Facebook Twitter

საქმე №ას-167-2024 23 თებერვალი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - ა.ა–ვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ნი, თ.ა–ვი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებისა და ამ განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ა–ვის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან საჩივრის ავტორი) სარჩელი გ.მ–ნის (შემდეგში: პირველი მოპასუხე) და თ.ა–ვის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ, 1/3 წილზე ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით აპელანტის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ......., ს/კ ........ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით აპელანტის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

6. პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა 2023 წლის 2 ოქტომბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით პირველი მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება, რომლითაც აპელანტის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და პირველ მოპასუხეს აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ......., ს/კ ....... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

8. მოსარჩელემ 2024 წლის 18 იანვარს საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.

9. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 3 ოქტომბერს მიღებული განჩინება კანონის უხეში დარღვევაა; მის მიმართ მოხდა კანონის მოთხოვნათა ინგნორირება, რადგან არაკეთილსინდისიერმა მოწინააღმდეგე მხარემ უკანონო მხარდაჭერით წაართვა ბინის 1/3 წილი და აღნიშნულ საქმეზე დავის გაგრძელებას სისხლის სამართლის კუთხით აპირებს.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით აპელანტის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იმავე განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 197-ე პრიმა მუხლის საფუძველზე, საჩივარი საქმესთან ერთად უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა განსახილველად.

11. სააპელაციო სასამართლომ, განჩინების სამართლებრივი მოტივაციის დროს, სსსკ-ის 372-ე, 271-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საკანონმდებლო ინსტიტუტი მნიშვნელოვანი სამართალწარმოებითი ბერკეტია, რათა სადავო ურთიერთობის არსებითად დარეგულირებამდე სასამართლომ შესძლოს მოდავე მხარეთა შორის თითოეულის ინტერესების დაცვისა და გამართლების სამართლიანი შესაძლებლობების დაბალანსება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, შეჯიბრებითობის პრინციპის დაურღვევლად (უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა იყოს განპირობებული იმ ვარაუდით, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას) და ამასთანავე, დავის მატერიალური ობიექტის შენარჩუნებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობით მართლმსაჯულება ეფექტიანი გახადოს.

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას თანაბარწილად უნდა იქნეს დაცული როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხე მხარის ინტერესებიც და ამ უკანასკნელისათვის რაიმე სახის უფლების, მით უფრო კონსტიტუციით დაცული და გარანტირებული საკუთრების უფლების უთანასწორო შეზღუდვა.

13. განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველლყოფის გამოყენების საჭიროება.

14. მოსარჩელის საჩივარი ზოგადი შინაარსისაა, საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ აბათილებენ სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც საჩივრის ავტორს უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე (იხ. მე-10 პუნქტი).

15. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 22 თებერვალს განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და განაცხადა, რომ პირველ მოპასუხეს, მის მიერ გაცემული მინდობილობით, თავისი წარმომადგენლისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების უფლებამოსილება არ მიუნიჭებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, მათ შორის, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინება.

16. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

18. მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერება.

19. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

21. სსსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

22. განსახილველ დავაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით აპელანტის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

23. სსსკ-ის 264-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, 2022 წლის 16 ივნისს შევიდა კანონიერ ძალაში. სსსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად კი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმებულიყო.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება მისი მითითება იმის შესახებ, რომ მან მიმართა შესაბამის ორგანოს გამოძიების დაწყების მიზნით, რადგან სამოქალაქო საქმის წარმოება დასრულებულია და, აქედან გამომდინარე, კანონიერია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ხოლო სისხლის სამართალწარმოება დამოუკიდებელი პროცესია.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ უშვებს, რათა დავის საგანი მოპასუხის არაკეთილსინდისიერი (მათ შორის კეთილსინდისიერი მესამე პირების მართლზომიერი ქმედებისგან) ქმედებისგან იყოს დაცული. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი მოპასუხეების მიმართ თავისთავად გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან სარჩელის იურიდიული ბედი (1/3 წილზე ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობა), რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც სადავო უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აიკრძალა − გადაწყვეტილია, კერძოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეთა მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (შეადრ. სუსგ-ას Nას-1966-2018, 24.01.2019 წ.).

26. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებისა და მისი აღსრულების საშუალებას წარმოადგენს, მოცემულ საქმეზე დავა მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებითად დასრულებულია და სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 1991-ე მუხლით და დააკმაყოფილა პირველი მოპასუხის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული განჩინების, არც მისი უცვლელად დატოვების თაობაზე მიღებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

27. საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ უფლებამოსილება პირველ მოპასუხეს რწმუნებულისათვის არ მიუნიჭებია, საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 98.1-ე მუხლზე მითითებით, განმარტავს, რომ ამგვარი უფლებამოსილება ცალკე აღნიშვნას არ საჭიროებს.

28. სსსკ-ის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სსსკ-ის 98-ე მუხლი კი განსაზღვრავს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს (იხ. ზ.ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014, გვ.180-199). სსსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, სსსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის საჩივარი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას (ასევე, მისი უცვლელად დატოვების შესახებ მიღებულ განჩინებას) საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ა–ვის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინება და ამ განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

მ. ერემაძე