Facebook Twitter

საქმე №ას-922-2020 08 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ჯ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ხ.ჯ–ია (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) 2009 წლის 09 მარტიდან მუშაობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (შემდგომში - „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) სხვადასხვა პოზიციაზე. 2015 წლის 10 დეკემბრიდან იგი დასაქმებულია სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

2. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დამსაქმებლის მიერ მიღებული შრომის შინაგანაწესი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ და შემადგენელ ნაწილს და მისი მოთხოვნები ვრცელდება დასაქმებულზე იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შეესაბამება დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკას.

3. 2017 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ მიმართა მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსს და მიაწოდა ინფორმაცია ერთ-ერთ არასრულწლოვან მოსწავლეზე (შემდომში - „არასრულწლოვანი“) დედის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ შემდგომი რეაგირების მიზნით.

4. ზემოაღნიშნული შეტყობინება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით 2017 წლის 25 ოქტომბერს შესასრულებლად დაეწერა მოსარჩელეს, რომელმაც, თავის მხრივ, უფროსი სპეციალისტის მეშვეობით იმავე დღეს იმერეთის სამხარეო ცენტრის სახელზე მოამზადა წერილი და ითხოვა ზემოაღნიშნული საქმის შესწავლა და შედეგების შესახებ ინფორმირება.

5. 2018 წლის 15 ნოემბერს სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა 2017 წლის 23 ოქტომბრის მიმართვაში ხსენებულ არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოჩენილი გულგრილობისა და არასათანადო რეაგირების გამო.

6. აღნიშნული დეპარტამენტის 2018 წლის 19 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, დადგინდა სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა არასრულყოფილი და არასაკმარისი დაცვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ბავშვზე სავარაუდო ძალადობის შემთხვევის შეფასება და ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაცია განხორციელდა არასაკმარისად; არ განხორციელებულა თავად არასრულწლოვნის შეფასება და ინდივიდუალური გეგმის შემუშავება; იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შემთხვევის პერიოდში სამხარეო ცენტრში ფსიქოლოგის პოზიცია ვაკანტური იყო, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ არ ჰქონია ადგილი მცდელობას, ფსიქოლოგის ჩართვა განხორციელებულიყო სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის დახმარებით; ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა არ იყო შედეგის მომცემი; შემთხვევის ზედამხედველობის პროცესში სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ჩართულობა იყო არასაკმარისი.

7. სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 19 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის შენიშვნის გამოცხადება სააგენტოს დებულებითა და ინსტრუქციით დადგენილ საქმეზე კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიმართულებით არაჯეროვანი ქმედების განხორციელების გამო.

8. სააგენტოს 2018 წლის 21 დეკემბრის N04-76/დ ბრძანებით, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის, სააგენტოს დებულების მე-4 მუხლისა და სააგენტოს შრომის შინაგანაწესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეს მიეცა შენიშვნა და დაუკავდა შრომის ანაზღაურება 10%-ის ოდენობით.

9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა სააგენტოს 2018 წლის 21 დეკემბრის N04-76/დ ბრძანების ბათილად ცნობა მისთვის შენიშვნის გამოცხადებისა და შრომის ანაზღაურებიდან 10%-ის დაკავების ნაწილში.

10. სარჩელის თანახმად:

10.1. გასაჩივრებულ ბრძანებაში და სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 19 დეკემბრის მოხსენებით ბარათში აღნიშნული ფაქტები და სამართლებრივი საფუძვლები მცდარია და არ შეესაბამება დებულებითა და სამსახურებრივი მოვალეობების შესაბამისად მოსარჩელისათვის დაკისრებულ ვალდებულებებს, რის გამოც მოხსენებითი ბარათიც და მის საფუძველზე გამოცემული ბრძანებაც უკანონოა;

10.2. მოსარჩელის სამმართველოს (ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველო) უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია სააგენტოს დირექტორის 31.12.2009წ. N01/474-ო ბრძანებით (იხ. 31.3 პუნქტი) (შენიშვნა: აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულია სააგენტოს ცენტრალური აპარატის დებულება) და 11.10.2016წ. N04-519/ო ბრძანებით დამტკიცებული ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში სააგენტოს სამოქმედო ინსტრუქციით (იხ. მე-3 პუნქტი);

10.3. ზემოაღნიშნული დებულების ფარგლებში მოსარჩელის მხრიდან, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანოს თანამშრომლის მხრიდან, ყველა ქმედება შესრულდა დროულად და ჯეროვნად. კერძოდ, შემოსული ინფორმაცია იმავე დღეს წერილობით ეცნობა იმერეთის სამხარეო ცენტრს, ხოლო ცენტრის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი სოციალური მუშაკების მეშვეობით უნდა განეხორციელებინა შემდგომი ღონისძიებები, მათ შორის, ვიზიტები, შეფასებები, სხვა პირებისა და სტრუქტურების ჩართულობა, სხვა მომსახურეობის საჭიროების გამოვლენა, კონსულტირება და სხვა. მსგავსს შემთხვევებში მოსარჩელის მოვალეობა ამით შემოიფარგლება;

10.4. იმერეთის სამხარეო ცენტრისთვის წერილის გაგზავნის შემდგომ მოსარჩელისა და მისი სამმართველოს მოვალეობა ამოიწურა იმ მომენტამდე, სანამ სოციალურ მუშაკს ან/და შესაბამის სამხარეო ცენტრს არ დასჭირდებოდა აღნიშნულ საქმეში სააგენტოს ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა, რისი აუცილებლობაც, მოსარჩელის ინფორმაციით, არ დამდგარა. შესაბამისად, მოსარჩელის დადანაშაულება მოვალეობების დარღვევაში არ არის სამართლიანი და კანონიერი;

10.5. სინამდვილეს არ შეესაბამება მოხსენებით ბარათში მითითებული ინფორმაცია, რომ „ჩვენივე“ გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ჩაირიცხა მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში, სადაც მოხვდა რთული ქცევის არასრულწლოვანთა გარემოში და რამაც მისი ქცევა უფრო გაართულა და მშობლისთვის რთულად სამართავი გახადა. არასრულწლოვნის ოჯახთან იმერეთის სამხარეო ცენტრი მუშაობდა 2012-2014 წლებში და 2013 წელს არასრულწლოვანი ჩაირიცხა მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ქუთაისის დღის ცენტრში „კარიტასი“ და არა მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში. ინფორმაციის სიმცდარე დასტურდება იმ ფაქტით, რომ 2013 წელს არ არსებობდა ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველო, ასევე, არ არსებობდა სახელმწიფო პროგრამა და მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი. აღნიშნული ცენტრი ქუთაისში დარეგისტრირდა (შეიქმნა) 2015 წლის 01 ივნისიდან. ამ ორ დაწესებულებას შორის განსხვავება არსებითია. როგორც აღინიშნა არასრულწლოვანი ჩაირიცხა მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ქუთაისის დღის ცენტრში, რაც არც თანამდებობრივად და არ ფუნქციურად მოსარჩელის სამართველოს ფუნქციაში და დაქვემდებარებაში არ შედიოდა. ამასთან, ამ მომენტისთვის მოსარჩელე სამმართველოს უფროსის თანამდებობას არ იკავებდა;

10.6. სიმართლეს არ შეესაბამება ასევე მოხსენებით ბარათში მითითებული ინფორმაცია, რომ მოსარჩელისა და მისი სამმართველოსათვის ცნობილი იყო არასრულწლოვნის რთული ქცევის შესახებ, რადგან ასეთი ინფორმაცია სამმართველოში არ შესულა;

10.7. ამდენად, მოხსენებით ბარათში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შესწავლილია ზერელედ, არაობიექტურად, ხოლო დასკვნა არის სუბიექტური, მიკერძოებული, წინააღმდეგობაში მოდის მოსარჩელის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებთან და არის უკანონო. შესაბამისად, არასწორ მსჯელობაზე და მცდარ შეფასებებზე დამყარებული მოხსენებითი ბარათი არ უნდა გამხდარიყო მოსარჩელისათვის სახდელის დაკისრების საფუძველი.

11. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი:

11.1. მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის N13 საჯარო სკოლიდან გამოიგზავნა შეტყობინება ბავშვის მიმართ შესაძლო ძალადობის თაობაზე, მოსარჩელის, როგორც უშუალოდ კომპეტენტური პასუხისმგებელი თანამშრომლის საქმიანობა, ამოიწურა მხოლოდ და მხოლოდ სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის შეტყობინების გადაგზავნით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა საკითხის ჯეროვანი გამოკვლევა, არ იქნა დაცული ბავშვის საუკეთესო ინტერესები და არ განხორციელდა სიტუაციის გამოკვლევა და კოორდინირება;

11.2. ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, არის განხორციელებული ქმედების მიზეზშედეგობრივი გააზრება. ხოლო შემდგომ, იმის გააზრება, რომ ცხოვრების ხარისხი, წარმატების დონე და ადამიანის თვითრეალიზაცია დამოკიდებულია მხოლოდ მასზე, მით უფრო არასრულწლოვანთან დაკავშირებით;

11.3. შესაბამისად, მხოლოდ წერილის გადაგზავნა, როგორც ქმედება, ბუნებრივია, არ არის საკმარისი მაღალი ხარისხით პასუხისმგებლობის თვალსაზრისით.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის N04-76/დ ბრძანება მოსარჩელისათვის შენიშვნის გამოცხადებისა და შრომის ანაზღაურების 10%-ის დაკავების ნაწილში.

13. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

15. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენება განაპირობა სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 19 დეკემბრის მოხსენებითმა ბარათმა. მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებითი ბარათი შეიცავს ინფორმაციას გამოვლენილი დარღვევების შესახებ, სახდელის მართლზომიერების შეფასების კუთხით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული მოხსენებითი ბარათი მიუთითებს აღმოჩენილ დარღვევებზე და ადგენს მოსარჩელის პასუხისმგებლობის საკითხს ისე, რომ არ მიუთითებს კონკრეტულად რა უფლება-მოვალეობები იქნა მის მიერ განხორციელებული არასწორად. მარტივად რომ ვთქვათ, წარდგენილი მოხსენებითი ბარათი, ისევე როგორც შესაგებლით განხორციელებული არაკვალიფიციური შედავება, არ მოიცავს კონკრეტულ და მკაფიო მითითებებს იმის შესახებ, დაკისრებული ვალდებულებების ფარგლებში კიდევ რა ქმედებები უნდა შეესრულებინა მოსარჩელეს და რა არ/ან ვერ იქნა მის მიერ შესრულებული. აღნიშნულის შესახებ პირდაპირ მითითება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მით უფრო იმ ფონზე, რომ მოსარჩელის მიერ ძალადობის ფაქტზე ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ რეაგირებას ადასტურებს თავად მოპასუხეც.

17. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დასაქმებულის მხრიდან განხორციელებული შედავების საპირწონედ მოპასუხემ ვერ მიუთითა, კონკრეტულად რაში გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან მოხსენებით ბარათში მითითებული არაჯეროვანი ქმედებები და რა იქნებოდა დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის ჯეროვან ქმედებად მიჩნეული. აღნიშნულის თაობაზე კონკრეტულ მითითებებს არ შეიცავს ასევე დისციპლინური სახდელის საფუძვლად არსებული მოხსენებითი ბარათიც. მართალია, აპელანტი მიუთითებს ბავშვის უფლებების დაცვის სამართლებრივ ნორმებზე, მაგრამ კონკრეტულად არ არის დასაბუთებული, ბავშვის უფლებების დაცვის რომელი სამართლებრივი ნორმები დაარღვია მოსარჩელემ და რაში გამოიხატა იგი, ან რომელი მტკიცებულებებით დგინდება მოსარჩელის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.

18. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

20. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

20.1. მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის N13 საჯარო სკოლიდან გამოიგზავნა შეტყობინება ბავშვის მიმართ შესაძლო ძალადობის თაობაზე, მოსარჩელის, როგორც უშუალოდ კომპეტენტური, პასუხისმგებელი თანამშრომლის საქმიანობა, ამოიწურა მხოლოდ და მხოლოდ სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ აღნიშნული შეტყობინების გადაგზავნით, რითაც მან დაასრულა საქმიანობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა საკითხის ჯეროვანი მოკვლევა, არ იქნა დაცული ბავშვის ინტერესები, არ განხორციელდა სიტუაციის გამოკვლევა და კოოდინირება;

20.2. ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, არის განხორციელებული ქმდებების მიზეზშედეგობრიობის გააზრება. ხოლო, შემდგომ იმის გააზრება, რომ ცხოვრების ხარისხი, წარმატების დონე და ადამიანის თვითრეალიზაცია დამოკიდებულია მხოლოდ მასზე, მით უფრო არასრულწლოვანთან დაკავშირებით;

20.3. შესაბამისად, მხოლოდ წერილის გადაგზავნა, როგორც ქმედება, ბუნებრივია, არ არის საკმარისი მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე;

20.4. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში აღნიშნა (საქმე Nას127-123-2016, 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება): „მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება ბავშვის უმნიშვნელოვანეს ინტერესს აღიზარდოს ჯანსაღ, ოჯახურ გარემოში და ნებისმიერმა დარღვევამ პოტენციური დედობილ/მამობილისა და ოჯახური გარემოს შეფასების პროცესში შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს;....[სააგენტოს] თითოეული თანამშრომელი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის იმყოფება მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამსახურში და ამ პასუხისმგებლობისათვის შესაფერისი გულისხმიერებით აანალიზებდეს იმ რისკებს, რაც უკავშირდება ბავშვის შეუფერებელ გარემოში განთავსებას. ასეთი რისკებისა და საკუთარი პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობა ან მათ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, რაც გამოვლინდა სათანადო გამოკვლევის გარეშე ისეთი პირის მინდობით აღმზდელად რეგისტრაციაში გატარებით, რომლის შესაბამისობასთან დაკავშირებითაც არსებობდა საფუძვლიანი ეჭვის ნიშნები, წარმოადგენს ისეთი შინაარსის დარღვევას, რომელიც მიუღებელია ბავშვებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში დამრღვევის შემდგომი საქმიანობის გაგრძელების მიზნებისათვის; ... ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააგენტოს იურისტის მიერ სააგენტოს განკარგულებაში არსებულ ინფორმაციაში შეუსაბამობების აღმოუჩენელობა და მათზე სათანადო რეაგირების არმოხდენა, წარმოადგენდა მისი მოვალეობების უხეშ დარღვევას და სააგენტოს მიერ გამოყენებული ზომა - სამსახურიდან გათავისუფლების სახით იყო დარღვევის სრულად ადექვატური“.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოსარჩელის, როგორც სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსისათვის, ვალდებულებათა არაჯეროვნად შესრულების გამო გამოცხადებული შენიშვნის მართლზომიერება.

24. მოსარჩელე შენიშვნის გამოცხადების შესახებ სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის N04-76/დ ბრძანებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ მან ჯეროვნად შეასრულა მისთვის დაკისრებული მოვალეობები. კერძოდ, არასრულწლოვანზე დედის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია დროულად გადაუგზავნა იმერეთის სამხარეო ცენტრს, რითაც მისი მოვალეობა ამოიწურა; ხოლო, არასრულწლოვნის დაცვისათვის აუცილებელი შემდგომი ღონისძიებები ცენტრის უფროსს უნდა განეხორციელებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი სოციალური მუშაკების მეშვეობით.

25. სააპელაციო სასამართლომ სადავო ბრძანება ბათილად ცნო იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რასაც კასატორი არ ეთანხმება. მისი მტკიცებით, მოსარჩელემ არ განახორციელა საკითხის სათანადო მოკვლევა და კოორდინირება, ასევე, არ იქნა დაცული ბავშვის ინტერესები; მოსარჩელის მიერ შესაბამისი სამხარეო ცენტრისათვის მხოლოდ წერილის გადაგზავნა/ინფორმაციის მიწოდება არ იყო საკმარისი მისთვის დაკისრებული მოვალეობების მაღალი პასუხისმგებლობით შესასრულებლად.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს სადავო ბრძანების მართლზომიერების შესაფასებლად საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოიკვლიოს ბავშვზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან/სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფლება-მოვალეობები.

27. სააგენტოს 2009 წლის 31 დეკემბრის N01/474-6 ბრძანებით დამტკიცებულია სააგენტოს ცენტრალური აპარატის დებულება, რომლითაც განსაზღვრულია სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების საამართველოს ფუნქციები. დებულების 31.3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, აღნიშნული სამმართველოს ფუნქციებია: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის შესაბამისი ადმინისტრირება და კოორდინაცია სააგენტოს სხვა სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებთან ერთად; კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვთა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების კოორდინირებულად მუშაობის წესის, ბავშვზე და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, ეფექტური და სწრაფი რეაგირების მექანიზმების, ურთიერთობების განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებულია ბავშვთა და ოჯახის დაცვასთან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 78).

28. სააგენტოს 2016 წლის 11 ოქტომბრის N04-519/ო ბრძანებით ასევე დამტკიცებულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში სააგენტოს სამოქმედო ინსტქრუქცია, რომლითაც განსაზღვრულია სააგენტოს უფლებამოსილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში და მისი განმახორციელებელი სუბიექტები. ინსტრუქციის 2.1 და 2.2 მუხლების თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში არის ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის შეფასება, შემთხვევის მართვა, კონსულტირება, გადაუდებელ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება მოძალადისგან ბავშვის განცალკევების შესახებ, საჭირო მომსახურებაში ბავშვის განთავსება, ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და რეესტრების წარმოება; აღნიშნულ ფუნქციებს სააგენტო ახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისა და იმ უფროსი სოციალური მუშაკების მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამის ფარგლებში.

29. ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრულია კონკრეტულად სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს კომპეტენცია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში. კერძოდ, ინსტრუქციის 3.ა და 3.ბ მუხლების თანახმად, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველო ახორციელებს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისა და სოციალური მუშაკების, უფროსი სოციალური მუშაკების უფლებამოსილების შესრულების კოორდინაციას და ზედამხედველობს ამ პროცედურებში ჩართულ სააგენტოს თანამშრომლებს; ასევე, ახორციელებს შემთხვევების გადაწყვეტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს და ახდენს ბავშვზე ძალადობის შესახებ მიღებული ინფორმაციის კუთვნილებისამებრ დაუყოვნებლივ გადამისამართებას სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 41-42).

30. სააგენტოს ცენტრალური აპარატის დებულებისა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში სააგენტოს სამოქმედო ინსტრუქციის ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვზე განხორციელებული ძალადობის/სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღებისას სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფლება-მოვალეობებს წარმოადგენს არა მხოლოდ ინფორმაციის სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულისათვის გადამისამართება შემდგომი რეაგირების მიზნით, არამედ მსგავსი შემთხვევების კოორდინაცია და მათზე ზედახედველობა, რაც გულისხმობს ასეთ შემთხვევებზე თვალყურის მიდევნებას, სამუშაო პროცესზე დაკვირვებას, უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელებული ქმედებების ანალიზსა და მონიტორინგს, სამუშაო პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენას, ასევე, შედეგების კონტროლს.

31. იმერეთის სამხარეო ცენტრისათვის მოსარჩელის მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს გადაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში მითითებული თხოვნა „შედეგების ინფორმირების“ შესახებ, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველო ვალდებული იყო ტერიტორიული ორგანოსთვის გადამისამართებულ შემთხვევებზე შესაბამისი კოორდინაცია და ზედამხედველობა გაეწია, რაც წინამდებარე შემთხვევაში სადავო არ არის, რომ არ განხორციელებულა.

32. კერძოდ, განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ მიმართა მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსს და მიაწოდა ინფორმაცია ერთ-ერთ არასრულწლოვან მოსწავლეზე დედის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ შემდგომი რეაგირების მიზნით; აღნიშნული შეტყობინება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით 2017 წლის 25 ოქტომბერს შესასრულებლად დაეწერა მოსარჩელეს, რომელმაც, თავის მხრივ, უფროსი სპეციალისტის მეშვეობით იმავე დღეს იმერეთის სამხარეო ცენტრის სახელზე მოამზადა წერილი და ითხოვა ზემოაღნიშნული საქმის შესწავლა და შედეგების შესახებ ინფორმირება.

33. სადავო არ არის და მოსარჩელე სარჩელში თავადაც ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს და კონკრეტულად მისი ჩართულობა მხოლოდ იმერეთის სამხარეო ცენტრისათვის ინფორმაციის გადამისამართებით შემოიფარგლა. არც მოსარჩელეს და არც სამმართველოს სხვა თანამშრომელს აღნიშნული შემთხვევის შემდგომი ზედამხედველობა და კონტროლი არ განუხორციელებიათ.

34. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს ჩართულობა კონკრეტული არასრულწლოვნის შემთხვევის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში არასრულყოფილად განხორციელდა და მხოლოდ ფორმალური მოქმედებით - ინფორმაციის ტერიტორიული ორგანოსთვის მიწოდებით შემოიფარგლა, რაც არ არის საკმარისი სამმართველოს (შესაბამისად, მოსარჩელის, როგორც სამმართველოს უფროსის) ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულებულად მიჩნევისათვის.

35. დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა 2017 წლის 23 ოქტომბრის მიმართვაში ხსენებულ არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოჩენილი გულგრილობისა და არასათანადო რეაგირების გამო. აღნიშნული დეპარტამენტის 2018 წლის 19 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, დადგინდა სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა არასრულყოფილი და არასაკმარისი დაცვა, რაც, მათ შორის, გამოიხატა შემთხვევის ზედამხედველობის პროცესში სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის არასაკმარის ჩართულობაში.

36. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნულ მოხსენებით ბარათში მითითებულ შემდეგ გარემოებებს: 2017 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის N13 საჯარო სკოლის მიერ სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის სახელზე გაგზავნილ ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათში აღნიშნული იყო არასრულწლოვნის საეჭვო ქცევა - „ბავშვი აგზნებულია, აქვს შიშები, არარეგულარულად დადის სკოლაში, არ სწავლობს, მოუვლელია“, რაც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მიუთითებდა ბავშვზე სავარაუდოდ განხორციელებულ ძალადობაზე; სკოლის მიერ, აგრეთვე, აღწერილ იქნა სხვა ფაქტობრივი გარემოებები: „[არასრულწლოვანს] აქვს კონფლიქტი თანაკლასელებთან, აქვს ჭუჭყიანი ფრჩხილები, დაუვარცხნელი თმები, ხშირად აცდენს სკოლას“. სკოლის ხელთ არსებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, „დედა ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ბავშვს, ღამით გარეთ აგდებს და კარებს უკეტავს. ბავშვს აქვს ემოციური პრობლემები: იმპულსურია, ხშირად ბრაზობს, დათრგუნულია, შფოთავს, ხშირად ტეხს ჩხუბს, კონფლიქტურია, დაუმორჩილებელია, ცრუობს, ხშირად აცდენს სკოლას, უჭირს ურთიერთობა კლასელებთან, ყველას უყურებს ეჭვის თვალით. დამრიგებლის ინფორმაციით, ბავშვს აღენიშნებოდა სილურჯეები, რასაც სხვადასხვა მიზეზით ხსნიდა“. ამდენად, არასრულწლოვნის რთული ქცევისა და მასზე სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის შესახებ მოსარჩელეს საკმარისი ინფორმაცია ჰქონდა. შესაბამისად, მას, როგორც ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსს, განსაკუთრებული ყურადღებით, მეტი გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით მოქმედება ევალებოდა.

37. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება ბავშვის უმნიშვნელოვანეს ინტერესს აღიზარდოს ჯანსაღ, ოჯახურ გარემოში, შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირების მხრიდან ბავშვზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის შემთხვევის არაჯეროვნად მოკვლევამ და შეფასებამ, საჭირო ღონისძიებების განუხორციელებლობამ ან/და არასათანადოდ განხორციელებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია ის მაღალი პოტენციური საფრთხე, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს უფლებამოსილი პირის მიერ გამოჩენილ გულგრილობას, ზერელე დამოკიდებულებას და საკუთარი მაღალი პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობას. სააგენტოს თითოეული თანამშრომელი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის იმყოფება მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამსახურში და ამ პასუხისმგებლობისათვის შესაფერისი გულისხმიერებით აანალიზებდეს იმ რისკებს, რაც უკავშირდება ბავშვზე ძალადობის/სავარაუდო ძალადობის შემთხვევევებზე არასათანადო და არასაკმარის რეაგირებას (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).

38. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სადავო ბრძანების არამართლზომიერებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, მის მიმართ გამოყენებული ზომა - შენიშვნის გამოცხადება და ხელფასის 10%-ის დაკავება იყო დარღვევის ადეკვატური. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

42. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე სააპელაციო სასამართლოში გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში დადგარი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა; ამასთან, მოსარჩელეს კასატორის (მოპასუხის) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ხ.ჯ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ხ.ჯ–იას (პ.ნ. .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

5. ხ.ჯ–იას (პ.ნ. .......) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს.კ. ......) სასარგებლოდ დაეკისროს 300 (სამასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი