Facebook Twitter

საქმე №ზ-45-ბ-2-2024 11 მარტი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს "ს–ოს" წარმომადგენელი რ.ნ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ი.ქ–ია, შ.ხ–ი (მოსარჩელეები)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.ქ–იასა და შ.ხ–ის სარჩელი რ.ნ–იას, ლ.ქ–ას, ხ.ნ–ასა და დ.ც–იას წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით რ.ნ–იას, ლ.ქ–ას, ხ.ნ–ასა და დ.ც–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით რ.ნ–იას, ლ.ქ–ას, ხ.ნ–ასა და დ.ც–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2024 წლის 5 თებერვალს, შპს "ს–ოს" გენერალურმა დირექტორმა რ.ნ–იამ საჩივრით/განცხადებით მომართა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინების, საქმე #ას-1083-2023, გაუქმება მოითხოვა, რადგან ის გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ. განმცხადებელმა საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის, #ას-123-123-2018, განჩინებასა და 2022 წლის 1 თებერვლის, #ზ-550-21, განჩინებაზე მიუთითა.

5. განმცხადებლის განმარტებით, შპს "ს–ოს" მიმართ განხორციელებულია უკანონო ქმედებები, რის გამოც იგი ვერ აწარმოებს საჭირო მედიკამენტებს, რამაც შეიძლება ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში. ამ შემთხვევაში კი უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი უნდა განიხილოს იმ მოსამართლეების შემადგენლობით, რომლებსაც ადრე ამ საქმეში მონაწილეობა არ მიუღიათ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით შპს „ს–ოს“ წარმომადგენელ რ.ნ–იას განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი ასლი მოწინააღმდეგე მხარეებს გაეგზავნათ.

7. შ.ხ–ის წარმომადგენელმა, 2024 წლის 7 მარტს, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით მომართა და განმარტა, რომ 2024 წლის 5 თებერვლის განცხადება რ.ნ–იამ შემოიტანა არა როგორც ფიზიკურმა პირმა, არამედ როგორც შპს "ს–ოს" წარმომადგენელმა, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განჩინებაში მხარეებად მითითებულნი არიან ფიზიკური პირები, კასატორები: რ.ნ–ია, ლ.ქ–ა, ხ.ნ–ა, დ.ც–ია და მოწინააღმდეგე მხარეები: შ.ხ–ი და ი.ქ–ია. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 422-ე მუხლით დადგენილი განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, კასატორებისათვის, საქმის განხილვის დროს, ცნობილი იყო საქმის განმხილველი მოსამართლეების ვინაობა და მათ, საქმის წარმოების პროცესში, შეეძლოთ მოსამართლეთა აცილების შესახებ შუამდგომლობა დაეყენებინათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 264-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

9. ზემოთ მოხმობილი ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული 2024 წლის 26 იანვრიდან.

10. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ №ას-1455-2019, 15.11.2019წ.).

11. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებული ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; დ) სასამართლო უწყება ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მოპასუხე თავის განცხადებაში წარმოადგენს პირველად პოზიციას საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

12. სსსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

13. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.

14. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით... საკუთრების ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას“ (Tchitchinadze v Georgia - § 53).

15. „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ისე, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ – (იქვე - § 58. ამასთან დაკავშირებით, აგრეთვე Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ მოხმობილია უზენაესი სასამართლოს ორი განჩინება, რომელთაგანაც ერთი შეეხება შპს "ს–ოს" საკასაციო საჩივრის უარყოფასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვებას (რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება), შპს "ფ.ს"-ის წინააღმდეგ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე (საქმე #ას-123-123-2018), ხოლო მეორე განჩინება შეეხება შპს "ს–ოს" განცხადების, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, განუხილველად დატოვებას (საქმე #ზ-550-21).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო სასამართლოს ზემოთ ხსენებულ განჩინებების მიღებაში ერთიდაიგივე მოსამართლეები მონაწილეობდნენ, სახეზეა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინების, საქმე #ას-1083-2023, გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ამ პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სსსკ-ის 29-ე, 30-ე, 31-ე მუხლებშია მოცემული მოსამართლეთა აცილებისა თუ საქმის განხილვაში მონაწილეობის დაუშვებლობის მოწესრიგება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

18. კანონის ზემითითებული ნორმის დეფინიცია ნათლად განსაზღვრავს მოსამართლის მიერ ერთი და იგივე საქმეში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში განმეორებით მონაწილეობის დაუშვებლობის წესს.

19. განმცხადებლის მიერ დასახელებული განჩინებები შედგენილია სხვადასხვა სამოქალაქო საქმეთა განხილვის შედეგად და ერთმნიშვნელოვნად არაა გამოკვეთილი სსსკ-ის 29-ე-31-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმის განხილვისაგან რომელიმე მოსამართლის აცილების/თვითაცილების საფუძველი.

20. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენებისათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი წანამძღვრის დადგენა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს მოსამართლის/ან მოსამართლეების უფლებას მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში. ასე მაგალითად, გადაწყვეტილების მიღებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლე, რომელიც: ა) მონაწილეობდა საქმის განხილვაში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში (სსსკ-ის 29-ე მუხლი); ბ) ან თუ მოსამართლეს, ან სასამართლოს მთლიან შემადგენლობას საპროცესო კანონით დადგენილი წესით განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ (სსსკ-ის 30-31-ე მუხლები), გ) თუ არსებობდა თვითაცილების საფუძველი და ამის შესახებ მიღებულია შესაბამისი განჩინება (სსკ-ის 32-ე მუხლი), დ) თუ მოსამართლე, ან მოსამართლეები დროებით ჩამოცილებული იყვნენ საქმეთა განხილვისაგან („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი), ე) ან არსებობდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-43-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები (იხ. სუსგ #ა-181-ბ-1-2016, 14.06.2016 წ.).

21. მოცემულ შემთხვევაში საქმე განიხილა კანონიერმა შემადგენლობამ, რადგანაც მოსამართლეების მონაწილეობის გამომრიცხავი კანონით გათვალისწინებული არცერთი გარემოება დადგენილი არ ყოფილა.

22. საკასაციო სასამართლო ზემოთ მოხმობილი ნორმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს "ს–ოს" განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ს–ოს" წარმომადგენელ რ.ნ–იას განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინების, ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური