჯელობს იმ საკითხზე, თუ რამ გამოიწვია 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, რატომ დასჭირდა მოსარჩელეს ახალი სარჩელის მომზადება და ახალი წარმომადგენლის იურიდიული დახმარება იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც საქმეზე კომპანიის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებას ემსახურებოდა. თავად სასამართლომაც აღიარა, რომ საქმეზე არ მიღებულა ის შედეგი, რაზედაც მხარეები ხელშეკრულებით პირდაპირ შეთანხმდნენ, შესაბამისად, სასამართლოს საკვლევი საგანი უნდა იყოს, თუ რა მომსახურების ღირებულება უნდა გადახდილიყო ასეთი შედეგისთვის, როგორ და რა პირობით შეთანხმდნენ მხარეები.
10. კასატორის მითითებით, თუ ხელშეკრულების მიზანი შეუსრულებელია, სამართალწარმოებისათვის გადახდილია ინსტანციური წესით გათვალისწინებული ხარჯი, ხოლო წინმსწრებად, აგრეთვე, წარმომადგენელს მიღებული აქვს უძრავი ქონების საერთო ღირებულების 5%, რაც მას უნდა მიეღო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღდგენის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებით, რატომ არ დგება საკითხი, მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნოს ზედმეტად გადახდილი ე.წ „მოგების თანხა“, რომელსაც იგი მიიღებდა ასეთი შედეგისათვის. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია, როდესაც განხილვა შეეხება მოსარჩელის სამომავლო უფლებებში აღდგენისათვის შესაძლო სამართლებრივი საფუძვლების შექმნით შეუსრულებელი მისიისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაუბრუნებლობას.
11. კასატორის განმარტებით, მოპასუხეს ხელშეკრულების პირობების მიხედვით არ წარუდგენია სარჩელი სასამართლოში, ხოლო სასურველი შედეგებისთვის, მოპასუხემ წინმსწრებად აიღო თანხა, რომლის დაუბრუნებლობასაც სასამართლო მოპასუხეს მართლზომიერად უთვლის, რაც დაუსაბუთებელი და უკანონოა. თუ საქმე მოგებით არ დასრულდა, არც თანხა არ უნდა გადახდილიყო და არც ზედმეტად არ უნდა მიეღო. თუ ასეთი წინმსწრები გადახდა ვლინდება, იგი უნდა დაბრუნდეს. კასატორს დამატებითი სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯი დასჭირდა იმისათვის, რომ საკუთრების აღდგენის მთავარი მიზნისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულიყო. სასამართლოს სწორედ ის უნდა დაედგინა, მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაო რამდენად გონივრულად ანაზღაურდა.
12. კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარემ მიიჩნია, რომ კომპანიის ყოფილი დირექტორის გარდაცვალების შემდეგ საქმის წლობით გაჭიანურებისა და შედეგების მიუღწევლობის პირობებში კარგავდა იმ გასამრჯელოს, რაც ქონების ღირებულების 5%-ს შეადგენდა, შესაბამისად, დარჩენილი ნდობით ისარგებლა და თანხა სრულად დაარიცხვინა კომპანიას. მოწინააღმდეგე მხარემ მიიღო იმდენი გასამრჯელო, რამდენიც ხელშეკრულებით და საქმის ინსტანციური წესით წარმართვისათვის იყო შეთანხმებული. ყველა მისი სამართლებრივი მოქმედებისათვის ადვოკატმა კუთვნილი თანხა მიიღო. მათ შორის, კასატორმა გადაუხადა საათობრივი მომსახურებაც, მიუხედვად იმისა, რომ ხელშეკრულების პირობების თანახმად, წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი საფუძვლები. სასამართლო ამ ნაწილში მსჯელობს, რომ თითქოს საათობრივი გადახდა არ იკვეთებოდა. ადვოკატის მრავალსაათიანი შრომა კასატორმა შეაფასა და უკან აღარ მოსთხოვა 2000 ლარი, შესაბამისად, მხარემ ამ ნაწილშიც დაძლია მტკიცების ტვირთი, რისი გათვალისწინებითაც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. პალატის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 მუხლის (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით) წინაპირობების არარსებობა განაპირობებს, კერძოდ, უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმების მთავარი არსი ისაა, რომ ერთი პირი მეორის ხარჯზე არ გამდიდრდეს. კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნევა, რომ ერთი პირიდან მეორეზე ქონების გადაცემა გამართლებული არ არის. ეს წინაპირობებია: მიმღებისათვის შესრულების გადაცემა; ამის შედეგად მოპასუხის გამდიდრება, ხოლო მოსარჩელის ქონების შემცირება; ქონების ერთი პირიდან მეორეზე გადასვლის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა.
18. კასატორის მითითებით, ადვოკატმა მარწმუნებლისგან ჯამურად 40 926 ლარი მიიღო, საიდანაც 2000 ლარი გადახდილია თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში დავის გამო ინსტანციური პრინციპით (2013 წლის 7 ოქტომბერს და 2013 წლის 17 ივნისს ადვოკატმა მიიღო 1000-1000 ლარი), 2014 წლის 17 ივნისს მოპასუხეს მიღებული აქვს 2000 ლარი (რომლის დანიშნულებაშიც მითითებულია - ავანსი), 2015 წლის 22 მაისს - 14 000 ლარი, ხოლო 2017 წლის 10 მარტს - 22 926 ლარი (დანიშნულებაში მითითებულია ჰონორარი). ბოლო ორი ჩარიცხვა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ე.წ. „მოგების გასამრჯელოს“ წარმოადგენდა, რომელიც მხარემ ავანსის სახით მიიღო, თუმცა, ვინაიდან მარწმუნებელს სადავოდ გამხდარი მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დავა არ მოუგია, იგი უსაფუძვლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს და მარწმუნებელს დაუბრუნდეს.
19. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით სასამართლოს წინაშე დაემტკიცებინა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების სამართლებრივი წინაპირობების არსებობა, მაშინ, როდესაც, მხარეთა შორის 2013 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული საადვოკატო (იურიდიული) მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე (რომლის საგანს წარმოადგენდა ადვოკატის ვალდებულება - მოსარჩელის უფლებები და კანონიერი ინტერესები სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ წარმართულ დავაში დაეცვა. სამართალწარმოების მიზანს კი, თავის მხრივ, სადავოდ გამხდარ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების გაუქმება და მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა წარმოადგენდა) მოპასუხემ (ადვოკატმა) არაერთი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება შეასრულა (კერძოდ, ადვოკატმა მოსარჩელის სახელით 20.02.2014წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ „სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს“, თბილისის მერიისა და შპს „ს.რ–ის“ მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის 2013 წლის 23 მაისის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების ყველა სახის განცხადებების, 2011 წლის 16 ივნისის თანხმობის, სამეთვალყურეო საბჭოს 20.05.2011წ. №3 ოქმისა და 15.06.2011წ. №4 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. ამასთან, ამავე სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოსთხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (მოსარჩელის სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისის №3 სხდომის ოქმი ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1) მდებარე - თბილისი, ....., მიწის ნაკვეთის ფართობი - 35 705 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №......; 2) მდებარე - თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს №1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი - 10 705 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №......; 3) მდებარე - თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონაში, მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი - 6 448 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №......., სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის დირექტორის, ჯ.შ–ას, 2011 წლის 23 მაისის განცხადებები მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1) მდებარე - თბილისი, ........, მიწის ნაკვეთის ფართობი - 35 705 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №........; 2) მდებარე - თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს №1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი - 10 705 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.......; 3) მდებარე - თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონაში, მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი - 6448 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №......., სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ....... მდებარე თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ მოსარჩელეს სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 15 ივნისის №4 ოქმის ბათილად ცნობაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. აგრეთვე, ქ. თბილისში, ......... მდებარე თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ მოთხოვნა მოსარჩელის დირექტორის, ჯ.შ–ას, 2011 წლის 15 ივნისის თანხმობის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა), რაც ადვოკატმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განჩინება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა. საკასაციო წესით აღნიშნული განჩინება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაასაჩივრა, რაზეც ადვოკატმა საკასაციო შესაგებელი წარადგინა. გარდა ზემოაღნიშნულისა, ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მიმართა განცხადებით, რომლითაც მიღებული გადაწყვეტილების თანმდევი შედეგების განმარტება მოითხოვა. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლის დაკმაყოფილებაზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვარს უარი ეთქვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მხარეთა შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების შესრულების მიზნით, ადვოკატმა 2018 წლის 15 თებერვალს, მოსარჩელის სახელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ „სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს“, თბილისის მერიისა და შპს „ს.რ–ის“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ამ აქტებით განკარგული უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ადმინისტრაციული სარჩელი არ დაკმაყოფილდა), რის შედეგადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო ნივთების განკარგვის თაობაზე მოსარჩელის გამოვლენილი ნება ბათილად იქნა ცნობილი, რაც თავისთავად ქმნის პრეზუმფციას, რომ მხარეთა შორის დასახული მიზნის მისაღწევად მთავარი ფაქტობრივი საფუძველი შექმნილია.
20. პალატა ყურადღებას ამახვილებს სადავო თანხის ჩარიცხვების პერიოდზე და მიუთითებს, რომ მათი ჩარიცხვის პერიოდი ემთხვევა ჯერ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, ხოლო შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების პერიოდს, რისი გათვალისწინებითაც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კასატორი კომპანიის მხრიდან მარწმუნებლისათვის სარჩელის წარმატებულობა მაშინ დადასტურდა, როდესაც, სასამართლოს წესით, გამოვლენილი ნების ნაკლი დადგინდა და მთელი ის „ძირითადი“ სამართლებრივი შედეგი მოიტანა, რაც მომავალში ქონებაზე საკუთრების დაბრუნების ან სხვაგვარი წესით უფლებებში აღდგენის გარანტიას ქმნიდა. აღნიშნულ რწმენას ამყარებს 2017 წლის 10 მარტის საგადახდო დავალებაც, რომლის დანიშნულებაში ადვოკატის ჰონორართან ერთად სამოქალაქო საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ნომერია მითითებული (მარწმუნებელს გადახდის დანიშნულებაში არ მიუთითებია თანხის საავანსო ბუნება, რაც მაგალითისათვის მითითებული იყო ბევრად უფრო მცირე სხვა თანხის გადარიცხვის ქვითარზე), რაც ქმნის მყარ ვარაუდს, რომ მარწმუნებელმა მოგების ჰონორარის გადახდის ვალდებულება, სწორედ ამგვარ შედეგს დაუკავშირა. ნიშანდობლივია, ის გარემოებაც, რომ იმ პერიოდში კომპანიის დირექტორს ჯ.შ–ა წარმოადგენდა, რომელსაც სადავო თანხების გადახდა ან/და მისი დანიშნულება მის სიცოცხლეში სადავოდ არ გაუხდია.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიუთითებს, რომ სადავო თანხები, როგორც წარმატების ჰონორარი მოწინააღმდეგე მხარეს სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ, 2013 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული საადვოკატო მომსახურების საფუძველზე, მარწმუნებლის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად გადაერიცხა, ამ ნების ნაკლი კი, მარწმუნებლის მხრიდან, ყოფილი დირექტორის სიცოცხლეში შედავებული არ ყოფილა, რაც უსაფუძვლო გამდიდრების მოტივით, მისი კასატორისათვის უკან დაბრუნებას გამორიცხავს, შესაბამისად, ის რაც ნამდვილი ნების საფუძველზეა გადახდილი, ამასთან, გადახდა განხორციელებულია შეუცილებადი ნების საფუძველზე მოქმედი დავალების ხელშეკრულების ფარგლებში, რწმუნებულის მიერ უსაფუძვლოდ მიღებულად არ ჩაითვლება და შესაბამისად, არც დაბრუნებას ექვემდებარება.
22. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის სხვა საკასაციო პრეტენზიებიც. ამ კუთხით პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებასაც, რომ რწმუნებულმა ზემოაღნიშნული იურიდიული მოქმედებები მარწმუნებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად განახორციელა. ამასთან, მარწმუნებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილობის შემდგომ ადვოკატს (მოპასუხეს) სამართალწარმოების მიზანი შესრულებულად არ მიუჩნევია და სხვა სამართალწარმოების ფარგლებში მის მიერ დაწყებული სტრატეგიის საზღვრებში ბათილობის შედეგების აღმოფხვრის თაობაზე მიზნის მიღწევას შეეცადა, შესაბამისად, თუ მარწმუნებლის მიერ საადოკატო მომსახურება არ შეწყდებოდა, ადვოკატი მიზნის მისაღწევად სამართლებრივი სტრატეგიის ფარგლებში მოქმედებას განაგრძობდა. ამასთან, თუ როგორ უნდა დაბრუნებულიყო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, სწორედ, მარწმუნებლის სამართლებრივი სტრატეგიის სფეროს განეკუთვნებოდა, რომლის მართებულობასაც სასამართლო ვერ შეაფასებს, ვინაიდან ადვოკატის მიერ შერჩეული სამართლებრივი სტრატეგიის შეფასება ადვოკატთა დამოკიდებლობას დააკნინებს, რაც სასამართლოს ინსტიტუტის როლს სცილდება და მისი მიზნიდან არ გამომდინარეობს. ამასთან, უდავოა, რომ განსახილველი დავის მიმდინარეობის ეტაპზეც, კასატორი, როგორც ადმინისტრაციული, ასევე, სამოქალაქო წესით ცდილობს საკუთრების უფლების მოპოვებას, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ იგი ამჟამადაც ცდილობს, გამოარკვიოს, თუ რომელი სახის სამართლებრივი წარმოება მოუტანს უკეთეს შედეგს.
23. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობასაც, რომლის თანახად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო თანხას არა „წარმატების ჰონორარის“ სახით მიღებულ, არამედ ავანსის სახით ჩარიცხული თანხის კვალიფიკაციას მივანიჭებთ, სარჩელს წარმატების პერსპექტივა მაინც არ ექნება და ამ კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სამი სახის საფასურის გადახდის ვალდებულება შეთანხმდა, კერძოდ: ა) წინასასამართლო ეტაპისათვის (კლიენტის მოსმენა, საქმის მასალების გაცნობა, კონსულტაცია, საგამოძიებო ან/და სასამართლო პროცესში მონაწილეობა) და ინსტანციური წესით, მოსარჩელე წარმომადგენლობისათვის მოპასუხეს 1000 ლარს აუნაზღაურებდა; ბ) საათობრივი ანაზღაურების დროს, ყოველი ერთი საათი უნდა ანაზღაურებულიყო 100 ლარის ოდენობით, რაც მომსახურების აღრიცხვის ბარათით უნდა ყოფილიყო დადასტურებული; გ) სასამართლო პროცესის წარმატებით (მოგებით) დასრულების შემთხვევაში, მოსარჩელეს მოპასუხისათვის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებული ან/და მორიგების აქტით განსაზღვრული ან/და ქონების საბაზრო ღირებულების 5% (ასეთ შემთხვევაში, გადასახდელ ღირებულებას უნდა გამოკლებოდა უკვე მიღებული ანაზღაურების თანხის ოდენობა) უნდა გადაეხადა. ამასთან ხელშეკრულების თანახმად, კლიენტს ნებისმიერ დროს, მიზეზების განმარტების გარეშე, ადვოკატთან დადებული ხელშეკრულების მოშლის უფლება გააჩნდა. ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში კლიენტს თანხის ის ნაწილი დაუბრუნდებოდა, რომელიც ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების (კონსულტაცია, საუბრები) და ხარჯების (მიმოსვლის, დოკუმენტის შედგენის, მოპოვების და ა.შ), აგრეთვე, ყოველ სამუშაო საათზე 100 ლარის გამოკლებით, დარჩებოდა. ადვოკატის სამუშაო დროში კი ჩაითვლებოდა დროის ნებისმიერი მონაკვეთი, რაც დაკავშირებულია კლიენტის ინტერესებთან, მათ შორის კონსულტაციის, გადაადგილების, მოცდენის და ა.შ. პერიოდში გასული დრო.
24. უდავოა, რომ იურიდიული ხელშეკრულების გაფორმებიდან მოყოლებული (2013 წელი) ადვოკატმა საპროცესო დოკუმენტების შედგენის, სტრატეგიის მოფიქრებისა და სხვა ინტელექტუალური სამუშაოს გაწევისათვის დრო და მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯა. აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი ვერ ადასტურებს თუ რა სახით იქნა დაცული მხარეთა შორის ხელშეკრულებით მიღწეული შეთანხმება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მიღებული თანხიდან მხოლოდ იმ ნაწილის დაბრუნების თაობაზე, რომელიც ადვოკატის მიერ გაწეული მოქმედებების შედეგად დარჩებოდა. ამ კუთხით პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ საათობრივი ანაზღაურება 2000 ლარით შეფასდა, რაც მოწინააღმდეგე მხარეს აღარ მოსთხოვა და განმარტავს, რომ ადვოკატის საათობრივი შრომის 2000 ლარად შეფასება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. ამასთან, აღნიშნული მოსაზრება შესაბამის საპროცესო ეტაპზე გაჟღერებული არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებულ მსჯელობას, რომლის თანახმად, სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებული პრეზუმფცია კასატორის მიერ ვერ ქარწყლდება, რაც შესრულების (სადავო თანხის გადახდის), ვალდებულების სანაცვლოდ გადახდილად (სსკ-ის 720-ე მუხლის მე-3 ნაწილი) დაკვალიფიცირების ფაქტობრივსამართლებრივ წინაპირობებს ქმნის.
25. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომელიც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმას ეხება საკასაციო პალატა საქმის შედეგისა და სსსკ-ის 1991 მუხლზე (სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან) მითითებით დაუსაბუთებლად მიიჩნევს. დაუსაბუთებელია კასატორის შედავება 2020 წლის 10 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმესთან დაკავშირებითაც, ვინაიდან აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილება ან უარი გავლენას ვერ მოახდენს საქმის შედეგზე, ვინაიდან შეგებებული სარჩელი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, რაც შესულია კანონიერ ძალაში.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-254-2021, 2022 წლის 26 ივლისის განჩინება; საქმე №ას-464-2023, 2023 წლის 23 მაისის განჩინება; საქმე №ას-1117-2020, 2021 წლის 25 მარტის განჩინება; საქმე №ას-29-2021, 2021 წლის 28 მაისის განჩინება).
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. სს „მ–ას“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1846.30 ლარის (საგადახდო დავალება №511 / გადახდის თარიღი 15.06.2021), 70% - 1292 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე