საქმე №ას-1388-2022 17 ნოემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ე.ქ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.რ–ი (მოპასუხე)
მესამე პირი - ზ.კ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ე.ქ–ამ (შემდგომ – მყიდველი, მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.რ–ის (შემდგომ – გამყიდველი, მოპასუხე, აპელანტი) მიმართ 64 320,00 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 3 ნოემბერს მოპასუხისაგან 24 000.00 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად შეიძინა „რენჯ როუვერ სპორტი 2.7D”, RRS-001, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2008. მოსარჩელემ ავტომანქანა წაიყვანა დიდ ბრიტანეთში. საქართველოში დაბრუნებისას, ავტომობილის გამოგზავნისათვის საჭირო შემოწმებისას დადგინდა, რომ ავტომანქანა 2010 წელს მოიპარეს ინგლისიდან, ხოლო მისი საინდენტიფიკაციო კოდი და სხვა მონაცემები გაყალბებული იყო. დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა მოსარჩელეს ჩამოართვეს ავტომობილი და გადასცეს სადაზღვევო კომპანიას, რომლმაც თავის დროზე (ქურდობის შემდგომ) აუნაზღაურა ზარალი ავტომობილის მესაკუთრეს. მოსარჩელის მტკიცებით, მისთვის არ იყო ცნობილი ავტომანქანის უფლებრივი ნაკლის შესახებ, შესაბამისად, მოპასუხემ სარჩელის შეტანის დროისათვის (2018 წლის 16 ნოემბერი) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, 24 000,00 აშშ დოლარის ეკვივალნეტი ლარით - 64 320,00 ლარი უნდა დაუბრუნოს მოსარჩელეს.
მოპასუხის შესაგებელი:
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი პასუხისმგებლობა გამორიცხულია, რადგან მან შეიძინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადო აქტით შემოწმებული ავტომანქანა და მოსარჩელისათვის მიყიდვისას ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემოწმდა ნასყიდობის საგანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 64 320,00 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა 6 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნასყიდობის ობიექტი იყო მოძრავი ნივთი - ავტომობილი, რომელიც მესაკუთრეს მოჰპარეს. ავტომობილი მოსარჩელემ შეიძინა მოპასუხესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. თავის მხრივ, მოპასუხემ ავტომობილი შეიძინა მესამე პირისაგან, შესაბამისად, ავტომობილის გასხვისების არცერთ ეტაპზე არ გამართულა აუქციონი, რასაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების საფუძველზე შეეძლო, ლეგიტიმაცია მიენიჭებინა შემძენის საკუთრების უფლებისთვის. ამასთან, საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხემ მესამე პირს ავტომობილის სანაცვლოდ თანხა გადაუხადა, თუმცა მსგავსი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც კი, ზემოხსენებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე მოპასუხე მაინც ვერ გახდებოდა ავტომობილის კეთილსინდისიერი შემძენი, რადგან ავტომობილი მესაკუთრეს მოჰპარეს და შემდგომში აუქციონის წესით არ გასხვისებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის დასკვნით, რაკი მოპასუხე არ იყო დასახელებული ავტომობილის კეთილსინდისიერ შემძენი, იგი არც ამ ნივთის გასხვისების მომენტისათვის არ იყო უფლებამოსილი განეკარგა ეს ავტომობილი. ავტომობილის გასხვისებისას მოპასუხეს ავტომობილის მესაკუთრის მხრიდან წინასწარი თანხმობა არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, რადგან მესაკუთრეს მოჰპარეს და არც გარიგების შემდგომ არ მოუწონებია უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2010 წლის 3 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილი იყო სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე.
8. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის გამო ავტომობილის სანაცვლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა მიიჩნევა უსაფუძვლოდ გადახდილად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ვლინდებოდა უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევა და მოპასუხეს უსაფუძვლოდ მიღებული ქონება მოსარჩელისთვის უნდა დაებრუნებინა. დასაბრუნებელი თანხის ოდენობასთან მიმართებით სააპელაციო პალატმ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ავტომობილი შეიძინა 2010 წელს და მას შემდეგ შეუზღუდავად სარგებლობდა 2018 წლამდე, სანამ პორტში საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას არ გამოვლინდა ავტომობილის უფლებრივი ნაკლი, რის გამოც მოსარჩელემ დაკარგა მფლობელობა. ამდენად, მოსარჩელემ მიიღო სარგებელი, რაც გამოიხატა 8 წლის განმავლობაში ავტომობილით შეუფერხებლად სარგებლობით.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, საზოგადოდ ცნობილია, რომ ავტომობილის, როგორც მოძრავი ნივთის ღირებულება წლების მანძილზე მცირდება, რაც განპირობებულია ცვეთით, ავტომობილის მოდელის მოძველებით და ა.შ. შესაბამისად, პრეზუმირებულად მიიჩნია ფაქტი, რომ სარჩელის წარდგენის დროისთვის სადავო ავტომობილის ღირებულება ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე მოსარჩელემ გადაიხადა 2010 წელს. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებდა სადაზღვევო კომპანიის მიერ მოსარჩელისათვის წაყენებული შეთავაზება, რომლის მიხედვითაც ავტომობილის კანონიერი მესაკუთრე თანახმა იყო, მოსარჩელისათვის მიენიჭებინა საკუთრების უფლება 6 000 გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა ისე, რომ აღნიშნულის შესახებ მოპასუხისათვის არ უცნობებია. შესაბამისად, თავად მესაკუთრემაც ავტომობილი ზემოხსენებულ ოდენობად შეაფასა. ამასთან, მოსარჩელეს ავტომობილის ღირებულების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ წარმოუდგენია. 2018 წლის ვითარებით ავტომობილის ღირებულების განსაზღვრისთვის, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2010 წლის 2 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნეოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2018 წლისთვის ავტომობილის საბაზრო ღირებულება 6 000 გირვანქა სტერლინგი იყო და საწინააღმდეგოს დადასტურება მოსარჩელემ თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ შეძლო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ასანაზღაურებელი თანხა 6 000 გირვანქა სტერლინგით განსაზღვრა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
11. კასატორის მტკიცებით, სამართლებრივი შედეგი, რაც ურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით კვალიფიკაციას უნდა მოჰყვეს, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის უსაფუძვლოდ მიღებული 24 000 აშშ დოლარის დაბრუნებაა. დასაბრუნებელი თანხის შემცირებასთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თავად ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ სამართლებრივ მსჯელობას, ვინაიდან მოპასუხემ, როგორც ვითომ კრედიტორმა, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს ის თანხა, რომლითაც გამდიდრდა.
12. სასამართლოს მსჯელობა ავტომობილის სარგებლობის გამო ღირებულების შემცირებაზე, არაფრით უკავშირდება მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნებას, რადგან ნივთის სარგებლობის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა მოსარჩელეს შესაძლოა წაუყენოს ავტომობილის კანონიერმა მესაკუთრემ და არა - მოპასუხემ. ქონებრივი ბალანსის აღსადგენად მოპასუხემ უნდა დააბრუნოს ის, რაც მოსარჩელისაგან უსაფუძვლოდ მიიღო და არა - ავტომანქანის საბაზრო ღირებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. მოსარჩელე სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) საფუძველზე მოითხოვს მოპასუხისათვის ავტომანქანის შესაძენად გადახდილი თანხის – 24 000 აშშ დოლარის დაბრუნებას, რადგან ნივთი აღმოჩნდა მოპარული, რის გამოც მოსარჩელეს ჩამოერთვა და გადაეცა მესაკუთრეს. საკასაციო სასამართლოში სადავოა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის გამო, შესრულების უკუქცევის ოდენობა. კასატორის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარემ მიღებული თანხა სრულად უნდა დააბრუნოს.
19. როდესაც ვლინდება სსკ-ის 976.1 მუხლის წინაპირობები, დაბრუნების მოთხოვნის უფლების მოცულობას 979-ე მუხლი აწესრიგებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სპეციფიკურ ვითარებასთან გვაქვს საქმე, რადგან სახეზეა კონდიქციის კრედიტორის - მოსარჩელის მიერ ნივთით სარგებლობა - იგი ავტომანქანის შეძენიდან მის ჩამორთმევამდე 8 (რვა) წელი სარგებლობდა ნივთით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, მოსარჩელეს ჰქონდა ნასყიდობის თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, ხოლო მოპასუხეს - მიღებული სარგებლის დაბრუნების უფლება. მოპასუხის ამ უფლების წარმოშობა განპირობებულია იმითაც, რომ, მართალია, ავტომანქანა აღმოჩნდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მოპარული, თუმცა საქართველოში სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დადგენილი წესით გამსხვისებლის სახელზე იყო რეგისტრირებული, რომელმაც, თავის მხრივ, მესამე პირისაგან შეიძინა ნივთი. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ აქტს და ამ ვალდებულების განხორციელება მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელ პირობაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა - ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის (იხ.: სუსგ №ას-1029-2022, 9 ნოემბერი, 2022 წელი), თუმცა აღნიშნულ ფაქტს პალატა უკუქცევის ოდენობის დადგენის მიზნებისათვის ითვალისწინებს და მიიჩნევს, რომ დასაბრუნებელ თანხას ნივთის მოხმარებით მიღებული სარგებელი უნდა გამოაკლდეს.
20. რაც შეეხება მიღებული სარგებლის ოდენობას, ივარაუდება, რომ სიკეთე, რომელიც ავტომობილის სარგებლობის შედეგად მოსარჩელემ მიიღო, შეესაბამება იმ ღირებულებას, რაც რვაწლიანი სარგებლობის შედეგად ავტომობილმა დაკარგა. ავტომანქანის ღირებულება კი, შემცირდა 6 000 გირვანქა სტერლინგამდე, კერძოდ, დადგენილია, კანონიერმა მესაკუთრემ - სადაზღვევო კომპანიამ ნივთი სწორედ ამ ოდენობად შეაფასა, რამდენადაც, მოსარჩელეს შესთავაზა ნივთზე საკუთრების უფლების მინიჭება 6 000 გირვანქა სტერლინგის გადახდის სანაცვლოდ. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ განსახილველ საქმეზე, სარგებლობის ღირებულება უნდა გამოვთვალოთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის ექსპლუატაციის ხანგრძლივობით, რომელიც შეადგენს 8 წელს. ავტომანქანის „ღირებულების დაკარგვა“ შეფასდა ზემოაღნიშნული ოდენობით და ის ამგვარად გაუტოლდა რვაწლიანი სარგებლობის ღირებულებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი თანხა სწორად განსაზღვრა 6 000 გირვანქა სტერლინგით.
21. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, 24 000 აშშ დოლარის სრულად ანაზღაურება დაუსაბუთებელია იმიტომაც, რომ ავტომობილის კანონიერი მესაკუთრის (სადაზღვევო კომპანიის) შეთავაზებას - 6 000 გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ საკუთრების მინიჭების თაობაზე არ დასთანხმდა კასატორი და ამ შეთავაზების შესახებ არც მოპასუხეს აცნობა. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, 6 000 გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ, ავტომობილის მესაკუთრე გამხდარიყო და სწორედ ეს თანხა მოეთხოვა მოპასუხისათვის. ამის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ უარყო შეთავაზება, რითაც ფაქტობრივად უარი განაცხადა მასსა და მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ლეგიტიმაციაზე და ამ უკანასკნელს მოსთხოვა რვა წლის წინ გადახდილი 24 000 აშშ დოლარის სრულად ანაზღაურება, რაც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპსაც (სსკ-ის 8.3 მუხლი), რომლის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა (იხ.სუსგ №ას-23-18-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-925-2022, 30 სექტემბერი, 2022 წელი).
22. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 2 274 ლარის 70% – 1591.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ქ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ე.ქ–ას ……..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.კ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 274 ლარის (შემოსავლის ორდერი №221026124813691, გადახდის თარიღი 26.10.2022), 70% - 1591.8 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
ვლადიმერ კაკაბაძე