Facebook Twitter

საქმე №ას-39-2024 23 თებერვალი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ.თ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ.ი–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ლ.თ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი კ.ი–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი) წინააღმდეგ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - ყოველთვიურად 170 (ას სამოცდაათი) ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყო 2021 წლის 15 ნოემბრიდან;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი, ყოველთვიურად -120 (ას ოცი) ლარი. ალიმენტის გადახდის დაწყების თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 15 ნოემბერი.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელე არის მოპასუხის დედა (დაბადების მოწმობა - ს.ფ. 17, ქორწინების მოწმობა - ს.ფ. 18).

3.2. მოსარჩელე არის ასაკით პენსიონერი და იმავდროულად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მუდმივად იღებს სახელმწიფო დახმარებას თვეში 275 ლარს (2021 წლის 05 ნომბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ცნობა - ს.ფ. 21, 2021 წლის 05 ნომბერს გაცემული ფორმა N100 - ცნობა N3945 - ს.ფ.19).

3.3. მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისი ერთწევრიანი ოჯახის სარეიტინგო ქულაა 41 130 და იღებს საარსებო შემწეობას თვეში 50 ლარს (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან - ს.ფ. 22).

3.4. მოსარჩელეს ჰყავს სამი სრულწლოვანი შვილი - მოპასუხე (დაბადებული 1959 წლის 11 ივლისს), ნ.ძ–ი (დაბადებული 1975 წლის 22 ოქტომბერს) და პ.თ–ძე (დაბადებული 1964 წლის 23 მარტს). (იხ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 თებერვლის წერილიN01/32377 - ს.ფ. 37-55)

3.5. შვილები - ნ.ძ–ი და პ.თ–ძე პერიოდულად მატერიალურად და მორალურად ეხმარებიან მოსარჩელეს. ნ.ძ–ი დედას ეხმარება საყოფაცხოვრებო საკითხების მოწესრიგებაში, გარკვეული პერიოდულობით ეხმარება სახლის დალაგებაში, ასევე ეხმარება მატერიალურად საკვები პროდუქტებით. პ.თ–ძე ყურადღებას იჩენს მოსარჩელის მიმართ. პერიოდულად ეხმარება საკვებით და ფულადი თანხით. (მოწმის ჩვენება (26.12.2022წ სხდომის ოქმი CD დისკი), მხარეთა განმარტებები (17.01.2023წ სხდომის ოქმი CD დისკი)).

3.6. საქმეში წარმოდგენილი პ.თ–ძის წერილობითი განცხადების თანახმად, მოსარჩელეს მისი შვილები აქცევენ ყურადღებას და დამატებით დახმარებას არ საჭიროებს, ხოლო მოპასუხეს კი დედასთან კონფლიქტამდე ჰქონდა კარგი ურთიერთობა (2022 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული ჩვენება - ს.ფ. 139)

3.7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისგან მოსარჩელე, სოციალური დახმარების სახით, ზამთრის სეზონზე იღებს შეშას საცხოვრებელი სახლის გასათბობად (მოწმის ჩვენება (26.12.2022წ სხდომის ოქმი CD დისკი), მხარეების განმარტებები (17.01.2023წ სხდომის ოქმი CD დისკი)).

3.8. მოსარჩელე 2020 წლის 1 ივნისიდან შპს „რ.ფ.ჯ.ც–ში“ აღრიცხულია ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე, დიაგნოზით F 06.7 მსუბუქი კოგნიტური აშლილობა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ იღებს ფსიქიატრის მიერ დანიშნულ ანტიფსიქოზურ და ნორმოთიკულ მედიკამენტებს დროის სხვადასხვა პერიოდში. კერძოდ, დანიშნული აქვს „რისერიდონი“, „კეტილეპტი“, „ნეიროლეფსინი“, „ტრუქსალი“. 2022 წლის 27 დეკემბერს ექიმის რეკომენდაციით დამატებით დაენიშნა მემანტინი საკუთარი ხარჯით შესაძენად, რადგან ამ პრეპარატით პაციენტების უზრუნველყოფა ამ სამედიცინო დაწესებულებაში არ ხდებოდა (იხ. შპს „რ.ფ.ჯ.ც–ის“ 2023 წლის 6 იანვრის წერილი- ს.ფ. 144)

3.9. მოსარჩელის დიაგზონია მსუბუქი კოგნიტური აშლილობები. მან შპს „რ.ფ.ჯ.ც–ს“ მიმართა 2020 წლის 7 ივნისს. ჩივილები ჰქონდა უძილობაზე, უხალისაობაზე, საუბრისას ორიენტირებულია სწორად, საუბრისას არის თავაზიანი, შეკითხვებს პასუხობს არსებითად ადეკვატურად. საუბრისას არ გამოხატავს ბოდვით აზრებს, არ აღენიშნება საკოორდინაციო რეფლექსების დაძაბვა. აღენიშნება უმნიშვნელოდ გამოხატული მეხსიერების დეფიციტი და კონცენტრაციის დაქვეითება. არის უფრო მეტად გამოხატული ემოციური ლაბილობა. ამ ეტაპზე ფსიქოზის არსებითი ნიშნები არ ვლინდება. სამკურნალო შრომითი რეკომენდაციებია - ამბულატორიული მკურნალობა და მეთვალყურეობა. დანიშნულია მედიკამენტები - „კეტილეპტი“ 100 მგ, 1 აბი დღეში, იღებდა „კოგნივერსს“ 1 აბი 2-ჯერ დღეში, მაგრამ უფრო რეკომენდებულია „მემანტინის“ („ტინგერსის“ სახელით) 10 მგ ½ აბის მიღება საღამოს (იხ.შპს რ.ფ.ჯ.ც–ის ფორმა 100ა - ს.ფ. 155-156).

3.10. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2019-2021 წლებში მოპასუხესა და მოსარჩელეს ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ არ უფიქსირდებათ. (იხ. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 აგვისტოს წერილი- ს.ფ. 93)

4. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ აპელანტის (მოპასუხის) მოთხოვნა მისთვის დაკისრებული ალიმენტის შემცირების მოთხოვნის თაობაზე ნაწილობრივ დასაბუთებული იყო.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს გადაწყვეტილების მიღების დროს არსებულ მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

6. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულების ერთობლივად შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის (აპელანტის) მიმდინარე შემოსავალი არ წარმოშობდა მისთვის ალიმენტის, ყოველთვიურად - 170 ლარის ოდენობით დაკისრების საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ სარჩენ პირს (მოსარჩელეს) კიდევ ჰყავს ორი შვილი, რომლებიც ეხმარებიან, როგორც მატერიალურად, ასევე - მორალურად. ამასთან, მოპასუხის შემოსავლების შესახებ მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის შემოსავლების მტკიცების ტვირთი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ი) მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელიც ვალდებული იყო, წარედგინა უტყუარი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ასეთი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და ალიმენტის ოდენობა შემცირებულიყო 120 ლარამდე, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2021 წლის 15 ნოემბრიდან.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოპასუხისთვის ალიმენტის - ყოველთვიურად - 170 ლარის დაკისრება მოითხოვა.

9.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის მატერიალური საჭიროებები. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს ფულადი თანხით ეხმარებიან შვილები ნ.ძ–ი და პ.თ–ძე; აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მოპასუხეს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ამასთან, ნ.ძ–მა ჩვენების მიცემისას ვერ დაასახელა კონკრეტული თანხა, რომლითაც ყოველთვიურად ეხმარება მოსარჩელეს.

9.3. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის ყველა საჭიროება უზრუნველყოფილია, როგორც სახელმწიფო დახმარებით, ასევე მისი შვილების ნ.ძ–ის და პ.თ–ძის მიერ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების და ქვეყანაში მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებზე არსებული ფასების გათვალისწინებით, 170 ლარი არის მიზერული თანხა. მოსარჩელეს, მოპასუხის გარდა, ორი შვილი ყოველთვიურად, ამავე ოდენობის თანხით რომც ეხმარებოდეს, ჯამში სამივე შვილის მიერ გადახდილი თანხა მაინც არ იქნებოდა საკმარისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

9.4. კასატორი 2023 წლის აგვისტოში იმყოფებოდა კლინიკაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. სს „რ.ც.ს“-ს მიერ გაიცა დანიშნულება, რომლის მიხედვით მოსარჩელეს დაენიშნა შვიდი სახის მედიკამენტი, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულია (მედიკამენტების ჯამური ღირებულება 126 ლარია) და მისი მატერიალური შესაძლებლობებით შეუძლებელია მათი შეძენა.

9.5. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ ვერ წარადგინა მისი მძიმე სოციალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამის საპირპისპიროდ კი, მოსარჩელის შემთხვევაში, მისი მდგომარეობა დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. მოსარჩელეს სოციალური დახმარების გარდა არ აქვს სხვა შემოსავალი, მან უძრავი ქონება აჩუქა მოპასუხეს, ასრულებდა მშობლის ვალდებულებებს, შესაბამისად, როგორც მორალურად, ასევე სამართლებრივად მიაჩნია, რომ ალიმენტი არ უნდა შემცირდეს და მოპასუხეს დაეკისროს 170 ლარის გადახდა.

9.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად იქნა მიჩნეული შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო სასამართლო, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა არ წარმოშობს მისთვის ალიმენტის, ყოველთვიურად - 170 ლარის დაკისრების საფუძველს.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს, მოპასუხის გარდა, ჰყავს ორი შვილი, რომლებიც ეხმარებიან როგორც მატერიალურად, ისე - მორალურად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მისსავე ერთ-ერთ გადაწყველებაში ასახულ მსჯელობას მოიხმობს, რომლის თანახმადაც, სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას, ივარაუდება, რომ შვილები, რომელთა მიმართაც მშობელს არ შეაქვს სარჩელი, ამ ვალდებულებას ნებაყოფლობით ასრულებენ, რაც სარჩოს განსაზღვრისას ანგარიშგასაწევია და მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობაზე, ეს ფაქტორი ახდენს გავლენას, ისევე როგორც -ალიმენტვალდებულის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა (იხ. სუსგ Nას-1445-2019, 24.07.2020წ.).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შვილის შემოსავლების მტკიცების ტვირთი სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად ეკისრება მოსარჩელეს, რომელიც ვალდებულია წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში კასატორს ასეთი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 1218-ე და 1219-ე მუხლებზე, რომლითაც დადგენილია შვილების მატერიალურ პასუხისმგებლობის ელემენტები მშობლების მიმართ. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობას მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ. განსახილველი ნორმები ადგენენ შვილების მატერიალური პასუხისმგებლობის ელემენტებს მშობლების მიმართ და საოჯახო სამართლით დადგენილი ამ ვალდებულების წინაპირობების სწორად და ზუსტად განსაზღვრისას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არა ნორმათა სიტყვასიტყვითი, არამედ _ ისტორიული განმარტების მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული. პალატა მიიჩნევს, რომ კერძო სამართლის ნორმები, განსაკუთრებით კი, საოჯახო სამართლის დანაწესები საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალური სტანდარტების შესაბამისად უნდა განიმარტოს და სადავო ურთიერთობის კანონის ჩარჩოებში მოქცევისას მხედველობიდან არ უნდა იქნას გამორჩენილი ის მორალური კატეგორია, რომელიც საკანონმდებლო მოწესრიგებას დაედო საფუძვლად. საქართველოში დამკვიდრებული ქცევის წესია სრულწლოვალი შვილის მიერ დახმარების საჭიროების მქონე მშობლისათვის როგორც ფიზიკური, ისე _ მატერიალური დახმარების გაწევის აუცილებლობა, სწორედ ამაზე მეტყველებს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი ნაწილი რაც შეეხება ალიმენტის დაკისრებას, ამავე ნორმის მე-2 ნაწილი სწორედ ზემოხსენებული სტადარტის ფარგლებშია განსამარტი, რაც გულისხმობს შემდეგი წინაპირობების არსებობას: მარჩენალსა და სარჩენს შორის საოჯახო სამართლით განსაზღვრული მშობლისა და შვილის ურთიერთობას; შვილი/მარჩენალი უნდა იყოს სრულწლოვანი და შრომისუნარიანი; სარჩენი უნდა საჭიროებდეს მატერიალურ დახმარებას და ამავდროულად უნდა იყოს შრომისუუნარო. ამ უკანასკნელ წინაპირობასთან მიმართებით, კანონის სწორი გაგებისათვის არა მისი სიტყვასიტყვითი აზრი, არამედ, კონკრეტულ შემთხვევაში, მისი მიზანი და რეგულირების სფერო უნდა შეფასდეს. საკითხი ეხება სრულწლოვანი შვილის ვალდებულებას, გაუწიოს დახმარება მშობელს, რომელიც ამას საჭიროებს და შრომისუუნაროა, რაც არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური და სხვა მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს.“ (იხ. სუსგ. Nას-1445-2019, 24.07.2020წ.)

16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით და მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკისრებული ალიმენტის შემცირების თაობაზე დასაბუთებულია. კასატორს ჰყავს სამი სრულწლოვანი შვილი, რომლებზეც თანაბრად უნდა მოხდეს დედის მიმართ ვალდებულებების გადანაწილება. სახელმწიფო არსებული პროგრამის ფარგლებში აფინანსებს მის მკურნალობას, ამასთან, კასატორი ყოველთვიურად იღებს სოციალურ დახმარებას. კასატორის პრეტენზია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ერთი მედიკამენტის ღირებულება ვერ აუნაზღაურა სახელმწიფომ, არ წარმოშობს მისი დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, გასაზიარაბელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის ყოველთვიური საჭიროებები დაკმაყოფილებია როგორც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ასევე - მისი შვილების მიერ.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, ნორმალური რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს, როგორც შრომისუუნარო მშობლის საჭიროების, მატერიალური მდგომარეობის, ისე შვილის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებას (იხ. სუსგ. Nას-298-278-2012, 7.05.2012წ.; Nას-494-462-2017, 12.03.2018წ.).

18. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ მოტივაციასთან დაკავშირებით, რაც მისი დაუშვებლად ცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

მ. ერემაძე