საქმე №ას-1338-2019 3 აგვისტო, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ზ.გ–ის (შემდგომში - „მოპასუხე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–იის“ (შპს „მ–მა“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–ია“) (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი მოპასუხის მიმართ 13 640 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2014 წლის 17 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება №17/01, რომლის საფუძველზეც შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, დამკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული 1000 ჰა მიწის სავარგულებზე შეესრულებინა აგროოპერაციები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 65 000 ლარით;
2.2. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, დამკვეთმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადაეხადა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30% და ამავე ოდენობით თანხა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დარჩენილი თანხის 40%-ის გადახდა განეხორციელებინა შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში;
2.3. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 30 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოსარჩელემ დაამუშავა 820 ჰა მიწის ფართობი, სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 53300 ლარი;
2.4. 2014 წლის 28 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოსარჩელემ დაამუშავა 186 ჰა მიწის ფართობი, რა დროსაც გაწეული სამუშაოების ღირებულებამ 12090 ლარი შეადგინა;
2.5. 2017 წლის 16 ივნისს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 13 640 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხეს ზემოაღნიშნული ორი მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული 65000 ლარის ღირებულების შესრულებიდან მხოლოდ 51360 ლარი აქვს გადახდილი;
2.6. მოპასუხემ შესაგებლით სადავო გახადა შესრულების ოდენობა და განმარტა, რომ მოსარჩელემ სამუშაოები შეასრულა მხოლოდ 820 ჰა მიწის ფართობზე, რომლის ღირებულებაც (53 300 ლარი) მოპასუხეს სრულად აქვს გადახდილი. რაც შეეხება 2014 წლის 28 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტს, მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მიერ 186 ჰა მიწის ფართობზე სამუშაოების წარმოება მოპასუხის სასარგებლოდ და მიუთითა, რომ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი არ უნდა იქნეს გაზიარებული სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი არ არის დადასტურებული მოპასუხის ხელმოწერით.
3. სააპელაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენდა - შესრულდა თუ არა მხარეების მიერ ურთიერთშემხვედრი ვალდებულებები, კერძოდ, მოსარჩელის მიერ - მიწის დამუშავების სამუშაოები (186 ჰა მიწის ნაკვეთზე), ხოლო მოპასუხის მიერ - შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა.
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მოპასუხეს 2014 წლის 28 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული სამუშაოების ღირებულება (12900 ლარი) საერთოდ არ აქვს გადახდილი, ხოლო 2014 წლის 30 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული სამუშაოების ღირებულებიდან (53300 ლარი) გადახდილი აქვს 51 360 ლარი. შესაბამისად, გადასახდელად დარჩენილი აქვს 1940 ლარი. ჯამში, მოპასუხის შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს 13 640 ლარს (12 900 ლარს+1940 ლარი).
5. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მიღება-ჩაბარების აქტები ხელმოწერილია დ.ლ–ის მიერ. დ.ლ–ის მიერ მოპასუხის სახელით მოქმედების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა) საქმეში წარმოდგენილი არ არის.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 111-ე მუხლით, რომლის მიხედვით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობის პირობებში გადამწყვეტია წარმოდგენილი პირის ნება, დაეთანხმება თუ არა ის გარიგებას. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე (წარმოდგენილი პირი) მიღება-ჩაბარების აქტების ნამდვილობას სადავოდ ხდიდა არაუფლებამოსილი პირის (დ.ლ–ის) მიერ ხელმოწერის გამო. მოპასუხე მხარე უარყოფდა მისი მხრიდან დ.ლ–ის მიმართ სადავო აქტების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების ფაქტს.
7. სააპელაციო პალატის განმარტებით, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამუშაოს შესრულების მტკიცების ტვირთი მენარდეს ეკისრება, ხოლო საზღაურის გადახდის - შემკვეთს. შესაბამისად, იმ გარემოების დადასტურება, რომ დ.ლ–ის მოქმედება მოპასუხის ნამდვილ ნებას შეესაბამებოდა, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოსარჩელემ ასეთი მტკიცება სასამართლოს ვერ წარუდგინა. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც მოპასუხის სახელით დ.ლ–ის მოქმედების უფლებამოსილებას დაადასტურებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც არ არის დადასტურებული შემკვეთის მიერ, იურიდიული ძალის არმქონეა და სადავო სამუშაოს შესრულების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ განიხილება, რადგან „წარმოდგენილი პირის სახელით დადებული ხელშეკრულება, როდესაც შესაბამისი უფლება არ არის კანონის საფუძველზე წარმოშობილი, არ იწვევს წარმოდგენილი პირის მიმართ სამართლებრივ შედეგებს“ (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, უშუალო წყარო MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 177, Rn. 1; იხ. ასევე კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 411).
8. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 820 ჰა მიწის ფართობზე აგროოპერაციების შესრულების ფაქტი დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის აღიარებით (იხ: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის სხდომის ოქმი 15:06:51), ამასთან, მოპასუხემ აღიარა 820 ჰა მიწის ფართობზე სამუშოების შესრულების ფაქტი და არა - მიღება-ჩაბარების აქტზე დ.ლ–ის ხელმოწერის ნამდვილობა. მოპასუხემ მიუთითა, რომ მას აღნიშნული სამუშაოების ღირებულება - 53300 ლარი გადახდილი აქვს სრულად. მოპასუხის მიერ 53300 ლარის სრულად გადახდის ფაქტი სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია თავად მოსარჩელე მხარის აღიარებითი ხასიათის განმარტების საფუძველზე. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ დაადასტურა, რომ 2014 წლის 30 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული თანხა სრულად არის გადახდილი (იხ: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის სხდომის ოქმი 15:42:47-15:42:52). აღნიშნული აღიარება მოსარჩელის მიერ არ არის გაქარწყლებული დადგენილი წესით (სსსკ-ის 133.1. მუხლი). სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული გარემოება მოპასუხის მიერ აღიარებული - 820 ჰა მიწის ფართობზე შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნას (1940 ლარის ნაწილში) უსაფუძვლოდ აქცევდა.
9. რაც შეეხება 186 ჰა მიწის ნაკვეთზე სამუშაოს შესრულების ღირებულებას (12 900 ლარი), სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის სამუშაოები, რომლის შესრულების ფაქტი მოსარჩელისგან დადასტურებულია. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარემ ვერ ზიდა მტკიცების ტვირთი და ვერ მიუთითა ისეთ მტკიცებულებებზე, რაც მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას - 186 ჰა მიწის ნაკვეთზე სამუშაოს შესრულების ფაქტს დაადასტურებდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
15. საკასაციო საჩივრის თანახმად:
15.1. მოპასუხე და დ.ლ–ი ერთობლივ ბიზნეს-ფერმერულ საქმიანობას ეწევიან. სასამართლომ შეფასება არ მისცა მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებდნენ, რომ მოპასუხემ დ.ლ–ი მათ წარუდგინა, როგორც თავისი პარტნიორი და აღნიშნულ სამუშაოს ასრულებდნენ ერთობლივად. დ.ლ–ის მითითებით სრულდებოდა სამუშაოები, ვინაიდან ისინი აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ერთობლივად ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. ასევე მოპასუხის მითითებით მოაწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტებზე დ.ლ–მა;
15.2. გარდა ამისა, მოპასუხემ აღიარა ხელშეკრულების სრულად შესრულება და ამბობდა, რომ მას სრულად ჰქონდა გადახდილი თანხები, რომლის ქვითრებსაც ვერ პოულობდა, ხოლო, როცა ვერც ბანკიდან წარმოადგინა გადახდის დამადასტურებელი ამონაწერები, პოზიცია შეცვალა და დ.ლ–ის ხელმოწერის ნამდვილობა დააყენა ეჭვქვეშ. აღნიშნულიც ვერ დაადასტურა ექსპერტიზით. ამის შემდეგ საერთოდ უარყო მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზეც იხდიდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელემ სრულად შეუსრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც მოწმეებმაც დაადასტურეს;
15.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეს არ მოუთხოვია არც ხელშეკრულების შეწყვეტა, არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობაზე გამოუთქვამს პრეტენზია, რითაც დადასტურდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად შესრულება;
15.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა არც სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, როგორიც იყო ტრაქტორისტების მიერ შესრულებული სამუშაოების ოქმი, საწვავის ჩამოწერის ოქმები, ჯიპიეს მოწყობილობებით აზომილი ფართის მოცულობა, სადაც შესრულდა სამუშაო და ფიზიკურად ერთობლივად აზომილი მიწის ნაკვეთის ფართი, რომელიც ერთობლივად აზომეს მხარეებმა;
15.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ხელშეკრულების უშუალოდ შემსრულებლების ჩვენებები, რითაც დასტურდება სამუშაოს სრულად შესრულება. კერძოდ, ბრიგადის მენეჯერმა გ.ნ–მა და ტრაქტორისტებმა სიღნაღის სასამართლოში დაადასტურეს მათ მიერ შესრულებული სამუშაოები, ასევე მიწის ფართის აზომვის ფაქტი და ის, რომ ერთობლივად ასრულებდნენ სამუშაოს ამ ნაკვეთზე დ.ლ–ი და მოპასუხე, რომლებსაც იცნობენ და ენდობიან;
15.6. ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერდეს დ.ლ–ი, რომლის საფუძველზეც მოპასუხე იხდიდეს 53300 ლარს, ხოლო მეორე მიღება-ჩაბარების აქტზე, რომელზეც ისევ დ.ლ–ის ხელმოწერაა, მოპასუხე აცხადებდეს, რომ იგი არ არის უფლებამოსილი პირი და ამ ყველაფერს სასამართლო ითვალისწინებდეს, არ არის სამართლიანი და კანონიერი.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა [სსკ-ის 629.1. მუხლი: ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური]. ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო სსკ-ის 361.2. მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო, შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მიღება-ჩაბარების აქტების სამართლებრივი ძალის არქონის თაობაზე და მიუთითებს სსკ-ის 111.1. მუხლზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. ზოგადი დანაწესის მიხედვით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადებული ხელშეკრულება მერყევად ბათილია. წარმოდგენილ პირს შეუძლია არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებულ გარიგებას დაეთანხმოს (მოიწონოს) და ამის შედეგად გახადოს ის ნამდვილი (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 1-146, თბილისი, 2017, გვ. 628-629).
18. დადგენილია, რომ მიღება-ჩაბარების აქტები ხელმოწერილია დ.ლ–ის მიერ. დ.ლ–ის მიერ მოპასუხის სახელით მოქმედების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა) საქმეში წარმოდგენილი არ არის. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარე (წარმოდგენილი პირი) მიღება-ჩაბარების აქტების ნამდვილობას სადავოდ ხდიდა არაუფლებამოსილი პირის (დ.ლ–ის) მიერ ხელმოწერის გამო. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა სადავო მიღება-ჩაბარების აქტები სამუშაოს შესრულების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამასთან, კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატამ 820 ჰა მიწის ფართობზე აგროოპერაციების შესრულების ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია არა მიღება-ჩაბარების აქტის, არამედ - მოპასუხის აღიარების საფუძველზე.
19. რაც შეეხება 186 ჰა მიწის ნაკვეთზე 2014 წლის 28 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-323-307-2011, 1 დეკემბერი, 2011 წელი).
20. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მოახდინა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა 186 ჰა მიწის ნაკვეთზე სამუშაოს შესრულების ფაქტი, ამასთან, ვერც საკასაციო საჩივარში მიუთითა სათანადო და რელევანტურ მტკიცებულებებზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა სააპელაციო პალატის მიერ აღნიშნული გარემოების არასწორად დადგენაში.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 682 ლარის 70% – 477,4 ლარი.
23. რაც შეეხება კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობას მის მიერ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯის - 800 ლარის კასატორისთვის დაკისრების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა ნაწილობრივ დასაბუთებულია [სსსკ-ის 53.1. მუხლი: იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით].
24. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი. ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი კანონმდებელი მიიჩნევს ქონებრივ დავებში დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს, ხოლო არაქონებრივ დავებში არაუმეტეს 2000 ლარს, რაც წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ (იხ. სუსგ საქმე №ას-923-889-2016, 3 თებერვალი, 2017 წელი).
25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამართალწარმოების კონკრეტულ ეტაპზე, რომელიც საკასაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმებას ეხება, რა დროსაც, სასამართლო ვალდებულია, სსსკ-ის 391.5. მუხლის წინაპირობების მიხედვით, შეამოწმოს და დაადგინოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიერ არ ხდება ადამიანური და დროითი რესურსების იმგვარი გამოყენება, როგორც ამას საჭიროებს საქმის არსებითი განხილვა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო სამართალწარმოების მოცემული ეტაპისა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით ადვოკატის მომსახურების ხარჯი უნდა ანაზღაურდეს 100 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–იას“ (ს/კ:.......) დაუბრუნდეს გ.ს–ძის (პ/ნ: .......) მიერ 2019 წლის 5 აგვისტოს №8266897459 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 682 ლარის 70% – 477,4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. ზ.გ–ის შუამდგომლობა საპროცესო ხარჯების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–იას“ (ს/კ: .......) ზ.გ–ის (პ/ნ: .......) სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 100 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი