Facebook Twitter

საქმე №ას-846-2023 9 თებერვალი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ხ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით რ.ბ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან გამყიდველი) სარჩელი ხ.ბ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი ან მყიდველი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და გამყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 9 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

3. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით შემდეგი გარემოებები დაადგინა:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2016 წლის 21 ოქტომბერს, გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან ქ. ბათუმში, ......... მდებარე 82,47 კვმ ფართის სხვენი (ს/კ N......) 15 000 აშშ დოლარად შეიძინა;

3.2. ქ. ბათუმში, ....... მდებარე 82,47 კვ.მ ფართის სხვენი (ს/კ N......) ამჟამად გასხვისებულია და ი.ჯ–ვას საკუთრებაშია;

3.3. საქმეში წარმოდგენილია, 2017 წლის 2 ივნისს ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა (რეგისტრაციის ნომერი MR700AB). სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეა ლ.ბ–ძე;

3.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2021 წლის 23 ივნისს, განცხადებით მიმართა მ.გ–ძემ, წარადგინა სარჩელი, მოპასუხედ მიუთითა ხ.ბ–ძე (მყიდველი), ზ.გ–ძე, ვ.გ–ძე და საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად ჩაბმა იშუამდგომლა. ამავე სარჩელით საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მხარემ ასევე იშუამდგომლა ბათუმის პოლიციის სამმართველოს მე-4 განყოფილებიდან აჭარის პროკურატურაში შეტანილ მის განცხადებასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე N171120717007 მოწმის სახით გამოკითხული მყიდველის, ზ.გ–ძის, ვ.გ–ძისა და რ.გ–ძის გამოკითხვის ოქმების გამოთხოვა;

3.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის მ.გ–ძის შუამდგომლობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილებიდან გამოთხოვილ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული უძრავი ქონების მყიდველის, ზ.გ–ძის, ვ.გ–ძისა და რ.გ–ძის გამოკითხვის ოქმები;

3.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილებიდან გამოთხოვილი წერილობით მტკიცებულებაში - ზ.გ–ძის 25.07.2017 წ. დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულია: ,,მე მაქვს ფირმა ,,ა–ას" სახელწოდებით. ქ. ბათუმში, ......... დავიწყე საცხოვრებელი ბინის 6 სართულის (სხვენის) დაშენება და მიშენება, სადაც მოხდა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მ.გ–ძე, რომელსაც ვიცნობ დაახლოებით 15 წელია და მას დავუშენე 6 სართულის სხვენი, ასევე გავუკეთე მეხუთე სართულის წინა მხარის მიშენება. მან ჩამირიცხა დაახლოებით 4 000 აშშ დოლარი და ჩასარიცხი დარჩა დღეის მდგომარეობით 6 700 აშშ დოლარი“;

3.7. გამოკითხვის ოქმში აღნიშნულია, ,,2016 წელში მ.გ–ძე აპირებდა შორეულ ნაოსნობაში წასვლას და სურდა მეექვსე სართულის ბინის (სხვენის) გაყიდვა 1 500 აშშ დოლარში. მთხოვა, რომ მენახა მყიდველი. ამ დროს ვუთხარი რომ თუ ნამდვილად ყიდდა მე შევიძენდი. მოლაპარაკების შემდეგ მივედით იუსტიციის სახლში მე, ჩემი მეუღლე ხ.ბ–ძე და თავად მ.გ–ძე. ხელშეკრულების შედგენის შემდეგ აღნიშნული სხვენი გაფორმდა ჩემი მეუღლის სახელზე, რის შემდეგაც მერაბის ხელში ჩავუთვალე 9 500 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 5 500 აშშ დოლარი უნდა გადამეხადა რომ ჩამოვიდოდა გემიდან. 2017 წლის მაისის თვეში ზუსტი რიცხვი არ მახსოვს მე დამიკავშირდა მ.გ–ძე და მთხოვა შეხვედრა, როდესაც შევხვდი მე ხელში მქონდა 5 500 აშშ დოლარი, ვაძლევდი მას, თუმცა მითხრა, რომ უნდოდა/ჩემი ავტომანქანა აუდი A6, რაზეც მე დავთანხმდი და მივედით მომსახურების სააგენტოში. თან მახლდა მამა ვ.გ–ძე, რადგან მანქანა იყო მის სახელზე გაფორმებული. აღნიშნული ა/მანქანა მ.გ–ძემ გადაუფორმა მის დისშვილს, რომლის სახელი გვარი არის ჩემთვის უცნობი, მანქანა მე მას მივეცი 5 500 აშშ დოლარში, რითაც ჩვენს შორის ყველანაირი დავალიანება იქნა გასწორებული“;

3.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილებიდან გამოთხოვილი წერილობით მტკიცებულებაში მყიდველის (მოპასუხის) 28.07.2017 წ. დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმში დაფიქსრებულია: ,,ჩემს მეუღლეს აქვს ფირმა ,,ა–ას" სახელწოდებით, ქ. ბათუმში, ........ დაიწყო საცხოვრებელი ბინის 6 სართულის (სხვენის) დაშენება და მიშენება, სადაც მოხდა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მ.გ–ძე, რომელსაც ვიცნობ. ის რამდენჯერმე არის ჩვენს ოჯახში ნამყოფი, ხოლო ჩემი მეუღლე ზ.გ–ძესთან მეგობრობს დაახლოებით 15 წელია და მას დაუშენა 6 სართულის სხვენი“;

3.9. გამოკითხვის ოქმში აღნიშნულია, ,,ჩემმა მეუღლემ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ 2016 წელში მ.გ–ძე აპირებდა შორეულ ნაოსნობაში წასვლას და სურდა მეექვსე სართულის ბინის (სხვენის) გაყიდვა 15 000 აშშ დოლარად. ჩემი მეუღლისთვის უთხოვია რომ ენახა მყიდველი. ამ დროს ზ–მა შესთავაზა, რომ თვითონ შეიძენდა. მათ შორის მოლაპარაკება სად შედგა უცნობია. აღნიშნული მოლაპარაკება ჩვენს საცხოვრებელ სახლში არ გამართულა. 2016 წლის დეკემბრის თვეში ზუსტად რიცხვი არ მახსოვს, მათ შორის მოლაპარაკების შემდეგ მივედით იუსტიციის სახლში მე, ჩემი მეუღლე, ზ.გ–ძე და თავად მ.გ–ძე. ხელშეკრულების შედგენის შემდეგ აღნიშნული სხვენი გაფორმდა ჩემს სახელზე, რის შემდეგ მ–ის ხელში ჩემმა მეუღლემ ჩაუთვალა 9 500 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 5 500 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა, რომ ჩამოვიდოდა გემიდან. ჩემთვის ცნობილია, რომ 2017 წლის მაისის თვეში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მ.გ–ძეს, მისივე თხოვნით, ზ–იმ გადაუფორმა ა/მანქანა აუდი A6. გადაფორმების დროს მომსახურების სააგენტოში თან ახლდა მამამთილი ვ.გ–ძე, რადგან მანქანა იყო მის სახელზე გაფორმებული. აღნიშნული ა/მანქანა გადაუფორმა მის დისშვილს, რომლის სახელი-გვარი ჩემთვის უცნობია, მანქანა მას მისცა 5 500 აშშ დოლარში“;

3.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილებიდან გამოთხოვილი წერილობით მტკიცებულებაში - ვ.გ–ძის 22.08.2017 წ. დაზარალებულის/ მოწმის გამოკითხვის ოქმში დაფიქსრებულია:,,ჩემს შვილს ზ.გ–ძეს აქვს ფირმა ,,ა–ას" სახელწოდებით, ბათუმში, ..... დაიწყო საცხოვრებელი ბინის 6 სართულის (სხვენის) დაშენება და მიშენება, სადაც მოხდა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მ.გ–ძე, რომელსაც ვიცნობ. ის რამდენჯერმე არის ჩვენს ოჯახში ნამყოფი, ხოლო ჩემი შვილი ზ.გ–ძესთან მეგობრობს დაახლოებით 15 წელია და მას დაუშენა 6 სართულის სხვენი“;

3.11. გამოკითხვის ოქმში აღნიშნულია, ,,ჩემმა შვილმა ზ.გ–ძემ და ჩემმა რძალმა ხ.ბ–ძემ, 2016 წლის დეკემბრის თვეში ზუსტად რიცხვი არ მახსოვს, მ.გ–ძისგან შეიძინა ქ. ბათუმში, ....... სხვენი. მათ შორის თუ რა სახის მოლაპარაკება შედგა ჩემთვის უცნობია. აღნიშნული ფართი არის ჩემი რძლის სახელზე რეგისტრირებული. ჩემმა შვილმა ზ–იმ მთხოვა, რომ მ.გ–ძისთვის გადამეფორმებინა ა/მანქანა აუდი A6, რომელიც იყო ჩემს სახელზე გაფორმებული. 2017 წლის მაისის თვეში ზუსტი რიცხვი არ მახსოვს მ.გ–ძეს მისივე თხოვნით ზ–იმ გადაუფორმა ა/მანქანა აუდი A6, გადაფორმების დროს მომსახურების სააგენტოში თან ვახლდი მე, რადგან მანქანა იყო ჩემს სახელზე გაფორმებული. აღნიშნული ა/მანქანა გადაუფორმა მის დისშვილს, რომლის სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია. მანქანა მას მისცა ჩემმა შვილმა 5 500 აშშ დოლარში“;

3.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილებიდან გამოთხოვილი წერილობით მტკიცებულებაში - რ.გ–ძის 28.07.2017 წ. დაზარალებულის/ მოწმის გამოკითხვის ოქმში დაფიქსრებულია:,,ჩემს შვილს ზ.გ–ძეს აქვს ფირმა ,,ა–ას" სახელწოდებით, ქ. ბათუმში, ლერმონტოვის. დაიწყო საცხოვრებელი ბინის 6 სართულის (სხვენის) დაშენება და მიშენება, სადაც მოხდა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მ.გ–ძე, რომელსაც ვიცნობ. ის რამოდენიმეჯერ არის ჩვენს ოჯახში ნამყოფი, ხოლო ჩემი შვილი ზ.გ–თან მეგობრობს დაახლოებით 15 წელია და მას დაუშენა 6 სართულის სხვენი’’;

3.13. გამოკითხვის ოქმში აღნიშნულია: ,,ჩემმა შვილმა ზ.გ–ძემ და ჩემმა რძალმა ხ.ბ–ძემ, 2016 წლის დეკემბრის თვეში, ზუსტად რიცხვი არ მახსოვს მ.გ–გან შეიძინა, ქ. ბათუმში, ...... სხვენი. მათ შორის თუ რა სახის მოლაპარაკება შედგა ჩემთვის უცნობია. აღნიშნული ფართი არის ჩემი რძლის სახელზე რეგისტრირებული. ჩემი შვილიდან ზ–დან, ჩემთვის ცნობილია რომ 2017 წლის მაისის თვეში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მ.გ–ძეს მისივე თხოვნით ზ–იმ გადაუფორმა ა/მანქანა აუდი A6, გადაფორმების დროს მომსახურების სააგენტოში თან ეხლა ჩემი მეუღლე ვ.გ–ძე, რადგან მანქანა იყო მის სახელზე გაფორმებული. აღნიშნული ავტომანქანა გადაუფორმა მის დისშვილს, რომლის სახელი და გვარი მისთვის უცნობია. მანქანა მისცა 5 500 აშშ დოლარში“;

3.14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მ.გ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საქმეზე N2-3035/18 მ.გ–ძის სარჩელის გამო მოპასუხეების ხ.ბ–ძის, ზ.გ–ძის და ვ.გ–ძის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გამყიდველის (მოსარჩელის) სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დადასტურება მოსარჩელის ვალდებულებაა. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდისა და დავალიანების არარსებობის ფაქტის დადასტურება კი - მოპასუხის.

6. სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, კერძოდ, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს ნორმა იძლევა დამატებით ინფორმაციას ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენისას მტკიცების ტვირთის მოვალისათვის დაკისრების შესახებ და განსაზღვრავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს ფულადი ვალდებულების შესრულება.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, მოსარჩელემ თავის სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს ფართის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა მოპასუხესთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2017 წლის იანვრის ბოლომდე მყიდველი 15 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა. მყიდველმა აღნიშნული პირობა არ შეასრულა და თანხა არ გადაიხადა. შემდეგში ნასყიდობის საფასურის სანაცვლოდ 5 500 აშშ დოლარის ანგარიშში გამყიდველს ავტომანქანა გადასცა, შესაბამისად, გადაუხდელი ვალი 9 500 აშშ დოლარია.

8. ამ ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე, სარჩელში შუამდგომლობის გრაფაში დააფიქსირა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობა. სასამართლოს დავალების საფუძველზე, პოლიციის სამმართველოდან წარმოდგენილი იქნა გამოკითხვის ოქმები, მათ შორის - მოპასუხის.

9. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წერილობითი შესაგებელი წარადგინა, სადაც მხოლოდ ის მიუთითა, რომ არ ეთანხმებოდა სარჩელში მითითებულ ფაქტებს და ვალდებულება მთლიანად შესრულებული ჰქონდა, რასაც მოწმობს ის ფაქტობრივი გარემოება, რაც ოფიციალურად დადასტურებულია, რადგან ეს დაფიქსირებულია 2016 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

10. სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის აღნიშნული უარყოფა მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიცემული განმარტებითაც დაადასტურა და განმარტა, რომ რაიმე სახის შეუსრულებელი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნდა.

11. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი, გამოძიების მასალებში დაცული და საქმეში წარმოდგენილი თვით მოპასუხისა და მისი მეუღლის ზ.გ–ძის გამოკითხვის ოქმებითა და თავად აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) მოსაზრების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა უძრავი ნივთის ნასყიდობაზე გარიგება, რომლის ფარგლებში მყიდველს ვალდებულება სრულად შესრულებული არ აქვს და მყიდველის ვალი გამყიდველისადმი 9 500 აშშ დოლარს შეადგენდა.

12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხეს სადავო თანხის გასტუმრების თაობაზე სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ მისი ზეპირი ახსნა-განმარტება და ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ჩანაწერი, რომ ნასყიდობის საგნის საფასური მყიდველის მიერ მთლიანად არის გადახდილი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტების უარსაყოფად და გასაქარწყლებლად საკმარისი არ იყო.

13. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მაშინ, როცა სადავო ხდება ნასყიდობის საფასურის გადახდის საკითხი, მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ამ ფაქტის დაფიქსირება სრულიად არასაკმარისი საფუძველია თანხის გადახდილად მიჩნევისათვის. ასეთ დროს თანხის გადახდა უნდა დაფიქსირდეს მტკიცებულებათა ერთობლიობით, მტკიცების მაღალი ხარისხით, გადახდის დროის, ადგილისა და გარემოებების ზუსტი აღწერითა და მითითებით და ა.შ. რა თქმა უნდა, ამგვარი შეფასებით სააპელაციო სასამართლო არ აკნინებს თავად ნასყიდობის ხელშეკრულების არსსა და მნიშვნელობას, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულებები სტანდარტული შინაარსის შემცველი დოკუმენტებია, რაც არ გამორიცხავს მასში ასახული ინფორმაციის მცდარობას. სწორედ ამიტომ, სადავოობის შემთხვევაში ისეთი არსებითი გარემოება, როგორიც თანხის გადახდაა, გარდა ხელშეკრულებისა, სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობითაც უნდა დასტურდებოდეს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. რაც შეეხება პოლიციის სამმართველოში მოწმეების ჩვენებებს, თავად მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრთა მიერ მიცემული არაერთმნიშვნელოვანი და ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები ვერ გახდება თანხის - 9 500 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. შესაბამისად, გამყიდველის სარჩელი მოპასუხისათვის 9 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რაც მისდაკმაყოფილებას დაედო საფუძვლად.

14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტა, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის, 129-ე მუხლის პირველი ნაწილის, 130-131-ე მუხლებისა და 144-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

15. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. ამ ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა კი ექვს წელს შეადგენს.

16. იმის გათვალისწინებით, რომ გამყიდველმა მყიდველის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით 2018 წლის 19 ივლისს მიმართა, 2016 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე აღძრული სარჩელი ხანდაზულად ვერ ჩაითვლება.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გამყიდველის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

17.2. კასატორის განმარტებით, მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - მ.გ–ძის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლომ პოლიციიდან მასალები გამოითხოვა, ხოლო შემდეგ მესამე პირისავე მოთხოვნით, მის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, ამიტომ სარჩელის დასაკმაყოფილებლად ამ სისხლის სამართლებრივი საპროცესო დოკუმენტების გამოყენების ფორმალური წინაპირობაც კი აღარ არსებობდა;

17.3. ხელშეკრულებით განისაზღვრა ქონების სახელშეკრულებო ფასი 15 000 აშშ დოლარი, რომელიც მყიდველის, ანუ მოპასუხის მიერ სრულად არის გადახდილი; ეს ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია 2016 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში. ეს ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა. მყიდველმა (მოპასუხემ) სრულად გადაუხადა გამყიდველს განსაზღვრული ნასყიდობის თანხა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო უძრავი ქონება;

17.4. მოსარჩელის პრეტენზიები 2016 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და ამასთანავე ხანდაზმული.

17.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მყიდველის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების, მოპასუხის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი, ამასთან, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისათვის, არ ქმნის საქმის ხელახლა განსახილველად (ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ან სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოსაკვლევად) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცესუალურ საფუძველს და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებათა სამართლებრივი შეფასების გზით, შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე.

19. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები.

20. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

21. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

22. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ; N ას-1126-2023, 20.12.2023წ; N ას-1208-2023, 20.12.2023წ.).

23. წინამდებარე დავა წარმოშობილია მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. შესაბამისად, ამ ნორმის თანახმად, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ მყიდველს გადასცა საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა საქონელი, ხოლო მყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ გადაიხადა შეთანხმებული ფასი. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასის მყიდველის მიერ სრულად გადახდის ფაქტი, რომლის მტკიცებაც, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, სწორედ მყიდველს ეკისრება.

24. სსსკ-ის 102-ე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა დასაშვებობის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, გარემოებანი, რომლებზედაც მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შეიძლება დამტკიცდეს თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების მტკიცებისას იცვლება კონკრეტული წესით, რადგან მტკიცებულების არჩევის შესაძლებლობას ამ შემთხვევაში თავად მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (სსკ-ის 429-ე მუხლი) ითვალისწინებს. ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცებისას, ამ წესის თანახმად, სხვადასხვა მტკიცებულებებს შორის უპირატესობა კრედიტორის მიერ გაცემულ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ წერილობით მტკიცებულებას - დოკუმენტს ენიჭება.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალარო გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (შდრ: სუსგ-ას N ას-1288-2019, 04.03.2019წ., პ.125.). ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი და სსკ-ის 429-ე მუხლი).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“ (შეად. ირმა გელაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 319, ველი 8, თბილისი, 2019); ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (იხ. სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ. 103). ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია. შეთანხმება გულისხმობს მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისაკენ. სახელშეკრულებო სამართალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების მომენტის განსაზღვრას, რადგან სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვებათ მხარეებს სახელშეკრულებო უფლებები და იბოჭებიან ნაკისრი ვალდებულებებით (შეად. ეკატერინე ბაღიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 327, ველი3, თბილისი, 2019; ასევე- სუსგ-ას N ას-6802021, 2601.2022წ.). განსახილველ საქმეში მოპასუხემ სადავო თანხის გადაცემის დასადასტურებლად ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მიუთითა, რომლითაც გამყიდველი ადასტურებს, რომ ნასყიდობის საფასური სრულად გადახდილია (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება- ტ.2, ს.ფ. 88-89).

27. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარით, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი. ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეთა მიერ და მისი ნამდვილობა ეჭვქვეშ არ დამდგარა. მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა“ (იხ. სუსგ N ას-346-2021, 14.07.2021წ.) მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებშია მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებას ვერ გადასწონის მოწმეთა განმარტებები, მით უფრო, სისხლის სამართლის საქმის გამოკითხვის ოქმებში ასახული. მყიდველისათვის დამატებით რაიმე სხვა კონკრეტული მტკიცებულების წარმოდგენის დავალდებულება, რომლითაც ნასყიდობის საფასურის გადახდა დადასტურდებოდა, მტკიცების ტვირთის მომეტებული სტანდარტია. სადავო არ არის, რომ თვითონ ხელშეკრულებაშია მითითება, რომ ნასყიდობის საფასური სრულად გადახდილია. შესაბამისად, მოსარჩელემ, რომელიც ხელს აწერს ხელშეკრულებას და ადასტურებს, რომ ნასყიდობის საფასური სრულად გადახდილია, თვითონ უნდა დაამტკიცოს ამ ჩანაწერის სინამდვილესთან შეუსაბამობა. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმისწარმოების პირველ ეტაპზე წერილობით წარდგენილი შესაგებლის კვალიფიციურობა და დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ წარდგენილია შესაგებელი დანართით და დაზუსტებული შესაგებელი დანართით (იხ. ტ.2, ს.ფ. 30-56 და 69-98). დაზუსტებულ შესაგებელში არა მხოლოდ ისაა მითითებული, რომ მხარეების მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში მითითებულია ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის ფაქტი, არამედ, ვრცლად არის განვითარებული მსჯელობა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილ სტანდარტზე და შედავებულია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც 9 კონკრეტულ გარემოებას მოიცავს (იხ. დაზუსტებული შესაგებელი- ტ.2, ს.ფ. 111-112), ასევე უხვად არის მოხმობილი საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა სსკ-ის 429-ე მუხლის გამოყენების თაობაზე. ასევე, წარმოდგენილია ხანდაზმულობის შესაგებელი.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი ფაქტის გაბათილება, სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენებებით ვერ მოხდება, მით უფრო იმ პირობებში, რომ დაზარალებულთა/მოწმეთა ჩვენებები არ იძლევა ცალსახა დასკვის შესაძლებლობას, რომ მყიდველს ნასყიდობის საფასურის ნაწილი არ გადაუხდია.

29. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე (გამყიდველი) აცხადებს, რომ მყიდველს ნასყიდობის საფასური სრულად არ გადაუხდია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, ხოლო გადაწყვეტილება, უმეტესწილად სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად/მოწმედ დაკითხულ პირთა ჩვენებებს დაემყარა და არა-მხარეთა შორის ხელმოწერილ ნასყიდობის ხელშეკრულებას. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაბმული მესამე პირის - მ.გ–ძის მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებების, ძირითადი სარჩელის დასაკმაყოფილებლად გამოყენების პროცესუალური საფუძველი არ არსებობდა.. საპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა, მესამე პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

30. საკასაციო სასამართლო მისსავე განმარტებას მოიხმობს სსკ-ის 429-ე მუხლის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, მხარეს, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს მოვალეს, შესაძლებლობა ეძლევა კრედიტორის მიმართ შესრულებული ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად მოსთხოვოს კრედიტორს შესრულებული ვალდებულების შესახებ წერილობითი დოკუმენტის – დასტურის გაცემა. აღნიშნული დოკუმენტის გაცემის მოთხოვნა – მოვალის უფლება, ხოლო მისი გაცემა კრედიტორის უშუალო ვალდებულებაა. მითითებული კუთხით კანონმდებელი ეხმარება მოვალეს, შექმნას და მიიღოს მის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და მათი შეფასება ხდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელი სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარდა წინამდებარე გადაწყვეტილების 27-ე პუნქტში მითითებული შესაძლო მტკიცებულებებისა, სსკ-ის 429-ე მუხლის მოქმედება ასევე მოიცავს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების შესრულების დამტკიცებასაც, ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა ნასყიდობა უძრავ ნივთებს უკავშირდება, თუ მოძრავს. მხოლოდ ისაა საყურადღებო, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის გასათვალისწინებელია წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადება. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სსკ-ის 429-ე მუხლი არეგულირებს მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის გაცემის საკითხს, რა დროსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, უძრავ ნივთთან დაკავშირებული გარიგების საფუძველზე წარმოიშვა ფულადი დავალიანება, თუ მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება მოძრავ ნივთზე, შესაბამისად, ვალდებულების შესრულებულად მისაჩნევად წერილობითი სახით გაფორმებული ხელშეკრულება სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებაა (შეად. სუსგ-ებს: N ას-425-408-2016, 06.07.2016; N ას-391-370-2013, 18.11.2013წ; N ას-377-358-2013, 1.07.2013წ.).

31. საკასაციო სასამართლოს განსჯით, მოცემულ საქმეზე მყიდველმა სადავო თანხის გადაცემის დასამტკიცებლად სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით განსაზღვრული განკუთვნადი მტკიცებულება წარმოადგინა, რითაც დაძლია თავისი თავდაპირველი მტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ N ას-970-935-2016, 18.12.2017 წ.). როგორც უკვე აღინიშნა, სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. დასახელებული ნორმა ზღუდავს მხარეებს არა გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში, შესაბამისად, ფულადი ვალდებულების შესრულება ვერ დადასტურდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ფულადი ვალდებულების შესრულებისას კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (ამ შემთხვევაში, მოწმის ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების, შეფასება, ემპირიული წესების საფუძველზე ხორციელდება სხვა მტკიცებულებთან შეფასების გზით) (შეად.N სუსგ ას-334-2021, 5.11.2021წ.).

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ დაუდასტურებია არც ერთი წინაპირობის არსებობა, რაც მოპასუხისათვის სარჩელით მოთხოვნილი წერილობით ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საფასურის ნაწილის დაკისრებას გამოიწვევდა, რადგან ხელშეკრულებით სწორედ ის დასტურდება, რომ ნასყიდობის ფასი მყიდველს სრულად აქვს გადახდილი.

33. საკასაციო სასამართლომ მოპასუხის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გამყიდველის სარჩელი მყიდველის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

34. სსსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო საკასაციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

35. კასატორის სასარგებლოდ მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ხ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. რ.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ხ.ბ–ძეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ხელვაჩაური, ......../ქ.ბათუმი, ......... (ს/კ .........) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

5. რ.ბ–ძეს (პ/ნ ........) ხ.ბ–ძის (პ/ნ ........) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1224.12 ლარი.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე