საქმე №ას-1096-2019 30 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.ს–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ჭ–ი (მოსარჩელე)
მოპასუხე – ა.ა–ნი
თავდაპირველი მოპასუხეები – ა.ს–ნი, თ.ბ–ძე, ზ.ხ–ა, მ.ც–ვა, მ.მ–ი, ნ.ქ–ი, ნ.მ–ძე, რ.ვ–ა, ს.რ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, მესაკუთრეების სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვა სადავო კრების ოქმამდე არსებული მდგომარეობით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ლ.ჭ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის და უძრავი ქონების მონაცემების სადავო კრების ოქმამდე არსებული მდგომარეობით აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ–ის ..“-ის (შემდგომში - „ა–ბა“) 2011 წლის 25 თებერვლის №6 კრების ოქმი (დამოწმებული ნოტარიუს ე.შ–ის მიერ); დადგინდა, რომ თ.ბ–ძის, მოსარჩელის, ნ.მ–ძის, ნ.ქ–ის, რ.ვ–ას და ს.რ–ის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ...., საკადასტრო კოდი №......, მონაცემები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ იქნას შემდეგი სახით: საკუთრების ტიპი: 1. საკუთრება - 45.60 კვ.მ., 2. თანასაკუთრება - სამზარეულო, 3. თანასაკუთრება - სააბაზანო, ტუალეტი.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2010 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელესა და კ.ს–ნს (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“) შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს სამი თვის ვადით სესხად გადასცა 50 000 აშშ დოლარი. სარგებელი განისაზღვრა თვეში 5%-ით, ხოლო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,3%-ით;
2.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდი: ........... იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ფართი შეადგენდა 64,88 კვ.მ.-ს;
2.3. მხარეები ასევე შეთანხმდნენ და ამავე ხელშეკრულების მე-14 მუხლით განისაზღვრა, რომ, თუ დადგებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე ნებაყოფლობით არ შეასრულებდა იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით;
2.4. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კრედიტორის - მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე, 2011 წლის 15 დეკემბერს ნოტარიუსმა ნ.მ–მა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 50 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 22 500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - სესხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2010 წლის 17 ნოემბრიდან აღსრულებამდე. ამასთან, განისაზღვრა, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის - უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ........, უძრავი ქონების ფართი - 64,88 კვ.მ., რეალიზაცია;
2.5. კრედიტორის - მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, მოვალის - პირველი მოპასუხის საკუთრებად რიცხული ზემოაღნიშნული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გარდა, ქ. თბილისში, ......, მესამე სართულზე ასევე არსებობდა სხვა უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრეს წარმოადგენდა ა.ს–ნი (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“). საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების მახასიათებლებია: საკუთრების ტიპი: საკუთრება, ფართი - 45.60 კვ.მ., საერთო საკუთრება: სამზარეულო, სააბაზანო-ტუალეტი (ტომი 2, ს.ფ. 94-95);
2.6. ამხანაგობის 2011 წლის 25 თებერვლის კრების ოქმით, მეორე მოპასუხეს, შპს „კ.ს.კ–ის“ მიერ ჩატარებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ბინის ფართი განესაზღვრა 106,05 კვ.მ.-ით (ტომი 2, ს.ფ. 55-56);
2.7. ამხანაგობის 2011 წლის 25 თებერვლის №6 კრების ოქმში მითითებულია, რომ კრება ჩატარდა მისამართზე: ქ. თბილისი, ........, ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3, კრებას თავმჯდომარეობდა ამავე ამხანაგობის თავმჯდომარე - მ.მ–ი, კრების დღის წესრიგად მითითებულია - ამხანაგობის წევრის - მეორე მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში, აღნიშნულ მისამართზე, შპს „კ.ს.კ–ის“ აზომვით ნახაზზე ასახული 106,05 კვ.მ. ფართის დადასტურება. ოქმში აღნიშნულია, რომ მითითებული ფართი წარმოადგენს მეორე მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრების საგანს და მასზე (ბინაზე) პრეტენზია არ გააჩნიათ ამხანაგობის წევრებს. დასახელებულ კრების ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე მ.მ–ი.
2.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №882011080833-06 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მეორე მოპასუხის განცხადება კუთვნილ უძრავ ნივთზე, მდებარე: ......, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ და ბმა №6 კრების ოქმის, აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საცხოვრებელი ბინის ფართი განისაზღვრა 106,05 კვ.მ-ით;
2.9. ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2011 წლის 24 ივნისის №10.29.03-604 დადგენილებით, მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.თბილისი, ......, საკადასტრო კოდი №........, მიენიჭა ნომერი 7 და მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქ. თბილისი, ......., ბინა №7;
2.10. 2011 წლის 08 ივნისს ა.ა–ნსა (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მესამე მოპასუხემ შეიძინა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდი №.......;
2.11. 2011 წლის 14 დეკემბერს, ერთი მხრივ, მესამე მოპასუხეს და მეორე მხრივ, მ.ც–ვას, ზ.ხ–ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ზ.ხ–ამ და მ.ც–ვამ მესამე მოპასუხისაგან შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ........, ფართობი 106,05 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №......;
2.12. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, კრედიტორის -მოსარჩელის დაკმაყოფილება და, შესაბამისად, 2010 წლის 16 აგვისტოს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ ვერ ხდება იდენტიფიცირება მოვალის - პირველი მოპასუხის იპოთეკით დატვირთული ფართისა და ვერ დგინდება, ფაქტობრივად რისი რეალიზაცია უნდა განხორციელდეს იძულებით აუქციონზე. აღსრულების შეუძლებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამხანაგობის 2011 წლის 25 თებერვლის №6 კრების ოქმისა და აზომვითი ნახაზის საფუძველზე, 2011 წლის 24 თებერვალს მეორე მოპასუხის საკუთრებად, ნაცვლად ფაქტობრივი მდგომარეობით არსებული 45.60 კვ.მ. ფართისა, დარეგისტრირდა 106.05 კვ.მ. ფართი. კერძოდ: სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული №A11074132 სააღსრულებო საქმის თაობაზე, მოცემული სამოქალაქო საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს რეგიონალური ზედამხედველობის სამსახურის მრჩეველის ნ.ღ–ძის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 229-230) კერძო აღმასრულებლის - შ.ხ–ძისადმი, რომელშიც მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: „საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვალის - პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარეობს ქ. თბილისში, ......, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე. უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2012 წლის 09 იანვარს შედგენილი აქტით ირკვევა, რომ მოვალის - პირველი მოპასუხის უძრავი ქონება გაერთიანებულია მომიჯნავე ფართთან და წარმოადგენს ერთ საცხოვრებელ ბინას. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მე-3 სართულზე არსებული საერთო ფართი (კიბის უჯრედის ჩათვლით) შეადგენს 123.15 კვ.მ.-ს (მე-3 სართულის გეგმა-ნახაზი, შესრულებული 2007 წლის 17 დეკემბერს შპს „გ–ის“ მიერ). აღნიშნული ფართიდან პირველი მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება 64.88 კვ.მ., საკადასტრო კოდი: №......საქმიდან ასევე ირკვევა, რომ 2011 წლის 24 თებერვალს აღნიშნული ფართი (მესამე სართული) ხელახლა აიზომა და ამხანაგობის №110521047 კრების ოქმის საფუძველზე დარეგისტრირდა მეორე მოპასუხის საკუთრებად. რეგისტრირებული ფართი შეადგენს 106.05 კვ.მ.-ს, საკადასტრო კოდი: №....... აღნიშნული საცხოვრებელი ბინა 2011 წლის 08 ივნისს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საფუძველზე გასხვისდა და ამჟამინდელი მესაკუთრეა მესამე მოპასუხე. ამდენად, ქ.თბილისში, .......... მესამე სართულზე არსებობს ორი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, პირველი მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება 64.88 კვ.მ, ხოლო მესამე მოპასუხის საკუთრებაში არის 106.05 კვ.მ., მესამე სართულის საერთო ფართი (კიბის უჯრედის ჩათვლით) შეადგენს 123.15 კვ.მ–ს“ (ანალოგიური შინაარსისაა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს რეგიონალური ზედამხედველობის სამსახურის მრჩეველის მ.კ–ის 2014 წლის 10 აპრილის წერილი, რომლის ადრესატია კერძო აღმასრულებელი ნ.კ–ვა. კერძო აღმასრულებლის მიერ ასევე წარდგენილი იყო განაცხადი სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე). ზემოაღნიშნულ გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან ვერ ხდება მოვალის - პირველი მოპასუხის იპოთეკით დატვირთული ფართის იდენტიფიცირება და ვერ დგინდება, ფაქტობრივად რისი რეალიზაცია უნდა განხორციელდეს იძულებით აუქციონზე, კრედიტორის სასარგებლოდ აღსრულება - სააუქციონო მომსახურების გაწევა ვერ განხორციელდა;
2.13. სადავო კრების ოქმით ქ. თბილისში, ......, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მეორე მოპასუხის სახელზე დარეგისტრირებული უძრავი ქონება - 106.05 კვ.მ. ფართობით, ფაქტობრივი მდგომარეობით არ არსებობს და რეალურად აღნიშნული უძრავი ნივთის ფართობი იმგვარადაა წარმოდგენილი, როგორც ეს იყო მანამდე - სადავო კრების ოქმამდე არსებული მდგომარეობით. კერძოდ, მითითებული უძრავი ქონება შეადგენს 45.60 კვ.მ.-ს;
2.14. სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე, ზ.ხ–ამ და მ.ც–ვამ, რეგისტრირებული ვალდებულების სანაცვლოდ, სადავო უძრავი ქონება გადასცეს აპელანტ მოსარჩელეს და მოწინააღმდეგე მხარეთა ნაწილს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია 2016 წლის 02 დეკემბრით მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე, ს.კ. №........, რომლის მიხედვით, ბინა №7, ფართით 106.05 კვ.მ., წარმოადგენს ნ.ქ–ის, თ.ბ–ძის, ნ.მ–ძის, რ.ვ–ას, ს.რ–ისა და მოსარჩელის თანასაკუთრებას. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ვალდებულების გაქვითვის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი - 2016 წლის 29 ნოემბერი);
2.15. 2018 წლის 26 მარტს მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე (კერძოდ, იგი მოითხოვს: 1. ბათილად იქნას ცნობილი ამხანაგობის 2011 წლის 25 თებერვლის №6 კრების ოქმი (დამოწმებული ნოტარიუს ე.შ–ის მიერ); 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..... (ს.კ. №.......) აღდგენილ იქნას ამხანაგობის 2011 წლის 25 თებერვლის №6 კრების ოქმამდე არსებული ფართი და თ.ბ–ძის, მოსარჩელის, ნ.მ–ძის, ნ.ქ–ის, რ.ვ–ას და ს.რ–ის სახელზე, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ....... (ს.კ. ........), ფართობი - 106.05 კვ. მ.-ის ნაცვლად, დარეგისტრირდეს შემდეგი მონაცემებით: საკუთრების ტიპი: 1. საკუთრება - 45.60 კვ.მ, 2. თანასაკუთრება - სამზარეულო, 3. თანასაკუთრება - სააბაზანო, ტუალეტი).
3. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ ამხანაგობის 2011 წლის 25 თებერვლის №6 კრების ოქმის ბათილობის იურიდიული ინტერესი არის საჯარო რეესტრში დასახელებული სადავო კრების ოქმის საფუძველზე რეგისტრირებული არარსებული 106.05 კვ.მ. ფართის ნაცვლად, ქონების ამჟამინდელ მესაკუთრეებზე უძრავი ნივთის რეალურად არსებული მდგომარეობის - 45.60 კვ.მ. ფართის ასახვა, რაც საბოლოოდ შესაძლებელს გახდის ჯერ კიდევ 2011 წლის 15 დეკემბერს, ნოტარიუს ნ.მ–ის მიერ, კრედიტორის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკის საგნის - უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ........, უძრავი ქონების ფართი 64,88 კვ.მ., იდენტიფიცირებას და მის რეალიზაციას (სააპელაციო საჩივარშიც და ასევე საქმის ზეპირი განხილვისას, მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებდა შემდეგზე: სწორედ კრედიტორის სასარგებლოდ აღსრულებისათვის ხელშეშლის მიზნით, ნახაზი შედგენილი იქნა იმგვარად, რომ თითქოს მეორე მოპასუხე ფლობდა მის კანონიერ 45.60 კვ.მ. ფართთან ერთად დანარჩენ ფართს. ეს დანარჩენი ფართი არ იყო იპოთეკის საგანი და, შესაბამისად, არ იყო პირველი მოპასუხის საკუთრება. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად შედგა სადავო კრების ოქმი, რამაც საბოლოოდ განაპირობა მეორე მოპასუხის საკუთრებად, ნაცვლად რეალურად არსებული 45.60 კვ.მ.-ისა, 106.05 კვ.მ.-ის დარეგისტრირება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითითებს, რომ, რადგან მეორე მოპასუხის სახელზე ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრირებული 106.05 კვ.მ. ფართი ფაქტობრივად არ არსებობს ამ მოცულობით (ფაქტობრივი და, შესაბამისად, კრების ოქმამდე არსებული მდგომარეობით მეორე მოპასუხის სახელზე რიცხული ფართი სწორედ 45.60 კვ.მ.-ს შეადგენდა), დგინდება, რომ იგი მოიცავს ასევე იპოთეკის საგანს - პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ 64.88 კვ.მ.-ს). ამდენად, კრედიტორი მოსარჩელე (სხვა პირებთან ერთად) არის უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით: №......., იპოთეკარი. ამ ქონების იდენტიფიცირება და შემდგომ მისი რეალიზაციის გზით აღსრულება ვერ ხორციელდება სადავო კრების ოქმის საფუძველზე, უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით: №........, ფართად - 106.05 კვ.მ.-ის ასახვის გამო, ნაცვლად რეალურად არსებული 45.60 კვ.მ. ფართისა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელისათვის შედეგი - სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მოვალის ქონების რეალიზაცია მიიღწევა სადავო კრების ოქმის ბათილობის და უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით: №........, ფართობად ფაქტობრივად, ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად კრების ოქმამდე არსებული მონაცემებით (ტომი 2, ს.ფ. 94-95, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), არსებული 45.60 კვ.მ. ასახვის გზით.
4. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმის ზეპირი განხილვისას, კერძოდ, 2018 წლის 04 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, მოპასუხეები - თ.ბ–ძე, ნ.მ–ძე, ნ.ქ–ი, რ.ვ–ა და ს.რ–ი დაეთანხმნენ სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მოთხოვნას.
5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამხანაგობის 2011 წლის 25 თებერვლის №6 კრების ოქმი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდება ნამდვილად იქნა თუ არა თავმჯდომარის მიერ კრება მოწვეული. ამ უკანასკნელის ახსნა-განმარტებით, მან ოქმს ხელი მოაწერა, ვინაიდან აზომვით ნახაზში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნდა (31.05.2013 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:02-16:05 წთ.), თუმცა მისივე განმარტება, რომ მეზობლები (ამხანაგობის წევრები) კრებას ოქმში მითითებული რაოდენობით ესწრებოდნენ და ყველა მათგანმა თანხმობა განაცხადა ცვლილების რეგისტრაციაზე, გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, საქმის მასალებით არ დასტურდება. პალატამ აღნიშნა ისიც, რომ მ.მ–ის განმარტებით (12.06.2012 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:05 წ.თ), მისთვის ცნობილი იყო, რომ უძრავი ქონების მესამე სართულზე არსებობდა ორი დამოუკიდებელი ფართი, რომლის გაერთიანებაც სურდა პირველ მოპასუხეს და მან საჯარო რეესტრის ამონაწერი მოითხოვა მხოლოდ პირველი მოპასუხის საკუთრებაში მანამდე არსებულ ერთოთახიანის ფართზე, ხოლო იმ ოროთახიანის ფართზე, რომლის შემოერთებაც სურდა მეორე მოპასუხეს, ამონაწერი არ მოუთხოვია, ვინაიდან არ ჩათვალა საჭიროდ.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ფართის გაერთიანების მიზანს სწორედ იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის - ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თავიდან არიდება წარმოდგენდა, ხოლო სადავო კრების ოქმი არ იყო შედგენილი საამისოდ კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვით. საკითხი, რაც მითითებულ კრების ოქმში აისახა და საფუძვლად დაედო მეორე მოპასუხის სახელზე 106.05 კვ.მ. ფართის რეგისტრაციას, ნაცვლად რეგისტრირებული და ფაქტობრივი მდგომარეობით არსებული 45.60 კვ.მ. ფართისა, არ ასახავს დასახელებული უძრავი ნივთის რეალურ მონაცემს და ამ მდგომარეობით მისი რეესტრში რეგისტრაცია ემსახურება იმ მიზანს, რომ შეუძლებელი გახდეს იპოთეკის საგნის იდენტიფიცირება, შესაბამისად, საბოლოოდ შეუძლებელი გახდეს კრედიტორის სასარგებლოდ უზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულება. სწორედ აღნიშნულის გამო ვერ განხორციელდა კრდიტორის სასარგებლოდ მოვალის მიმართ სააღსრულებო წარმოება - სააუქციონო მომსახურება.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 180-ე მუხლით და აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: №........, რეგისტრირებული მონაცემების კრების ოქმამდე (რაც ასახავს ფაქტობრივად მდგომარეობას) არსებული სახით აღდგენის გარეშე ვერ განხორციელდება იპოთეკით დატვირთული ქონების იდენტიფიცირება, რაც გახდა მოსარჩელის მხრიდან თავდაპირველად სარჩელის აღძვრის, ხოლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში - მოთხოვნის დაზუსტების საფუძველი. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს გააჩნდა იურიდიული ინტერესი და მისი დაზუსტებული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
13. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, იმაზე მეტი მოთხოვნა დაუკმაყოფილა მოსარჩელეს, რაც თავის დროზე სააპელაციო საჩივარსა და სასარჩელო განცხადებაში არ იყო მოთხოვნილი. მოსარჩელემ და სხვა მოპასუხეებმა ვალის სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღეს ფართი - 106 კვ.მ. და 200 კვ.მ. და ისევ სურთ თითქოსდა ვალის სანაცვლოდ აუქციონზე გაყიდონ პირველი მოპასუხის წილი ქონებაც. სააპელაციო სასამართლომ ისე დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომ არ გაითვალისწინა პირველი მოპასუხის ინტერესები, ამასთან, სასამართლო პროცესზე არ მიიწვია მეორე მოპასუხე.
14. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინიციატივით შეამოწმებს მოცემულ საქმეზე მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობის საკითხს [სსსკ-ის 180-ე მუხლი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს], ვინაიდან აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ. მზია თოდუა, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 643).
15. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული დავის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილი და ცალსახაა. ამხანაგობის სადავო კრების ოქმის ბათილობის შედეგად აღდგება ოქმის მიღებამდე არსებული მდგომარეობა, სადავო უძრავი ქონების ფართი განისაზღვრება 45,60 კვ.მ.-ით, რაც შესაძლებელს გახდის პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული, მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული 64,88 კვ.მ. ფართის იდენტიფიცირებასა და მასზე აღსრულების მიქცევას, რითიც დაცული იქნება მოსარჩელის ქონებრივი ინტერესი.
17. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სააპელაციო პალატის მიერ სსსკ-ის 248-ე მუხლის [სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა] დარღვევის თაობაზე, აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან თავდაპირველად მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობასთან ერთად, მეორე მოპასუხის საკუთრებაში უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ........, 45 კვ.მ.-ის აღრიცხვა, ხოლო სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, 2018 წლის 26 მარტს წარადგინა განცხადება მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.15. ქვეპუნქტი; ასევე ტ. 3, ს.ფ. 456), რა სახითაც იგი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცულია სსსკ-ის 248-ე და 381-ე მუხლების [სსსკ-ის 381-ე მუხლი: დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია] მოთხოვნები და კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407.1. მუხლზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104.1. მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კ.ს–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. კ.ს–ნს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; 2011 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულება; 2016 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულება; 2013 წლის 18 მარტის ხელშეკრულება), მთლიანობაში „17“ ფურცლად (ტ. 3., ს.ფ. 655-671);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი