საქმე №ას-1697-2019 30 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და შპს მ–ოს (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 51 716,12 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 17 მაისს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა შეესრულებინა 941 273 ლარის ღირებულების სამუშაოები;
2.2. ხელშეკრულების დანართი 2-ის თანახმად (ს.ფ. 146), მოსარჩელეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 6 თვის ვადაში, ე.ი. 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით;
2.3. ხელშეკრულების 14.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა;
2.4. ხელშეკრულების 10.2. პუნქტის შესაბამისად, სამუშაოთა შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო - ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ხოლო მე-6 ეტაპის, ე.ი. სამუშაოთა დასრულების ვადის დარღვევისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,05%-ის ოდენობით;
2.5. 2017 წლის 16 ნოემბერს მხარეებმა ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილებები (ს.ფ. 24), რომელთა თანახმად, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 1 019 820 ლარი გახდა. ამის გამო, 25 დღით გაიზარდა ხელშეკრულების დანართ 2-ში მითითებული სამუშაოთა დასრულების ვადაც (ს.ფ. 211). გამომდინარე აქედან, მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით უნდა დაესრულებინა;
2.6. ხელშეკრულების 14.1. პუნქტშიც შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა. მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე დარჩა უცვლელი;
2.7. მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს პერიოდულად ასრულებდა, რის თაობაზეც მხარეთა შორის დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტები. კერძოდ, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა:
2.7.1. 27.06.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად - 40 949,89 ლარი;
2.7.2. 13.09.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად - 113 923,29 ლარი;
2.7.3. 06.12.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად - 147 525,37 ლარი;
2.7.4. 21.12.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად - 159 694,80 ლარი;
2.7.5. 11.01.2018 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად - 285 660.32 ლარი;
2.7.6. 26.02.2018 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად - 261 274,04 ლარი.
2.8. მოსარჩელემ სამუშაოები 2018 წლის 18 იანვარს დაასრულა (ს.ფ. 30);
2.9. 2018 წლის 2 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხეს დამამთავრებელი ეტაპის შესრულებული სამუშაოების საექსპერტო დასკვნა წარუდგინა (ს.ფ. 32), რომლის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ღირებულება 261 274,04 ლარით განისაზღვრა;
2.10. 2018 წლის 26 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტით (ს.ფ. 31) მოპასუხემ 261 274,04 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაო მიიღო, თუმცა 61 450,24 ლარის (პირგასამტეხლო) გადახდაზე უარი განაცხადა.
3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელემ ვალდებულების შესრულების ვადა დაარღვია და არ დაეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით უნდა შეესრულებინა. პალატის მოსაზრებით, ვალდებულების შესრულების ვადა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთმანეთისგან განსხვავდება. პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე დაყრდნობით განმარტა, რომ ხელშეკრულების დასრულების თარიღი აღმკვეთი ხასიათისაა, აღმკვეთი ვადა სპობს უფლება-მოვალეობას, რადგან ამ ვადის ამოწურვასთან ერთად ილევა მხარეთა უფლება-მოვალეობის შესრულების ვადა (სუსგ. №ბს-1034-992(კ-09) 5 მაისი, 2010 წ.). პალატამ აღნიშნა, რომ 2018 წლის 28 თებერვლის შემდეგ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა სამუშაოები ამ დრომდე გაეგრძელებინა. ხელშეკრულების 10.2. პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება გეგმა-გრაფიკის მე-6 ეტაპით გათვალისწინებული, ე.ი. სამუშაოთა საბოლოოდ დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში ეკისრებოდა. სასამართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 16 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოების დასრულების ვადა 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. მოსარჩელემ კი სამუშაო 2018 წლის 18 იანვარს დაასრულა. ამრიგად, მოსარჩელემ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებით შეთანხებულ ვადას 37 დღით გადააცილა.
4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 417-ე მუხლით და აღნიშნა, რომ, რადგან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ხელშეკრულებით პირგასამტეხლო იყო გათვალისწინებული და მოსარჩელემ ეს ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავი უნდა გადაიხადოს.
5. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით (საქმე №ას-164-160-2016), მოსარჩელის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო 0,04%-მდე შეამცირა და ფაქტობრივად შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან დაიანგარიშა.
6. სააპელაციო პალატის მითითებით, 2017 წლის 16 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელეს სამუშაოები 2017 წლის 12 დეკემბრისათვის უნდა დაესრულებინა. მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც კონკრეტულად ამ თარიღისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრებოდა, საქმეში არ არის. გამომდინარე აქედან, შესრულებული სამუშაოს ღირებულება პალატამ განსაზღვრა 2017 წლის 6 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის მდგომარეობით. სასამართლოს მითითებით, მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ მოსარჩელემ სულ - 40 949,89+113 923,29+147 525,37+159 694,80+285 660,32+261 274,04=1 009 027,71 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა. აქედან, 2017 წლის 27 ივნისიდან 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელემ შეასრულა: 40 949,89+113 923,29+147 525,37=302 398,55 ლარის ღირებულების სამუშაო. 2017 წლის 21 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 159 694,8 ლარი; 2018 წლის 11 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად - 285 660,32 ლარი, ხოლო 2018 წლის 18 იანვრის მდგომარეობით - 261 274,04 ლარი. გამომდინარე აქედან, 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2017 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელეს შეუსრულებელი ჰქონდა - 159 694,8+285 660,32+261 274,04=706 629,16 ლარის ღირებულების სამუშაო; 2017 წლის 21 დეკემბრიდან 2018 წლის 11 იანვრის ჩათვლით - 285 660,32+261 274,04=546 934,36 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო 2018 წლის 11 იანვრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით - 261 274,04 ლარის ღირებულების სამუშაო. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2017 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, ე.ი. ცხრა დღის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენს - 706 629,16X0,04%X9=2 543,86 ლარს; 2017 წლის 21 დეკემბრიდან 2018 წლის 11 იანვრის ჩათვლით, ე.ი. 30 დღის ვადაგადაცილებისათვის - 546 934,36X0,04%X30=6 563,21 ლარს, ხოლო 2018 წლის 11 იანვრიდან იმავე წლის 18 იანვრამდე ანუ 17 იანვრის ჩათვლით, ე.ი. 6 დღის ვადაგადაცილებისათვის 261 274,04X0,04%X6=627,05 ლარს. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სულ პირგასამტეხლომ 2 543,86+6 563,21+627,05=9 734,12 ლარი შეადგინა და სსკ-ის 442.1. მუხლის საფუძველზე, მოპასუხე უფლებამოსილი იყო აღნიშნული თანხა მის მიერ შესასრულებელ ვალდებულებაში გაექვითა.
7. სააპელაციო პალატის აზრით, პირგასამტეხლოს ეს ოდენობა დარღვეული ვალდებულების მოცულობას, ხასიათსა და ვადას სავსებით შეესაბამება.
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 629.1. მუხლით და აღნიშნა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 61 450,24 ლარი არ გადაუხადა. პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობა 9 734,12 ლარია. გამომდინარე აქედან, მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხიდან 61 450,24-9 734,12=51 716,12 ლარის გაქვითვის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ, მან მოსარჩელეს აღნიშნული თანხა უნდა გადაუხადოს.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 10.2. პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს პირგასამტეხლო ყოველთვიური კალენდარული გეგმა-გრაფიკის ვადის გადაცილებისათვისაც უნდა გადაეხადა, თუმცა მხარეებს არც ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და არც მისი ვადები არ შეუთანხმებიათ. გამომდინარე აქედან, მოსარჩელე მათ, ბუნებრივია, ვერც დაარღვევდა და არც პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
15. საკასაციო საჩივრის თანახმად:
15.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მხარეებს ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოს ვადები არ შეუთანხმებიათ და მოსარჩელე ვერც დაარღვევდა და არც პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა. იმ პირობებში, როდესაც 2017 წლის 17 მაისის ხელშეკრულების მე-3 მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ შეთანხმებული სამუშაოების შესასრულებლად მხარეებმა გაითვალისწინეს შესრულების ექვსი, ერთთვიანი ეტაპი, ხოლო შესრულებულ სამუშაოთა აქტებით უტყუარად დასტურდება, რომ სამუშაოთა შესრულება არ ხდებოდა ყოველთვიურად, ყოველგვარ საფუძველსმოკლებულია სასამართლოს დასკვნა, რომ ვალდებულება არ დარღვეულა;
15.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის №ას-1451-1371-2017 გადაწყვეტილებას.
16. განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერება, რის გამოც მოსარჩელემ ვერ მიიღო მის მიერ შესრულებული სამუშაოს სრული ღირებულება.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).
18. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].
19. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).
20. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
21. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (იხ. შდრ. სუსგ საქმე №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
22. სასამართლოს ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების 10.2. პუნქტის შესაბამისად, სამუშაოთა შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო - ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ხოლო მე-6 ეტაპის, ე.ი. სამუშაოთა დასრულების ვადის დარღვევისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,05%-ის ოდენობით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4. ქვეპუნქტი). დადგენილია ისიც, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოების დასრულების ვადა 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. მოსარჩელემ კი სამუშაო 2018 წლის 18 იანვარს დაასრულა ანუ მოსარჩელემ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებით შეთანხებულ ვადას 37 დღით გადააცილა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად შეამცირა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა 9 734,12 ლარით, რაც მოცემულ შემთხვევაში ვადლდებულების დარღვევის ვადისა და ხასიათის გათვალისწინებით გონივრული და სამართლიანია.
26. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოს ვადების დარღვევასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების 10.2. ქვეპუნქტი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის, მხარეებს ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ვადები არ შეუთანხმებიათ. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2585,81 ლარის 70% – 1810,07 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ: 20.....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 10 ოქტომბერს №17166 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2585,81 ლარის 70% – 1810,07 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი