საქმე №ას-829-2023 9 თებერვალი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "თ.ბ–ი" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ბ–ი, მ.მ–ძე, შპს "ბ....", მ.გ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ სარჩელი მ.ბ–ის, მ.მ–ძის, შპს „ბ....“-ის და მ.გ–ძის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით სს „თ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებით სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ.ბ–ს (მსესხებელს, ძირითად მოვალეს) კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 39 939.6 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 20 761.61 აშშ დოლარი, პროცენტი - 17 101.99 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2 076 აშშ დოლარი; ბანკის წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში დასახელებული თავდებებისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიმართ არ დაკმაყოფილდა;
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. მოსარჩელეს ბანკსა და მ.ბ–ს შორის 2011 წლის 25 იანვარს დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით, განისაზღვრა სესხის თანხა - 500 000 აშშ დოლარი, ან მისი ეკვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს ბანკსა და მოპასუხე მ.გ–ძეს შორის, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის (კრედიტორის) სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა, უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ........ (ს/კ ......). ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარი (ბანკი) უფლებამოსილი იყო, იპოთეკის საგნიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაკმაყოფილება მიეღო (ტ.1, ს.ფ.19-35).
5.2. საკრედიტო მომსახურების შესახებ 2011 წლის 25 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში, 2011 წლის 26 იანვარს, მოსარჩელესა და მსესხებელს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა კრედიტის თანხა 149 000 ლარი, წლიური 19%-ის სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 2 იანვრამდე. ხელშეკრულების თანახმად, ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ით განისაზღვრა (ტ. 1, ს.ფ. 36-39).
5.3. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ 2011 წლის 25 იანვრის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელეს ბანკსა და თავდებებს - მ.მ–ძესა და შპს „ბ....-ს“ შორის, დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებობის ხელშეკრულებების პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების საგანს, წარმოადგენდა კლიენტის (მსესხებლის) მიერ 2011 წლის 25 იანვრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება. თავდებობის ხელშეკრულებების 2.2 პუნქტის თანახმად, თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა500 000 აშშ დოლარით, ან მისი ეკვივალენტით - ნებისმიერ ვალუტაში (ტ.1, ს.ფ. 40-47).
5.4. მსესხებელმა მ.ბ–მა დაარღვია, 2011 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული, თანხის დადგენილი გრაფიკით გადახდის ვალდებულება. მსესხებელს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა 2012 წლის 10 სექტემბერს აქვს განხორციელებული (ტ.1, ს.ფ. 50).
5.5. მსესხებელს მოსარჩელე ბანკის მიმართ, 2018 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, 2011 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებოდა დავალიანება 102 861.42 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 20 761.61 აშშ დოლარი, პროცენტი - 17 275.76 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 64 824.05 აშშ დოლარი (ტ.1, ს.ფ. 51).
5.6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული. საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ეტაპზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი) საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის შეტანამდე ბოლო სამი წლის პერიოდის, კერძოდ, 2015 წლის 20 დეკემბრის შემდეგ, სესხის გრაფიკით დასაფარი ფულადი ვალდებულების მიმართ სარჩელი ხანდაზმული არ არის (იხ. სუსგ N ას-956-2021, 23.03.2022წ.).
6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ბანკის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
6.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ (კრედიტორმა) მოითხოვა მოპასუხეებისთვის (ძირითადი მსესხებლისა და სესხის უზრუნველმყოფი პირებისათვის) სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, ასევე დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხე მ.გ–ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 5.1 ქვეპუნქტი) რეალიზაცია, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 867-ე, 623-ე, 868.1., 891-ე, 893-ე, 895-ე, 898.1, 301.1 მუხლებიდან გამომდინარეობს.
6.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოდავე მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის, თავდებობის და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე და მიზანშეწონილად მიიჩნია, საქმის გადაწყვეტისთვის, გამოეყო აღნიშნული ხელშეკრულებები და მოპასუხეების: ძირითადი მოვალისა და თავდებების, იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიმართ ბანკის მიერ აღძრულ მოთხოვნებზე ცალ-ცალკე ემსჯელა.
6.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 873-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელმა (ძირითადმა მოვალემ) ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა, რაც ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების სტანდარტს არ პასუხობდა. აღნიშნული ფაქტები არც ერთ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და მათ თვითონვე აღიარეს 20 761.61 აშშ დოლარის სესხის ნაშთი.
6.4. მოპასუხეებმა სარჩელზე დადგენილი წესით წარადგინეს მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლები, რომლითაც ბანკის სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 23 მარტის განჩინებაში დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნები არ იყო ხანდაზმული (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 5.6 ქვეპუნქტი).
6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 25 იანვრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებობდა ბანკის სასარჩელო მოთხოვნის - სესხის ძირითადი თანხის - 20 761.61 აშშ დოლარის ძირითადი მოვალისთვის - მსესხებლისათვის დაკისრების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, რომელიც ამ სამართლებრივი ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისკენ უბიძგებს კრედიტორს, მოვალისთვის განსაზღვრულ უარყოფით შედეგებთანაა დაკავშირებული, რაც შეიძლება გამოიხატოს მოვალისათვის პირგასამტეხლოს, პროცენტის ან/და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრებით.
6.6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ იხელმძღვანელა მოვალესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების პირობებით და მოითხოვა, სესხის ძირითადი თანხის, ასევე სესხის ხელშეკრულების სრული ვადის სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
6.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ის ვალდებული იყო, გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი და პირგასამტეხლო.
6.8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კრედიტორი საბანკო დაწესებულებაა და პრეზუმირებულია, რომ ამ ტიპის ორგანიზაციებისთვის სესხის გაცემა ის ძირითადი საქმიანობაა, საიდანაც შემოსავალს იღებს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში მოსარჩელეს ევალება სარჩელში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხეს - მოსარჩელის არგუმენტების უარყოფა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით, რომლებიც დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს, მტკიცებას ექვემდებარება როგორც სარჩელის, ასევე შესაგებლის საფუძვლებიც. შესაბამისად მოვალეს (მსესხებელს) ევალებოდა, რომ ემტკიცებინა სესხის პროცენტის ამორალურობა, რაც მას არ განუხორციელებია.
6.9. განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ წლიურ საპროცენტო სარგებელზე. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო პროცენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილშიც. დადგენილია, რომ მსესხებელს ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დარიცხული პროცენტის სრულად გადახდა.
6.10. პირგასამტეხლოსთან მიმართებით, საააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 418-ე მუხლზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დასკირებისთვის საჭირო წინაპირობები სახეზე იყო, ვინაიდან პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო სადავო ხელშეკრულებით და გამოსახული იყო ფულადი სახით. ამასთან, არსებობდა პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობები ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის სახით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო და სადავო არ იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეთაგან (მსესხებელს) არ წარუდგენია კვალიფიციური შესაგებელი პირგასამტეხლოსთან მიმართებით, ამასთან, მოსარჩელემ (ბანკმა) თავისი ინიციატივით შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, არსებობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოვალისთვის დაკისრების საფუძველი.
6.11. დანარჩენი მოპასუხეების (თავდებების და იპოთეკის საგნის მესაკუთრის) მიმართ არსებულ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.მ–ძისა და შპს „ბ....“-ისთვის, როგორც თავდებებისთვის, კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნა, თითოეულისთვის 500 000 აშშ დოლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა კრედიტორის სარჩელი იპოთეკის საგნის მესაკუთრის - მ.გ–ძის მიმართ, დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით რეალიზაციის თაობაზე.
6.12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თავდებობის ხელშეკრულება წარმოადგენს დამატებით ვალდებულებას და, სსკ-ის 893-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თავდების ვალდებულებისთვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა.
6.13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, კრედიტორის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ, თავდების ინფორმირების მნიშვნელობა, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებზე. ასეთ შემთხვევაში საგულისხმოა საქმის გარემოებებისა და კრედიტორის ქცევების, სამოქალაქო სამართლის ძირეული პრინციპების მართლზომიერებასთან და კეთილსინდისიერებასთან მიმართებით შეფასება.
6.14. განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორმა მოპასუხეებთან: მ.მ–ძესთან, ასევე შპს „ბ....“-თან გააფორმა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც მოპასუხეებმა, როგორც სოლიდარულად თავდებმა პირებმა, მთელი მოცულობით მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება იკისრეს. თავდებობის პასუხისმგებლობის მსაქსიმალური თანხა თითოეულისთვის შეადგენდა 500 000 აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს ნებისმიერ ვალუტაში. მიუხედავად ვალდებულების არსებობისა, თავდებმა პირებმა სადავოდ გახადეს მათთვის, კრედიტორის მიერ დაკისრებული შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა და პრეტენზია განაცხადეს, რომ ძირითადი მოვალის (მსესხებლის) მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი მათთვის უცნობი იყო, რადგან კრედიტორს (ბანკს) არ შეუტყობინებია თავდებებისათვის ვალდებულების დარღვევის თაობაზე.
6.15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, თავდების მიერ სხვა პირის ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფით მიღებული უარყოფითი ქონებრივი შედეგის საკომპენსაციოდ და ზედმეტი ფინანსური პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, კანონი თავდებს კერდიტორის მიმართ ანიჭებს არა მარტო მოვალის შესაგებლით სარგებლობის უფლებას, არამედ უფლებას, გამოიყენოს სსკ-ის 902-ე მუხლით დადგენილი პირადი შესაგებელი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თავდებობის ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ის მინიმალური დახმარება, რომელიც კრედიტორმა თავდებს შეიძლება გაუწიოს, მისი ვალდებულების ნორმალურად შესასრულებლად, ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის დროული შეტყობინებაა. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, თავდებს ეძლევა შესაძლებლობა მის ხელთ არსებული ყველა ზომა გამოიყენოს, რათა ძირითად მოვალეს ვალდებულების შესრულება აიძულოს და ამგვარად პირადი პასუხისმგებლობის დადგომის საფრთხე აირიდოს. ამასთან, სსკ-ის 902-ე მუხლით დადგენილია, რომ კრედიტორის მიერ თავდებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
6.16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია კანონის წესების დაცვით დადებული თავდებობის ხელშეკრულებები, თუმცა საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ფაქტობრივ გარემოებას, რომ კრედიტორმა თავდებებს ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე აცნობა. ასევე, როდესაც სარჩელის აღძვრამდე კრედიტორმა მოთხოვნა იძულებითი აღსრულებით გზით არ დაიკმაყოფილა, მით უფრო კი ისეთ პირობებში, როდესაც სადავო მოთხოვნა იპოთეკის უფლებითაც იყო უზრუნველყოფილი, კრედიტორის მიერ თავდებებისათვის წაყენებული მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განჩინებაზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 5.6 ქვეპუნქტი), სადაც მითითებულია, რომ საქმის ხელახლა განხილვის დროს სააპელაციო სასამართლოს, თავდების მიმართ კრედიტორის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას, თავდების პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით უნდა შეემოწმებინა და ინფორმირების ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის პროპორციულად შეემცირებინა თავდებთა პასუხისმგებლობის ფარგლები.
6.18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორის მიერ თავდებების ინფორმირების წესის დარღვევით გამოწვეული ზიანი, მოცემული საქმის ფარგლებში, ერთმნიშვნელოვნად იკვეთება. როგორც აღინიშნა, მსესხებელზე გაცემული სესხის - 149 000 ლარის უმეტესი ნაწილი მოვალეს დაფარული აქვს, სადავო არ არის, რომ ძირითადი თანხიდან დარჩენილია 20 761.61 აშშ დოლარი; ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოვალემ ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა განახორციელა 2012 წლის 10 სექტემბერს. სარჩელი კი კრედიტორის მიერ სასამართლოში შეტანლია 2018 წლის 20 დეკემბერს, ხელშეკრულების დარღვევიდან 6 წლის შემდეგ, თან იმ პირობებში, როდესაც ბანკს არც ერთი თავდებისთვის არ უცნობებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ და პირდაპრ სარჩელის წარდგენის გზით დააყენა ფაქტის წინაშე თავდებები, მოითხოვა ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
6.19. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 6 წელი დიდი დროა საიმისოდ, რომ მხარეთა (ამ შემთხვევაში თავდები პირების) ქონებრივი მდგომარება არსებითად შეცვლილიყო, ისინი გამხდარიყვნენ გადახდისუუნაროები. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან ბანკმა (კრედიტორმა) დაარღვია თავისი ვალდებულება, არ მიაწოდა თავდებებს ინფორმაცია და არ მოითხოვა მათგან ვალდებულების შესრულება, მას წაერთვა შესაძლებლობა, მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
6.20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ბანკს უნდა დაედასტურებინა თავდები პირების პირადი პასუხისმგებლობის მართებულობა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის წინაპირობების არსებობა.
6.21. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორმა ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა, რომ თავდებები, სსკ-ის 902-ე მუხლის შესაბამისად, ინფორმირებულნი იყვნენ, რაც მათ ძირითად მოვალესთან ერთად სოლიდარულ მოვალედ აქცევდა. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თავდებებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე არ იყო დასაბუთებული და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე ბანკმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კერძოდ, მ.ბ–ისთვის, მ.მ–ძისთვის და შპს „ბ....“-ისთვის, სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ N1008760-1291017 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 39 939.6 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა - 20 761,61 აშშ დოლარი, პროცენტი - 17 101,99 აშშ დოლრი, ჯარიმა - 2076 აშშ დოლარი) დაკისრება; მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების დაფარვის მიზნით, მ.გ–ძის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. ასევე მოთხოვნილია დავალიანების და მასთან დაკავშირებული სასამართლო და სააღსრულებო ხარჯების დასაფარად, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციასთან ერთად, აღსრულება მოხდეს მოპასუხეების ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციით.
7.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, თავდებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა არ არის თავდების პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ სასარჩელო მოთხოვნა თავდებებისთვის, თითოეულისთვის 500 000 აშშ დოლარის ზღვრული ოდენობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილოდებულიყო. კასატორმა განმარტა, რომ თავდებებისთვის ვადაგადაცილებაზე ინფორმაციის მიუწოდებლობა თავდების პასუხისმგებლობისგან არა სრულად გათავისუფლების, არამედ მისი პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველი შეიძლება იყოს. ამასთან, შემცირება ვრცელდება იმ ზიანზე, რომელიც კრედიტორის მიერ თავდებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობით დგება და რომელიც არ დადგებოდა, კრედიტორს თავდების მიმართ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა.
7.3. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სსკ-ის 902-ე მუხლზე, რომ კრედიტორმა შეტყობინების ვალდებულების დარღვევით, თავდებთა მიმართ მოთხოვნის უფლება დაკარგა, და შესაბამისად დაკარგა იპოთეკის საგნის რეალიზაციის უფლებაც. კასატორმა განმარტა, რომ იპოთეკის აქცესორული ბუნებიდან და სსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, იპოთეკა არ შეიძლება არსებობდეს იმ უფლების გარეშე, რომელთანაც დაკავშირებულია. შესაბამისად, რადგან არსებობს ძირითადი მოვალის (მსესხებლის) მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულება, კრედიტორის უფლება, მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, როგორც ძირითად ვალდებულებაზე დამოკიდებული, კანონიერია და აღნიშნული არ არის დაკავშირებული თავდებობასთან. სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 902-ე მუხლის დანაწესზე მითითება, რომ კრედიტორმა შეტყობინების ვალდებულების დარღვევით თავდებთა მიმართ მოთხოვნის უფლება დაკარგა და ამიტომ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის უფლებაც დაკარგა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
7.4. კასატორის განმარტებით, თავდებისთვის პირველივე ვადაგადაცილებაზე ინფორმაციის წარუდგენლობისთვის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლება და ამის საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის უფლების დაკარგვა გამოიწვევს კრედიტორის უფლებების შელახვას, საფრთხე შეექმნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ვინაიდან მხარეთა შეთანხმება არ შემოიფარგლება მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულებით. ასევე მოიცავს მხარეთა შორის ყველა ხელშეკრულებას, რომელთა ანალიზიდან ცალსახად იკვეთება, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც იპოთეკით დატვირთული ქონების, ასევე თავდებთა ქონებით, რომლებმაც მსესხებელთან ერთად იკისრეს სოლიდარული ვალდებულება.
7.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის ეტაპზე მისი დასაბუთებულობის შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის გზით მივიდა დასკვნამდე, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ბანკის საკასაციო განაცხადი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან თავდები პირებისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის სრულად გათავისუფლების ნაწილში და მხოლოდ ამ ნაწილში უნდა იქნეს მიღებული ახალი გადაწყვეტილება, ხოლო ძირითადი მოვალის (მსესხებლის) ნაწილში ბანკის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი, უცვლელად უნდა დარჩეს.
8. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმას აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აქვს გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საკმარისია საკასაციო სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისად, არ არსებობს საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს ასევე მართებულად აქვს განსაზღვრული მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა და ძირითად მოვალეს, როგორც მსესხებელს, დასაბუთებულად და კანონიერად დაეკისრა კრედიტორის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება იმ ფარგლებში და მოცულობით, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა.
9. საკასაციო სასამართლოს ნაწილობრივ დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის (კრედიტორის) პრეტენზია ძირითადი მოვალის სესხის უზრუნველმყოფი თავდები პირებისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების უსაფუძვლობის შესახებ და სწორედ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით, მიღებულია ახალი გადაწყვეტილება ბანკის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
10. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბანკსა და ძირითად მოვალეს- მსესხებელს შორის 2011 წლის 25 იანვარს დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, გამოყენებულია, როგორც სანივთო, ისე- პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებები. 2011 წლის 25 იანვარს გამსესხებელსა (მოსარჩელე ბანკს) და მოპასუხე მ.გ–ძეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა, უძრავი ქონება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 5.1 ქვეპუნქტი). 2011 წლის 25 იანვრის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელე ბანკსა და თავდებებს - მ.მ–ძესა და შპს „ბ....-ს“ შორის, დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები (იხ. 5.3 ქვეპუნქტი). ძირითადმა მოვალემ - მსესხებელმა დაარღვია 2011 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით (იხ. 5.2 ქვეპუნქტი) განსაზღვრული, თანხის დადგენილი გრაფიკით გადახდის ვალდებულება. დადგენილია, რომ მსესხებელმა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად ბოლოს გადაიხადა 2012 წლის 10 სექტემბერს. ძირითად მოვალეს (მსესხებელს) კასატორი (მოსარჩელე) ბანკის მიმართ, 2018 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, 2011 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 102 861.42 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 20 761.61 აშშ დოლარი, პროცენტი - 17 275.76 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 64 824.05 აშშ დოლარი.
11. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე მიუთითებს, რომლის თანახმად, გარდა ძირითადი მოვალისა (მსესხებლისა), ასევე, თავდებმა პირებმა და იპოთეკის საგნის მესაკუთრემ სადავოდ არ გახადეს და დაადასტურეს კრედიტორის მიმართ არსებული სესხის ნაშთის- 20 761.61 აშშ დოლარის არსებობა.
12. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, „ზოგადცივილისტური პრინციპია“ (იხ. ბესარიონ ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი; წიგნი მესამე; მთავარი რედაქტორი - ლადო ჭანტურია; გვ.451; 2001წ.), რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. მოცემულ საქმეზე ძირითადი მოვალისათვის (მსესხებლისათვის) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიუთითა, რომ განსახილველი დავის მოსარჩელე მხარე საბანკო დაწესებულებაა და პრეზუმირებულია, რომ ამ ტიპის ორგანიზაციებისთვის სესხის გაცემა ის ძირითადი საქმიანობაა, საიდანაც შემოსავალს იღებს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 6.8 ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საბანკო დაწესებულების საქმიანობა საბანკო სფეროში სრულიად კონკრეტულ და კანონიერ კომერციულ ინტერესს უკავშირდება, რაც გამოიხატება კრედიტის გაცემასა და აქედან გამომდინარე მოგების მიღებაში, რადგან სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, როგორც წესი, მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის, მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს ეკისრება, თუმცა, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, მიდგომა განსხვავებულია, რაც განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, მისი სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც, ყველა შემთხვევაში, ფულს სარგებლის მოტანის უნარს ანიჭებს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ - გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას (შეად. სუსგ-ებს: N ას-992-950-2013, 04.03,2014 წ; N ას-1843-2018, 05.04.2019წ; N ას-1954-2018, 14.07.2020; N ას-962-2020, 23.12.2021წ; N ას-1588-2022, 12.06.2023წ.);
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდები პირების მიმართ მოთხოვნის ნაწილში სსკ-ის 902-ე მუხლის თაობაზე განვითარებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ კრედიტორმა ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა, რომ დასახელებული ნორმის მიხედვით თავდებები ინფორმირებული იყვნენ მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე, რაც მათ ძირითად მოვალესთან ერთად სოლიდარულ მოვალედ აქცევდა, თუმცა, მიაჩნია, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიის ის ნაწილი, რომ სსკ-ის 902-ე მუხლის დანაწესის იმგვარად განმარტება, რომ კრედიტორმა შეტყობინების ვალდებულების დარღვევით თავდებთა მიმართ მოთხოვნის უფლება დაკარგა და ამიტომ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის უფლებაც დაკარგა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
14. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 318-ე მუხლის პირველ წინადადებას მოიხმობს, რომლის მიხედვით „ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება.“ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეს დანაწესი კეთილსინდისიერების პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა (იხ. სსკ-ის 8.3 მუხლი) და, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტიპის სახელშეკრულებო ვალდებულებაზე ვრცელდება და ასეთი ბუნებრივი ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაშიც კი, როცა მხარეებს ის არ შეუთანხმებიათ, თუკი ეს განპირობებულია ვალდებულების ხასიათით და კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტით, თუმცა, მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის გამცემი ყოველთვის არის ვალდებული, გასცეს ინფორმაცია საკუთარი ინიციატივით. კანონის ტექსტში საუბარია „ინფორმაციის მიღების უფლებაზე“ და ამ ინფორმაციის „გაცემის უზრუნველყოფაზე“... კითხვაზე არის თუ არა ინფორმაციის გამცემი ვალდებული, გასცეს ინფორმაცია საკუთარი ინიციატივით, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს და ინფორმაციის გაცემის ვალდებულების ინტენსივობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 218, ველი 1,5)- შეად. სუსგ-ას N ას-1588-2022, 12.06.2023წ.). მოცემულ შემთხვევაში თავდებობის ხელშეკრულებების შეფასებისას, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 902-ე მუხლს მოიხმობს, რომლის თანახმად, პირველი ნაწილის მიხედვით: „თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ“, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, „თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს“. ეს დანაწესი, როგორც სპეციალური მოწესრიგება, სწორედ თავდებ პირს იცავს ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, და ზემოხსენებული 318-ე მუხლისგან განსხვავებით, იმპერატიულად ადგენს, რომ კრედიტორმა უნდა აცნობოს თავდებს ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შესახებ. იურიდიული დოქტრინა აღნიშნავს, „ როგორც კი, ძირითადი მოვალე გახდება ვადაგადაცილებული, მე-400 და მომდევნო მუხლების მიხედვით, კრედიტორი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ თავდებს (902.1). გარდა ამისა, დამოუკიდებლად ზემოთ ხსენებული წინაპირობებისა, კრედიტორმა თავდებს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ და ამგვარად, -რამდენადაც ეს დასაშვებია (მოვალის წინაშე ასრებული) გაუმჟღავნებლობის ვალდებულებიდან გამომდინარე- მოვალის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით“ (იხ. გიორგი რუსიაშვილი- სამოქალაქო კოდექსის კომენტარი; მუხლი 902; ველი 6; < gccc.tsu.ge > ).
15. საკასაციო სასამართლომ 902-ე მუხლის გამოყენებისას არაერთხელ განმარტა, რომ კრედიტორის მხრიდან მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა თავდების პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებას არ იწვევს. აღნიშნული მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველია. ამასთან, შემცირება ვრცელდება იმ ზიანზე, რომელიც კრედიტორის მიერ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობით დგება და რომელიც არ დადგებოდა კრედიტორს თავდების მიმართ თავისი ვალდებულება ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ჯეროვნად რომ შეესრულებინა (იხ. სუსგ-ები: N 3კ/815-01, 28.12.2001წ; N ას-910-972-2014, 4.03.2015წ; N ას-1153-1108-2016, 10.02.2017წ; N ას-956-2021, 23.03.2022წ.).
16. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, სსკ-ის 902-ე მუხლის მოწესრიგებიდან გამომდინარე და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ძირითადი მოვალის (მსესხებლის) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, ამასთან, კრედიტორის მხრიდან თავდებ პირთათვის ძირითადი მოვალის მხრიდან გადახდის ვადის გადაცილების შეუტყობინებლობის გამო, მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ბანკის საკასაციო საჩივარი (შესაბამისად-სარჩელი) და მოპასუხეთაგან თავდებ პირებს, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მსესხებლის (ძირითადი მოვალის) მიერ შეუსრულებელი ვალდებულებისათვის პასუხისმგებლობა ნაშთის სახით არსებული სესხის ძირითადი თანხის- 20 761.61 აშშ დოლარის გადახდის სახით, რომლის ოდენობაც მათ სადავოდ არ გაუხდიათ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-11 პუნქტი).
17. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიის იმ ნაწილს, რომელიც საკრედიტო ხელშეკრულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიმართ აღძრულ პრეტენზიას ეხება და განმარტავს, რომ ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა იპოთეკის საგნის მესაკუთრის მითითება, მისი პასუხისმგებლობის გამორიცხვის მიზნით, სსკ-ის 902-ე მუხლზე (იხ. სუსგ N ას-1588-2022, 12.06.2023წ.). უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებზე მსჯელობისას იურიდიული დოქტრინა მესაკუთრის სხვა შესაგებლებთან და მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით უთითებს: „მესაკუთრეს არცთუ ცოტა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ დაიცვას თავი და წინ აღუდგეს იპოთეკარის მოთხოვნას იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციას ან მასზე საკუთრების უფლების გადაცემაზე... მესაკუთრეს შეუძლია იდავოს იმაზე, რომ: - საჯარო რეესტრის ჩანაწერი არის არასწორი და იპოთეკის საგნის რეგისტრაციისას დარღვეული იყო იპოთეკის წესები...; - იპოთეკის მოწმობის გაცემა ბათილია...; -საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის შესახებ ინფორმირებული იყო ახალი კრედიტორი....; - იპოთეკა არ არსებობს....; - იპოთეკარი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს რეალიზაცია...; - იპოთეკარმა დაარღვია ნივთის მოვლის მოვალეობა...; - მოთხოვნის რეალიზაციის ვადა ჯერ არ დამდგარა... . ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს, თუ რომელ სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა მესაკუთრის შესაგებელი. გარდა იპოთეკის თავში გათვალისწინებული შესაგებლებისა, მესაკუთრის განკარგულებაშია სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილში მოცემული შესაგებელები...“ (იხ. ლადო ჭანტურია- კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი; გვ.88-89).
18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იპოთეკის საგნის მესაკუთრის წერილობით შესაგებელზე, რომელშიც ბანკის (კრედიტორის) მხრიდან აღძრული სარჩელის პასუხად, მხოლოდ ისაა შედავებული, რომ კრედიტორის „მოთხოვნები ხანდაზმულია, რადგან გასულია კანონით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამავდროულად, ამონაწერიდან ირკვევა, რომ სესხის ნაშთი 2012 წლის მდგომარეობით იყო 20 761 აშშ დოლარი. პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოა. საერთო ჯამში, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს“ (იხ. ტ.1, ს.ფ.184), რაც არაკვალიფიციურ და მარტივ შესაგებელს წარმოადგენს და თავდებ პირთა შესაგებლებისაგან იმით განსხვავდება, რომ საერთოდ არ არის შედავება კრედიტორის მხრიდან ინფორმაციის მიუწოდებლობაზე ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. აქვე საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების გადაცილების თაობაზე კრედიტორს თავდები პირის შეტყობინების ვალდებულება აქვს (სსკ-ის 902.1), ხოლო იპოთეკის შემთხვევაში კანონმდებლობა იპოთეკის საგნის მესაკუთრის უფლების დასაცავად სსკ-ის 292-ე მუხლით ადგენს მესაკუთრის უფლებას კრედიტორის დაკმაყოფილებისას, კერძოდ მისი პირველი ნაწილით, რომელიც იმპერატიულია, დადგენილია: „უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან, როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება“. მხარეებს არ შეუძლიათ, ვალდებულებითსამართლებრივი გარიგებით შეცვალონ ნორმის სანივთოსამართლებრივი შედეგები (გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი 2018, მუხლი 292, ველი 2). ამავე ნორმის მეორე ნაწილით დადგენილია: „თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როდესაც მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს“. აღნიშნული დებულება კანონისმიერი ცესიის (cessio legis) შემთხვევაა, რომელიც კრედიტორის დაკმაყოფილების სამართლებრივი შედეგია. მესაკუთრე უნდა მოქმედებდეს საკუთარი ნივთის იპოთეკისაგან გამოხსნის განზრახვით (შდრ. ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, 91-92; გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი 2018, მუხლი 292, ველი 13,14; Lieder, in Muko BGB, 7 Aufl., 2017, §1143, Rn.8.). უძრავი ქონების მესაკუთრეს სწორედ მოვალემ უნდა აუნაზღაუროს ის ფინანსური ხარჯი, რასაც იგი პირადი მოვალის ვალდებულების შესასრულებლად გაიღებს. შესაბამისად, იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიერ კრედიტორის (გამსესხებლის) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის პირადი მოვალის (მსესხებლის) ვალდებულების შესრულების შემთხვევაში იპოთეკის საგნის მესაკუთრეს სწორედ ძირითადი მოვალის მიმართ წარმოუშობს თანხის დაკისრების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ-ებს: №ას-363-339-2017, 16.06.2017წ; N ას- 1308-2019, 31.01.2020წ; N ას-83-2020, 17.06.2020წ; N ას-623-623-2018, 31.07.2020წ; N ას-546-2020, 26.10. 2021წ; N ას- 730-2019, 26.01.2022წ.).
19. საკასაციო სასამართლოს განსჯით უნდა დაკმაყოფილდეს ბანკის საკასაციო საჩივარი (შესაბამისად სარჩელი) იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიმართ და მისი უძრავი ქონება, როგორც სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ არაჯეროვნად შესრულებული სახელშეკრულებო ვალდებულების საფუძველზე განსაზღვრული პასუხისმგებლობის ფარგლებში.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უძრავი ნივთების გამოყენებას კრედიტის უზრუნველყოფის საშუალებად დიდი მნიშვნელობა აქვს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. უძრავი ნივთი ის ქონებრივი ფასეულობაა, რომელსაც კრედიტორები ყველაზე მეტად ენდობიან. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ დიდი კრედიტები ბანკების მიერ სწორედ უძრავი ნივთების დაგირავების პირობით გაიცემა. უძრავი ნივთების დაგირავებას სამოქალაქო სამართალში იპოთეკა ეწოდება“ (იხ. ლადო ჭანტურია - საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება; რედაქტორი; ბესარიონ ზოიძე; გვ.53; გამომცემლობა“სამართალი“; 1999წ.). კანონმდებელი, თავის მხრივ, იპოთეკის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების მესაკუთრის დაცვის სამართლებრივ მექანიზმს ადგენს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების შეფასება სახელშეკრულებო პირობების შემოწმებას და საკანონმდებლო მოწესრიგებას ეფუძნება, რათა დაცული იქნეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესთა ბალანსი.
21. მხარეთათვის დაკისრებული ბაჟის განაწილება ასახულია წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „თ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება, კერძოდ, სს „თ.“ ბ–ის სარჩელის თავდებების: მ.მ–ძის, შპს „ბ....“-ის და იპოთეკის საგნის მესაკუთრის - მ.გ–ძის წინააღმდეგ უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს „თი ბი სი“ ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და თავდებ პირებს - მ.მ–ძეს და შპს „ბ....“-ს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ, 2011 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის -20 761.61 (ოცი ათას შვიდას სამოცდერთი აშშ დოლარი და სამოცდაერთი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა;
4. სს „თ.“ ბ–ის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს მ.გ–ძის (პ/ნ .....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, უძრავი ქონების ს/კ N .....;
5. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება.
6. მ.მ–ძეს, მ.გ–ძესა და შპს „ბ....“-ს, სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისროთ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2686.47 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური