საქმე №ას-1223-2021 18 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–სი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა (თავდაპირველ სარჩელში), პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემსყიდველი) (შემდგომში - „მოპასუხე“, „სამინისტრო“, „შემკვეთი“, „მეორე აპელანტი“ ან „კასატორი“) და შპს „მ–სს“ (მიმწოდებელი) (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მენარდე“ ან „პირველი აპელანტი“) შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N25 ხელშეკრულება, რომლის დანართი N1, N2 და N3-ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „SHKODA“-ს მარკის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 50 000 ლარით. ხელშეკრულება მოქმედებდა მისი გაფორმებიდან 2018 წლის 31 იანვრამდე, მაგრამ არანაკლებ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 24-29).
2. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელებულიყო წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1, N2 და N3-ის შესაბამისად. მიმწოდებელს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაეტარებინა ავტომობილების დათვალიერება და შემსყიდველისთვის ხელმოსაწერად წარედგინა დეფექტური აქტი, რომელშიც უნდა ყოფილიყო გაწერილი გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის/სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა.
3. ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 05 კალენდარული დღის ვადაში, გამოესწორებინა უხარისხოდ გაწეული მომსახურების წუნი და შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე შეესაბამებინა შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნებისთვის.
4. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული გასაწევი მომსახურება ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
5. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის მიწოდებად არ ჩაითვლებოდა უხარისხო (წუნდებული) ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო მომსახურების გაწევა და ასეთ შემთხვევაში აღნიშნულზე მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდებოდა.
6. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიღება-ჩაბარებას ახორციელებენ სათანადოდ უფლებამოსილი პირები - კერძოდ, სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები.
7. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, მხარეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეესრულებინათ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისად, ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ხელშეკრულების 12.2 პუნქტის მიხედვით, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, გამოიყენებოდა საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები ხელშეკრულების პირობების ამავე მუხლში იქნებოდა გაწერილი.
9. ხელშეკრულების 12.3 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ვერ შეასრულებდა ხელშეკრულების მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს, ან/და კეთილსინდისიერების პრინციპს დაარღვევდა და მიმწოდებლის მიერ არ იქნებოდა შეთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო: ა) შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ით დაეჯარიმებინა ან ბ) ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადების გადაცილების, მათ შორის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ან/და სერვის-ცენტრების ვიდეოკამერებით აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში, ან 6.3 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით.
10. ხელშეკრულების 12.4 პუნქტის თანახმად, თუ წინამდებარე ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს და იგი მომსახურების გაწევას ვერ განახორციელებდა და/ან აღმოჩენილ ხარვეზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ გამოასწორებდა, ან/და მიმწოდებლის მიერ ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, არ იქნებოდა შეთავაზებული, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით დაეჯარიმებინა ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ურთიერთობა გაეგრძელებინა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 24-29).
11. ხელშეკრულების დანართი N2-ის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს ავტომობილებზე შემდეგი სახის ტექნიკური მომსახურება უნდა გაეწია: სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა; საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა; საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 30).
12. მხარეთა შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N27 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „TOYOTA“-ს და „LEXUS“-ის მარკის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი N1, დანართი N2 და დანართი N3-ის შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღრა 1 340 000 ლარით. ხელშეკრულება ძალაში იყო მისი გაფორმებიდან 2018 წლის 31 იანვრამდე, მაგრამ არანაკლებ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 35-40).
13. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელებულიყო წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1, N2 და N3-ის შესაბამისად. მიმწოდებელს ავტომობილების დათვალიერება უნდა ჩაეტარებინა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა და შემსყიდველისთვის ხელმოსაწერად წარედგინა დეფექტური აქტი, რომელშიც იქნებოდა გაწერილი გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის/სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა.
14. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული გასაწევი მომსახურება ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
15. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის უხარისხო (წუნდებული) ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო მომსახურების გაწევა მიწოდებად არ ჩაითვლებოდა და ასეთ შემთხვევაში აღნიშნულზე მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდებოდა.
16. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიღება-ჩაბარებას ახორციელებენ სათანადოდ უფლებამოსილი პირები - კერძოდ, სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები.
17. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, მხარეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეესრულებინათ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისად, ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის პასუხს აგებდენ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
18. ხელშეკრულების 12.2 პუნქტის მიხედვით, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, გამოიყენებოდა საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები ხელშეკრულების პირობების ამ მუხლში იქნებოდა განსაზღვრული.
19. ხელშეკრულების 12.3 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ვერ შეასრულებდა ხელშეკრულების მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ან/და კეთილსინდისიერების პრინციპს დაარღვევდა და მიმწოდებლის მიერ ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, არ იქნებოდა შეთავაზებული, მაშინ შემსყიდველი უფლებამოსილი იყო: ა) შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ით დაეჯარიმებინა ან ბ) ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადების გადაცილების, მათ შორის, აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ან/და სერვის-ცენტრების ვიდეოკამერებით აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში, ან 6.3 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებლისათვის დაეკისრებინა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით.
20. ხელშეკრულების 12.4 პუნქტის თანახმად, თუ წინამდებარე ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს მიაღწევდა და იგი მომსახურების გაწევას ვერ განახორციელებდა და/ან აღმოჩენილ ხარვეზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ გამოასწორებდა, ან/და მიმწოდებლის მიერ ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა არ იქნებოდა შეთავაზებული, შემსყიდველს უფლება ჰქონდა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ით დაეჯარიმებინა ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ურთიერთობა გაეგრძელებინა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 35-40).
21. 2017 წლის 20 აპრილის წერილის მიხედვით, მხარეთა შორის გაფორმებული N25 ხელშეკრულების თანახმად, მომწოდებელმა აიღო ვალდებულება, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად განეხორციელებინა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება. წერილში აღნიშნულია, რომ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის 2017 წლის 30 მარტის N756060 სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, 2017 წლის 15 თებერვალს ამ დეპარტამენტზე რიცხული „შკოდას“ ფირმის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: ......, მიყვანილ იქნა მოპასუხესთან, სადაც დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაზიანებული ძრავი სრულ კაპიტალურ რემონტს მოითხოვდა. ადგილზე შედგენილი ხარჯთაღრიცხვისა და მის საფუძველზე გამოწერილი ინვოისის თანახმად, ხარჯი 3 333,82 ლარით განისაზღვრა, ხოლო სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ვინაიდან ინვოისში ჩამოთვლილი დეტალებიდან მე-6 და მე-12 პოზიციები ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ იყო, დადგენილი წესის მიხედვით, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება და 2017 წლის 23 თებერვალს შესაბამისი ცვლილება შევიდა პრეისკურანტში.
22. ამავე წერილში მითითებული იყო, რომ შეკეთება ხელშეკრულებით გათვალისწინებული 15 დღის ნაცვლად 23 მარტს დასრულდა. სატესტო გავლისა და შემოწმებისას კი, გამოვლინდა ძრავის დეფექტი, კერძოდ, ძრავის ზედა თავაკის ნაწილში იყო მკვეთრი ხმა და ძრავი არასწორად მუშაობდა, ხოლო სალონის მაჩვენებლების დაფაზე ელექტრო დაზიანების მანიშნებელი აინთო. 24 მარტს ძრავს რემონტი მეორედ ჩაუტარდა, თუმცა სატესტო გავლის შემდეგ ავტომობილს ანალოგიური ხმები აღენიშნებოდა. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა. მიმწოდებელმა ხელშეკრულების 6.3 პუნქტი დაარღვია, რომელიც ითვალისწინებდა მიმწოდებლის ვალდებულებას, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 05 კალენდარული დღის ვადაში განეხორციელებინა უხარისხოდ გაწეული მომსახურების საფუძველზე გამოვლენილი ყველა დეფექტისა და ნაკლის აღმოფხვრა შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გარეშე. მიმწოდებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შეკეთებას და ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვნად შესრულებას ვერ უზრუნველყოფდა. სამინისტრომ N25 ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით იხელმძღვანელა, 2017 წლის 18 აპრილის N914004 წერილით მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და არაჯეროვანი შესრულებისთვის მიმწოდებელს დააკისრა ჯარიმა - ხელშეკრულების საერთო თანხის 10 %-ის, 5 000 ლარის ოდენობით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 47-49).
23. 2017 წლის 20 აპრილის წერილის თანახმად, N25 ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოსარჩელის შავ სიაში შეყვანა ეთხოვა. მითითებულ წერილს ერთვოდა 2017 წლის 18 აპრილის N914004 წერილის ასლი, რომლის თანახმად, სამინისტრო მოსარჩელეს აცნობებდა, რომ ხელშეკრულების 12.3 პუნქტის საფუძველზე წინამდებარე ხელშეკრულება შეწყვიტა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მისი შავ სიაში შეყვანის მოთხოვნით მიმართა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 47-49).
24. 2017 წლის 20 აპრილის წერილის მიხედვით, მხარეთა შორის გაფორმებული N27 ხელშეკრულების თანახმად, მომწოდებელმა აიღო ვალდებულება, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად განეხორციელებინა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება. აღნიშნული წერილის მიხედვით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შესრულდა. კერძოდ, მიმწოდებელმა ხელშეკრულების 6.3 პუნქტი დაარღვია, რომელიც ითვალისწინებდა მიმწოდებლის ვალდებულებას, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 05 კალენდარული დღის ვადაში განეხორციელებინა უხარისხოდ გაწეული მომსახურების საფუძველზე გამოვლენილი ყველა დეფექტისა და ნაკლის აღმოფხვრა შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გარეშე. მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შეკეთებას და ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვნად შესრულებას. ამდენად, სამინისტრომ N27 ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით იხელმძღვანელა, 2017 წლის 18 აპრილის N909612 წერილით მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და არაჯეროვანი შესრულებისთვის მიმწოდებელს დააკისრა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის, 134 000 ლარის ოდენობით.
25. 2017 წლის 20 აპრილის წერილით N27 ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოსარჩელის შავ სიაში შეყვანა ეთხოვა. მითითებულ წერილს ერთვოდა 2017 წლის 18 აპრილის N914004 წერილის ასლი, რომლის თანახმად, სამინისტრო მოსარჩელეს აცნობებდა, რომ ხელშეკრულების 12.3 პუნქტის საფუძველზე შეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მისი შავ სიაში შეყვანის მოთხოვნით მიმართა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 47-53; ტ. 2, ს.ფ. 102-105).
26. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: 2017 წლის 24 იანვრის N25 და N27 ხელშეკრულებების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა და უკანონოდ შეწყვეტილი ხელშეკრულებების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოსაგან მისი გათავისუფლება.
27. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
28. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის პირგასამტეხლოს სახით, 134 000 ლარისა და 5 000 ლარის გადახდის დაკისრება.
29. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.
30. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი 2017 წლის 24 იანვრის N27 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა (პირველი პუნქტი); 2017 წლის 24 იანვრის N27 ხელშეკრულება ჩაითვალა მოპასუხის მიერ არამართლზომიერად შეწყვეტილად (1.1 პუნქტი) და მოსარჩელე გათავისუფლდა პირგასამტეხლოს სახით 134 000 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან (1.2 პუნქტი); სარჩელი 2017 წლის 24 იანვრის N25 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა (მე-2 პუნქტი); შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (მე-3 პუნქტი); მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 24 იანვრის N25 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 5 000 ლარის გადახდა (3.1 პუნქტი).
31. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა; ხოლო, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
32. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, 3.1, 3,2 პუნქტები და დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 2017 წლის 24 იანვრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N25 ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობის შესახებ და მოსარჩელე გათავისუფლდა 5 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდისაგან.
33. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-25 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
34. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა მხარეთა შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N25 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებლის ვალდებულებების ბრალეული დარღვევის ფაქტი, რაც დარიცხული 5 000 ლარიანი ჯარიმის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
35. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N25 ხელშეკრულება ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენდა. შემკვეთმა ხელშეკრულება ნაკლიანი შესრულების გამო შეწყვიტა (შდრ. სსკ-ის 644, 352-405-ე მუხლები), რაც სამოქალაქო პროცესში არსებული შეჯიბრებითობის პირობებში სასამართლოს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობების კვლევას ავალდებულებს. შესაბამისად, სასამართლომ პირველ რიგში მენარდის (მოსარჩელის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი უნდა დაადგინოს, რათა შემდგომ შემკვეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების მართლზომიერება შეაფასოს.
36. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხე ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად შემდეგ გარემოებებზე მიუთითებდა: მოპასუხემ „შკოდას“ მარკის ავტომობილი მოსარჩელესთან მიიყვანა და დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაზიანებული ძრავი სრულ კაპიტალურ რემონტს მოითხოვდა; მოსარჩელის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვისა და მის საფუძველზე გამოწერილი ინვოისის თანახმად, ხარჯი 3 333,82 ლარის ოდენობით განისაზღვრა; N756060 სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ვინაიდან ინვოისში ჩამოთვლილი დეტალებიდან მე-6 და მე-12 პოზიციები ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ იყო, დადგენილი წესის მიხედვით, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება და შესაბამისი ცვლილება შევიდა პრეისკურანტში, რაც 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმდა; ავტომობილის შეკეთება ხელშეკრულების 4.1.5 პუნქტით გათვალისწინებული 15 დღის ნაცვლად, 23 მარტს დასრულდა; სატესტო გავლისა და შემოწმებისას ძრავის დეფექტი კვლავ გამოვლინდა; 24 მარტს ძრავს მეორედ ჩაუტარდა რემონტი, თუმცა სატესტო გავლის შემდეგ ავტომობილს ანალოგიური ხმები კვლავ აღენიშნებოდა, ხოლო სალონში ისევ ანალოგიური მანიშნებელი ენთო; ავტომანქანა დარჩა სერვის-ცენტრში შეკეთების მიზნით, ხოლო 27 მარტს სერვის-ცენტრიდან 1-2-დღიანი სატესტო გავლის მიზნით გაიყვანეს; 29 მარტს ავტომობილის ძრავის მუშაობა გაუარესდა და მოსარჩელის სერვის-ცენტრში მოპასუხეს განუცხადეს, რომ დამატებითი, სრულად აღსადგენი სამუშაოების ჩასატარებლად დაახლოებით 2 000 - 2 500 ლარის გადახდა გახდებოდა საჭირო. ზემოაღნიშნული გარემოებები შემკვეთის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა.
37. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ზეპირსიტყვიერი განმარტებების საწინააღმდეგოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წარდგენილია წერილობითი მტკიცებულება, საიდანაც ირკვევა, რომ ავტომანქანა შესამოწმებლად სერვის-ცენტრში შევიდა 2017 წლის 15 თებერვალს; 2017 წლის 17 თებერვალს (ავტომანქანა „შკოდას“ სერვის-ცენტრში შეყვანიდან 2 დღეში) შედგენილი სარემონტო შეკვეთის თანახმად, მოსარჩელემ დააფიქსირა გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი, საიდანაც რამდენიმე პოზიცია, კერძოდ, თავაკის (გალოვკის) მოხეხვა (მე-5 პოზიცია), თავაკის (გალოვკის) შემოწმება (მე-6 პოზიცია) და სარქველის (კლაპანის) მოხეხვა (მე-12 პოზიცია) ხელშეკრულების შემადგენელი პრეისკურანტით გათვალისწინებული არ იყო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 32); აღნიშნული სარემონტო შეკვეთის საფუძველზე, 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმდა N2 შეთანხმება, პრეისკურანტის ჯამური ღირებულება 490 ლარით გაიზარდა და საბოლოოდ 645 747,8 ლარი შეადგინა; ამავე დოკუმენტს ერთვის ცხრილი, სადაც მითითებულია, რომ 490 ლარიანი გაზრდა თავაკის (გალოვკის) შემოწმებასა და სარქველის (კლაპანის) მოხერხვას მიემართებოდა, თუმცა ამ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი მენარდის მიერ თავაკის (გალოვკის) მოხეხვაზე (მე-5 პოზიცია) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 33-34). უფრო მეტიც, საქმის მასალებში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებიდან, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის N2076 განკარგულების 2.3 პუნქტიდან ირკვევა, რომ ავტომობილ „შკოდა ოქტავიაზე“ მითითებულია, რომ მენარდემ რამდენჯერმე სცადა მისი შეკეთება, თუმცა ვერ შეაკეთა, რის შედეგადაც დამატებითი ხარჯები მოითხოვა. ვინაიდან შემკვეთს ხელშეკრულების საფუძველზე უფლება ჰქონდა გაეცა ან არ გაეცა მომსახურების გაწევაზე თანხმობა, მენარდეს თავიდანვე უნდა მიეწოდებინა შესაკეთებლად საჭირო ოდენობის ზუსტი ღირებულება, რადგანაც თუკი მომსახურების ღირებულება ზედმეტად მაღალია, შესაძლოა, შემსყიდველ ორგანიზაციას მისი შეკეთება არც უღირდეს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 62-70). აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მენარდემ 2017 წლის 17 თებერვალს, ანუ ავტომობილის სერვის-ცენტრში შეყვანიდან ორი დღის შემდეგ, მიუთითა სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების შესახებ, რომელზე თანხმობაც სრულად, როგორც ეს განკარგულებაშია მითითებული, შემკვეთს არ გაუცია. ამიტომ, ვინაიდან ავტომანქანა ერთიანი კონსტრუქციაა, თუ მის შესაკეთებლად სხვადასხვა პოზიციაა საჭირო, თუმცა შემკვეთი რომელიმე მათგანის შეკეთებაზე თანხმობას არ აცხადებს, მაშინ ამ უკანასკნელის შეუკეთებლობაც არაჯეროვან შესრულებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესრულების ვადის დარღვევა ან შემკვეთის ნებართვის მიუღებლობის გამო გამოწვეული არაჯეროვანი შესრულების ფაქტი მენარდეს ბრალად არ უნდა შეერაცხოს და მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვის საფუძველი არ უნდა გახდეს.
38. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მოშლასთან მიმართებით სასამართლო არა მხოლოდ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, არამედ, ასევე, ხელშემკვრელი მხარეების მიერ კეთილსინდისიერად ქცევის სტანდარტს აფასებს. კეთილსინდისიერად ქცევის ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. აღსანიშნავია სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის ფუნქციაც, რომელიც ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის უფლებებისადმი და ინტერესებისადმი გულისხმიერება. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-1163-1083-2017). სამოქალაქო კოდექსის 316-ე (2) მუხლის დანაწესის შესაბამისად, შეუძლებელია მხარეებმა ხელშეკრულებით ყველა შესაძლო/სავარაუდო პირობა გაწერონ, თუმცა გრძელვადიან ურთიერთობებში ხელშეკრულების მიღმა წამოჭრილი საკითხებისადმი ურთიერთთანხმობა - ურთიერთპატივისცემას, ერთმანეთის უფლებებისა და ვალდებულებების პატივისცემას უთანაბრდება, ხოლო როდესაც აღნიშნულს რომელიმე მხარის მხრიდან ადგილი არ აქვს, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გარდაუვალია. სწორედ ამიტომ ხელშეკრულების მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და უფლებების კეთილსინდისიერი განხორციელება ხელშეკრულებიდან გასვლისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული სანქციის დაკისრების მართლზომიერად ცნობის წინაპირობაა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი აპელანტი დარიცხული 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან უნდა გათავისუფლებულიყო ხელშეკრულების ბრალეული დარღვევის არარსებობის გამო.
39. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდებოდა მხარეთა შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N27 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებლის ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რაც ხელშეკრულების შეწყვეტისა და დარიცხული პირგასამტეხლოს უკანონოდ ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
40. სააპელაციო პალატის განმარტებით, „LEXUS“-ის ფირმის ავტომანქანასთან დაკავშირებით მეორე აპელანტი მიიჩნევს, რომ იგი მოწინააღმდეგე მხარის მიერ არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო დაზიანდა, რაც ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო შეწყვეტისა და შესაბამისი სანქციის დაკისრების საფუძველი გახდა. სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიის კვლევის მიზნით, სააპელაციო პალატამ უპირველესად ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ მიმდინარე დავაში N27 ხელშეკრულებასთან მიმართებით მხოლოდ „LEXUS“-ის ფირმის ავტომობილის, სახ. ნომრით: ......, დაზიანების ფაქტი იყო სადავო.
41. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებში წარდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებით დგინდება, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დადებული იყო მოსარჩელეთან, მას სხვა შემსრულებელი სუბიექტი არ გააჩნდა. ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, რაიმე სახის ცვლილება ხელშეკრულების პირობებში ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შეთანხმების გარდა, დაუშვებელი იყო. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დანაწესი სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სტანდარტით განმარტების პირობებში ნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სამუშაოების შესრულების, ინსპექტირებისა და, შესაბამისად, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებული ნეგატიური/პოზიტიური შედეგის ადრესატი იყო მოსარჩელე. აღნიშნული რელევანტურია იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ მეორე აპელანტის მიერ სადავო ავტომანქანა არაკონტრაქტორ საწარმოსთან იყო მიყვანილი. სამინისტროს 2017 წლის 18 აპრილის წერილის მიხედვით, 2017 წლის 26 იანვარს ავტომობილის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა ავტომანქანის - „ლექსუსი RX350“, სახელმწ. ნომერი: ........, ავტომატური გადაცემათა კოლოფის დაზიანება, რაც მის სრულ კაპიტალურ რემონტს მოითხოვდა; სერვის-ცენტრის ინფორმაციით, მანქანა შეკეთდა 04 თებერვალს, მაგრამ მისი შემოწმების შედეგად ისევ გამოვლინდა გადაცემათა კოლოფის გაუმართავი მუშაობა; ავტომანქანა იმავე დღესვე დაბრუნდა სერვის-ცენტრში შესაკეთებლად, შეკეთება დასრულდა 06 თებერვალს, თუმცა მისი შემოწმების შედეგად ის კვლავ გაუმართავად მუშაობდა; იმავე დღეს ავტომანქანა შპს „ტ.ც.თ–ში“ გადაიყვანეს, რადგან მოპასუხემ აღნიშნული დაზიანების შეკეთება ვერ მოახერხა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 102-105).
42. მეორე აპელანტის აღნიშნული წერილისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.3 პუნქტის შედარების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შესრულების ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მენარდე ვალდებულია ამ ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადა შესთავაზოს კლიენტს, აღნიშნულის განუხორციელებლობა კი, ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია, თუმცა მისი, როგორც გონივრული, ასევე, ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარე, ხსენებული პუნქტი ხარვეზის დადგენას და შესაბამისი ვადის მიცემას სწორედ კონტრაქტორი საწარმოსგან გულისხმობს. ამიტომ, სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მეორე აპელანტის მიერ დაზიანებული მანქანის ორი დღის შემდეგ არაკონტრაქტორ სუბიექტთან გადაყვანა მოსარჩელის მიერ ინსპექტირების ჩატარების, ხარვეზის დადგენისა და მის გამოსასწორებლად გონივრული ვადის დანიშვნის გარეშე, ხელშეკრულების საწინააღმდეგო მოქმედებას წარმოადგენდა.
43. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თავად სამინისტროს წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, კერძოდ, სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის 2017 წლის 10 თებერვლის MIA 9 17 00339632 წერილით, ასევე, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 17 მარტის MIA 3 17 00646824 წერილით და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 18 აპრილის MIA 0 17 00909612 წერილით დგინდება, რომ სადავო ავტომანქანა, რომელსაც გადაცემათა კოლოფის აღდგენა ჩაუტარდა, მოსარჩელესთან არ დაშლილა - ავტომატურ გადაცემათა კოლოფის შეკეთება ძრავის მანქანის კორპუსიდან ამოღების გარეშე განხორციელდა. მეტიც, საქმის მასალებში წარდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებით - 2017 წლის 30 მაისის MIA 4 17 01269887 წერილით დადასტურებულია, რომ სადავო ავტომანქანის გადაცემათა კოლოფი ქ. თბილისი, ......, N16 - ის მიმდებარედ „ტ.ც.თ–ს“ სპეციალურ სახელოსნოში დათვალიერდა. ის გარემოება, რომ სადავო ავტომანქანა დაშლილ მდგომარეობაში შპს „ტ.ც.თ–ს“ სპეციალურ სახელოსნოში იმყოფებოდა ასევე დადასტურებულია სამინიტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის 2017 წლის 15 თებერვლის დასკვნაშიც (იხ. ტ. 3, ს.ფ. 26-32).
44. ამდენად, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ გადაცემათა კოლოფი მანქანასთან ერთად არ იყო, ანუ, მანქანა შპს „ტ.ც.თ–ს“ ტერიტორიაზე დაიშალა და გადაცემათა კოლოფი სხვა სახელოსნოში შემოწმდა, რაც თავისთავად წარმოშობს გონივრულ წინააღმდეგობას მეორე აპელანტის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სადავო ავტომობილის ძრავი და გადაცემათა კოლოფი მოსარჩელესთან დაზიანდა.
45. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მეორე აპელანტის მოსაზრების დასამტკიცებლად მხოლოდ 2017 წლის 10 თებერვლის MIA 9 17 00339632 წერილში მითითებული შპს „ტ.ც.თ–ს“ თანამშრომლების სიტყვიერი განმარტება, რომ მექანიკური დაზიანებები მოსარჩელესთან განხორციელდა, ვერ გამოდგება. მარტოოდენ სიტყვიერი განმარტება, იმ პირობებში, როდესაც მეორე აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევით მოქმედება, მანქანის სხვა კონტრაქტორის მიერ დაშლა და სხვა გარემოებები შეუცილებადი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, ვერ იქნება უცილო მტკიცებულება მასზედ, რომ სამუშაოს უხარისხო შესრულებასა და ხელშეკრულების 6.3 პუნქტის დარღვევას ჰქონდა ადგილი.
46. აღნიშნული მსჯელობის გასამყარებლად სააპელაციო პალატამ მოიხმო სამინისტროს მიერ შპს „ტ.ც.თ–სთვის“ 2017 წლის 30 მაისს გაგზავნილი წერილი, სადაც თავად მეორე აპელანტი მიუთითებს, რომ სადავო ავტომანქანის ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც მოსარჩელესთან შეკეთდა, გამართულ მდგომარეობაში იყო და მხოლოდ ე.წ. კომპიუტერის (ტვინის) შეცვლას საჭიროებდა. აქვე აპელანტი კომპანიას სთხოვდა აეხსნა ასეთ პირობებში მეორადი ავტომატური გადაცემათა კოლოფის შეძენა რამ განაპირობა (იხ. ტ, 3, ს.ფ. 37).
47. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტი მიუთითებდა, რომ არაკონტრაქტორ საწარმოში ავტომობილის დაშლას მოსარჩელის წარმომადგენელიც ესწრებოდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება კონტრაქტორის მიერ არასახელშეკრულებო ქმედების მოწონების კონტექსტში შეაფასა და განმარტა, რომ საქმის მასალებში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, არც მოწმეთა ჩვენებით, დადასტურებული არ არის მოსარჩელის წარმომადგენლის შპს „ტ.ც.თ–ში“ სადავო ავტომობილის შემოწმების დროს ყოფნის ფაქტი.
48. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის ბრალეულობის დადგენის მიზნით ასევე საყურადღებოა მეორე აპელანტის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნებიც. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 თებერვლის დასკვნის თანახმად, ექსპერტის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები: რა სახის დაზიანებები აღენიშნება „LEXUS“-ის ფირმის ავტომობილს, სახ. ნომრით: ....; რა ხანდაზმულობისაა წარდგენილი დაზიანებები; დაზიანებები ქმნის თუ არა ავტომობილის შემდგომი ექსპლუატაციისთვის რეალურ საფრთხეს; რა რაოდენობის ზეთი არის საჭირო ავტომობილის გადაცემათა კოლოფის გამართულად ფუნქციონირებისთვის და რა რაოდენობაა წარდგენილი. მოცემულ მტკიცებულებაში ექსპერტი დასკვნით ნაწილში მიუთითებს, რომ ავტომობილი მასზე ახლო წარსულში უხარისხოდ ჩატარებული სარემონტო აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით, ტექნიკურად გაუმართავია და ექსპლუატაციისთვის ვარგისი არ არის. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნაში დაზიანებების გამომწვევ სუბიექტებზე არაფერია ნათქვამი (იხ. ტ. 3, ს.ფ. 13-23). საქმის მასალებში წარდგენილია ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 15 თებერვლის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტი იკვლევდა: იყო თუ არა სადავო ავტომობილზე ხანდაზმული დაზიანებები და რა სახის ცვლილებები აღენიშნებოდა შპს „ტ.ც.თ–ს“ მიერ მითითებულ დაზიანებულ დეტალებზე. დოკუმენტის კვლევით ნაწილში აღნიშნულია მანქანაზე არსებული დაზიანებები, დართულია შესაბამისი სურათები, თუმცა დასკვნით ნაწილში ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე მხოლოდ ისაა მითითებული, რომ არსებული დაზიანებები ახლო წარსულის დროინდელია (იხ. ტ. 3, ს.ფ. 26-32). საქმის მასალებშია აგრეთვე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 02 მარტის დასკვნა, სადაც ექსპერტის მიერ მხოლოდ სადავო ავტომობილზე დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობაა გამოთვლილი. დაზიანების წარმოშობის დროისა და მისი გამომწვევი სუბიექტის თაობაზე აღნიშნულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი (იხ. ტ. 3, ს.ფ. 38-45).
49. ზემოაღნიშნული დოკუმენტები სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესების მიხედვით შეაფასა. სასამართლოს განმარტებით, იმისთვის, რომ ექსპერტის დასკვნა იყოს სარწმუნო, აუცილებელია ექსპერტიზის ჩატარებისას გამოყენებული მეთოდები გაკეთებული დასკვნების მიმართ რელევანტური იყოს. ამ მიმართებით სასამართლო სრულად ვერ დაეყრდნო საქმის მასალებში წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს, ვინაიდან, მისი განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობისაა თუ ვისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დადგა შესაბამისი შედეგები. დასკვნაში აღნიშნული ინფორმაცია ასახული არ არის, შესაბამისად, ამ მიმართებით იგი არარელევანტურ მტკიცებულებადაც შეიძლება იყოს მიჩნეული.
50. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების ბრალეული დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მისი ბრალეულობა და მიზეზობრივი კავშირი უხარისხო შესრულებასთან მიმართებით ვერ დასტურდება, რაც, საბოლოოდ, N27 ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებას ეჭვქვეშ აყენებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა მართებულად იქნა უკანონოდ ცნობილი და მოწინააღმდეგე მხარე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდისგან ასევე მართებულად გათავისუფლდა.
51. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
52. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
52.1. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა;
52.2. მხარეთა შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა N25 ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება სამინისტროს ბალანსზე რიცხული „შკოდას“ მარკის ავტომანქანებისთვის გაეწია ტექნიკური მომსახურება. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო დანართი N1, N2 და N3-ის შესაბამისად. კომპანიას, მოთხოვნიდან არაუმეტეს მეორე დღისა, უნდა ჩაეტარებინა ავტომობილის დათვალიერება და შეედგინა დეფექტური აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა გასაწევი მომსახურება და ასეთი მომსახურებისთვის საჭირო საქონლის დეტალური აღწერა. იმავე პუნქტის თანახმად, ტექნიკური მომსახურების გაწევის ვადა იყო შემდეგი: სავალი ნაწილებისათვის 02 კალ. დღე; ელექტროობისათვის 03 კალ. დღე; აგრეგატებისთვის 08 კალ. დღე; სათუნუქე სამუშაოებისთვის 10 კალ. დღე; ხანგრძლივი მომსახურებისთვის (ძრავი, სიჩქარის კოლოფი) 15 კალ. დღე; დეფიციტური სათადარიგო ნაწილებისთვის 20 კალ. დღე; სხვა შემთხ. - გონივრული ვადა;
52.3. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელემ ხელშეკრულების ფარგლებში არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები. კომპანიამ დაარღვია შეკეთების 15-დღიანი ვადა. ამასთან, ხელშეკრულების 6.3 პუნქტის მიხედვით, იგი ვალდებული იყო შეტყობინების მიღებიდან 05 დღეში განეხორციელებინა უხარისხოდ გაწეული ყველა დეფექტისა და ნაკლის აღმოფხვრა. კერძოდ, კომპანიამ არაჯეროვნად შეაკეთა „შკოდას“ მარკის ავტომანქანა (სახ. ნომ: .....). ავტომანქანა, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ძრავი, კომპანიის სერვის-ცენტრში 2017 წლის 15 თებერვალს შევიდა. ხარჯთაღრიცხვით მისი ხარჯი განისაზღვრა 3 333,82 ლარით. ავტომანქანის შეკეთება დასრულდა 23 მარტს, თუმცა სატესტო გავლის შემდგომ ავტომანქანას გამოუვლინდა ძრავის დეფექტები, რაც კვლავ შეკეთდა 24 მარტს. 27 მარტამდე ხდებოდა მისი შეკეთება. 27 მარტს ავტომანქანა გაყვანილ იქნა 1-2-დღიანი სატესტო გავლის მიზნით, თუმცა 29 მარტს ძრავს კვლავ დაეწყო ხარვეზები. კომპანიამ აღნიშნულზე სამინისტროს განუცხადა, რომ შესაკეთებლად საჭირო იყო 2 000-2 500 ლარის გადახდა;
52.4. სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არ უარყოფს, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობა დაარღვია და ავტომობილი ვადაში არ შეაკეთა, თუმცა, ამის მიუხედავად, აკეთებს დამატებით განმარტებებს თითქოსდა პრეისკურანტში არ იყო შეთანხმება გაცემული შემკვეთის მხრიდან მე-5 პოზიციაზე (თავაკის მოხეხვა). 2017 წლის 17 თებერვალს მოსარჩელის მიერ შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებულია ის ნაწილები და მომსახურება, რაც სჭირდებოდა „შკოდა ოქტავიას“, მათ შორის, მომსახურების ჩამონათვალში მითითებულია: მე-5 პოზიციაში თავაკის (განივკის) მოხეხვა, მე-6 პოზიციაში თავაკის (გალოვკის) შემოწმება და მე-12 პოზიციაში - სარქველის (კლაპანის) მოხეხვა. ჯამში 13 პოზიციის მომსახურება სჭირდებოდა მანქანას, რომლის ღირებულება შეადგენდა - 3 333,82 ლარს. შესაძლებელია N25 ხელშეკრულების დანართებით ყველა მომსახურება არ იყო გაწერილი, თუმცა მათზე შედგა დამატებითი შეთანხმება. კერძოდ, მხარეთა შორის შეთანხმება შედგა მე-6 და მე-12 პოზიციებზე (იხ. 23.02.2017წ. N2 შეთანხმება). შესაბამისად, ამ პოზიციებისა და, მათ შორის, მთლიანად 13-ვე პოზიციის შესრულებისთვის სამინისტრომ კომპანიას მთლიანად ჩაურიცხა 3 333,82 ლარი. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავო არ ყოფილა ის გარემოება, რომ კომპანიამ მომსახურების გასაწევად მთლიანად მიიღო 3 333,82 ლარი, სადაც შედიოდა, მათ შორის, მე-5 პოზიციისა და თავაკის (გალოვკის) მოხეხვის თანხაც - 240,5 ლარი. თუ კომპანია უარს ამბობდა მე-5 პოზიციით განსაზღვრულ მომსახურებაზე, მაშინ როგორ მოხდა შესრულების ღირებულების მიღება. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს კალდებულების არსებობას. კომპანიას არ გამოუთქვამს პრეტენზია მე-5 პოზიციასთან დაკავშირებით, ისე მიიღო ამ მომსახურების საფასური, ხოლო პროცესის სტადიაზე აღნიშნულის მითითება ემსახურებოდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას;
52.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადები. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მან 05 დღეშიც არ აღმოფხვრა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შედეგად გამოვლენილი დეფექტები, სამინისტრომ N25 ხელშეკრულების 12.3 პუნქტის მიხედვით, 2017 წლის 18 აპრილის N914004 წერილით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოსარჩელეს დააკისრა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის, 5 000 ლარის ოდენობით;
52.6. მხარეთა შორის 2017 წლის 24 იანვარს ასევე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N27 ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება სამინისტროს ბალანსზე რიცხული „TOYOTA“-ს და “LEXUS“-ის მარკის ავტომობილებისათვის გაეწია ტექნიკური მომსახურება. მომსახურება უნდა განხორცილებულიყო დანართი N1, N2 და N3-ის შესაბამისად. მომსახურების გაწევის მოთხოვნის მიღებისას კი კომპანია ვალდებული იყო არაუმეტეს მომდევნო დღისა შემსყიდველისათვის წარედგინა დეფექტური აქტი, რომელშიც ასახული იქნებოდა მომსახურებისთვის საჭირო ყველა დეტალი, ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, უხარისხო მომსახურების შემთხვევაში მიღება-ჩაბარება არ გაფორმდებოდა;
52.7. მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 26 იანვარს მოსარჩელის დაქვემდებარებულ სერვის-ცენტრში შემოწმება-შეკეთების მიზნით გადაყვანილ იქნა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „LEXUS RX 350“, სახ. ნომ: ...... დათვალიერების შედეგად ვტომანქანას დაუდგინდა ავტომატური გადაცემათა კოლოფის დაზიანება. 2017 წლის 04 თებერვალს, სერვის-ცენტრის თანამშრომლების სიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული ავტომანქანა შეკეთდა, თუმცა შემოწმების შედეგად ისევ გამოვლინდა ავტომატური გადაცემათა კოლოფის გაუმართავი მუშაობა. ავტომანქანა დაბრუნდა სერვის-ცენტრში შესაკეთებლად იმავე დღეს. სარემონტო სამუშაოები დასრულდა 06 თებერვალს, მაგრამ შემოწმების შედეგად კვლავ დადგინდა ავტომანქანის გაუმართავად მუშაობა;
52.8. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისად, ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიის მხრიდან გამოვლინდა აშკარად გულგრილი და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ხარისხიანად შეეკეთებინა მის ცენტრში შეყვანილი ავტომობილი. სამინისტროს ვითომდა შეკეთებული მანქანის გაყვანის დღესვე მისი უკან, სერვის-ცენტრში დაბრუნება უწევდა;
52.9. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ მოახერხა დაზიანების შეკეთება, 2017 წლის 06 თებერვალს ავტომანქანა „LEXUS RX 350” ტექნიკური შემოწმების მიზნით გადაყვანილ იქნა შპს „ტ.ც.თ–ში“, სადაც მოხდა ავტომანქანის დეტალური დათვალიერება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ავტომანქანის ზოგიერთი აგრეგატებიდან შეინიშნებოდა ზეთის ჟონვა, რომლის გამომწვევი მიზეზი, შპს „ტ.ც.თ–ს“ თანამშრომლების განმარტებით, იყო არასწორად შესრულებული სამუშაოები, კერძოდ: კოლოფის ჩობალის და ხიდის ჩობალის შესაცვლელად, სტანდარტების მიხედვით, საჭირო არის ძრავის და გადაცემათა კოლოფის მთლიანად ამოღება, დამონტაჟება (შეკეთება) და ჩადგმა, რაც აღნიშნულ ავტომანქანაზე არ განხორციელებულა;
52.10. ავტომანქანას ასევე აღენიშნებოდა კუთხის საჭრელი მექანიკური ინსტრუმენტით მიყენებული დაზიანებები, კერძოდ: გამშვები კოლექტორის და მაყუჩის დაზიანება. დაზიანება აღინიშნებოდა საჭის მექანიზმის დაბოლოებაზეც, ჯვარაზეც, რომელზეც აყენია სპეციალური ქანჩი, რომელიც ასევე იყო დაზიანებული. საჭის დაბოლოებაზე არსებული სპეცილური ქანჩის მცირე ნაწილზე და მის გვერდით საჭის მექანიზმის დაბოლოების კორპუსზე აღინიშნებოდა კუსტარულად გახვრეტის კვალი. აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილი იყო ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, ბურღის პირთან კონტაქტის შედეგად. ასევე, სპეციალური სამაგრი ქანჩის მუშა პირი იმყოფებოდა დაზიანებულ (ნაწილობრივ ჩაჭრილ) მდგომარეობაში;
52.11. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია იმავე დღეს ეცნობათ მოსარჩელის წარმომადგენლებს. 2017 წლის 10 თებერვალს შპს „ტ.ც.თ–ში“ შედგა ავტომანქანის დათვალიერება, რომელსაც ესწრებოდა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი, შპს „ტ.ც.თ–ს“ ტექნიკოსი და მოსარჩელის სერვის-ცენტრის მენეჯერი. დაზიანებული დეტალები დასურათდა და შედგა დათვალიერების ოქმი, რომლის ხელმოწერით დადასტურებაზეც მოსარჩელის სერვის-ცენტრის მენეჯერმა უარი განაცხადა;
52.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩატარდა ექსპერტიზა, როგორც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (დასკვნა N5001166517, 02.03.2017წ.), ასევე, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ (N184/ტრ410/სტ. დასკვნა);
52.13. სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 15 თებერვლის N184/ტრ410/სტ. დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...... ქუჩაზე მდებარე შპს „ტ.ც.თ–ს“ სპეციალურ სახელოსნოში დათვალიერებული იქნა ა/მანქანა „LEXUS RX350“, სახ. ნომ: ...... ავტომობილი იმყოფებოდა დაშლილ მდგომარეობაში, კერძოდ: მოხსნილი ჰქონდა სავალი ნაწილები, ძრავი, სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი და წინა ხიდის აგრეგატი. ხიდის გარსაცმის შესწავლით დადგინდა, რომ მის ზედა ნაწილში აღინიშნება დაზიანებები ნაკაწრებისა და ნაჭდევების სახით, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. ასევე, ხიდის გარსაცმზე (ჩობალისათვის განკუთვნილ ბუდეზე) აღინიშნება დაზიანებები ნაკაწრებისა და ნაჭდევების სახით, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. ხიდის გარსაცმზე და ჩობალისათვის განკუთვნილ ბუდეზე არსებული დაზიანებები შედარებით ღია ფერისაა, მათზე არ აღინიშნება ექსპლუატაციისათვის დამახასიათებელი მტვრისა და ზეთის დანაშრევების არსებობა, რაც მოწმობს, რომ აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია ახლო პერიოდში;
52.14. მაყუჩის შესწავლით დადგინდა, რომ მის კორპუსზე აღინიშნება ზედაპირული დაზიანება ნაწილობრივ ჩაჭრის სახით, ასევე, მაყუჩს არ გააჩნია ერთი ცალი სპეციალური სამაგრი ქანჩი, რომლისთვის განკუთვნილ ბუდეზეც აღინიშნება გამჭოლი დაზიანება გაჭრის სახით. აღნიშნულ დაზიანებებს აღენიშნებათ თერმული ზემოქმედების კვალი, რაც მოწმობს, რომ აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, ელექტრო საჭრელი ხერხის - ე.წ. „ბალგარკის“ პირთან კონტაქტის შედეგად. მაყუჩის მთელი კორპუსი დაფარულია კოროზიით, ხოლო მასზე არსებულ დაზიანებულ ადგილებზე კოროზიის კვალი არ აღინიშნება, რაც მოწმობს, რომ დაზიანებები განვითარებულია ახლო პერიოდში;
52.15. საჭის დაბოლოების შესწავლით დადგინდა, რომ მასზე არსებული სპეციალური ქანჩის მცირე ნაწილზე და მის გვერდით საჭის მექანიზმის დაბოლოების კორპუსზე აღინიშნება კუსტარულად გახვრეტის კვალი. აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, ბურღის პირთან კონტაქტის შედეგად. ასევე, სპეციალური სამაგრი ქანჩის მუშა პირი იმყოფება დაზიანებულ (ნაწილობრივ ჩაჭრილ) მდგომარეობაში. აღნიშნული დაზიანება წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, ბურღის პირთან კონტაქტის შედეგად. საჭის მექანიზმის დაბოლოებაზე არსებულ გამჭოლ დაზიანებაზე და სპეციალური ქანჩის დაზიანებულ კიდეებზე არ აღინიშნება ექსპლუატაციისათვის დამახასიათებელი მტვრისა დანაშრევების არსებობა, რაც მოწმობს, რომ აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია ახლო პერიოდში. ასევე, წინა ხიდის წამყვან ღერძზე არსებულ შიგნითა ე.წ „ყუმბარის“ დამცავ რეზინის შალითაზე აყენია ერთჯერადი პლასტმასის ცალუღი, რომელზეც ქარხნულად დგება ლითონის ცალუღი;
52.16. ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, გამოვლინდა შემდეგი სახის დაზიანებები: შიდა ყუმბარის მტვერდამცავი სამაგრი, წინა დიფერენციალის უკანა ჩობალი, წინა დიფერენციალის ჩობალი (4 ცალი), მარცხენა შიდა ყუმბარის ჩობალი, საჭის ღერძი, გამშვები კოლექტორი. ამასთან, სწორედ ის ნაწილები იყო დაზიანებული, რომელიც მოსარჩელემ შეაკეთა და დაზიანებებიც იმგვარი იყო, რომ ვერ მიადგებოდა ავტომობილს დაშლის შედეგად;
52.17. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ტექნიკური მომსახურება. ამასთან არ შესრულდა 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული N27 ხელშეკრულების 6.3 პუნქტი, კერძოდ, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 05 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს უხარისხოდ გაწეული მომსახურების საფუძველზე გამოვლენილი ყველა დეფექტისა და ნაკლის აღმოფხვრა შემსყიდველის მოთხოვნიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გარეშე. ამდენად, 12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნტის საფუძველზე, სამინისტრომ შეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულება და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოსარჩელეს დააკისრა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის, 134 000 ლარის ოდენობით;
52.18. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ შავ სიაში რეგისტაციის მოთხოვნით სამინისტრომ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლის თავჯდომარის 2017 წლის 19 ივლისი N2076 გადაწყვეტილებითაც მოსარჩელე N25 და N27 ხელშეკრულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის შავ სიაშია შეყვანილი.
53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
54. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
55. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტისა და მენარდისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება. კასატორის პრეტენზია საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორ შეფასებაში მდგომარეობს.
56. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც, ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსის როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი, სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა (იხ. სუსგ საქმე Nას-1166-2019, 06 აპრილი 2020 წელი).
57. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეთა შორის 2017 წლის 24 იანვარს დადებული N25 ხელშეკრულებიდან გავიდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების საფუძვლით. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ აღნიშნული ხელშეკრულება არამართლზომიერად შეწყვიტა, რადგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაში მოსარჩელეს ბრალი არ მიუძღვის, რასაც კასატორი არ ეთანხმება. მისი მტკიცებით, მოსარჩელემ დაარღვია როგორც ავტომანქანის („შკოდა ოქტავია“, სახ. ნომრით: ....) შეკეთების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა, ისე უხარისხოდ გაწეული მომსახურების წუნის გამოსწორების ვადა, რაც აღნიშნული ხელშეკრულების 12.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.
58. წინამდებარე საქმეში ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 24 იანვარს დადებული N27 ხელშეკრულებიდან მოპასუხის გასვლის საფუძველსაც მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენდა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ არც აღნიშნული ხელშეკრულება მიიჩნია მართლზომიერად შეწყვეტილად, რადგან, მისი მოსაზრებით, მოპასუხის მიერ დაზიანებული ავტომანქანის - „ლექსუსი RX350“, სახ. ნომრით: ...., არაკონტრაქტორ სუბიექტთან შესაკეთებლად გადაყვანა მოსარჩელის მიერ ინსპექტირების ჩატარების, ხარვეზის დადგენისა და მის გამოსასწორებლად გონივრული ვადის დანიშვნის გარეშე, ხელშეკრულების საწინააღმდეგო მოქმედებას წარმოადგენდა. აღნიშნულს კასატორი არ ეთანხმება. მისი მტკიცებით, მოსარჩელემ ავტომანქანა შესაკეთებლად შპს „ტ.ც.თ–ში“ იმის გამო გადაიყვანა, რომ მოსარჩელემ დაზიანების შეკეთება ვერ მოახერხა. ამასთან, შპს „ტ.ც.თ–ს“ თანამშრომლების განმარტებით, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამუშაოების არასწორად შესრულებას.
59. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
60. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. იმავე კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
61. ამდენად, აღნიშნული სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობებია: ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა; ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა); დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება); ამ ვადის უშედეგოდ გასვლა.
62. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-ე მუხლები). ხელშეკრულებიდან გასვლის - როგორც მეორეული მოთხოვნის უფლების, საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალური შეიძლება გულისხმობდეს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას, ხოლო ფორმალური - დამატებითი ვადის დაწესებასა და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებას (იხ. სუსგ საქმე Nას-294-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).
63. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას. ვალდებულების დარღვევა ობიექტური მაშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ორმხრივი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო.
64. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N25 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „SHKODA“-ს მარკის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება; დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 15 თებერვალს მოსარჩელის სერვის-ცენტრში შესამოწმებლად შევიდა მოპასუხის ბალანსზე რიცხული ავტომობილი „შკოდა ოქტავია“, სახ. ნომრით: .....; ავტომობილის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ დაზიანებული იყო ძრავი, რაც სრულ კაპიტალურ რემონტს მოითხოვდა; მოსარჩელემ 2017 წლის 17 თებერვალს შეადგინა დეფექტური აქტი („სარემონტო შეკვეთა“) სადაც გაიწერა გასაწევი მომსახურებისა და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო ნაწილების დეტალური აღწერა, რამაც ჯამში 3 333,82 ლარი შეადგინა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 32); ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 4.1.5 პუნქტის თანახმად, ძრავის ტექნიკური მომსახურება მოსარჩელეს 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა განეხორციელებინა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25), თუმცა სადავო არ არის, რომ მას ამ ვადაში სერვის-ცენტრში წარდგენილი ავტომობილის - „შკოდა ოქტავია“, სახ. ნომრით: ......, ძრავი არ შეუკეთებია, ავტომობილის შეკეთება 23 მარტს დასრულდა; სადავო არაა არც ის გარემოება, რომ ავტომობილის სატესტო გავლისა და შემოწმებისას ძრავის დეფექტი კვლავ გამოვლინდა, რის გამოც ავტომობილი შესაკეთებლად სერვის-ცენტრში დაბრუნდა.
65. N25 ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 05 კალენდარული დღის ვადაში, გამოესწორებინა უხარისხოდ გაწეული მომსახურების წუნი და შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე შეესაბამებინა შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნებისთვის. ამდენად, მოსარჩელე ვალდებული იყო, რომ ზემოაღნიშნული ავტომობილის უხარისხოდ შეკეთების შედეგად აღმოჩენილი დეფექტი შეტყობინების მიღებისთანავე, ავტომობილის სერვის-ცენტრში დაბრუნებიდან 05 დღის ვადაში გამოესწორებინა, თუმცა სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ ამ ვადაში გაწეული მომსახურების წუნის გამოსწორება ვერ შეძლო. კერძოდ, 24 მარტს ძრავს მეორედ ჩაუტარდა რემონტი, თუმცა უშედეგოდ, ავტომობილი დარჩა სერვის-ცენტრში; 27 მარტს ავტომობილი სერვის-ცენტრიდან გაიყვანეს 1-2-დღიანი სატესტო გავლის მიზნით, თუმცა 29 მარტს ძრავის მუშაობა გაუარესდა; საბოლოოდ კი, ავტომობილის შეკეთება ვერ მოხერხდა; კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ ავტომობილის სრულად აღსადგენი სამუშაოების ჩასატარებლად დამატებით 2 000 - 2 500 ლარის გადახდა მოითხოვა, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ შედგენილი დეფექტური აქტით გაიწერა ავტომანქანის - „შკოდა ოქტავია“, სახ. ნომრით: ....., სრულად შესაკეთებლად საჭირო მომსახურებისა და ნაწილების ჩამონათვალი, ასევე, მათი ღირებულება, რაც, სადავო არ არის, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურა, ხოლო ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, უხარისხოდ გაწეული მომსახურების წუნის აღმოფხვრა მიმწოდებლის ხარჯით უნდა განხორციელებულიყო.
66. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მოპასუხეს სრულად არ განუცხადებია თანხმობა მოსარჩელის მიერ 2017 წლის 17 თებერვალს შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებული სამუშაოების განხორციელებაზე, რის გამოც ავტომანქანის შეუკეთებლობა და შესრულების ვადის დარღვევა მენარდეს ბრალად არ უნდა შეერაცხოს (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების 37).
67. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 17 თებერვალს შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებული იყო დაზიანებულ ავტომობილზე გასაწევი მომსახურებისა და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო ნაწილების დეტალური აღწერა, ასევე, მათი ღირებულება. ამასთან, დეფექტურ აქტში მითითებულ ისეთ მომსახურებაზე, რომელიც ხელშეკრულების დანართი N1-ით (პრეისკურანტი) არ იყო გათვალისწინებული, მხარეთა შორის 2017 წლის 23 თებერვალს შედგა დამატებით შეთანხმება N2. ასეთ მომსახურებას წარმოადგენდა: თავაკის (გალოვკის) შემოწმება (მე-6 პოზიცია) და სარქველის (კლაპნის) მოხეხვა (მე-12 პოზიცია) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 33-34). რაც შეეხება დეფექტურ აქტში მითითებულ მომსახურებას - თავაკის (გალოვკის) შემოწმება (მე-5 პოზიცია), დადგენილი არ არის, რომ აღნიშნული მომსახურება პრეისკურანტით გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ დეფექტურ აქტში მითითებული მომსახურების საერთო ღირებულება მოიცავდა, მათ შორის, თავაკის (გალოვკის) შემოწმების ღირებულებასაც, რომელიც მოსარჩელემ სრულად მიიღო.
68. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივლისის N2076 განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებულია შემსყიდველის პოზიცია, რომლის თანახმად: „წარმომადგენლის განმარტებით, მიმწოდებელმა რამდენჯერმე სცადა მისი [ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“, სახ. ნომრით: .....] შეკეთება, თუმცა მაინც ვერ შეაკეთა იგი, რის შედეგადაც მოითხოვა დამატებითი ხარჯები. მისი განმარტებით, [მოსარჩელისათვის] თავიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი თუ რას საჭიროებდა ავტომანქანა გამართულად ფუნქციონირებისათვის, ვინაიდან ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გასცეს ან არ გასცეს მომსახურების გაწევის თანხმობა, რა დროსაც მხედველობაში მიიღება გასაწევი მომსახურებისა და ავტომანქანის ღირებულება, ასევე, ავტომანქანის წლოვანება. შესაბამისად, თუკი მომსახურების ღირებულება ზედმეტად მაღალია, შესაძლოა, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას არც უღირდეს მისი შეკეთება“ (2.3 პუნქტი) (იხ. ტ. 2, ს.ფ. 62-67). ამდენად, შემსყიდველის წარმომადგენელმა მის მიერ წარდგენილ პოზიციაში მიუთითა ზოგად წესზე, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს ტექნიკური მომსახურების გაწევის შესახებ მიმწოდებლის მითითებებს, რაც ვერ იქნება გაგებული იმგვარად, რომ შემსყიდველმა კონკრეტულ შემთხვევაში უარი განაცხადა მოსარჩელის მიერ შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებული სამუშაოების ნაწილის განხორციელებაზე. ამ კონტექსტში აღსანიშნავია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებაში მითითებული მიმწოდებლის წარმომადგენლის განმარტება, რომ ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ „საჭიროებდა აღდგენის მომსახურებას, რომელიც არ იყო გათვალისწინებული პრეისკურანტით და გამორჩენილი იყო ინვოისის შედგენისას“.
69. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის მიერ N25 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. კერძოდ, ერთი მხრივ, მოსარჩელემ დაარღვია ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ვადები (მან ვერც ხელშეკრულებით დადგენილ ძირითად 15-დღიან ვადაში და ვერც ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრულ 05-დღიან ვადაში შეძლო ავტომობილის შეკეთება), ხოლო, მეორე მხრივ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საერთოდ ვერ მოახერხა მის სერვის-ცენტრში წარდგენილი ავტომობილის - „შკოდა ოქტავიას“ შეკეთება. აღნიშნული გარემოება მხარეთა შორის დადებული N25 ხელშეკრულების 12.3.ა პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ტექნიკური დახმარების გაწევაც მენარდემ ივალდებულა, სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტოსატრასპორტო საშუალებებს წარმოადგენდა და სამინისტროს ოპერატიული საქმიანობიდან გამომდინარე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით დადგენილი სამუშაოს შესრულება და შესრულების ვადების დაცვა შემკვეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, მასზე დაკისრებული სახელმწიფოებრივი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის მიზნის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან გამოვლენილი ვალდებულების დარღვევა, შესაძლოა, იმგვარ დარღვევას გაუთანაბრდეს, რომელსაც შემკვეთის მხრიდან ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვა უკავშირდება და რაც სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია.
70. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
71. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი).
72. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 24 იანვარს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N25 ხელშეკრულების 12.3.ა პუნქტით განისაზღვრა შემსყიდველის/მოპასუხის უფლება - მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ით დაეჯარიმებინა.
73. შესაბამისად, ვინაიდან წინამდებარე საქმეში დადგინდა მოსარჩელის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და, აქედან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მართლზომიერად შეწყვეტის ფაქტი, სახეზეა მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების საერთო თანხის - 50 000 ლარის 10%-ის, 5 000 ლარის დაკისრების საფუძველი.
74. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N27 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „TOYOTA“-ს და „LEXUS“-ის მარკის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება; დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 26 იანვარს მოსარჩელის სერვის-ცენტრში შესამოწმებლად შევიდა მოპასუხის ბალანსზე რიცხული ავტომობილი „ლექსუსი RX350“, სახ. ნომრით: .....; ავტომობილის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა ავტომატური გადაცემათა კოლოფის დაზიანება, რაც მის სრულ კაპიტალურ რემონტს მოითხოვდა; ავტომანქანა შეკეთდა 04 თებერვალს, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, თუმცა მისი შემოწმების შედეგად ისევ გამოვლინდა გადაცემათა კოლოფის გაუმართავი მუშაობა; ავტომანქანა იმავე დღესვე დაბრუნდა სერვის-ცენტრში შესაკეთებლად, შეკეთება დასრულდა 06 თებერვალს, თუმცა მისი შემოწმების შედეგად, ის კვლავ გაუმართავად მუშაობდა; იმავე დღეს მოპასუხემ ავტომანქანა შესაკეთებლად შპს „ტ.ც.თ–ში“ გადაიყვანა.
75. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დაზიანებული ავტომანქანის: „ლექსუსი RX350“, სახ. ნომრით: ......, უხარისხოდ შეკეთებიდან ორი დღის შემდგომ არაკონტრაქტორ სუბიექტთან გადაყვანა მოსარჩელის მიერ ინსპექტირების ჩატარების, ხარვეზის დადგენისა და მის გამოსასწორებლად გონივრული ვადის დანიშვნის გარეშე, ხელშეკრულების საწინააღმდეგო მოქმედებას წარმოადგენდა შემდეგ გარემოებათა გამო: მხარეთა შორის დადებული N27 ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 05 კალენდარული დღის ვადაში, გამოასწოროს უხარისხოდ გაწეული მომსახურების წუნი და შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე შეუსაბამოს შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ამასთან, ხელშეკრულების 12.3.ა პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობების შეუსრულებლობის ან/და კეთილსინდისიერების პრინციპს დარღვევის შემთხვევაში, თუკი მიმწოდებლის მიერ არ იქნება შეთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ შემსყიდველმა/მოპასუხემ ისე გადაიყვანა დაზიანებული ავტომანქანა შესაკეთებლად არაკონტრაქტორ მენარდესთან, რომ მიმწოდებლისათვის/ მოსარჩელისათვის არ მიუცია უხარისხოდ გაწეული მომსახურების გამოსწორების კანონით დადგენილი ვადის გამოყენების შესაძლებლობა; წინამდებარე საქმეში არ არის დადგენილი გარემოება, რომ მოსარჩელეს არ შეეძლო მოპასუხის ბალანსზე რიცხული ზემოაღნიშნული ავტომანქანის სრულად შეკეთება; ამასთან, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნებით, არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ ავტომანქანის აღდგენითი სამუშაოები არასწორად შეასრულა.
76. კერძოდ, საქმეში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.02.2017წ. ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილი - „ლექსუს RX350“, სახ. ნომრით: ....., მასზე ახლო წარსულში უხარისხოდ ჩატარებული სარემონტო აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით, ტექნიკურად გაუმართავია და ექსპლუატაციისთვის ვარგისი არ არის (იხ. ტ. 3, ს.ფ. 13-23); საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 15.02.2017წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ზემოაღნიშნული ავტომანქანის დეტალებზე არსებული დაზიანებები განვითარებულია ახლო პერიოდში (იხ. ტ. 3, ს.ფ. 26-32). ამდენად, აღნიშნული დასკვნები ზოგადი ხასიათისაა და ავტომანქანის დაზიანებაში კონკრეტული პირის ბრალეულობაზე არ მიუთითებს; ხოლო, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.02.2017წ. დასკვნით შეფასებულია მხოლოდ სადავო ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა (იხ. ტ. 3, ს.ფ. 38-45).
77. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N27 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმგვარი არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც მოპასუხის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო.
78. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
79. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 2017 წლის 24 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N25 ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს; ხოლო, მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 24 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N25 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 5 000 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
80. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
81. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე/შეგებებული სარჩელით მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, საკასაციო სასამართლოში დადგარი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „მ–სის“ სასარჩელო მოთხოვნა 2017 წლის 24 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №25 ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. შპს „მ–სს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 24 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №25 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა;
6. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
7. შპს „მ–სს“ (ს.ნ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდა;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი